"გეტყვით, რატომ გადავწყვიტე პატრიარქის კარნახით გაკეთებული ჩანაწერის ახლა გამოქვეყნება" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე, მეუფე ისაიაზე და მეუფე დანიელზე - კვირის პალიტრა

"გეტყვით, რატომ გადავწყვიტე პატრიარქის კარნახით გაკეთებული ჩანაწერის ახლა გამოქვეყნება" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე, მეუფე ისაიაზე და მეუფე დანიელზე

28 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე პატრიარქობის რამდენიმე კანდიდატიდან სამი გამოარჩიეს... სწორედ ამ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი მალე საქართველოს პატრიარქი გახდება.

კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ ეპისკოპოსებს, დანიელ დათუაშვილსა და ისაია ჭანტურიას - მიზეზად ასაკობრივი ცენზი და განათლების საკითხი დასახელდა. მეუფე ისაიას შეფასებით, ვხედავთ, როგორი აზრთა სხვადასხვაობაა ბოლო დროს როგორც სასულიერო პირებს შორის, ასევე საზოგადოებაში პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით. დღემდე განსჯის თემაა პატრიარქის ანდერძიც, საპატრიარქოში ამბობდნენ, რომ ანდერძი არ არსებობს და რომ უწმინდესმა თავის სიცოცხლეში მოსაყდრედ მეუფე შიო გამოარჩია და ამით თავისი სათქმელი თქვა. ამ მითქმა-მოთქმის ფონზე, გასულ კვირას მამა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალური ქსელით გამოაქვეყნა 2017 წლის ჩანაწერი, რომელიც პატრიარქის კარნახით შეადგინა.

"კათალიკოს-პატრიარქის კარნახით, მოსაყდრის გამორჩევის მეორე დღეს გაკეთებული ჩანაწერი. 24.11.2017 წ.

ურთულესი დროა, პრიორიტეტები იცვლება. მეცნიერება მიდის წინ, გარემოებები. ადამიანი მუდამ უნდა მიდიოდეს წინ, მან უნდა გაიკვალოს. რეალობაში სხვა ძალები, ბოროტი ძალები უსწრებენ, ამიტომ ცხოვრება აყენებს ახალ პრობლემებს, რასაც სჭირდება პასუხი. ეკლესიაშიც ახალი პრობლემებია, რთულდება ურთიერთობები ადამიანებს შორის. წამოიჭრა ახალი საკითხები, რომელიც აქამდე არ ყოფილა. როცა ბუნებრივად ვითარდება, გასაგებია, როდესაც ხელოვნურად ხდება, ამით ცოდვას მიემატა ბოროტება. ცოდვას და ბოროტებას ვაკანონებთ, რატომ ვაკანონებთ? იმისთვის, რომ თითქოს პასუხი არ უნდა ვაგოთ. თუმცა ღვთის წინაშე მაინც ვაგებთ პასუხს, მნიშვნელობა არა აქვს კანონებს. პატრიარქი, როდესაც დგება თანამდებობაზე, მაშინვე სწერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ. ეს მერე იცვლება კიდეც. როდესაც დაფარულია, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა-მოთქმას. არის შემთხვევები, როცა იკარგება ანდერძი. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში პატრიარქმა დავითმა რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა-მეთქი, არ მინდა. შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა? ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე. ასეთი რამ წინათაც მომხდარა. ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს, გასაღები ვისა აქვს და სარტყელზე აქვს შებმულიო. ახლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის, ვინ არის მოსაყდრე. მოსაყდრეც ფრთხილად უნდა იყოს, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი. პატრიარქს აქვს უფლება შეცვალოს. შედგება გეგმა, რა უნდა გააკეთოს მოსაყდრემ. მოსაყდრე დიდი დახმარებაა, თუ სათანადოდ გაუძღვა, პატრიარქის და სინოდის დამხმარე, პირველი ეპისკოპოსი პატრიარქის შემდეგ, პირველი კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე. პიმენი რომ გარდაიცვალა, იქაც ცნობილია მოსაყდრე, იქ კიევის მიტროპოლიტია მექანიკურად. პირველივე კენჭისყრით უარყოფილ იქნა მოსაყდრე ფილარეტი. რამდენიმე ეპისკოპოსმა უნდა წარმოადგინოს კანდიდატი. ურთიერთობა ხალხთან, მომლოცველებთან, რომ გაძლიერდეს ლოცვა", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მამა ანდრიას ინფორმაციაში.

რატომ გახდა ამ ჩანაწერის გამოქვეყნება პატრიარქის არჩევნების წინ საჭირო, როგორ აფასებს საპატრიარქოს გარშემო ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს თავად, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მამა ანდრია ჯაღმაიძე გვესაუბრება.

- მამა ანდრია, ამ დღეებში თქვენ გამოაქ­ვეყნეთ პატრიარქის კარნახით გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც 2017 წლით თარიღდება. ცნობი­ლია, რომ ჩანაწერი გაკეთდა მოსაყრდის დასახელებიდან მეორე დღეს. საინტერესოა და, ალბათ, გეცოდინებათ, რატომ გადაწყვიტა უწმინდესმა ასეთი ჩანაწერის გაკეთება?

- ბუნებრივია, მოსაყდრედ დასახელების მეორე დღეს მე არ ვიყავი მეუფე შიოს თანაშემწე, მე ტელეეთერში პატრიარქის დავალებით მივდიოდი. წარმოიდგინეთ, საზოგადოებას როგორ აინტერესებდა პატრიარქის ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მოტივების მოსმენა თავად გადაწყვეტილების მიმღებისგან. ბუნებრივია, ამის განმარტებისას თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა ჰქონდა. მე საზოგადოებისთვის პატრიარქის დანაბარები უნდა გადამეცა და ამიტომაც ვიწერდი, რასაც მეუბნებოდა, მერე ეს ფურცელი თან მქონდა ეთერის დროს და ზოგიერთი ადგილი იქვე ამოვიკითხე.

- ჰქონდა თუ არა უწმინდესს სურვილი, რომ თქვენ ჩანაწერი გამოგექვეყნებინათ სინოდის სხდომის შემდეგ, როცა ახალი პატრიარქის არჩევის საკითხი დადგებოდა დღის წესრიგში?

- არათუ ახლა, მე პატრიარქის დანაბარები სიტყვიერად გავასაჯაროვე თითქმის 9 წლის წინ, იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. ახლა კი, როდესაც საუბარი ეხება პატრიარქის მიერ მოსაყდრედ მეუფე შიოს (მუჯირი) გამორჩევის დეტალებს, იყო თუ არა 23 ნოემბე­რს დაწერილი ბრძანება ანდერძის ტოლფასი და ა.შ., გავიხსენე ეს ჩანაწერი და დავპირდი საზოგადოებას, რომ გამოვაქვეყნებდი. თუმცა, თუ ამას მიაქცევთ ყურადღებას, მანამ არ გამოვაქვეყნე, ვიდრე სამი კანდიდატის გამორჩევა არ მოხდა. არ მინდოდა ჩანაწერით გვესარგებლა და გამოვაქვეყნე მას შემდეგ, რაც პოლემიკა ანდერძის და მოსაყდრის შესახებ დასრულებულია და მეუფე შიოს სინოდმა უკვე მისცა 20 ხმა.

ამ ხნის განმავლობაში მრავალჯერ შეგვეძლო მიტრო­პოლიტ ილარიონ ალფეევის ვიზიტის კადრების გამოქვეყნება იმ ცილისწამებების გასაქარწყლებლად, თითქოს მაშინ ის პირისპირ შეხვდა კათალიკოს-პატრიარქს და ეს მოსაყდრის გამორჩევას უკავშირდე­ბოდა, მაგრამ არ გვიმართლებია თავი, ახლა კი დროა ყველა დარწმუნდეს, რომ თუ თავს არ ვიმართლებთ ცილისწამების გამო, ეს არ ნიშნავს, რომ პასუხი არა გვაქვს. აქ მორალი შემდეგშია: მოსაყდრის მსახურება დაიწყო კათალიკოს-პატრიარქის წინააღმ­დეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის პიკზე და ვინც მანამდე პატრიარქს ესრ­ოდა ტალახს, მერე მეუფე შიოს დაუწყეს... მეუფე შიოს მაშინ ეს უნდა ეტვირთა და იტვირთა კიდეც, თავის მართლების არც დრო ჰქონდა და არც საშუალება. ეს იმ პერი­ოდში დაემსგავსებოდა იმას, პირადი მცველი საფრთხის დროს მის პატრონს რომ ამოეფა­როს.

ახლა კი, როდესაც ღვთივმიიც­ვალა უწმინდესი, უკვე სხვაგვარად ჩანს ამოცანა. დროთა განმავლობაში ნებისმიერ ძველ თუ ახალ ცილისწამებას პასუხი გაეცემა.

- ჩანაწერი უწმინდესმა თავის დროზე გააკეთა იმიტომ, რომ ამ საკითხზე მღელვარება­ არ ყოფილიყო?

- სწორედ ასე ჩავიწერე მისი სიტყვები.

- მეუფე ისაიას ჰქონდა სურვილი, რომ საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა პატრიარქად, მაგრამ სინოდმა მხარი არ დაუჭირა, რადგან არა აქვს დამთავრებული სასუ­ლიერო აკადემია. მეუფე მოგვიანებით წერს, რომ თუ მღვდელ­მთავარი არის სინოდის წევრი, უფლება უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიიღოს საპატრი­არქოს არჩევნებშიც - ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და მღვდელმსახურება არის ის გამოცდი­ლება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომიო...

- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის იოლი არ არის და არც აქამდე იყო ამ ვითარებაში პასუხის გაცემა ამ შეკითხვაზე, რადგან მეუფე ისაიას დიდ პატივს ვცემ, ისევე როგორც მეუფე დანიელს. არ მინდა უნებლიეთ სიტყვა გამექცეს და გული ატკინოს ვინმეს ჩემმა პასუხმა.

როდესაც ასეთი ღვაწლი აქვს მღვდელმთავარს, ამის დაუნახაობა შეუძლებელია. იგივე შემიძლია გითხრათ მეუფე დანიელზე. მართვა-გამგეობის დებულებაში არის სასულიერო განათლების შესახებ მოთხოვნა. ესეც შეიძლება შეიცვალოს, ოღონდ სინოდი ამას ახლა ვერ შეცვლიდა. სინოდს მხოლოდ ახალი კათალი­კოს-პატრიარქის გამორჩევის ფუნქცია აქვს. მართვა-გამგეობის დებულება ეკლესიისათვის არის როგორც კონსტიტუცია და 28 აპრილის სინოდი ამ პოლემიკაში მივიდა იმ ზღვრამდე, რომ შესაძლოა რაიმე ინტერპრეტაციები მომავალში შეფასებულიყო ჩანაწერის დარღვევად, რაც დაუშვებელია.

38 მღვდელმთავრისგან შემდგარმა სინოდმა 35 მონაწილის ხმით, ღია კენჭისყრით, გადაწყვიტა თავი შეეკავებინა რაიმე სახის ინტერპრეტაციებისგან და მკაფიო ყოფილიყო, რომ სინოდი მოქმედებს მართვა-გამგეობის დებულების ზედმიწევნით დაცვით.

- თქვენ ასევე გაასაჯაროვეთ მიტროპო­ლიტ ილარიონ ალფეევის და უწმინდესის შეხვედრის სრული ვიდეოფირი. სოცქსელში ასევე დაწერეთ, რომ უნდა დასრულდეს 9-წლიანი სპეკულაციები და ტყუილები,­ თითქოს მოსაყდრის გამორჩევა რაიმე კავშირში იყოს ამ დღესთან. მაგრამ მაინც ვისმენთ პოლიტიკოსები­სა და საზოგადოების ნაწილისგან, რომ მეუფე შიო უკავშირდება რუსულ გავლენებს, არგუმენტად მოჰყავთ მეუფე შიოს მოსკოვში მიღებუ­ლი განათლება და იქ ქართულ ეკლესიაში მსა­ხურება. რა მიზანი აქვს ამ ხალხს?

- სხვადასხვა თემაზე საზოგადოებაში მუდმივად ირთვება დაპირისპირების მექანიზმი. საიდუმლო არ არის, რომ დღევანდელ მედიასივრცეში მედიასაშუალებებს მძაფრსიუ­ჟეტიანი სცენარები რეიტინგისთვის სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ, რეიტინგით კი შემოსავალი იზომება - ანუ სასკანდალო სცენარი დამატებითი შემოსავალია. იქმნება საინფორმაციო ტრენდები, ერთდღიან სკანდალებში გადის წლები...

9 წელია ამტკიცებენ, მიტროპოლიტი ალფეევი პატრიარქს ცალკე ესაუბ­რაო, მაგრამ დაიდო შეხვედრის ფირი და აღმოჩნდა, რომ ტყუილად ილაპარაკეს 9 წელი, თურმე უსაფუძვლოა ეს ჭორაობა. ახლა წესით, უნდა აღიარონ, რომ არასწორ და გამოგონილ ამბავს მხოლოდ იმისთვის ჰყვებოდნენ, რომ ადამიანისთვის ცილი დაეწამათ, საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ. თუმცა ამის აღიარებას ვერ მოახერხებენ და ახლა უნდა თქვან, კი ბატონო, არ შეხვედრია, მაგრამ მოსკოვში ხომ სწავლობდა, ესეც დიდი დანაშაულიაო. მსგავს ვითარებაზეა ნათქვამი, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან" (ლკ.16.31).

- წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე შიოს დიდი უპირატესობა ცხადი გახდა. ფაქტობ­რივად, გადაწყვეტილია, ვინ გახდება პატრიარქი?

- მე ვფიქრობ, მეუფე შიოს ხმები მოიმატებს.

- საზოგადოების ნაწილი საუბრობს, რომ შიდაპოლიტიკურმა ძალებმა შეიძლება სცადეს, ან სცადონ, რომ პატრიარქის არჩე­ვის პროცესზე ზეგავლენა მოხდინონ... აქვე გავიხსენებ რამდენიმე მეუფის განცხადებას, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ არავინ ჩარეულიყო ამ პროცესებში, თორემ მკაცრი პასუხი გაეცემოდათ. თქვენი აზრით, არსებობს ეს საფრთხე, თუ პრევენციისთვის გაკეთებული განცხადებები იყო?

- პრევენციისთვის შეიძლება კარგიც იყოს ასეთი განცხადებები. მეუფე ანტონმაც გააკეთა მკვეთრი განცხადება, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში, თუ ჩაერეოდნენ ან ზეწოლის ცდები იქნებოდა. ეკლესია დამოუკიდებელი ღმერთკაცობრივი დაწესებულებაა და მასში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც ეძებენ ღვთის ნებას.

სინოდმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სულიწმინდის მადლით და უცხო ჩარევის გარეშე. ჩვენ ყველას გვსურს დავინახოთ ღვთის განგებულება, სინოდის წევრებს აქვთ გამოცდილება, ქრისტეს მცნებების მიყოლით, ერთსულოვნებით იმოქმედონ ისე, როგორც არის უკეთესი ეკლესიისთვის და ღვთის მადლით ამ გადაწყვეტილებას ვნახავთ.