"შენ რომ „ტრამპ თაუერით“ ამერიკის პოლიტიკაზე გინდა ზემოქმედების მოხდენა, ეს სასაცილოა, სატირალი თუ არა" - ირაკლი მელაშვილი - კვირის პალიტრა

"შენ რომ „ტრამპ თაუერით“ ამერიკის პოლიტიკაზე გინდა ზემოქმედების მოხდენა, ეს სასაცილოა, სატირალი თუ არა" - ირაკლი მელაშვილი

საბჭოთა კავშირის დროს ქართველების გათვლა ყოველთვის იმაზე იყო, რომ მოსკოვში ჩავიდოდნენ, კონიაკს ჩაიტანდნენ, ვიღაცას მოისყიდდნენ და კეთილგანწყობას მოიპოვებდნენ... „ტრამპ თაუერი“ თუ იქნება საქართველოში, ამერიკის პოლიტიკა შეიცვლება საქართველოს მიმართ? ეს პოლიტიკის ძალიან პრიმიტიული გაგებაა და არ ესმით როგორ კეთდება ამერიკაში პოლიტიკა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, თბილისში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ტრამპ თაუერით“ რომ ამერიკის პოლიტიკაზე გინდა ზემოქმედების მოხდენა, სასაცილოა.

„აშშ-ის პრეზიდენტს რაც არ უნდა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, იქ არის ძალიან ძლიერი ინსტიტუციები, რომლებიც პოლიტიკის შექმნაზე მუშაობენ. ამიტომ ის, რომ „ტრამპ თაუერის“ აშენება რაიმე გავლენას მოახდენს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, სასაცილო იყო მაშინაც [წინა ხელისუფლების დროს] და ახლაც. თუ მაშინ იყო „ტრიუკი“ [როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობდა], ახლა ბევრად „ტრიუკია“ - მაშინ ტრამპი კერძო პირი იყო, ამაში ცუდი არაფერი იყო. მაშინ სავიზიტო ბარათში „ტრამპ თაუერი“ კარგად ეწერებოდა, მაგრამ შენ რომ „ტრამპ თაუერით“ ამერიკის პოლიტიკაზე გინდა ზემოქმედების მოხდენა, ეს სასაცილოა, სატირალი თუ არა. თუ მართლა ვინმეს იმედი აქვს, რომ ამით ამერიკის პოლიტიკაზე გავლენას მოახდენს, არ ვიცი“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ამასთან, მან ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კრიტიკული განცხადებების კონტექსტში და აღნიშნა, რომ აბსურდის თეატრია ყველაფერი ის, რასაც „ქვეყნის პირველი პირებიდან ვისმენთ.“

„ჩვენ გვქონდა ჩვენი გზა, ქართული გზით მივდიოდით ევროკავშირში. არავის უთქვამს, რომ უკრაინის და მოლდოვის გზით უნდა წავიდეთო. თვითონ უკრაინელები და მოლდოველებს მოჰყავდათ ჩვენი მაგალითი. რას ებრძვიან, რას იგონებენ, რა დასაპირისპირებელ თემებს ნახულობენ? ვინ ეხვეწებათ, რომ უკრაინის და მოლდოვის გზაზეა საუბარი? როდესაც შენ შესაძლებლობა არ გაქვს ახსნა ის სისულელეები, რასაც აკეთებ, შემდეგ ასეთ თემებს იგონებ. აბსურდის თეატრია ეს ყველაფერი, რასაც ქვეყნის პირველი პირებიდან ვისმენთ. არარსებულ დილემებში არიან გახვეული. კი ბატონო, ქართული და სუპერქართული დავარქვათ - გვჭირდება ევროინტეგრაციის პროცესი? თუ გვჭირდება, რატომ გააჩერეს. ახლა რომ ამბობენ, ჩვენ არ გაგვიჩერებიაო - მე გამოვედი თუ ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ შევაჩერეთო? ან თქვან , ან ენა გამოყონ, ან დაწერონ - „არ გვჭირდება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი“ და გასაგები იქნება. „გვჭირდება, მაგრამ ვაჩერებთ“ - ეს აბსოლუტურად გაუგებარია“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

გარდა ამისა, მელაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ბრიუსელის პასუხი, მათ შორის უნგრეთის ხელისუფლების ცვლილების ფაქტორის გათვალისწინებით და აღნიშნა, რომ უნგრეთის ცვლილებები „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ართულებს.

„ევროკავშირმა, ფაქტობრივად, გაყინა საქართველოსთან ურთიერთობა იმ განცხადების შემდეგ, რომელიც კობახიძემ გააკეთა, რაც ევროკავშირიდან ბუნებრივი ნაბიჯი იყო. თუ ქვეყანა ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს, მან რა უნდა ქნას, საბელს გამოგვაბამს და როცა უნდა შეგვათრევს თუ როგორ წარმოგვიდგენია? აქედან გამომდინარე, დღევანდელი ვითარება და გაციებული ურთიერთობები აბსოლუტურად ლოგიკურია.

უნგრეთის ცვლილებები „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ართულებს. ისინი ახლა ბულგარეთთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ, მაგრამ ბულგარეთი კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე უნგრეთი, რადგან ეკონომიკურად ევროკავშირზეა დამოკიდებული და არა მგონია, ბიძინა ივანიშვილისთვის თავი გაიგიჟონ. „ოცნების“ მთავარი პრობლემა შიგნით რჩება. არ არიან ჩამოყალიბებული - აქამდე იყო რომ ევროკავშირი არ გვინდა, ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მთელ მსოფლიოს კობახიძის განცხადება არასწორად გაუგია. სრულ აბსურდში არიან გახვეული“, - განაცხადა მელაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა