“გარმონზე დამკვრელ სონას ურიგებდნენ, ის ქალი ფიროსმანს დახატული ჰყავს კიდეც“ - რა უცნობ ამბებს გვიყვება ფიროსმანის დის შთამომავალი
„...რადგან მირზაანში ვიზრდებოდი, ეს ბევრს ნიშნავს, ნიკო ფიროსმანის შესახებ მეტი ვიცოდე. ღვთისო პაპა ფეფეს უფროსი ვაჟი გახლდათ, მას ნიკო კარგად ახსოვდა და იხსენებდა...“... ამბობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლეილა გოზალიშვილი. იგი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ ამბებს გვიზიარებს:
- ნიკო ფიროსმანის დის - ფეფეს შვილიშვილებიდან უფროსი გახლდით. ისე მოხდა, რომ სოფელში პაპასთან და ბებიასთან შვიდ წლამდე ვიზრდებოდი. ოჯახი რუსთავში ვცხოვრობდით, მაგრამ იქაური ჰაერი არ მიხდებოდა და მშობლებმა ერთი წლის სოფელ მირზაანში ჩამიყვანეს, სადაც შვიდ წლამდე დავრჩი... ჩემი პაპა ღვთისავარ (ღვთისო) ბარამაშვილი და ბებია - თამრო ბოსტოღანაშვილი მირზაანში ცხოვრობდნენ. მათი ხუთი შვილიდან სამი - რუსთავში იყო, ორი -მირზაანში. მე თამრო ბებიამ და ნათელა დეიდამ გამზარდეს... რადგან მირზაანში ვიზრდებოდი, ეს ბევრს ნიშნავს, ნიკო ფიროსმანის შესახებ მეტი ვიცოდე. ღვთისო პაპა ფეფეს უფროსი ვაჟი გახლდათ, მას ნიკო კარგად ახსოვდა.

- ნიკო ფიროსმანის და - ფეფე მრავალშვილიანი იყო?
- დიახ, ფეფეს ათი შვილი ჰყავდა: ხუთი პირველ მეუღლესთან - ღორაშვილთან, ორი მცირეწლოვანი ვაჟი დაეღუპა, სამი ქალიშვილი დარჩა. მეორე მეუღლესთან - ვანო ბარამაშვილთანაც ხუთი შვილი ჰყავდა - ნიკა პაპა მეც მახსოვს, ღვთისო და სამი ქალიშვილი. ერთ-ერთს თამრო ერქვა... ნიკომ ფეფეს უთხრა, მე აქ გამჩერებელი არ ვარ, ამდენი შვილები გყავს და ამ სახლში გადმოდითო... მე რომ ჩამიყვანეს, მაშინ მირზაანის სახლი შუაზე იყო გაყოფილი. აქეთ მხარეს ხვთისო პაპა ცხოვრობდა ოჯახით, იქეთ - ნიკა პაპა ოჯახით... ადრე, თურმე, პატარა მიწური ქოხი სხვაგან, ზევით გორაკზე ჰქონდათ, სადაც დიდი - აკაკის ხე ახლაც დგას. ისლით გადახურულ ქოხში ნიკოს მშობლები - ასლანი და თეკლე ტოკლიშვილი ცხოვრობდნენ. მათი ყველა შვილი იქ დაიბადა... თეკლე საოცრად კეთილშობილი ყოფილა, ხელსაქმე კარგად სცოდნია. თავისი საკერავი მანქანა ფეფეს თამრო ბებიასთვის უჩუქებია. ფეფეც კარგად კერავდა და კერვა ბებიასთვისაც უსწავლებია. მეც მინახავს ეს საკერავი მანქანა, შემდეგ მუზეუმშიც იდგა... ადრე ყველა სახლის წინ ქვევრს აგდებდნენ, რომელსაც ზედაშეს ეძახდნენ. თამრო ბებია იტყოდა ხოლმე, აქ ჩვენი ზედაშეაო, შემორჩენილიც იყო რაღაც. იქვე სანთლებსაც ანთებდა მიცვალებულების სახელზე... - ის ნასახლარიც დაახლოებით, ვიცი, სადაც არის, მაგრამ არავინ დაინტერესებულა, მოეძია.

- მირზაანში იმ სახლში იზრდებოდით, სადაც ახლა მუზეუმია?
- დიახ, ეს სახლი ნიკოს მონაწილეობით იყო აშენებული... ექვსი წლის რომ გავხდი, იქ მუზეუმი გაიხსნა და ჩვენ სახლი ცოტა ზევით აგვიშენეს. ისევ ისე, ერთი სახლი შუაზე იყო გაყოფილი და ერთ მხარეს ღვთისო პაპა, მეორე მხარეს - ნიკა პაპა ოჯახებით ცხოვრობდნენ. ცოტა უფრო დიდი ოთახები იყო, შუშაბანდი და მარანი... მეტი განსხვავება არაფერი იყო. შემდეგ ბიძაჩემმა გიორგიმ სახლი გამოისყიდა, ნიკა პაპა აღარ იყო ცოცხალი და მისი შვილისგან იყიდა ის ნახევარი ნაწილი. მარტო ღვთისო პაპას ოჯახს დარჩა სახლი და ნიკო პაპას ოჯახიც ახლოში დასახლდა... საერთოდ, რაც ოჯახში ნიკოსეული ჰქონდათ, როგორც თამრო ბებია იტყოდა, „შიშიანობის“ დროს გააქრეს. ფეფეს ერთი სკივრი ჰქონდა, სადაც ნიკოს ჩანახატებს, ფუნჯებს, სურათებს ინახავდნენ. საკმაოდ ბევრი ნამუშევარი დაწვეს. ეს ამბავი დიდი ხანია, ცნობილია. სულ რამდენიმე სურათი შეაგროვეს, რომლებიც ვიღაცებმა გადამალეს. შვიდიოდე სურათი, რომელიც თავის დროზე, მუზეუმი რომ გაიხსნა, იქ იყო გამოფენილი. სხვა ნახატები სოფელში არ შემორჩენილა, შემდეგ თბილისში აღმოაჩინეს რამდენიმე...

- ბევრი ცდილობს ნიკო ფირომანის შესახებ კვლევები აწარმოოს...
- დაახლოებით, 70-იან წლებში პირველმა არხმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც თამრო ბებიაც საუბრობს და პაპიდაჩემიც - თამრო ბარამაშვილი. ღვთისო პაპა უკვე გარდაცვლილი იყო... სხვა ნურავინ დაიბრალებს, მხოლოდ იმ ორ ადამიანს ახსოვდა და იცოდნენ სინამდვილე ფეფესგან, ნიკო ფიროსმანის შესახებ.. თანასოფლელებიც ალაპარაკეს, ვისაც ნიკო ახსოვდა. მე ეს ჩანაწერი რამდენჯერმე ვნახე... ცოტა რომ წამოვიზარდე, უნივერსიტეტის სტუდენტს მინდოდა, იმ სატელევიზო ჩანაწერისთვის მიმეკვლია, მაგრამ ჩემი ძალებით ვერ მოვახერხე... 90-იან წლებში ყველაფერი აირია, არც ვიცი, ტელევიზიაში ძველ ფირებს თუ ინახავდნენ, ვიღაცებს დახმარება ვთხოვე, მაგრამ თქვეს, შენახვის გარკვეული ვადა აქვსო. ერთი სიტყვით, მე ვეღარ მივაკვლიე, მაგრამ პირველი არხის დოკუმენტურ ფილმშია ყველაფერი ნამდვილი და სხვა წყაროებში უკვე ათასნაირი ზღაპრებია...
- იქ იზრდებოდით და უფროსები რას იხსენებდნენ ნიკო ფორომანის შესახებ?
- ფიროსმანს, მოგეხსენებათ, ცოლი-შვილი არ ჰყავდა, მას და - ფეფე ძალიან უყვარდა და ხშირად სტუმრობდა... პაპაჩემი ჰყვებოდა: ფიროსმანი რომ სოფელში ჩამოდიოდა, სიღნაღში მივყავდი, იქ ფუნჯებს, ქიმიურ საღებავებს ყიდულობდაო... ზოგჯერ, თურმე, თბილისიდან ფუნჯები არ მოჰქონდა, ან გაუცვდებოდა და საყიდლად სიღნაღში რომ მიდიოდა, ღვთისო და მისი ძმა - ნიკაც თან მიჰყავდა. ამბობდნენ, პირველად სიღნაღი ფიროსმანმა გვაჩვენაო...

სიღნაღი მაშინ რაიონული ცენტრი იყო... ასევე, თურმე, ნიკო ფიროსმანს ღვთისო, ნიკა და სოფლის ბავშვები თან მიჰყავდა, სოფლის გორაკებზე ბალახებს და ყვავილებს აგროვებდნენ, შემდეგ მოხარშავდა და ქიმიურ საღებავებს ურევდა. თვითონ იცოდა, რისგან რა ფერი მიიღებოდა. ღვთისო პაპა იხსენებდა, გორაკები სულ შემორბენილი გვქონდა, ბალახებს, ყვითელ ყვავილებს აგროვებდა და ჩვენც უკვე სუნით ვიცოდით, რომელი ბალახი უნდა მოგვეწყვიტაო.. ცნობილიც არის, რომ ფიროსმანი საღებავებს თვითონ იგონებდა. რამდენიმე პატარა თიხის ქოთანი ჰქონდა და საღებავებს იქ აყენებდა... ერთხელ, ფიროსმანის ფერებზე საუბარი ჩამოვარდა და თან ისეთი ხალხი საუბრობდა, მხატვრობას რომ იბრალებდნენ. გამეცინა, როცა თქვეს, ფიროსმანს საღებავები იმ ფრანგმა ქალმა ჩამოუტანაო... ავუხსენი, ფიროსმანი თვითონ რომ აყენებდა საღებავებს, არ დაიჯერეს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ეს ხომ სიმართლეა და ღვთისო პაპას სხვა ბავშვებთან ერთად თან დაჰყვებოდა ბალახების შესაგროვებლად. ფიროსმანმა თითოეულ მცენარეზე იცოდა, რომლისგანაც ყვითელ, ხასხასა მწვანე და სხვა ფერებს იღებდა...
- სოფელში ფრანგ ქალზე თუ იცოდნენ რამე?
- იცოდნენ მხოლოდ ის, რომ ფიროსმანს ვიღაც ქალი ჰყავდა, მოცეკვავე თუ არტისტიო. მარტო მაგას ამბობდნენ, მთელი თავისი ქონება რომ დაახარჯაო, ხშირად ამბობდნენ, ფეფეს სურდა ნიკო სოფელში გადმოსულიყო და აქ ვინმეზე დაექორწინებინაო. მეზობლის ქალსაც ურიგებდნენ, მაგრამ ფიროსმანს დაბრუნება არ სურდა... ეს ქალი იყო გარმონზე დამკვრელი სონა, რომელიც ფიროსმანს დახატული ჰყავს და ბებიაჩემი იხსენებდა, იმ ნახატზე ასახული ქალი ნამდვილიაო... სონა გარმონს კარგად უკრავდა და გარეგნულადაც კარგი ქალი ყოფილა...

მარტო მას კი არა, სოფელში სხვა ქალებზეც ყოფილა საუბარი. როგორც მოგახსენეთ, ფეფე ეუბნებოდა, მინდა, შენთვის კარგი ქალი ავარჩიოო, უნდოდა როგორმე სოფელში ჩამოეყვანა. ბებია ვერაფერს გახდა და ყველაფერს იმ ფრანგ მსახიობს აბრალებდნენ, იმას რომ გზა-კვალი არ აერია, ფიროსმანი ასე უბედურად არ იქნებოდა და ასე უპატრონოდ არ მოკვდებოდაო. თუ რამ ჰქონდა, იმ ქალს დაახარჯა, მერე ომი დაიწყო, ცხოვრება ისედაც გაჭირდა და ხელცარიელი დარჩა, სული კიბის ქვეშ ამოხდა... ფიროსმანს მხოლოდ თავისი ხელოვნება აინტერესებდა და ოჯახს ვერც იმ ფრანგ ქალთან შექმნიდა. ის ქალიც წავიდა თავის სამშობლოში და იქ დარჩა. ფირომანმა მას ნახატები რომ აჩუქა, იქიდან გაიცნო საფრანგეთმა. იქ ვიღაც ქართველმა მხატვარმა ნახა ეს ნახატები, ძალიან მოეწონა და საზღვარგარეთ პირველი პოპულარიზაცია მან გაუწია. ის ნახატები, რომელიც მარგარიტას ჰქონდა, სადღაც გამოფენაზე მოხვდა. აქედან აღმოაჩინეს ჩვენმა ქართველმა მხატვრებმაც, კაკაბაძემ და სხვებმა...

- ითქვა, რომ ფიროსმანს შვილიც ჰყავდა...
- ტყუილია, ფიროსმანს შვილი არ ჰყოლია! ასე, ვისაც რა უნდა, იმას დაიჩემებს. ადრე ეგ ინფორმაცია ჩემი დეიდაშვილისგან გავიგე, მაგრამ მუზეუმის დირექტორმა თქვა, სიცრუეაო... მართალი გითხრათ, მერე არც დავინტერესებულვარ, მეტი გამეგო.
- ამ ბოლო დროს ითქვა, რომ ფიროსმანი “ისპანკით“ გარდაიცვალაო...
- დიახ, ამ ვერსიას ამბობს ქალბატონი ნაზი სარჯველაძეც და სიმართლე იქნება. თამრო ბებია ამბობდა, სახადით გარდაიცვალაო და ზუსტად იმ პერიოდში სწორედ ისპანკა იყო გავრცელებული. კიბის ქვეშ რომ ცხოვრობდა, ბინის ქირა ვეღარ გადაიხადა, ბინის მეპატრონემ გამოაგდო და სარდაფში ჩადიოდა. იმ სარდაფში რომ მიაგნეს, უკვე ბოდავდაო... თქვეს, რომ ცხელებით გარდაიცვალაო. შეიძლება იცოდნენ კიდეც, სახადი რომ ჰქონდა, სახადი გადამდები რომ იყო, ეშინოდათ და სარდაფშიც იმიტომ იყო.