თბილისი-ვაშინგტონი: დაიწყება თუ არა დიდი გადატვირთვა?!
"გადატვირთვა“ თუ მოლოდინების მართვა - საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონთან გააქტიურებულ კომუნიკაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანა კვლავ ბრუნდება აშშ-ის ადმინისტრაციის დღის წესრიგში. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გაიმართა არაერთი კონსულტაცია, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი და შეხვედრები თბილისსა და ვაშინგტონში, იგეგმება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტიც მაისში. ხელისუფლების შეფასებით, ეს პროცესის საწყისი ეტაპია და მისი გაგრძელება დამოკიდებული იქნება შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებზე და ორმხრივ შეთანხმებებზე. რას აჩვენებს რეალურად გააქტიურებული კომუნიკაცია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში და შეიძლება თუ არა გადაიზარდოს სტრატეგიული თანამშრომლობის განახლებაში, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პოლიტიკური ინიციატივის „"ჯერ საქართველო"“დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი გვესაუბრება.
- მოლოდინების შექმნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ტრადიციად აქცია. როდესაც საუბარია ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაზე, მკითხველს კარგად ახსოვს, რომ "ოცნების" მოლოდინი ჯერ კიდევ ტრამპის არჩევიდან მალევე უკავშირდებოდა ურთიერთობის გადატვირთვას. მას შემდეგ არაერთი მსგავსი მოლოდინის ეტაპი ვიხილეთ, თუმცა ისინი რეალურ შედეგში არ ასახულა. იბადება კითხვა, არის თუ არა ეს იმავე ტრადიციის გაგრძელება, თუ ამჯერად ხელისუფლების განცხადებები სხვა გარემოებებს ეყრდნობა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს კვლავ იმავე ხაზის გაგრძელება იყოს, რომლის მიზანიც უპირველესად საკუთარ ამომრჩეველზე ზემოქმედებაა, როგორც განმამტკიცებელი ფაქტორი, და არა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის დამატებითი დამაბნეველი სიგნალი. სხვადასხვა ცდა ნამდვილად არსებობდა. ზოგი მათგანი უმისამართო იყო და როგორც წყაროები ამბობენ, ამ პროცესში არცთუ უმნიშვნელო რესურსიც დაიხარჯა. თუმცა ფაქტია, დღეს ხელისუფლება კვლავ მოლოდინის რეჟიმშია. თქვენი გაზეთის მეშვეობით ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე მინდა ყურადღების გამახვილება - აშშ-ის ადმინისტრაციის "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობის გადატვირთვა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მთლიანად გაუმჯობესდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ: თუ ისინი რაიმე ტიპის გადატვირთვაზე ფიქრობენ, აუცილებელია "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდონ მოსახლეობასთან ურთიერთობების გაჯანსაღებისა და გადატვირთვისკენ, რადგან, თუ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებთან ვერ პოულობს საერთო ენას, მაშინ პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ დონეზე ნებისმიერი შესაძლო გადატვირთვა ძალიან მყიფე და არასაიმედო იქნება.
- შესაძლებელია თუ არა ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები სწორედ ამ გადატვირთვის ცდებს უკავშირდებოდეს?
- ვერ გეტყვით, ამას რამდენად შეიძლება პირდაპირ დავუკავშიროთ. თუ საუბარია პოლიტიკური ოპტიკის შეცვლაზე, ვფიქრობ, ეს ნაბიჯები აშკარად არ კმარა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სანდო პარტნიორის სტატუსი დაიბრუნოს. ჩემი აზრით, ეს გადანაცვლებები ძალიან მცირე, თითქმის სიმბოლური ნაბიჯებია და თუ მაინც ვივარაუდებთ, რომ რეალურად გადატვირთვაზეა ლაპარაკი და ამის ინსტრუმენტად საკადრო ცვლილებები განიხილება, მაშინ ეს ცვლილებები, ჩემი შეფასებით, გაცილებით მასშტაბური და სისტემური უნდა იყოს.

- ზოგიერთი ანალიტიკისის აზრით, ირაკლი კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებულია როგორც პრორუსული...
- ბატონ კობახიძესა და რუსეთს შორის რაიმე კავშირის არსებობაზე საუბარი რთულია და ამას მტკიცებულებითი საფუძველი არა აქვს. ანტიდასავლური რიტორიკა ავტომატურად არ ნიშნავს პრორუსულ პოზიციონირებას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში გვყავს პოლიტიკური ჯგუფი, რომლის მთავარი ორიენტირი არა გეოპოლიტიკური პოლუსები, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამ მიზნისთვის ნებისმიერ რიტორიკულ თუ პოლიტიკურ მანევრს მიმართავენ. ისინი მოქნილად ცვლიან რიტორიკასაც და პოზიციონირებასაც, შეიძლება ითქვას, ქამელეონისებურად, იმის მიხედვით, რა უკეთ ემსახურება ძალაუფლებაში დარჩენის ინტერესს. სწორედ აქედან ჩნდება შთაბეჭდილება, რომ საქმე ხშირად არა გვაქვს პრინციპულ გეოპოლიტიკურ ხაზთან, არამედ სიტუაციურად მორგებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. სახელმწიფოს განვიYთარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებაში იყვნენ როგორც ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული, ისე ფსიქოლოგიურად სტაბილური პირები. ამ ორი კომპონენტის დეფიციტის გამო საკადრო გადაადგილებებზე მეტისმეტი ფოკუსირება არსებით მნიშვნელობას კარგავს, რადგან მთავარი პრობლემა სწორედ ამ უფრო ფუნდამენტურ დონეზე დგას.
- ამ კონტექსტში როგორ აიხსნება საკადრო ცვლილებები, მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლა?
- მე მაინც მგონია, რომ ესეც მოლოდინების შექმნას ემსახურება. ეს რბილი სვლაა, რომ მდინარაძეს კარისკენ მიუთითონ, თუ შემზადება შემდგომი ნახტომისთვის, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან თუ ის პრინციპები არ შეიცვალა, რაზეც ეს სისტემაა დაფუძნებული, შიდა გადაადგილებებს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს არც ქვეყნის გაჯანსაღებისთვის და არც გარე სამყაროსთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. ისიც საკითხავია, რამდენად არის მზად ეს სისტემა რეფორმირებისთვის.
- რას გულისხმობთ?
- ვშიშობ, რომ ამ გოგო-ბიჭებმა ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და იმდენად ღრმა კრიზისში არიან, რომ სისტემის რეფორმირების დაწყება მათი ხელით ფაქტობრივად პოლიტიკურ სუიციდს ნიშნავს. ამიტომ ვარ პესიმისტურად განწყობილი. არა მგონია, ასეთმა გადაადგილებებმა დასავლელ პარტნიორებს, იქნება ეს მეტად ტრანზაქციული თანამედროვე ამერიკის შეერთებული შტატები თუ შედარებით კონსერვატიული ევროპა, მისცეს წინა პირობა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თვისებრივი ურთიერთობა გააბან. უპირველესად იმიტომ, რომ ამას სჭირდება ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება და მოსახლეობასთან ურთიერთობის გაუმჯობესება.
კიდევ ერთი ფაქტორია - ამერიკასა და ევროპასთან ურთიერთობის "ქართული ოცნების" აღქმა პარტნიორულ, თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე მეტად ინსტრუმენტულ მიდგომას ჰგავს, სადაც დასავლელი პარტნიორები ხშირად მიიჩნევიან არა სტრატეგიულ თანამშრომლებად, არამედ პოლიტიკური მიზნების მისაღწევ რესურსად. ასეთი მიდგომა ამცირებს ურთიერთობების სიღრმეს და ხარისხს, რადგან პარტნიორობა გულისხმობს ორმხრივ ნდობას, პასუხისმგებლობას და გრძელვადიან ხედვას, მაშინ როცა ინსტრუმენტული დამოკიდებულება უფრო მოკლევადიან, სიტუაციურ სარგებელზეა ორიენტირებული.
ხათუნა ბახტურიძე