მოსაფერებელი „ევროკულტურა“ სოფელ ქანდიდან
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში ერთ-ერთი კომპანიის გარგარის ბაღში ულამაზესი ყვავილობა დასრულდა და ფერმერები ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ემზადებიან. სანამ ქანდის ბაღზე ვისაუბრებთ, საკუთრივ გარგარის კულტურაზეც უნდა ითქვას, რომ ის ნორმალურად ვითარდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე, თუმცა ვერ ეგუება გრუნტის წყლებს, თუ ისინი ზედაპირიდან 1 მეტრზე ნაკლებ სიღრმეზეა. ვერც ნიადაგში ჭარბ ტენს ეგუება, ამიტომ დასავლეთ საქართველოში ნაკლებად ხარობს. სინათლის მიმართ მომთხოვნია და საკმაოდ გვალვაგამძლეცაა, მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებში 40-45 გრადუსამდე სიცხეს იტანს, მოსვენების პერიოდში კი მაღალი ყინვაგამძლეობით ხასიათდება. ვეგეტაციას გარგარი 5-6 გრადუსზე იწყებს და 8-100-ზე ყვავილობს. გაზაფხულზე შესაძლოა წაყინვებისგან ყვავილები ან ახალგაზრდა ნასკვები დაზიანდეს. ქანდის ბაღის გარგარსა და თავად ბაღზე საუბარს აგრონომი გიორგი გოგიძე განაგრძობს:

- რა კულტურებს აერთიანებს თქვენი ბაღი?
- გარგარის გარდა, ბაღში ბევრი კულტურა გვაქვს, მათ შორის, სუპერინტენსიური ნუში, რომელიც ძალიან ახლო-ახლოსაა გაშენებული და მაქსიმალურად მექანიზებულია, ანუ მუშახელი გამოთავისუფლებულია. ყველანაირი სამუშაოს, წამლობას, ბალახის თიბვას, მექანიზებულად ვატარებთ. ეს კულტურა გაშენებულია დაახლოებით 60 ჰექტარზე, კიდევ 32 ჰექტარზე სხვა კურკოვანი ხეხილია.

- ნუში კაკლოვანი კულტურა არ არის?
- მას რატომღაც კაკლოვანად მოიხსენიებენ, მაგრამ კურკოვანია. კურკოვანებს შორის გარგართან ერთად გვაქვს ატამი, ბრტყელი ატამი, ვაშლატამა, ბალი, ქლიავი... თავად გარგარი 5 ჰექტარზეა გაშლილი. ასევე გვაქვს თესლოვანი ხეხილი - ვაშლი და მსხალი 15 ჰექტარზე. ყველაფერი, რაც ჩვენს ბაღშია დარგული, ევროპული სანერგიდანაა ჩამოტანილი და სერტიფიცირებულია, რადგან ასე მეტად დარწმუნებული ვართ მის ხარისხში, ვიდრე ადგილობრივი სანერგეებიდან შეძენის შემთხვევაში ვიქნებოდით. ამ კუთხით ევროპაში მეტი გამოცდილება აქვთ. იქაურ დიდსა და მსხვილ ბაღებში ნანახი გვაქვს, როგორი შედეგები აქვთ.
- იქაურ ძირებს მიესადაგება ქართლის კლიმატი?
- დიახ, კლიმატისა და ტემპერატურის გათვალისწინებით 2022 წელს გადავწყვიტეთ გაგვეშენებინა. მშვენიერი შედეგები გვაქვს. მთლიანი ფართობი 110 ჰექტარია. აქ ცენტრალური აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი ყავისფერი ნიადაგებია. მის შემადგენლობაშია ფოსფორი, კალიუმი, აზოტი, ცოტა რკინაც. ცოტა იმიტომ, რომ ძალიან ტუტე ნიადაგებია. შესაბამისად, სასუქებით ნიადაგის მჟავიანობის გაზრდაა საჭირო. სასუქი მჟავიანობაზეც მოქმედებს, თუმცა ძირითადი დანიშნულება, რა თქმა უნდა, გამოკვება და საჭირო ნივთიერებების მიწოდებაა.

- ამჯერად ჩვენი საუბრის თემა გარგარია...
- გარგარი მაღალი პოტენციალის ხეხილია, რომლისგანაც მოსავალი შეგვიძლია ადრე მივიღოთ. ბლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ხილია, რადგან ადრე შემოდის, შესაბამისად, ფასი მაღალია და მოთხოვნაც, ოღონდ ჩვენი ბაღის გარგარი არ ჰგავს იმ ყველასთვის ნაცნობ სომხურ გარგარს, არც საქართველოში ცნობილ ჭერამს. ჩვენი გარგარი ოდნავ მომჟავო-მოტკბოა, ინტენსიური გემო აქვს და მეტად საინტერესოა. ევროპაში ეს გარგარი ჩვეულებრივი ხილია.
როცა ევროპელებს მივმართავთ, რომ გარგარის ბაღის გაშენება გვინდა, ამ გარგარს გვთავაზობენ, ხოლო ჩვენთან რაც არის გავრცელებული, ის მათთვის უცხოა. მოკლედ, იქაური სანერგიდან წამოღებული გარგარის ნერგებისგან მიღებულ პროდუქტს ევროპულ გარგარს ვუწოდებთ. კონკრეტულად ესპანური ნერგებია. ესპანურ სანერგეში მკაცრად არის ყველა წესი და ნორმა დაცული, რათა ვირუსები და დაავადებები არ გავრცელდეს. შემოტანის დროს სანიტარიულ კონტროლსაც გადის და სერტიფიკატებიც მოჰყვება. აქ ამ გარგარმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ქსელურ მარკეტებშიც შევიტანეთ და საშუალოზე მაღალი ფასი ღირდა.
- როდის იწყება ამ კულტურის მოვლა?
- როდესაც სეზონი დასრულდება და ფოთოლი დასცვივდება, შეგვიძლია გავსხლათ. თუმცა გასხვლა თებერვლამდე, მარტის შუამდეც შეიძლება, არ იქნება პრობლემა, რადგან ხე მანამდე არ იღვიძებს. ისე კი ჯობს, სანამ გაიღვიძებს, ეს პროცედურა მანამდე ჩატარდეს, ანუ მცენარეში წვენის მოძრაობის დაწყებამდე. განოყიერებას ადრე გაზაფხულზე ვიწყებთ, ან თებერვლის ბოლოს, ამინდს გააჩნია. საერთოდ, კარგია, წვიმის სეზონის დაწყებამდე ნიადაგში სპეციალური გრანულირებული სასუქის შეტანა. წვიმის საშუალებით ის მიწაში ნელ-ნელა ჩადის.

შემდეგ, კვირტები რომ დაიბერება, წამლობას ვიწყებთ. პირველი წამლობა მოზამთრე მავნებლების საწინააღმდეგოდ უნდა ჩაუტარდეს. რაც წინა სეზონზე ვერ გავაკონტროლეთ და ვთქვათ, მათი კვერცხები გადარჩა, შესაძლოა გამოიჩეკოს. ამიტომ ამის საწინააღმდეგო პრეპარატებს ვიყენებთ. ასევე სოკოს საწინააღმდეგოდ ინსექტიციდს. ასე ვამუშავებთ და ვიცავთ ხეებს მავნებლებისგან, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებისგან.
- კვირტები რომ გამოჩნდება, მაშინაც?
- კვირტი რომ გაიხსნება, შეწამვლა მაშინ უნდა, ოღონდ სიფრთხილეა საჭირო, რადგან მაგ დროს მცენარე ნორჩი და დაუცველია. მნიშვნელოვანია, ყვავილიც არ დავწვათ. ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა მონოლიოზი (სიდამპლე), ყვავილობისას არ უნდა გაიპაროს და თუ გაიპარა, შემდეგ მასთან ბრძოლა რთულია. ამიტომ ყვავილობაში ვამუშავებთ და ასევე სოკოს საწინააღმდეგო საშუალებით... მაგ დროს მწერების საწინააღმდეგოდ ინსექტიციდებს არ ვიყენებთ, რათა ფუტკარს დამტვერვაში ხელი არ შეეშალოს. სხვათა შორის, არსებობს სპეციალურად გამოყვანილი დიდი ბზიკები, რომლებიც მხოლოდ ბაღებისთვისაა, დამტვერავენ და მერე იხოცებიან. ერთჯერადი ფუნქცია აქვთ, თუმცა ჩვენ მათ არ ვიყენებთ, არ გვჭირდება.
როგორც კი ყვავილობა ჩაივლის და ნაყოფი გამოდის, ისევ სოკოსა და მავნებლებზე დავამუშავებთ, რადგან იმ დროს ტემპერატურა და ტენიანობაც მაღალია. ეს პროვოცირებს ცოცხალი ორგანიზმების, მით უმეტეს, მავნებლების გააქტიურებას. ცოცხლდება სოკოს სპორებიც და მცენარის ინფიცირება მარტივად ხდება. ამიტომ კეთდება საპრევენციო დამუშავება. კონტაქტური პრეპარატებისგან არ არსებობს არანაირი საფრთხე, რომ მცენარეში ან ნაყოფში დიდხანს გაჩერდება.

- ნაყოფი სწრაფად იზრდება?
- საკმაოდ და 15-20 ივნისს მოსავლის აღებას ვიწყებთ. გარგარი მალევე უნდა დაიკრიფოს, რადგან ფაქიზი ხილია და მალე ფუჭდება. საჭიროა ზომების მიხედვით დახარისხება, გადარჩევა. დაკრეფაც ფრთხილადაა საჭირო. მაცივარში დიდხანს ვერ შეინახება, თუმცა სანამ დახარისხდება, კარგია, თუ მაცივარში გაგრილდება.
- ივლის-აგვისტოში მცენარე რას საჭიროებს?
- ივლისსა და აგვისტოში წვეთოვანი გზით მხოლოდ სასუქები შედის. რაც შეეხება მორწყვას, გვაქვს სპეციალური სენსორები, რომლებიც რწყვას თვითონვე არეგულირებს, რომ არც ზედმეტი მოუვიდეს წყალი და არც დააკლდეს.
- როგორც მივხვდი, "მოსაფერებელი" კულტურაა და თუ კარგად მოუვლი, შედეგიც შესაფერისი იქნება. შემოდგომით რა სამუშაოებს უტარებთ?
- ისეთს არაფერს, პერიოდულად ვაკვირდებით, რომ რამე მავნებელი არ ჰყავდეს, რომელიც ან მერქანს აზიანებს, ან ფოთოლს... სეზონის ბოლოს საპრევენციოდ ერთი წამლობაც ეწყობა.
საერთოდ, მოყვარულ მებაღეებს თუ ფერმერებს ამ კულტურის გაშენებას ვურჩევდი. აღმოსავლეთ საქართველოსთვის კარგი კულტურაა. მისი უპირატესობა ის არის, რომ ადრე შემოდის და ბაზარზე ერთ-ერთი პირველი არომატული და სასარგებლო ხილია.