"სოხუმის ბულვარში ვსეირნობდით, უცებ გამოჩნდნენ მამაკაცები, ხელები ერთად შეკრეს, მედეა "ტახტრევანზე" დასვეს და ასე მიაბრძანეს თავის ვილაში" - რას ჰყვებოდნენ ლეგენდარულ მედეა ამირანაშვილზე
93 წლის ასაკში გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარული სოპრანო, ქალბატონი მედეა ამირანაშვილი.
მედეა ამირანაშვილმა 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, რის შემდეგაც იყო ამ თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის “დაისი” და “აბესალომ და ეთერი”), მზია (თაქთაქიშვილის “მინდია”), ლელა (ლაღიძის “ლელა”), ტატიანა (ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინი”), ზემფირა (რახმანინოვის “ალეკო”), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970)...

მედეა ამირანაშვილი
მედეა ამირანაშვილი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია...

გია ონიანი, ტენორი:
- ცნობილი ფაქტი შემიძლია აღვნიშნო: 1970 წელს, იაპონიაში, მედეა ამირანაშვილი "საუკეთესო ბატერფლაიდ" აღიარეს. ისეთ ეპოქაში, როცა რენატა ტებალდი, ლეილა გენჩერი და მარია კალასი არსებობდნენ... მეტი რომ არაფერი გაეკეთებინა, ეს ეყოფა ადამიანს ისტორიაში შესასვლელად...
ამ დროს, ძეფირელის ფილმ-ოპერაში - "მადამ ბატერფლაი", სადაც მირელა ფრენი ასრულებს ბატერფლაის როლს, ცხოვრებაში ერთხელაც ვერ გაბედა ეგ როლი ემღერა, ფილმში კი მხოლოდ სტუდიურად ჩაწერა ჯერ და მერე გადაიღეს... ამდენად ურთულესი როლია, სოპრანოების საჯილდაო ქვა...
სიმბოლურია, რომ კალასის დაბადებიდან 100 წლისთავზე გარდაიცვალა...