როგორ დაასრულებს პუტინი და რა ემუქრება ზელენსკის - ომი და პოლიტიკური კრიზისი - კვირის პალიტრა

როგორ დაასრულებს პუტინი და რა ემუქრება ზელენსკის - ომი და პოლიტიკური კრიზისი?

"უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება, რაც სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევს საზოგადოებაში" , - წერს ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) სტატიაში სათაურით: „როგორ შეიძლება ომი უკრაინაში აჯანყებით დასრულდეს?!“ (ავტორი - ოუენ მეთიუზი). მასალაში განხილულია უკრაინისა და რუსეთის ამჟამინდელი მდგომარეობა და ომის პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინამ და რუსეთმა ძალები ამოწურეს. ჯერ არც ერთი არ არის დამარცხების ზღვრამდე მისული, მაგრამ ორივე ქვეყანაში უკმაყოფილება მატულობს. რუსეთში გავლენიანი ბლოგერები მთავრობის ცალკეული დადგენილებების წინააღმდეგ გამოვიდნენ. უკრაინაში მოსახლეობის რისხვა მიმართულია არმიის დაკომპლექტების ტერიტორიული ცენტრების (ყოფილი სამხედრო კომისარიატების) მიმართ, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცებს ეძებენ და ძალადობით გზავნიან ფრონტზე. დღეს პოლიტიკური კრიზისის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე - ბრძოლის ველზე მსხვილი სამხედრო გარღვევა.

აპრილში რუსეთში საკმაოდ იშვიათი შემთხვევა მოხდა, როცა კრემლმა კრიტიკაზე რეაგირება მოახდინა: მონაკოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქემ, ფინანსურად საკმაოდ უზრუნველყოფილმა ბლოგერ-ინფლიუნსერმა ვიქტორია ბონიამ „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც იგი მიმართავს ვლადიმერ პუტინს და ეუბნება, რომ მას სიმართლეს უმალავენ. იგი მიუთითებს რუსეთის მთავრობის გარკვეულ შეცდომებსა და ჩავარდნებზე. ამბობს, რომ მოსახლეობა და მაღალჩინოსნები (გუბერნატორები) პრეზიდენტს პატივს კი არ სცემენ, არამედ - მისი ეშინიათ. ვიქტორია ბონიამ დაასახელა რიგი პრობლემები, რომლებსაც პრეზიდენტი და ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. წესით, კრიტიკა პრეზიდენტისთვის არასასიამოვნო უნდა ყოფილიყო, თუმცა პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბლოგერის კრიტიკა მეტ-ნაკლებად მართებულია და მთავრობა მის მიერ დასახელებულ „რეზონანსულ თემებზე“ მუშაობს. ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოქალაქეთა განწყობების მკვეთრ ცვლილებას ამჩნევს.

კიდევ ერთმა ინფლუენსერმა - მაგალითად, ეკატერინე გორდონმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც იგი ხელისუფლებას რუსეთის საზოგადოებაში უკმაყოფილების მატებაზე აფრთხილებს. მთავრობის აქტიური მხარდამჭერი, ორდენოსანი მსახიობი ივანე ოხლობისტინი, რომელმაც ორიოდე წლის წინათ უკრაინასთან მიმდინარე ომს „წმინდათა-წმინდა ომი“ უწოდა („დიდი სამამულო ომის“ მსგავსად) და რომელიც ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული, შეუერთდა კრემლის ბინადრის [ვლადიმერ პუტინის] წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას და უცხოური სოციალური ქსელების ბლოკირებას „დიდი შეცდომა“ უწოდა. „თუ თქვენ ჩვენი საბჭოთა კავშირში დაბრუნება გსურთ, მაშინ ჯერ დროის მანქანა უნდა შექმნათ. მის გარეშე ვერ დაგვაბრუნებთ“, - განაცხადა მსახიობმა.

ამ კვირაში ვლადიმერ პუტინმა გაამართლა მობილური კავშირის ბლოკირება, როგორც „ანტიტერორისტული ზომა“. სინამდვილეში კი, რეალური მიზეზი ისაა, რომ უკრაინული დრონები სულ უფრო ზუსტ დარტყმებს აყენებენ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს, რუსული მობილური კავშირის გეოლოკაციის დახმარებით, ქვეყნის სიღრმეში.

ნიკოლაი ბონდარენკომ, სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა, ამჟამად კი ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რუსმა ბლოგერმა, გამოაქვეყნა უჩვეულოდ მკვეთრი პოსტი, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა: „სადამდე მივიყვანეთ მსოფლიოში წარმოუდგენლად მდიდარი ჩვენი ქვეყანა, რომელსაც განუზომელი რაოდენობის ნავთობი, გაზი და სხვა წიაღისეული, ბუნებრივი რესურსები აქვს... რატომ გავხდით ბანკროტები? ხალხი ისე გაღარიბდა, რომ ვეღარაფერს წაართმევთ... იქნებ თქვენი მაღალჩინოსნების ჯიბეებში ჩაგეხედათ?“.

უკმაყოფილების ამ მოულოდნელი „აფეთქების“ ერთ-ერთ მიზეზს მზარდი ინფლაცია წარმოადგენს, აგრეთვე, წარმოებების გაკოტრება, ფინანსური ვალებისა და ეკონომიკის ზრდის ტემპების მკვეთრი შენელების გამო. მაგრამ მთავარი ფაქტორი, როგორც ჩანს, არის ის, რომ რუსეთში ინტერნეტი თითქმის მუდმივად არის შეზღუდული, რაც ქვეყნის საშუალო ფენის, (ძირითადად ქალაქის) მოსახლეობას ძალიან აღიზიანებს (...).

ამასობაში კი უკრაინასაც თავისი პრობლემები უღრმავდება: ნგრევა და გაჩანაგება ძლიერდება, რუსული რაკეტები და დრონები, რუსეთთან შედარებით, მცირე ფართობის მქონე ქვეყანას ძალიან დიდ ზიანს აყენებენ, ელექტროენერგია ხშირად ითიშება (რაც თანმდევ ნეგატიურ შედეგებს იწვევს), მატულობს მოსახლეობის უკმაყოფილება, არმიაში გასაწვევი ასაკის მომატების გამო. სიტუაციას ამძიმებს სულ უფრო მზარდი დეზერტირობა და ე.წ. ბუსიფიკაცია, როცა ჯარში სამსახურიდან თავის არიდების მსურველებს იჭერენ და ავტობუსებით შესაკრებ პუნქტებში მიჰყავთ. „ბუსიფიკაცია“ მოსახლეობის რისხვას ბადებს. ბოლო დროს არმიის დაკომპლექტების ტერიტორიული ცენტრების რამდენიმე თანამშრომელი მოკლეს, რომლებიც ახალგაზრდების ფრონტზე გაგზავნის საკითხში აქტიურობდნენ.

უკრაინიდან ომის წლებში ნახევარ მილიონზე მეტი მამაკაცი გაიქცა. ქვეყნის ომბუდსმენმა გაარკვია, რომ ზოგიერთი გასაწვევი პუნქტი ციხის როლს ასრულებდა - მათში ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ ჩამწყვდეულები და მანამ არ უშვებდნენ, ვიდრე ქრთამს არ გადაიხდიდნენ. „არმიის დაკომლექტების ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას ხორცად თვლიდნენ, რომლებსაც ფრონტზე - ხორცსაკეპში გზავნიდნენ, თვითონ კი ჯიბეს ისქელებდნენ“, - ამბობს იულია მენდელი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანი იყო, ახლა კი პრეზიდენტის დაუცხრომელი კრიტიკოსია.

კიევის ეკონომიკური სკოლის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ უკრაინელთა მხოლოდ 20% მისცემს ხმას ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ სამომავლო არჩევნებში იგი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.

უკრაინა ნომინალურად ჯერ კიდევ რჩება დემოკრატიულ ქვეყნად, თუმცა ზელენსკის რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსების ნაწილი უკვე ქვეყნიდან არიან გაქცეულნი, რეპრესიების შიშით. ბევრ კრიტიკოსს რუსეთის ჯაშუშებად და მხარდამჭერებად ნათლავენ. ამასთან, სულ უფრო ხმამაღლა გაისმის პოლიტიკოსთა მოწოდებები, საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ომის დასრულების თაობაზე. „უკრაინა გამოფიტულია და დაღლილი“, - ამბობს დეპუტატი ალექსი გონჩარენკო, - „უკრაინა სიკვდილ-სიცოცხლის ზღურბლზე დგას... ეს კონფლიქტი უნდა დავასრულოთ და ქვეყნის განადგურება არ უნდა დავუშვათ“.

უკრაინას 2019 წლიდან ვოლოდიმირ ზელენსკი მართავს, რომელმაც ომის დაწყებისთანავე ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო. პრინციპში, ასეც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ... არის ერთი „მაგრამ“: ქვეყნის კონსტიტუციით, სამხედრო მდგომარეობის დროს ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება. ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობა 5 წლის ნაცვლად, როგორც ჩანს, უსასრულოდ გაგრძელდება - 2026 წლის მაისში მის პრეზიდენტობას უკვე 7 წელი შეუსრულდება. მმართველი პარტია „ხალხის მსახური“ ხალხში ძველებურად პოპულარული აღარ არის. ვერხოვნა რადაში მმართველი პარტიის ფრაქცია თანდათან მცირდება, პარტიიდან „გამქცევების“ რაოდენობა მატულობს და თუ ასე გაგრძელდება, პარლამენტში ოპოზიცია უფრო მეტი იქნება. დეპუტატები საზღვარგარეთაც გარბიან - ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა თავი კანადას შეაფარა და უკან, უკრაინაში აღარ ბრუნდება. თუ ასეთი ფაქტები გამრავლდება, ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული გახდება, კოალიციური ხელისუფლება შექმნას.

მატულობს პოლიტიკური კრიზისის რისკები: „ასობით ათასი უკრაინელი დაიღუპა და დაიჭრა, მოსახლეობა იტანჯება, ოჯახები გათიშულებია, ქვეყანა დანგრეულია, დიდი რისკია იმისა, რომ სამომავლოდ არც ელექტროენერგია და არც სხვა რესურსები აღარ გვექნება, მსოფლიო კრიზისის გათვალისწინებით“, - ამბობს იულია მენდელი, - ბევრს უკვე აღარ სჯერა, რომ ომი იმ პირობებით დასრულდება, როგორსაც ერთი ან ორი წლის წინათ გვპირდებოდნენ. ეს არის ქვეყნის კატასტროფა, შენელებული ტემპით. კაპიტულაციისკენ არავის მოვუწოდებ, მე პრეზიდენტს მხოლოდ ღირსების დაცვას ვთხოვ... უკრაინელები იმსახურებენ ისეთ ხელმძღვანელებს, რომლებიც სიმართლეს ამბობენ და ლოზუნგებით არ ლაპარაკობენ“.

ორივე მხარე, როგორც ჩანს, თავიანთი ძალების ზღვარს უახლოვდება, მაგრამ ფსონები ორივესათვის სხვადასხვანაირია. ბოლო დროს კრემლი სამხედრო ოპერაციას მკაფიოდ გამოხატული მიზნების გარეშე აწარმოებს, რუსეთი უკრაინას ვერ ამარცხებს, მაგრამ ომს მაინც არ წყვეტს. თავის მხრივ, უკრაინა იბრძვის, რომ ტერიტორია და დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს, მაგრამ დაკარგული [ოკუპირებული] მიწების დაბრუნება არ ძალუძს. ქვეყნის შიგნით უკმაყოფილება შეიძლება, საბოლოო ჯამში, მშვიდობისათვის უფრო მეტი სტიმული აღმოჩნდეს, ვიდრე ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, [ანტისამთავრობო ფართო გამოსვლები დაიწყოს].

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო