"როცა ციხიდან გაქცევას გადაწყვეტ, უნდა გაიქცე"
"ჯერ კიდევ ველოდები სანატრელ ქალს, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება პაემანია"
"ქოლგა", "ქორწილი", "მუსიკოსები" - იშვიათად მეგულება საქართველოში ვინმე, მიხეილ კობახიძის ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები რომ არ ჰქონდეს ნანახი. "მეამბოხე" რეჟისორი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი გახდა, უკვე 30 წელია, პარიზში ცხოვრობს. საქართველოში დროდადრო ჩამოდის. მიშა კობახიძე 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორია, ხშირად თავადაც თამაშობდა თავის ფილმებში. 2002 წელს საფრანგეთში გადაიღო ფილმი "გზაზე". 73 წლის ხელოვანს ამჯერად თბილისში ყოფნა გაუგრძელდა, ლექციებს კითხულობდა თეატრალურ უნივერსიტეტში, ახალი ფილმის, "როგორც ღრუბელი", გადასაღებად სპონსორებს ეძებს.
ჩვენი შეხვედრა ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, პატარა ფრანგულ კაფეში შედგა. ჩანს, მიშა კობახიძე აქაურობის ხშირი სტუმარია. მომსახურე პერსონალს შინაურულად მიესალმა, ყავა შეუკვეთა და მოგონებებს მიჰყვა...
"ვირუსუს ინფექციუს"
ვერაზე, ლეო ქიაჩელის ქუჩაზე ვიზრდებოდი. თავისუფალ დროს სულ ქუჩაში ვატარებდი. ონავარი ბავშვი ვიყავი... ერთხელ, ჩემი მეგობარი მეათე კლასში ჩატოვეს. მის საბუთებში ეწერა: "დატოვებულია X კლასში". მე კი ამოვშალე და ჩავწერე: "გადაყვანილია XI კლასში". გაკვეთილებს სულ ვაცდენდი. შემდეგ სკოლაში ჩემი ხელით შედგენილი და ბეჭედდარტყმული ცნობა მიმქონდა, ზედ ლათინურად დიაგნოზსაც ვწერდი - "ვირუსუს ინფექციუს". სხვათა შორის, არც ჩემი შვილები დადიოდნენ სკოლაში. იმდენად მძულდა ყველაფერი, რაც საბჭოთა სკოლასთან იყო დაკავშირებული, რომ არ მივიყვანე. დაგიჭერთ, ციხეში ჩაგსვამთ, არ შეიძლება, შვილებს სკოლაში რომ არ ატარებო... ბავშვებს სახლში ვაძლევდით განათლებას. სპორტზე დადიოდნენ და ყველანაირი კონტაქტი ჰქონდათ თანატოლებთან.
ბავშვობის დროინდელი კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება მაქვს. 1953 წელს, სტალინის დასაფლავების დღეს, მამამ თბილისში, ბერიას (ახლანდელი თავისუფლების) მოედანზე, სამგლოვიარო მიტინგზე წამიყვანა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. ქალები ტიროდნენ, კაცებს ქუდები მოეხადათ. მამას ქვემოდან ავხედე. შემეშინდა, რადგან შლაპა არ მოუხდია. ამის გამო შეეძლოთ, ეცემათ ან დაეპატიმრებინათ. ქურთუკი ჩამოვქაჩე და ვუთხარი, - მამა, შლაპა მოიხადე-მეთქი. მან კი მიპასუხა –- მე აქ იმიტომ მოვედი, რომ შლაპით ვიდგეო. ეს არავის გაუგია, არც შეუმჩნევია, რადგან იმ წუთიდან სხვა დრო დაიწყო და მამაც სასჯელს გადაურჩა.
ეს ქართველი უსაქმურია, ანუ...
თბილისში სამსახიობო ფაკულტეტზე რომ ვერ მოვხვდი, მოსკოვში საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში წავედი. არც იქ მიმიღეს - თქვენც გაქვთ თეატრალური ინსტიტუტიო. სერგეი გერასიმოვის ტელეფონი გავიგე და დავურეკე, - გამარჯობა, მე ვარ მიშა კობახიძე, საქართველოდან ჩამოვედი, ჩემს საბუთებს არ იღებენ და მინდა შეგხვდეთ-მეთქი.
მოულოდნელობისგან გაჩუმდა, ბოლოს მითხრა, - გვარი ჩამაწერინეთ, მეორე ტურზე ხართ დაშვებულიო. საბედნიეროდ, გამოცდამ კარგად ჩაიარა, გერასიმოვმა მითხრა, - კობახიძე, ვისწავლოთო.
სწავლა კი კარტოფილის აღებით დავიწყეთ. სტუდენტები პატიმრებივით სატვირთო მანქანებზე შეგვყარეს, მოსკოვიდან 100 კილომეტრზე ცივ ბარაკებში დაგვაბინავეს და უთენია მოსავლის ასაღებად გაგვიყვანეს. ასე მეგონა, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა ბანაკში მოვხვდი. ეტყობა, ზედამხედველს არ მოვეწონე და ინსტიტუტის გაზეთში სტატია დაიბეჭდა, - ეს ქართველი უსაქმურია, ცუდად იქცეოდა, გოგონებს აცინებდა, თითქმის არ მუშაობდა და ინსტიტუტი ასეთი სტუდენტებისგან უნდა გათავისუფლდესო. მახსოვს, დიდი გოდორი უნდა აგვევსო კარტოფილით და ყოველი გოდრის მიხედვით გვითვლიდნენ ნამუშევარს. გოდრის ძირში თივას ვყრიდი, რომ მალე ამევსო, მაგრამ მალე გამოაშკარავდა ჩემი ონავრობა. აბა, რა მექნა, ძალიან ციოდა და დროზე მინდოდა კარტოფილის მინდვრიდან წამოსვლა.
სიამოვნებით ვიგონებ გერასიმოვთან სწავლის პერიოდს. მან ინსტიტუტის კედლებში თავისუფლად მუშაობის ნება დამრთო: რაც გინდა, ის აკეთე, მერე ამას ვეღარ შეძლებო. მაშინ მისი არ მესმოდა. მინდოდა, ჩემი ხელოვნებით ხალხისთვის სიხარული მომეტანა და ვერ წარმომედგინა, თუ ამის გაკეთებაში რამე ან ვინმე ხელს შემიშლიდა. მოსკოვში მომეცა საშუალება, ის მეკეთებინა, რაც მინდოდა. ინსტიტუტში სწავლისას გადავიღე ფილმი "ახალგაზრდა სიყვარული". ინსტიტუტის პატარა სტუდიაში შეგვეძლო ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელება, თუმცა, ძალიან ცოტა დროს გვაძლევდნენ. მე, მაგალითად, მხოლოდ ერთი დღე მომცეს. არაყი დავუდგით მუშებს, რომ არ წასულიყვნენ და მთელი ღამის მუშაობის შემდეგ, მეორე დღეს, ცოცხალ-მკვდარი გამომიტანეს იქიდან. ჩემთვის რთული იყო იმ მხრივაც, რომ თავად ვთამაშობდი, რეჟისორიც ვიყავი და დეკორაციის აშენება-მოწყობაც მე მომიხდა.
"ჩემს შვილს თავზე ბედისწერამ გადაუარა"...
გეგას, ჩემს შვილს, ისეთი რამ შეემთხვა, რომ არაფრის თქმა არ შემიძლია, წუხილისა და განცდის გარდა. გეგა ძალიან ნიჭიერი და საყვარელი ბიჭი იყო. კატასტროფა, რომელმაც ამ ახალგაზრდებს თავზე გადაუარა, ბედისწერას ჰგავდა. მეც ყოველთვის მინდოდა საბჭოთა კავშირიდან გაქცევა და სრულიად გასაგებია, ახალგაზრდებს რომ მოუნდათ აქედან წასვლა. საბჭოთა კავშირი ჯოჯოხეთი იყო. ბევრი მისტირის, - მაშინ კარაქი იაფი ღირდა და პური თითქმის უფასო იყოო, მაგრამ ციხეში რანაირი პურიც უნდა მოგიტანონ და როგორც უნდა გაათბონ, მაინც ციხეა. როცა ციხიდან გაქცევას გადაწყვეტ, რადაც უნდა დაგიჯდეს, უნდა გაიქცე. არც ჩემს შვილს და არც იმ ახალგაზრდებს, ვინც მასთან ერთად იყვნენ, არ ეგონათ, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა. იარაღი მფრინავების შესაშინებლად ჰქონდათ, რათა საზღვარს იქით გადასულიყვნენ. საუბედუროდ, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. მათ არავინ მოუკლავთ, არავისთვის ზიანი არ მიუყენებიათ. თვითმფრინავის გატაცება დანაშაულია, მაგრამ გაქცევისას ფორმაზე აღარ ფიქრობ...
ბიჭების დახვრეტა გასაიდუმლოებული იყო. ჩვენ ისინი ცოცხლები გვეგონა. როცა გავიგეთ, განაჩენი აღსრულდაო, მაინც არ გვჯეროდა. ამ ახალგაზრდებმა ზედმიწევნით ადამიანურად, დიდი სიყვარულით წარმართეს სასამართლო, არავინ უკან არ დაიხია, არავინ არავის არაფერი გადააბრალა. ბაბუის, გერმანე კობახიძისაგან განსხვავებით, რომელიც თავის დროზე ბერიას მოედანზე დასჯას გადაურჩა, ოცდაათი წლის შემდეგ სწორედ მის შვილიშვილს, გეგას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი...
P.S. საუბრის დასასრულს მიხეილ კობახიძეს იმ ქალის გახსენება ვთხოვე, რომელმაც მის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. სანატრელ ქალს ჯერ კიდევ ველოდები, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება პაემანიაო, - მიპასუხა.
"თვითმფრინავის ბიჭების" საქმე # 8309...
"თვითმფრინავის გამტაცებლების საქმიდან" 29 წელი გავიდა. 1983 წლის 18 ნოემბერს თბილისის აეროპორტიდან შვიდმა ახალგაზრდამ ავიალაინერის გატაცება და ამ გზით საბჭოთა სივრციდან გაღწევა სცადა. მათ შორის იყვნენ ახალდაქორწინებული მიშა კობახიძის ვაჟი გეგა კობახიძე და რძალი, თინა ფეტვიაშვილი. რეალურად რა მოხდა თვითმფრინავში, ისევ საიდუმლოებით არის მოცული. მიუხედავად ინტელიგენციის ხელმოწერებისა, გადაერჩინათ თვითმფრინავის გამტაცებელთა სიცოცხლე, საბჭოთა მთავრობამ მათ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსჯა, ორსულ თინა ფეტვიაშვილს კი 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ ამბავს ჰოლივუდში ფილმად გადაიღებს ქართველი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე.