"ამერიკის ადმინისტრაცია ძალზე რთულ მდგომარეობაშია - გამოსავალი არ ჩანს“
რამდენიმე დღის წინ ტრამპმა სოცქსელში დაწერა, რომ ირანმა ამერიკას შეატყობინა, "კოლაფსის მდგომარეობაში" ვართ და გვსურს ჰორმუზის სრუტე გავხსნათო... ამ პოსტიდან რამდენიმე დღეში ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალა მოემზადონ ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ტრამპს მიაჩნია, რომ ირანში საჰაერო იერიშების განახლება ან კონფლიქტის შეწყვეტა უფრო მეტ რისკს უკავშირდება, ვიდრე ბლოკადის შენარჩუნება, რომელიც ირანის პორტებში მოქმედებს. გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება სურს, შეუძლია აშშ-ს დაურეკოს, შეთანხმების მთავარ პირობად კი ისევ ირანის მიერ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა დაასახელა... ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ კი გაავრცელა მოჯთაბა ხამენეის მუქარიანი განცხადება, სადაც ის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამბობს, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკელების ადგილი არ არის და ირანი თავის ბირთვულ და სარაკეტო შესაძლებლობებს დაიცავს! საინტერესო კი ის არის, რომ კვირის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ტრამპს ახალ გეგმას წარუდგენს, სადაც აქცენტი "მოკლე და ძლიერი" დარტყმების სერიაზეა, რათა ირანი დათმობებზე წავიდეს. ერთ-ერთი ვერსია, ჰორმუზის სრუტის ნაწილზე კონტროლის დამყარება და გამდიდრებული ურანის გამოტანის მიზნით ირანში სპეცრაზმის გაგზავნაა.
პროცესების განვითარება აჩვენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ორმაგი მიდგომით თამაშობს - მკაცრი ეკონომიკური და სამხედრო წნეხი, პარალელურად კი მოლაპარაკებისთვის ღია კარი მხოლოდ ვაშინგტონის პირობებით - ანუ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა რჩება უმთავრეს პირობად, რომლის მიღებას ტრამპი, ერთი მხრივ, ირანის ბლოკადით აპირებს, მეორე მხრივ კი ინფორმაციის "გაჟონვა", "მოკლე და ძლიერი" დარტყმების შესახებ შესაძლოა იყოს წინასწარ დაგეგმილი ფსიქოლოგიური ოპერაცია თეირანის შესაშინებლად. მაგრამ ვერ იქნება გამორიცხული, რომ პენტაგონი ამზადებდეს რადიკალურ სცენარებს, თუ ბლოკადა ნაყოფს არ გამოიღებს ან ირანი წითელ ხაზებს გადაკვეთს... პარალელურად, ირანის ხელმძღვანელობა ინარჩუნებს ხისტ პოზიციას, რაც რეჟიმის გადარჩენის სტრატეგიით აიხსნება... როდესაც მხარეები არაფრის დათმობას არ აპირებენ, ყველაზე ლოგიკური სცენარი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა - აშშ ინარჩუნებს საზღვაო ბლოკადას, ირანი ცდილობს გადარჩეს ალტერნატიული გზებით, მაგრამ ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება, რაც რაში გადაიზრდება, რთული სათქმელია.
მეორე ვარიანტია აშშ-მ "მოკლე და ძლიერი" დარტყმები მიაყენოს ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან ბირთვულ ობიექტებს, რათა აიძულოს თეირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს დასუსტებული პოზიციით. თუმცა აქ ჩნდება დარტყმების სრულმასშტაბიან ომში გადაზრდის საფრთხე, რაც, ცხადია, ამერიკას არ აწყობს...
მესამე ვარიანტად კი რჩება სცენარი, რომლის თანახმად, ირანის ეკონომიკური კოლაფსის შიში და აშშ-ის სამხედრო მუქარა აიძულებს მხარეებს მიაღწიონ დროებით ან ნაწილობრივ შეთანხმებას. მაგალითად, ირანი აჩერებს ურანის გამდიდრებას საზღვაო ბლოკადის ნაწილობრივ მოხსნის სანაცვლოდ. ცხადია, ეს სცენარი ყველაზე მეტად ტრამპს აწყობს, რადგან მარტივად გამოაცხადებს გამარჯვებად, მაგრამ ირანი, დიდი ალბათობით, ვერ წავა ამაზე, რადგან უკან დახევად ჩაეთვლება და შესაძლოა შიდა დაპირისპირებაც გააძლიეროს... რომელი სცენარია უფრო რეალისტური, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრებით.
- ჩემი აზრით, ტრამპს ომის დამთავრება სურს, ოღონდ აუცილებლად სახის შენარჩუნებითა და იმაზე ნაკლები ზარალით, ვიდრე ამ ავანტიურის დაწყებისას იყო მოსალოდნელი. მოლაპარაკება, რომელიც ძირითადად პაკისტანის შუამავლობით მიმდინარეობს, ახლაც გრძელდება, თუმცა მთავარი სხვაობა ის არის, რომ ირანს ატომური საკითხის ჰორმუზის სრუტის თემისგან განცალკევება სურს, ამერიკა კი მათ ერთ პაკეტში ითხოვს. გარდა ამისა, დიდ წინააღმდეგობას ქმნის დროის ფაქტორიც - ირანი 3-დან 5 წლამდე ვადას ითხოვს, ამერიკას კი ატომურ პროგრამაზე მუშაობის 20 წლით გადაწევა სურს. რეალურად ტრამპის ადმინისტრაციას დღეს ორი ძირითადი ოფცია აქვს: პირველი - ეკონომიკური და ჰორმუზის ბლოკადით გამოწვეული წნეხი ირანზე დიდად არ მოქმედებს. მართალია, ქვეყანაში მწვავე კრიზისია და ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება, მაგრამ გაძლების რესურსი ჯერ კიდევ არ ამოუწურავთ. მეორე მხრივ, ეს ვითარება თავად ამერიკასაც დიდ პრობლემებს უქმნის, რადგან ჰორმუზის სრუტის კრიზისი გლობალურია და გაზის ფასების ზრდა პირდაპირ აისახება მომხმარებელზე, რაც შემდეგ შიდაპოლიტიკურ დაძაბულობაში გადადის. ამ ვითარებაში გამოსავალი მოლაპარაკების გზით განტვირთვაა, თუმცა ამ შემთხვევაში ამერიკას მოუწევს ისეთ კომპრომისებზე წასვლა, რაც მისთვის უსიამოვნო იქნება.
მეორე გზა სამხედრო ესკალაციაა, რაც გულისხმობს ხანმოკლე დარტყმას, რომ ირანის რეჟიმს დათმობაზე წასვლას აიძულებენ, თუმცა სამხედრო ექსპერტები მის შედეგიანობას ძალზე სკეპტიკურად უყურებენ.
მესამე ვარიანტი სტატუს-კვოს შენარჩუნება და ორმაგი ბლოკადის გაგრძელებაა, მაგრამ ეს არავის აწყობს, რადგან ზარალდება ამერიკის ეკონომიკა, მისი მოკავშირეები და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც.
ასე რომ, ამერიკის ადმინისტრაცია ძალზე რთულ მდგომარეობაშია - გააუქმეს ობამასდროინდელი შეთანხმება და ახლა, ამდენი მოქმედების შემდეგ, ცდილობენ ისევ მსგავს შედეგს მიაღწიონ, თუმცა ამ ეტაპზე გამოსავალი მაინც არ ჩანს.
ამერიკას მხოლოდ ორი გზა აქვს: ჰორმუზის სრუტე ან სამხედრო ოპერაცია. მესამე გამოსავალი, რაც თეორიულად შეიძლება არსებობდეს, ირანში ატომური ბომბების ჩაყრაა, რაც პროცესს სულ სხვა დონის ესკალაციაში გადაიყვანს. სხვა ეკონომიკური ბერკეტი ვაშინგტონს არ გააჩნია. მთავარი იარაღი ჰორმუზის სრუტეა. ეს ის საკვანძო არტერიაა, საიდანაც ირანული ნავთობის დიდი ნაწილი გადის. ეს ბერკეტი ირანს ყოველდღიურად დიდ თანხებს აკარგვინებს, მაგრამ ასეთ რეჟიმებზე ეკონომიკური სანქციები მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ მოქმედებს. თუ რუსეთის მაგალითს შევადარებთ, დასავლეთს ეგონა, სანქციებით მალე დააჩოქებდა, თუმცა კონფლიქტი უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. იგივე ვითარებაა ირანის შემთხვევაშიც - სანქციებითა და სრუტის ჩაკეტვით რეჟიმის სწრაფი "მოგუდვა" არ გამოვა. მხარეები ან ისევ მოლაპარაკებებზე უნდა წავიდნენ, ან უნდა მოხდეს სამხედრო ესკალაცია. თუმცა რას მოიტანს სამხედრო ჩარევა, რთული სათქმელია. თუ ამერიკა ჯარებს გადასხამს და ომში ჩაეფლობა, ეს ტრამპისთვის ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იქნება და მისი პერსონიდან გამომდინარე, არა მგონია, ეს გააკეთოს.
კიდევ ერთი ვარიანტი ინტენსიური ავიაშეტევები და სარაკეტო თავდასხმებია, თუმცა საკითხავია, ამით რამდენად მოხერხდება ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურისა და ურანის მარაგების მწყობრიდან გამოყვანა.
- პარალელურად ტრამპი ევროპის საწინააღმდეგო განცხადებებს აგრძელებს. ახლა თქვა, ჯარს ესპანეთიდან და იტალიიდანაც გავიყვანო. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ამერიკა-ევროპის ასეთი ურთიერთობა და რას მოიტანს ეს?
- ევროპელები ნაწილობრივ მაინც შეგუებული არიან იმას, რომ ამერიკა ევროპიდან გადის. ევროპაში აცნობიერებენ, რომ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების პარტნიორობა ძველი სახით აღარ იარსებებს, ამიტომ ცდილობენ ახალ ვითარებასთან ადაპტირებას და აქტიურად იარაღდებიან. ამის კარგი მაგალითია გერმანია, რომელიც სწრაფი ტემპით აძლიერებს სამხედრო პოტენციალს - 2030 წლამდე 800-მილიარდიანი პროგრამა აქვთ, სამხედრო ბიუჯეტი კი თითქმის 200 მილიარდ ევრომდე იზრდება. დღეს გერმანია იმაზე მეტ საარტილერიო ამუნიციას აწარმოებს, ვიდრე ამერიკა. მაგალითად, მხოლოდ ღჰეინმეტალლ-ის პროდუქცია აჭარბებს მთელი ამერიკული სამხედრო ინდუსტრიის მაჩვენებელს. მსგავსი პროცესები მიმდინარეობს პოლონეთში, ჩრდილოეთ ევროპასა და ნაწილობრივ საფრანგეთშიც. ევროპა ნელ-ნელა კვლავ მილიტარიზებულ კონტინენტად იქცევა, რაც საბოლოოდ ამერიკის ჩანაცვლებას ან მისი როლის შემცირებას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, არსებობს კრიტიკული სფეროები, სადაც ამერიკის ჩანაცვლება ძალიან რთულია. ეს ეხება შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, Pატრიოტ-ის სისტემებსა და მათ ინტერსეპტორებს, რადგან ევროპას ამ ეტაპზე შესაბამისი საწარმოო ბაზა არ გააჩნია. ასევე, ევროპა კვლავ სრულად არის დამოკიდებული ამერიკულ სატელიტურ და სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე. თუმცა ესეც დროის საკითხია და სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში ევროპას საკუთარი რესურსი ექნება.
მართალია, ტრამპის განცხადებებს გერმანიაში ვნებათაღელვა მოჰყვა, მაგრამ ამასაც შეეგუვნენ. იმავდროულად, არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკის სამხედრო ელიტა სკეპტიკურად უყურებს გერმანიიდან ჯარების გაყვანის იდეას. გერმანიაში რამშტაინის ბაზა ამერიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო ჰაბია, საიდანაც მთელ აღმოსავლეთ ნახევარსფეროში - აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა თუ რუსეთში ოპერაციების კოორდინირება ხდება. ამ ბაზის დასუსტება ამერიკის ინტერესებს დააზიანებს...
- რამდენად მოსალოდნელია, რომ ევროპას მოუწიოს საკუთარი პრიორიტეტების გადახედვამ, მათ შორის ირანის საკითხში? ხომ არ დადგება დღის წესრიგში იმ აქტორების მტრად აღქმის ან არაღქმის საკითხი, რომლებსაც ევროპა აქამდე მხოლოდ ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე მიიჩნევდა მოწინააღმდეგედ?
- ეს პროცესი ამერიკისა და ევროპის პოლიტიკური ინტერესების დაცილებას გამოიწვევს. ისინი მოსისხლე მტრებად არ გადაიქცევიან, თუმცა მათი ინტერესები ყველა სფეროში დაშორდება ერთმანეთს, მათ შორის, სამხედრო მიმართულებითაც. ეს უკვე ჩანს იქიდანაც, რომ ევროპელები სულ უფრო ნაკლებ ამერიკულ იარაღს ყიდულობენ. ისინი ცდილობენ შექმნან სპეციალური ფონდები და დათქმები, რათა დაკვეთები უფრო ევროპულ პროდუქციაზე განთავსდეს, რაც ამერიკელების უკმაყოფილებას იწვევს.
აქამდე ამერიკასა და ევროპას შორის არსებობდა უთქმელი შეთანხმება - ევროპა საკუთარი უსაფრთხოების აუთსორსინგს ამერიკაზე ახდენდა, სანაცვლოდ კი ვაშინგტონის ინტერესებს ითვალისწინებდა და მის გავლენის ზონაში რჩებოდა. ახლა, როდესაც ამერიკა ამ უსაფრთხოების გარანტიებს აღარ იძლევა, ევროპელებსაც აღარ აქვთ თუნდაც უთქმელი ვალდებულება, რომ მისი ინტერესები გაატარონ. ეს ტენდენცია ირანის ომშიც გამოიკვეთა. მართალია, ესპანეთის გარდა, ყველამ დაუთმო ამერიკას სამხედრო ინფრასტრუქტურა, მაგრამ ომში არ ჩარეულან. პირიქით, მოგვიანებით დაიწყეს ამ ომის გაკრიტიკება და ამით პირდაპირ დაარტყეს ამერიკის ინტერესებს... ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა ჩინეთთან თუ რუსეთთან დაიწყებს პარტნიორობას, რადგან მათაც მეტოქეებად აღიქვამს. თუმცა ერთიანი ტრანსატლანტიკური სივრცე აღარ იარსებებს. ჩვენ მივიღებთ ორ დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერთეულს, რომლებიც ითანამშრომლებენ, მაგრამ ექნებათ საკუთარი პოლიტიკა და ხშირი კონფლიქტები ეკონომიკურ თუ ფინანსურ საკითხებში, რაც უკვე ჩანს კიდეც. ამის მაგალითია ტრამპის მიერ ევროპულ ავტომობილებზე დაწესებული დამატებითი ტარიფები და ევროკომისიის საპასუხო მზადება ე.წ. ბაზუკას გამოსაყენებლად, რაც ამერიკული პროდუქციის დაბეგვრას გულისხმობს...
რუსა მაჩაიძე