მეუფე შიო, მეუფე გრიგოლი, მეუფე იობი - გზა პატრიარქობის კანდიდატობამდე - კვირის პალიტრა

მეუფე შიო, მეუფე გრიგოლი, მეუფე იობი - გზა პატრიარქობის კანდიდატობამდე

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი - 7-7 ხმა. ალბათ, მკითხველისთვის საინტერესოა, თუ რა გზა განვლეს პატრიარქობის კანდიდატებმა ამ დღემდე.

მეუფე შიო

მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, დაიბადა 1969 წლის 1-ლ თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე მან გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსში (გავიდა პირველ ადგილზე).

1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წლის 5 თებერვალს მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. ის დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ - ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერდიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

2001 წლის ოქტომბრიდან მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახალშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით. 2009 წელს ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.

2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

მეუფე გრიგოლი

მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს თბილისში. 1964-1973 წლებში სწავლობდა 134-ე საშუალო სკოლაში. 1986-1987 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი მსახურობდა თბილისის დიდმოწამე ბარბარეს (ქვემო) ეკლესიაში ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ მნათედ.

1988-1991 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1991-1994 წლებში - თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1989 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე) გურამ ბერბიჭაშვილი აკურთხა დიაკვნად და ის განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში. 1990 წლის 24 მარტს მიტროპოლიტმა კონსტანტინემ ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დიაკონი გურამი აკურთხა მღვდლად და დაადგინა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად, 1991 წლის 6 მაისიდან პარალელურად ახალამოქმედებული აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

მამა გურამმა ლიხაურისა და აჭის ეკლესიების წინამძღვრობის დროს გამოსცა არაერთი საეკლესიო წიგნი, დააფუძნა ყოველთვიური ჟურნალი `წყარო~. 1993 წლის 15 ივლისს ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, 1994 წლის 2 თებერვალს კი მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1996 წლის 21 მარტს შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზი გურამ ბერბიჭაშვილი ეპისკოპოსმა იობმა აღკვეცა ბერად და ეწოდა სახელად გრიგოლი, 23 მარტს მას მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაჯილდოვდა მიტრისა და გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით.

1996 წლის 24 მარტს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთის ეპისკოპოსად აკურთხა.

2003 წელს მას ებოძა მთავარეპისკოპოსობა, ხოლო 2007 წელს მიტროპოლიტობა.

მეუფე იობი

მიტროპოლიტი იობი, ერისკაცობაში ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი, დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში. აქიაშვილთა გვარი ღუდუშაურთა განთქმული საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოებაა. ის ბავშვობიდანვე ეზიარა ქრისტიანული სარწმუნოების მადლს, ოჯახი ღვთისმოშიში და მორწმუნე იყო. 1977 წელს ელგუჯა აქიაშვილმა დაამთავრა სოფელ სნოს საშუალო სკოლა და 1978 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. 1982 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში ეკონომისტად.

1983 წლიდან ელგუჯა აქიაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილეა. 1984 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს საპატრიარქოში არქივარიუსად. 1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში სწავლის დროს გადაწყვიტა უფრო ახლოს გასცნობოდა მონასტრული ცხოვრების წესს. არდადეგების დროს იყო მორჩილი ბეთანიის მამათა მონასტერში, მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში.

1988 წლის 3 იანვარს სამთავროს მონასტერში წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) ელგუჯა აქიაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი იობი. იმავე წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბერი იობი აკურთხა დიაკვნად, ხოლო 28 მარტს - მღვდლად. 1988 წლის 22 ივნისს მღვდელმონაზონი იობი დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 წლის ზაფხულში მღვდელმონაზონი იობი მონაწილეობდა აჭარაში მისიონერულ მოგზაურობაში.

1989 წლის 3 სექტემბერს ის აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, იმავე წლის ოქტომბერში უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა აჭარაში სხალთის ახალგახსნილ მამათა მონასტერში. 1990 წლის 28 აგვისტოს ვარძიაში წირვის დამთავრების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იღუმენი იობი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1990 წლის სექტემბერში არქიმანდრიტი იობი გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, კომანის მონასტერში, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არქონის გამო იძულებული გახდა დროებით კვლავ თბილისში დაბრუნებულიყო.

1990 წლის ივლისიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს ახალჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად, ასრულებდა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასაც.

1992 წლის მაისში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი იობი გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მისი ეპისკოპოსად კურთხევის წესი.

1992 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი იობი დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად. 1992 წლის 25 დეკემბერს მეუფე იობი გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მოღვაწეობის დროს მეუფე იობის ძალისხმევით გაიხსნა მრავალი ეკლესია-მონასტერი, აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუბრუნდა ქრისტიანულ სარწმუნოებას.

1995 წლის გაზაფხულზე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ ეპისკოპოსი იობი დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად, 1996 წლის 21 ოქტომბრიდან კი ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1996 წლის 25 დეკემბერს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის დეკემბერში მიტროპოლიტის ხარისხში.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის უმაღლესი ორდენით.

2003 წელს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან და სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო და ლიტურგიკულ კომისიებს. მეუფე იობის დამსახურებაა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში საეკლე­სიო ცხოვრების აღორძინება. ეპარქიაში შემავალ თითქმის ყველა სოფელში აღადგინეს ძველი ან ააშენეს ახალი ეკლესიები. დაფუძნდა მამათა და დედათა მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები.

გიორგი კვიტაშვილი

მასალა ეყრდნობა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტის მონაცემებს