კლასების დაყოფა შესაძლებლობების მიხედვით – ახალი კვლევა, ძველი დებატები და ქართული რეალობა
ბრიტანეთში ჩატარებული ახალი კვლევა, რომელიც ინგლისის საშუალო სკოლებში მათემატიკის სწავლების პრაქტიკას იკვლევდა, ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ საგანმანათლებლო დებატებს კვლავ დაუბრუნდა - უკეთესია თუ არა მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით დაყოფილი სწავლება, ვიდრე შერეული უნარების კლასები.
კვლევის მთავარი დასკვნა თითქოს მკაფიო და ერთდროულად პროვოკაციულია: მოსწავლეთა აკადემიური შესაძლებლობების მიხედვით დაჯგუფება მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეებს აშკარად აძლევს პროგრესის უპირატესობას, მაშინ როცა დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების განვითარებაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა არ ფიქსირდება.
რას ამბობს კვლევა?
კვლევა, რომელიც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის განათლების ინსტიტუტმა ჩაატარა და განათლების განვითარების ფონდმა (EEF) დაუჭირა მხარი, აჩვენებს, რომ მაღალი აკადემიური მზაობის მქონე მოსწავლეები შერეულ კლასებში უფრო ნელ პროგრესს განიცდიან, ვიდრე იმ გარემოში, სადაც მათ მსგავსი შესაძლებლობების თანატოლებთან ერთად ასწავლიან.
როგორც კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა აღნიშნა, ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა - მაღალი მიღწევების მოსწავლეები შერეულ კლასებში საშუალოდ დაახლოებით ორი თვით ნაკლებ პროგრესს აღწევენ, ვიდრე იმ სკოლებში, სადაც სწავლება აკადემიური დონის მიხედვით არის დიფერენცირებული. თუმცა კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი და დებატების თვალსაზრისით გადამწყვეტი ნაწილი სწორედ აქ იწყება - შედეგები არ აჩვენებს სერიოზულ უარყოფით გავლენას დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებზე. მეტიც, მონაცემების მიხედვით, მათ პროგრესში არსებითი გაუარესება არ დაფიქსირებულა. იმავდროულად, კვლევა ერთ საინტერესო დეტალს უსვამს ხაზს: შერეულ კლასებში აკადემიური განსხვავება მოსწავლეებს შორის მცირდება, მაგრამ არა სუსტი მოსწავლეების წინსვლის ხარჯზე, არამედ ძლიერი მოსწავლეების შედარებით ნელი პროგრესის გამო.
კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ეფექტური "დონეების მიხედვით სწავლება" მოითხოვს სწორ ორგანიზებას, მათ შორის იმასაც, რომ სკოლებმა თავიდან აიცილონ საუკეთესო მასწავლებლების მხოლოდ მაღალი დონის ჯგუფებში კონცენტრირება, რაც სისტემის დისბალანსს ქმნის.
რას ფიქრობენ მასწავლებლები?
ბრიტანული კვლევის ფონზე, რომელიც მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით დაყოფის ეფექტს აფასებს, ქართველი მასწავლებლების მოსაზრებები ერთ საერთო სურათს ქმნის - თეორიულად შერეული უნარების კლასი შეიძლება სწორ იდეად ჩაითვალოს, მაგრამ პრაქტიკაში მისი შედეგი პირდაპირ დამოკიდებულია სკოლის რეალურ შესაძლებლობებზე. მასწავლებლების ნაწილის აზრით, შერეულ კლასში სხვადასხვა ტემპის მოსწავლეების ერთად სწავლება ხშირად ორივე მხარეს აზარალებს. მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის არ არსებობს საკმარისი გამოწვევა მეტი პოტენციალის გამოსამჟღავნებლად, ხოლო დაბალი მზაობის მოსწავლეებს უჭირთ აყვნენ ტემპს. ასეთ პირობებში მასწავლებელი ერთდროულად უნდა მოერგოს სხვადასხვა საჭიროებას, რაც განსაკუთრებით რთულია სისტემური პრობლემების ფონზე, იგულისხმება - გადატვირთული კლასები, ზედმეტად დატვირთული პროგრამა, ტექნიკური საშუალებების სიმცირე, მასწავლებლების საათობრივი დატვირთვა, დროის დეფიციტი. ამ ფონზე დიფერენცირებული სწავლება ხშირად რჩება თეორიულ იდეად და არა ყოველდღიურ პრაქტიკად. აქვე ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აკადემიური მონაცემები, არამედ თანამშრომლობა, ემპათია და გუნდური მუშაობის უნარი, რაც თანამედროვე სამყაროში ხშირად უფრო დეფიციტურია, ვიდრე თავად აკადემიური ცოდნა. მასწავლებლების პოზიცია არ არის ერთმნიშვნელოვანი, უარყოფა ან მხარდაჭერა. მათთვის მთავარი კითხვაა არა ის, უნდა დაიყოს თუ არა კლასები, არამედ ის, აქვს თუ არა სისტემას რესურსი არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ეწინააღმდეგება თუ არა კლასების დაყოფა მოსწავლეთა უნარების მიხედვით ინკლუზიურობის პრინციპს
ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე მიიჩნევს, რომ "კვლევა ნამდვილად არ ეწინააღმდეგება ინკლუზიური განათლების თანამედროვე ფილოსოფიას, თუმცა არ აფასებს ინკლუზიური განათლების სრულ სურათს, რადგან ინკლუზიური განათლება არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური მიღწევებით. ის მოიცავს ისეთ კრიტიკულ ასპექტებს, როგორიცაა მოსწავლის ემოციური კეთილდღეობა, უსაფრთხოება, მიკუთვნებულობის განცდა, სოციალური ურთიერთობები, სტიგმისა და დაბალი მოლოდინების რისკი".
მისი თქმით, სწორედ ეს განზომილებები რჩება კვლევის მიღმა ან მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს, ამიტომ მიღწევის მიხედვით დაჯგუფების გამოცხადება ავტომატურად "უსაფრთხო" ან "ინკლუზიურ" პრაქტიკად არასწორი იქნებოდა.
"მთავარი კითხვა არ არის დავაჯგუფოთ თუ არა მოსწავლეები აკადემიური მზაობის მიხედვით. მთავარი კითხვაა, როგორ ვასწავლოთ ისე, რომ არც ერთი მოსწავლე არ დარჩეს შესაძლებლობების მიღმა, არც აკადემიურად და არც სოციალურ-ემოციურად. ინკლუზიური განათლება არ კრძალავს განსხვავებული სასწავლო საჭიროებების გათვალისწინებას და არც მოქნილ დაჯგუფებას. ის ეწინააღმდეგება იმ პრაქტიკებს, რომლებიც იწვევს მოსწავლეთა სტიგმატიზაციას, შესაძლებლობების შეზღუდვას ან დაბალი მოლოდინების ჩამოყალიბებას. "შერეული უნარების კლასი" უფრო სწორად შეიძლება განვმარტოთ, როგორც კლასი, სადაც ერთად სწავლობენ მოსწავლეები სხვადასხვა აკადემიური მზაობით, სასწავლო გამოცდილებითა და საჭიროებებით. ასეთი კლასი თავისთავად არ არის არც ძლიერი და არც სუსტი მოდელი. მისი ეფექტიანობა მთლიანად დამოკიდებულია სწავლების ხარისხზე. თუ მასწავლებელს აქვს შესაბამისი მხარდაჭერა და იყენებს დიფერენცირებულ მიდგომებს, უნივერსალური დიზაინის პრინციპებს და მრავალფეროვან შეფასებას, ასეთი გარემო შეიძლება იყოს მაღალი ხარისხის და ინკლუზიური. თუმცა რესურსების დეფიციტის პირობებში, რაც ქართულ რეალობაში ხშირად გვხვდება, ეს მოდელი შეიძლება ვერ პასუხობდეს ყველა მოსწავლის საჭიროებას თანაბრად".
ფსიქოლოგიური განზომილება - როდესაც კლასი მხოლოდ აკადემიური სივრცე აღარ არის
მიუხედავად იმისა, რომ უნარების მიხედვით დაყოფის შესახებ დისკუსია ხშირად აკადემიური შედეგების ჭრილში მიმდინარეობს, ფსიქოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ნებისმიერი საგანმანათლებლო მოდელის შეფასება ბავშვის შინაგანი გამოცდილების გათვალისწინების გარეშე არასრულია. მათი თქმით, კლასი მხოლოდ ცოდნის გადაცემის სივრცე არ არის - ის არის ადგილი, სადაც ყალიბდება თვითშეფასება, სოციალური როლი, საკუთარი შესაძლებლობების აღქმა და მოტივაცია.
ფსიქოლოგ ნანა ალექსიძის აზრით, ნებისმიერი წარმატებული საგანმანათლებლო რეფორმა დამოკიდებულია არა მხოლოდ მოდელზე, არამედ იმ სოციალურ და კულტურულ გარემოზე, რომელშიც ის ინერგება. მისი შეფასებით, დასავლურ კვლევებში მიღებული შედეგების მექანიკური გადმოტანა ქართულ რეალობაზე ყოველთვის სარისკოა, რადგან სტიგმის, იარლიყების და სოციალური აღქმების გავლენა ჩვენს სასკოლო სივრცეში განსაკუთრებით ძლიერია.
როგორც ნანა ალექსიძე აღნიშნავს:
"ყველაფერი კარგია, თუ სწორ დროს, სწორ სიტუაციაში და ადეკვატური დოზით არის შერჩეული. როცა ვქმნით ძლიერებისა და სუსტების ჯგუფებს, ბავშვი ამას ხშირად იღებს არა როგორც სასწავლო მოდელს, არამედ როგორც შეფასებას - მე ვარ სუსტი". მისი თქმით, სწორედ ეს იარლიყი შეიძლება გახდეს ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური ტვირთი, რადგან ბავშვი იწყებს საკუთარი შესაძლებლობების არა განვითარებად, არამედ წინასწარ განსაზღვრულ მოცემულობად აღქმას.
საკითხზე საკუთარ ხედვას გვიზიარებს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ბრიტანული კვლევა საინტერესოა იმით, რომ ანგრევს მითს, თითქოს უნარების მიხედვით დაყოფა ავტომატურად აზიანებს სუსტი მოსწავლეების განვითარებას.
"ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან ბავშვებს აქვთ განსხვავებული ტემპი, მოტივაცია და კოგნიტური პროფილი. ერთნაირი გარემო ყველასთვის არ ნიშნავს სამართლიანობას. ზოგჯერ ძლიერ მოსწავლეს სჭირდება გამოწვევა. სუსტს - მეტი სტრუქტურა და მხარდაჭერა. თუ ამას არ ვითვალისწინებთ, ვიღებთ„"ფორმალურ თანასწორობას", მაგრამ არა რეალურ განვითარებას. მიუხედავად ახალი კვლევის შედეგებისა, სხვა კვლევები მაინც გვაფრთხილებენ, რომ მოსწავლეები უფრო ხშირად შედარებით აზროვნებას იყენებენ, რა დროსაც თვითშეფასება შეიძლება დაზიანდეს. იარლიყები ("სუსტი ჯგუფი") ქმნის თვითრეალიზებადი პროგნოზის რისკს. ამიტომ კრიტიკულია ჯგუფების მოქნილობა; მასწავლებლის მოლოდინები; ენისა და შეფასების სტილი. უნარების მიხედვით დაყოფა არც "ცუდია" და არც "პანაცეა". ეს არის ინსტრუმენტი. მისი ეფექტი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენება, რამდენად მოქნილია სისტემა და რამდენად უნარჩუნებს ბავშვს ღირსებასა და თვითშეფასებას. მთავარი არ არის, ბავშვები ერთად სხედან თუ ცალ-ცალკე. მთავარია, სწავლა იყოს მორგებული მათ რეალურ საჭიროებებზე".
ბრიტანულმა კვლევამ შეიძლება ერთ კითხვას სტატისტიკური პასუხი გასცა - მაღალი აკადემიური მზაობის მოსწავლეები შესაძლებლობების მიხედვით დაყოფილ კლასებში უკეთ პროგრესირებენ და დაბალი მზაობის მოსწავლეებზე მყისიერი ნეგატიური ეფექტი არ ჩანს. თუმცა განათლება მხოლოდ ციფრებით არ იზომება და სწორედ აქ რთულდება დისკუსია. საკლასო ოთახი არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც ცოდნა გადაეცემა. ეს არის სივრცე, სადაც ბავშვი სწავლობს საკუთარი თავის აღქმას, საკუთარ შესაძლებლობებზე წარმოდგენის ჩამოყალიბებას, სხვებთან თანამშრომლობასა და კონკურენციას. ქართული რეალობა კი ამ საკითხზე დებატებს კიდევ ერთ განზომილებას მატებს: სანამ სკოლებში გადატვირთული პროგრამა, რესურსების დეფიციტი, მრავალრიცხოვანი კლასები და ინდივიდუალური მიდგომის ნაკლებობაა, ნებისმიერი მოდელი, შერეულიც და დაყოფილიც, მხოლოდ ნაწილობრივ იმუშავებს.
მარიამ ბუკია