ზელენსკი ჩადის სომხეთში, სადაც პუტინი 5 ათასი რუსი სამხედროთი "ხვდება"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დღეს, 4 მაისს უნდა ჩაფრინდეს ჩვენი მეზობლის, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სადაც იმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი.
სომხეთი პირველად მასპინძლებს ამ დონის საერთაშორისო ფორუმს, რომელზეც თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი დაესწრება.მიწვეულია ქართული მხარეც.
ასე,რომ რაიმე გასაკვირი იმაში, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკიც იყოს ამ ფორუმის მონაწილე, თითქოს არაფერია,მითუმეტეს,რომ ამ მეომარი ქვეყნის პრეზიდენტი ისედაც სულ ჰაერშია-ხან ევროპაში და ხანაც ახლო აღმოსავლეთში დაფრინავს სამხედრო დახმარების მიღების თხოვნით.
და მაინც, ზელენსკის ჩასვლა ერევანში ძალზე გამორჩეულია, რადგან უკრაინასთან ომის მდგომარეობაში მყოფ რუსეთის ფედერაციას სომხეთში ოფიციალურად განთავსებული ჰყავს ხუთი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და ეს პირველი შემთხვევაა რუსეთ-უკრაინის მეხუთე წელში გადასული ომის განმავლობაში, როდესაც მეომარი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი,რომლის ფიზიკურ ლიკვიდაციას მუდამ გეგმავს მოწინააღმდეგე მხარე, ესტუმრება მესამე ქვეყანას, სადაც სწორედ ეს მოწინააღმდეგე ისტორიულად აკონტროლებს საჰაერო სივრცესა და საზღვრებსაც...
რუსეთს მესამე საუკუნეა სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული ჰყავს თავისი სამხედროები, რაც დღეს გამოიხატება გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის-„ეფ-ეს-ბე“-ს დაქვემდებარებული სასაზღვრო საგუშაგოების სახით.
გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის შეიარაღებაში არსებული „ს-300“-ისა და „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები აკონტროლებენ სომხეთის საჰაერო სივრცის დიდ ნაწილს, ხოლო ერევნის სამხრეთით, „ერევან-იუჟნის“ სამხედრო აეროდრომზე განთავსებულ 18 ერთეულამდე „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავს შეუძლია „მისწვდეს“ სომხეთის ყველა კუთხეს...
შესაბამისად, სომხეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ძალას უპრობლემოდ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის თვითმფრინავის ჩამოგდება ერევნის ზვარტნოცის აეროპორტში დაშვებამდეც და მისი იქიდან აფრენის შემდეგაც და თანაც ისე, რომ ვერავინ ვერაფერს დაუმტკიცებს პუტინს, გაიხსენეთ 2010 წლის 10 აპრილს რუსეთის სმოლენსკში პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის „ტუ-154“-ის კატასტროფა აეროდრომზე დაშვების მომენტში,რასაც საერთო ჯამში მის ბორტზე მყოფი 96 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა და მას შემდეგ ვერავინ ამბობს დადასტურებულად,თუ რა როლი ითამაშეს ამ ტრაგედიაში პუტინის სპეცსამსახურებმა...
იმედია,სომხეთში ეს ევროპული სამიტი მშვიდობიანად ჩაივლის და არაფერი ცუდი არ მოხდება,წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთის საერთშორისო იმიჯს დიდ დარტყმა მიადგება,რაც სავარაუდოდ უკვე სურთ კრემლში...
საქმე ის არის,რომ რაც ხდება ბოლო ორი-სამი წელი სომხეთში,ძალიან წააგავს მისი მეზობელი საქართველოს 2004-2007 წლების მოვლენებს,თბილისს-მოსკოვს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური დაპირისპირების ზრდის ტენდეციით,მათ შორის რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის,ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბლოკვისა თუ რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის სახით...
ერევან-მოსკოვის ურთიერთობების დაძაბვა დაწყებული,რადგან სომხეთი დაჩქარებული ტემპით ცდილობს საუკუნების განმავლობაში რუსეთისკენ მიმართული პოლიტიკური ვექტორი დასავლეთისკენ,ევროპისკენ „ჩააჩოჩოს“: ერევნის ზვარტნოცის აეროპორტიდან უკვე მოახსნევინა რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს მესაზღვრეთა საკონტროლო-გამშვები პუნქტი(არადა,რა კონფუზი იქნებოდა,როდესაც სომხეთში სტუმრად ჩასულ ნატოელ გენერლებს რუსი მესაზღვრეების შუაში უნდა გაევლოთ) და ცდილობს,რომ რუსეთს სომხეთი-თურქეთისა და სომხეთ-ირანის სახელმწიფო საზღვრის კონტროლიც ჩამოართვას,ხოლო ახლო პერსპექტივაში კი გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზასაც დაატოვებინოს სომხეთის ტერიტორია...
საპასუხოდ,კრემლს მართალია ჯერ არ დაუწყია სომხეთის მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია რუსეთიდან,თუმცა სომხური კონიაკის ანუ ბრენდის რეალიზაციას უკვე დიდი პრობლემები გაუჩინა,ხოლო სომხური მინერალური წყლის „ჯერმუკის“ გაყიდვა საერთოდ აკრძალა,მასში თითქოს ჯანმრთელობის მავნე შემადგენლობის აღმოჩენის გამო...
ხომ ძალიან ნაცნობი სურათია,გავიხსენოთ,რუსეთის ბაზარზე „დაწუნებული“ ქართული ღვინისა და „ბორჯომის“ ბოთლები...
უბრალოდ ძალიან ცუდი იქნება,თუკი ეს მსგავსება ბოლოს „2008 წლის აგვისტოს ომის“ მსგავსით დაგვირგვინდება და სომხეთ-რუსეთის ღია შეიარაღებული დაპირისპირება მოხდება,კრემლს არც დასჭირდება ახალი „როკის გვირაბის“ მოძიება ჯარების გადასასროლად,სომხეთში ხომ ისედაც ჰყავს სახმელეთო და საჰაერო ძალები...
პუტინისთვის ბოლო წვეთად შეიძლება იქცეს სწორედ მისი მთავარი მტრის,უკრაინის პრეზიდენტის ზელენკის ოფიციალური ვიზიტი იმ სომხეთში, რომელსაც კრემლი ისტორიულად თავის „უკანა ეზოდ“ თვლის და მიაჩნია, რომ ერევანმა მოსკოვის ყველა ბრძანება უნდა შეასრულოს...
მართალია, ზელენსკი ერთი კვირის წინ ბაქოსაც ეწვია,მაგრამ პუტინი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს იმას ვერ უბედავს,რაც შეიძლება სცადოს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან მიმართებაში...