რა დაამარცხებს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში?!
"მაქსიმუმ 2-3 წელიწადში გეოპოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვლება. ეს შეიძლება 2027 წელსაც მოხდეს, რაც ნიშნავს, რომ ერთ-ერთი რეალური სცენარით რუსეთი დიდწილად დაკარგავს კონტროლს ჩრდილო კავკასიაზე. იქ მოვლენები, როგორც მინიმუმ, კონტროლირებად ქაოსსა და კონფლიქტებში გადაიზრდება, ხოლო რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე ფაქტო გაუქმდება... ამ პერიოდში გაჩნდება სტრატეგიული ფანჯარა, როცა რეალური გახდება როგორც ცხინვალის რეგიონის, ასევე აფხაზეთის დაბრუნება, მათ შორის სამხედრო ბერკეტის გამოყენებით. ეს სტრატეგიული ფანჯარა, ანუ პერიოდი, როცა შესაძლებელი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არ იქნება ხანგრძლივი და შესაბამისად, ამ დროისთვის ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანის მაგალითი გავიმეოროთ, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ციდან არ ჩამოვარდნია", - სოციალურ ქსელში წერს ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი და სტატუსში აღწერილ მოდელირებულ სცენარს ინტერვიუში დეტალურად მიმოიხილავს:
- არ გამოვრიცხავ, ეს ისტორიული მომენტი და შესაძლებლობა ძალიან მალე დადგეს და ასეთ დროს მაყურებლის სტატუსის შენარჩუნება ეროვნული სირცხვილი იქნება. ნებისმიერი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, აკვირდება როგორც უკრაინაში მოვლენებს, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე, რა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორები მოქმედებს ხელისუფლების რგოლების გამყარებაზე თუ დასუსტებაზე. ნოსტრადამუსი არავინაა, მაგრამ არსებობს შედარებით ოპტიმისტური ანუ საუკეთესო და უარესი სცენარები. ერთ-ერთი ძირითადი სცენარის მიხედვით რუსეთი, როგორც მინიმუმ, "იჭედება" უკრაინის ომში, ან პირიქით, ნელ-ნელა დამარცხდება, ვინაიდან ეს ომი არ არის მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ძალისხმევა, ომი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რესურსობრივი ძალისხმევა. ის პროცესები, რაც რუსეთში გრძელდება, არის ეკონომიკური ვითარების კრიზისი - წარმოების მკვეთრი დაცემა, სოციალური ფონის მკვეთრი გაუარესება და ა.შ. ეს პირდაპირპროპორციულად აისახება რუსეთის უნარზე აწარმოოს ომი. ასეთ სცენარებს ნებისმიერი ანალიტიკური ცენტრი, მთავრობა ყოველთვის უნდა განიხილავდნენ, უნდა მიდიოდეს მსჯელობა და გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმვა. ისტორია გვასწავლის, როცა რუსეთი თავის ძირითად ომს აგებდა, ძალიან მალე ამას არეულობა და პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება მოჰყვებოდა ხოლმე.
თუ ჩრდილოეთ კავკასიასა და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ყველა ეს რეგიონი რუსეთიდან პირდაპირ ფინანსურ და ეკონომიკურ დოტაციაზეა. ის, რომ ჩრდილო კავკასია რუსეთის კმაყოფაზეა, ამის ერთ-ერთი მაგალითია კადიროვი, რათა მან ეს ტერიტორია "სიწყნარეში" ამყოფოს. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც იგივე სიტუაციაა. რუსეთის სახელმწიფოსთვის მათ არავითარი ღირებულება არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ პლაცდარმებია იმისთვის, რომ შემდგომში გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი საქართველო იქნეს დაპყრობილი. ამ სიტუაციაში, როცა სავარაუდო სცენარის მიხედვით რუსეთში კრიზისი დაიწყება, მას გაცილებით ნაკლები ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო რესურსი შეიძლება ჰქონდეს და შესაბამისად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის აღარ ეცალოს. მას საკუთარი ტერიტორიები ექნება შესანარჩუნებელი ჩრდილოეთ კავკასიაში. ბუნებრივია, ეს სცენარი გულისხმობს, რომ რუსეთი აღარ ხარჯავს რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სხვადასხვა ჯგუფი ეჯახება ერთმანეთს და შესაძლოა ეს სამხედრო დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს (იგულისხმება მთლიანად რუსეთი, სადაც პოლიტიკური ელიტები ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან). მაგალითად, ეფ-ეს-ბე დაპირისპირებულია თავდაცვის სამინისტროსთან და წარმოიდგინეთ, ომში წაგებული გამწარებული გენერლები რომ დაბრუნდებიან რუსეთში და ეს შეიარაღებული ხალხი ვიღაც-ვიღაცებისკენ გაიშვერენ თითს... ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფების გარშემო დაიწყება სამხედრო ძალების ფორმირება და იმის გარკვევა, ვის უფრო მეტი ძალა აქვს. რუსეთის მთავარი ამოცანა იქნება იმის შენარჩუნება, რაც გააჩნია, იმ რესურსების შეკვეცა, რასაც ხარჯავს სხვადასხვა მიმართულებით - სირია, აფრიკა, ლათინური ამერიკა და ა.შ. - ანუ რაც რუსეთის გადარჩენისთვის არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმაზე უარს იტყვის.

აფხაზები და სამხრეთელი ოსები აღმოაჩენენ, რომ მათი დაფინანსება შეკვეცილია; გაირკვევა, რომ იმ რუსული სამხედრო ბაზებიდან, რომლებიც იქ არის განლაგებული, ძირითადი ტექნიკა შეიძლება გაიყვანონ, იმიტომ, რომ ის ვიღაცას სჭირდება რუსეთში ან ჩრდილო კავკასიაში. როცა ხელფასი არ გაიცემა და ა.შ., გასაგებია, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან ისე არ გავა, ნაღმები არ დაგვიტოვოს, შეიძლება რაღაც შეიარაღებაც გადასცეს აფხაზებსა და ოსებს, მაგრამ ფაქტია, ის ბაზები აღარ იქნება და რუსეთს აღარ ეცლება საქართველოსთვის. საქართველომ რომც მოინდომოს ამ ტერიტორიების დაბრუნება, რუსეთს რეაგირების თავი არ ექნება. ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ და უნდა ვემზადებოდეთ კი არა, კარგა ხანია, ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ჩვენთვის არავის აუკრძალავს ჩვენი კუთვნილი ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნება. ეს არის ჩვენი ამოცანა, როგორც ერის, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია, აშენოს თავისი მომავალი. ეს არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებისა და ხალხის მარტივი ამოცანა და ასეთი მომენტებისთვის მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მომზადებული.

- კონკრეტულად როგორ უნდა მოვემზადოთ? თქვენ მაგალითად მოგყავთ აზერბაიჯანი, მასთან პარალელები თუ გამოდგება?
- დიახ, შეგვიძლია პარალელები გავავლოთ. 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი პირდაპირ ამბობდა, რომ არასდროს იტყოდა უარს ყარაბაღის სამხედრო გზით დაბრუნებაზე, რომ ემზადებოდა ამისთვის, მაქსიმალურად ცდილობდა შეიარაღებული ძალების გაზრდას, მეტი პარტნიორის და მეგობრის, სტრატეგიული გარანტორის გაჩენას და ასეთი თურქეთის სახით გაიჩინა. ელოდა მომენტს, როცა მისთვის ისეთი ვითარება შეიქმნებოდა, როცა ყარაბაღის დაბრუნებას ხელს ვერავინ შეუშლიდა. საბოლოოდ, როცა ეს მომენტი დადგა, 2020 წელს აზერბაიჯანმა ჯერ ნაწილობრივ (ყარაბაღის 2/3), 2023 წელს კი მთლიანად დაიბრუნა ეს ტერიტორია. ეს არის ის ბრწყინვალე მაგალითი საქართველოსთვის, თუ როგორ უნდა იაზროვნო, დაგეგმო, ემზადებოდე და თანმიმდევრულად გადადგა საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ნაბიჯები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გასათვალისწინებელია სხვადასხვა ფაქტორი: მაგალითად, თურქეთის ფაქტორი იქნება მეტ-ნაკლებად გასანეიტრალებელი, ვინაიდან მას აქვს გარკვეული ინტერესი აფხაზეთზე, არსებობს დიდი ჩერქეზული, ადიღეური და აფხაზური დიასპორა თურქეთში, რომელიც საკმაოდ აქტიურია და დიდი გავლენა აქვს თურქულ პოლიტიკურ ისთებლიშმენტში. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ჩერქეზებსა და ადიღეელებთან, რათა არ განმეორდეს რაც იყო 90-იან წლებში, როცა მათ დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზების დაცვაში და შემდგომ უკვე გამარჯვებაში. არ უნდა მოხდეს მათი გამოყენება როგორც აფხაზების, ასევე რუსების მიერ. უნდა გვესმოდეს, რომ ერთია, სამხედრო თვალსაზრისით აფხაზეთის დაბრუნება, მაგრამ ეს უამრავ მოსამზადებელ სამუშაოს, საინფორმაციო, სოციალურ და ფსიქოლოგიურ კომპონენტს მოიცავს. მაგალითად, თუ ვერ ვახერხებთ აფხაზეთში მყოფი ქართველების დაცვას, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსურად, ეკონომიკურად, სამედიცინო კუთხით, ყველანაირად უნდა ვუჩვენოთ აფხაზებს, რომ ჩვენს ქართველებს გვერდში ვუდგავართ, რომ ქართველობა ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა (როცა ქართველს ვამბობ, ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეს, რომლისთვისაც სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, ოკუპირებულია თუ არა მისი ტერიტორია). აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში დარჩენილი ქართველი იმდენად კარგად უნდა ცხოვრობდეს, რომ აფხაზებსა და ოსებს კოგნიტური დისონანსი დაემართოთ, დაახლოებით ისეთი, როგორიც სსრკ-ს ხალხს ემართებოდა გერმანიაში ჩასვლისას, ომი ჩვენ მოვიგეთ და ესენი ჩვენზე 10-ჯერ უკეთ ცხოვრობენო. ამას რომ დაინახავენ აფხაზები, მათ ტვინებში მოხდება აფეთქება, საბოლოო ჯამში, როცა სამხედრო საქმეზე მიდგება ჯერი, ეს იქნება დიდი ეროვნული საქმის დაგვირგვინება. მანამდე უნდა მიდიოდეს კომპლექსური მუშაობა, რომ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა, პირველ რიგში ქართველებმა და შემდგომ უკვე აფხაზებმა და ოსებმა დაინახონ, რომ სახელმწიფო, რომელსაც ჰქვია საქართველო, პირველ რიგში მათი მოქალაქეებისთვის არსებობს.