აქაც ესპანეთი. ველით სექტემბერს - კვირის პალიტრა

აქაც ესპანეთი. ველით სექტემბერს

- ევროპის ჩემპიონატამდე დიდი დროა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საინტერესო ქვეჯგუფში მოვხვდით და ძალიან საინტერესო თამაშები გველის.

დარწმუნებული ვარ, ყველა სულმოუთქმელად ველით სექტემბერს. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!!! - ასეთი იყო ზაზა ფაჩულიას რეაქცია ევრობასკეტის წილისყრის შემდეგ.

მოგეხსენებათ, ზაზა, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანია. სლოვენიის გამოქვაბულ პოსტოინაში ჩატარებული წილისყრის სედეგად ჩვენი ნაკრები ჩ ჯგუფში მოხვდა, სადაც კიდევ ხუთი გუნდია: ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი. ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს თუ არ ჩავთვლით, ყველა გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალისაა, შესაბამისად საქართველოს ნაკრებს გამარჯვების შანსი ოთხივესთან აქვს. აი, რა გვაძლევს ასეთი დასკვნის გაკეთების უფლებას:

სლოვენიელებს 2011 წლის ევრობასკეტზე ბოლო წამებამდე თანაბრად ვებრძოლეთ, ფარქვეშ არ შევუშვით. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ მხოლოდ მეოთხე პერიოდში გვაჯობა, ისიც სამქულიანებით (სულ 15 ჩააგდო). 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი სწორედ სლოვენიაა. ამჯერად მათი დამარცხება კიდევ უფრო გაჭირდება.

ხორვატიის ნაკრებს NBA-ში არაერთი ვარსკვლავი ჰყოლია, მაგრამ "ჭადრაკოვანთა" რიგებში სადღეისოდ ისეთი თაობა არ თამაშობს, როგორიც რამდენიმე წლის წინ, თუმცა ევროლიგის წარმომადგენელთა ნაკლებობას არც ამჯერად განიცდის. ესპანეთისა და სლოვენიის გვერდით ჯგუფიდან გამსვლელ სამეულში მოხვედრის პრეტენზია ხორვატთა დამრიგებელმა ჟასმინ რეპეშამ უკვე დაადასტურა. საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტი, ალბათ, სწორედ ხორვატია იქნება, რომელზე ნაკლები შემადგენლობაც ნამდვილად არ გვყავს.

პოლონეთის ნაკრების მთავარი პლუსი ფინიქსელი მარცინ გორტატია. NBA-ს ცენტრების შეჩერება ზაზა ფაჩულიას კარგად რომ ხელეწიფება, ეს 2010 წელსაც დაამტკიცა, როცა პოლონეთს 84:65 ვძლიეთ და გორტატმა დაიჩივლა - ფაჩულიამ გამანადგურაო.

ჩეხეთის ნაკრები 2011 წელს მეორე დივიზიონში თამაშობდა, მაგრამ ურიგო გუნდი რომ არ არის, შარშან ორჯერ დაამტკიცა: შესარჩევ ეტაპზე თურქეთი დაამარცხა, ხოლო ესტონეთის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ამხანაგურად 79:68 სძლია. თუმცა, თუ მომდევნო ეტაპზე გასვლის პრეტენზია გვაქვს, ჯგუფში ბოლო კალათიდან მოხვედრილ ჩეხეთს უნდა ვაჯობოთ.

***

სლოვენიაში გამართულ წილისყრას ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი:

- საქმე ასარჩევად რომ ყოფილიყო, A ჯგუფში მოხვედრას ვისურვებდი, სადაც ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია არიან თავმოყრილნი. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, აქ ევრობასკეტის ფავორიტი ესპანეთია. სლოვენია შინ თამაშობს და ის ჯგუფიდან გასვლის მეორე პრეტენდენტი იქნება. ამ გუნდს 2011 წელსაც ვეთამაშეთ და იმ შეხვედრის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ უშანსოდ არ ვართ. წილისყრის დასრულების შემდეგ ხორვატიის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელი მოვიდა და გვითხრა - თანაბარი, დაძაბული თამაში გვექნებაო. ხორვატებს მაღალი დონის გუნდი ჰყავთ და მეორე ადგილისთვისაც შეუძლიათ ბრძოლა. პოლონეთთან და ჩეხეთთან გამარჯვება რეალურია. თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა, ეს უნდა შევძლოთ. თუმცა მთავარია, ვინ როგორ შეხვდება უშუალოდ მატჩებს. მხედველობაში მაქვს შემადგენლობა, ტრავმები...

იმედიანადაა ნაკრების უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი:

- ესპანეთი აშკარა ფავორიტია. სლოვენია სახლში თამაშობს და რა თქმა უნდა, მასპინძლებთან ძალიან გაგვიჭირდება. ხორვატია ბოლო წლებში არ გამოირჩეოდა, თუმცა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა დონის ნაკრებს უნდა ველოდოთ. პოლონეთს კარგად ვიცნობთ და ჩეხეთის ნაკრებთან ერთად უშუალო კონკურენტად მიმაჩნია. ესპანეთი, სლოვენია და... მესამე ადგილისთვის მართლაც დიდი ომი მოგვიწევს. ჯგუფი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლა ნამდვილად შეგვიძლია, რისთვისაც ნაკრების თითოულმა წევრმა ყველაფერი უნდა გაიღოს.

***

ევროპის რიგით 38-ე ჩემპიონატი სლოვენიაში 4 სექტემბერს დაიწყება. ამ დღეს ქართველები პოლონეთს დაუპირისპირდებიან, 5-ში - ხორვატიას, 6-ში დასვენებაა, 7-ში - სლოვენიას, 8-ში - ჩეხეთს, ხოლო 9-ში - ესპანეთს. ოთხი ჯგუფის 3-3 საუკეთესო მეორე ეტაპზე ორ ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნის, საიდანაც მეოთხედფინალის საგზურს საუკეთესო კვარტეტი მოიპოვებს. ამას მოჰყვება ნახევარფინალი და ფინალი.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)