"8 კაცმა მოკლა გიორგი... “ - რას ჰყვებიან პოლონეთში მოკლული ქართველის ახლობლები
სასტიკი დანაშაული მოხდა პოლონეთში - მოკლულია ქართველი მამაკაცი, გიორგი ჭილაშვილი. შემთხვევა ქალაქ გოჟუვ-ვველკოპოლსკიში (Gorzów Wielkopolski) მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი 24-25 აპრილის ღამეს მოხდა. სამი ნაცნობი ქალაქის ცენტრში, ე.წ. „კიბეებთან“, დროს ერთად ატარებდა და ალკოჰოლს მოიხმარდა. მათგან ორმა იქვე გამვლელ საქართველოს მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურის განცხადებით, თავდამსხმელები მამაკაცს ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა არეში სასტიკად სცემდნენ.
ნაცემი მამაკაცი ქუჩაში გამვლელმა დაინახა და პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. პოლიციამ ცხელ კვალზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა: 25 წლის გრაციან ფ. 23 წლის მარტინ კ. ორივე მათგანს ბრალი უკვე წარედგინა.
როგორც AMBEBI.GE-ს მოკლულის ახლობლები უყვებიან, გიორგის მკვლელობაში 8 ადამიანი ფიგურირებდა. მათ აქვთ ინფორმაცია, რომ პოლონეთის პოლიციამ სამი მათგანი დააკავა, ხუთზე კი ძებნაა გამოცხადებული.