„გინახავთ აგენტი, რომელიც ასე დადის, ფოტოებს იღებს და მერე დებს სოცქსელებში?“ - კვირის პალიტრა

„გინახავთ აგენტი, რომელიც ასე დადის, ფოტოებს იღებს და მერე დებს სოცქსელებში?“

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 27 წლის ახალგორელ სტუდენტს, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი. 24 აპრილს დახურულ სასამართლო სხდომას არ დაასწრეს ახლობლები, ბრალდებულს არ ჰყავდა ადვოკატი. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო. ბრალდება 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოკუპირებული ახალ­გორის მკვიდრი სუს-მა 22 აპრილს, გამშვები პუნქტის გადმოკვეთის შემდეგ დააკავა. თავდაპირველად მისი ვინაობა არ დასახელებულა, თუმცა იმავე ღამით "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია თამაზ გოლოევი (გოლოთი), მამით ოსი და დედით ქართველი. ის ცხინვალში სწავლობდა და ყოველი თვის ბოლოს ჩადიოდა თბილისში. ამჯერადაც ახალგორიდან სამარშრუტო ტაქსს გამოჰყვა, საღამოს კი დედამ ტელევიზიით ნახა, როგორ დააკავეს მისი შვილი "ჯაშუშობის ბრალდებით".

"ახალი ამბებიდან გავიგე, რომ ჩემი შვილი თბილისში დააკავეს"

მაია შერმადინი, დაკავებულის დედა: - ჩემი შვილი 22 აპრილს დილით ადრე წავიდა თბილისში. საღამომდე ველოდებოდი, მერე ახალი ამბებიდან გავიგე, რომ თბილისში დააკავეს და ჯაშუშობას აბრალებენ. ამის მეტი არაფერი ვიცი. ჩვენ ახალგორსა და სოფელ მოსაბრუნში ვცხოვრობთ. თვითონ ცხინვალში სწავლობს, პედაგოგიურზე, ბოლო კურსს ამთავრებს. ყოველი თვის ბოლოს 10 დღით ხსნიან გზას და იმ 10 დღეს დადიოდა თბილისში, წვრილმან რაღაცებს ყიდულობდა და ჩამოჰქონდა, ვაჭრობდა.

- რას აპირებთ, ადვოკატი თუ გყავთ?

- ახლა თბილისში ვარ. იქნებ რამეში დავეხმარო-მეთქი, მაგრამ არ ვიცი, როგორ. ადვოკატიც ვეძებე, მაგრამ ძვირს ითხოვენ.

პასუხი ცხინვალიდან

22 აპრილს სუს-მა განაცხადა, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქე "გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი" (ფსევდონიმი არ დასახელებულა). უწყების ცნობით, მას ევალებოდა ინფორმაციის შეგროვება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შს სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ, ასევე ამ ობიექტების ფოტო და ვიდეოგადაღება, აგროვებდა ინფორმაციას საქართველოში სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების განთავსების შესახებ. უწყების განცხადებით, ჯაშუშობაზე ბრალი წარედგინა კიდევ ორ პირს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან. ინტერპოლის მეშვეობით მათი ძებნა გამოცხადდება.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულ პირებს რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. სამივე პირს ბრალდება წარედგინა სს კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. განცხადებაში არ იყო მითითებული ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც ეს პირები მოქმედებდნენ, თუმცა მოგვიანებით სახელისუფლებო ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქმე რუსეთის სპეცსამსახურებს ეხება.

გოლოევის დაკავებას გამოხმაურება ცხინვალშიც მოჰყვა. 25 აპრილს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრალდება პრო­ვოკაცი­ულია და "ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის ეპოქის ტერორის პოლიტიკის გაგრძელებაა". აცხადებენ, რომ "საქართველოს ტერიტორია, მიუხედავად ოფიციალური თბილისის ხანდახან "მშვიდობისმოყვარე" განცხადებებისა, იყო და რჩება სახიფათო და მტრულ გარემოდ სამხრეთ ოსეთისა და მისი მოსახლეობისთვის". უწყება ასევე აღნიშნავს, რომ საკითხს ჟენევის ფორმატში დააყენებს და "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს" მოუწოდებს, თავი შეიკავონ "საქართველოში მგზავრობისგან".

"ყველას გაუკვირდა მისი დაკავება"

ოსურ ტელეგრამარხებზე წერდნენ, რომ გოლოევი სოცქსელებში აქტიურად აქვეყნებდა ფოტოებს, თუმცა ფოტოების გადაღების გამო ჯაშუშობის ბრალდება "სამა­რცხვინოდ" შეფასდა:

"შემიძლია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გავუგზავნო Gოოგლე Mაპს-დან აღებუ­ლი საქართველოში არსებული ყველა ხიდის, სახლის, შენობისა და სხვა ნაგებობის მაღალი ხარისხის ფოტოები"...

"როგორც ჩანს, საქართველოში ავტომატურად ჯაშუში ხარ ოსობის გამო, არა იმიტომ, რომ არსებობს მტკიცებულებები, არამედ იმიტომ, რომ არასწორი ეროვნების ხარ"...

როგორც "კვირის პალიტრასთან" ახალგორელი ამბობს, ადგილობრივებისთვის ეს დაკავება მოულოდნელი იყო:

"თამაზი ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, სალმიანი, ზრდილობიანი და მორცხვი. შელაპარაკებაც კი არ მოსვლია არავისთან. მისი ოჯახი სოფელ მოსაბრუნიდანაა­ (იგივე რაზდახანი). დედ-მამა გაშორებულები არიან, ჰყავს დედა, ბებია და და. თავიდან ახალგორის ქართულ სკოლაში სწავლო­ბდა, მე-7 კლასიდან რუსულში გადავიდა, მერე ცხინვალში უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. ოჯახს ყოველთვის უჭირდა, მაგრამ არავის აგრძნობინებდნენ ამას. რა ჯაშუშობა, ან რა ინფორმაციაზე უნდა მიუ­წვდებოდეს ხელი საწყალ ბიჭს? მარტივია ახალგორელს დააბრალო რამე, რადგან არავინ გვყავს პატრონი და გულშემატკივარი. "ცხინვალის ხელისუფლება" ეჭვით გვიყუ­რებს, ჩხრეკებს გვიწყობს სახლებში, თბილისისთვის ხომ არ ვჯაშუშობთ და ახლა თურმე თბილისშიც მტრებივით გვიყურებენ. ყველასგან მივიწყებული და უპატრონოები ვართ".

"ეს დაკავება შესაძლოა პიარისთვის იყოს განკუთვნილი"

უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი: - თამაზ გოლოევის დაკავება არაერთ კითხვას ბადებს. პირველი ის არის, რომ არანაირი მტკიცებულება ჯერ არ გამოქვეყნებულა. თითქოს სტრატეგიულ ობიექტებს იღებდა და რომელია ეს სტრატეგიული ობიექტი, ამაზე არავის აქვს ინფორმაცია. ითქვა, გადაიბირესო და არც ამის ამსახველი ვიდეო, ფოტო ან სხვა მტკიცებულება არ ყოფილა. მე არაფერს გამოვრიცხავ, უბრალოდ, კითხვებს ვსვამ. ასევე მნიშვნელოვანია, როდის დააკავეს, მაშინ, როდესაც უსაფრთხოების სამსა­ხურს არ ჰყავდა ხელმძღვანელი. წინადღეს გადადგა თუ გადააყენეს მამუკა მდინარაძე, ახალი კი ჯერ არ იყო დამტკიცებული. რა აუცილებლობა იყო, იმ დღეს დაეკავებინათ, როცა უწყებას ხელმძღვანელი არ ჰყავდა? მით უმეტეს, როცა ჯაშუშს აკავებენ, თან რუსეთის, რომლის აგენტიც 14 წელია არ გამოუვლენიათ. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ამას მოჰყვეს რაღაც სკანდალი, პოლიტიკური პროცესები, რისთვისაც სახელმწიფო უნდა იყოს მზად და ამ დროს უწყება ხელმძღვანელის გარეშეა. გოლოევი ყოველთვე გადმოდიოდა აქეთ და რა საჭირო იყო სპეცოპერაციის ასე ნაჩქარევად ჩატარება, როცა გვითხრეს, რომ მას თურმე რამდენიმე თვე უთვალთვალებდნენ. ნიშანდობლივი იყო "იმედის" ეთერში გადადგომის მეორე დღესვე მდინარაძესთან ინტერვიუს დროს მაგდა ანიკაშვილის კითხვაც, ამდენი წელი თქვენ ოპონენტები გაკრიტიკებდნენ, რომ ჯაშუშებს არ ავლენდით და ახლა უკვე ჯაშუშიც დააკავეთო, და პასუხი იყო: დიახ! აქ უკვე გასაგები ხდება, რატომ იჩქარეს და რატომ გახმაურდა ეს საქმე გადადგომის მეორე დღესვე - იმიტომ, რომ საქმეში ჩათვლოდა, აი, რუსეთის აგენტი გამოვავლინეო, რომ ყველაფერი გააკეთა, ჯაშუშიც დაიჭირა. ხომ შეეძლოთ ერთი კვირა დაეცადათ, სად გაიქცეოდა გოლოევი?! ის ყოველთვე ჩამოდიოდა თბილისში. მასთან ერთად საქმე აღძრულია კიდევ ორ პირზე, რომლებზეც თქვეს, რომ ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან. ხომ შეიძლებოდა დალოდებოდნენ და როცა ისინი ჩამოვიდოდნენ, მაშინ დაეკავებინათ. სამი კაცი ხომ უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა გამოძიებისთვის, ვიდრე ერთი. ესეც კითხვებს აჩენს, რომ ეს დაკავება პიარისთვის იყო განკუთვნილი. ასევე, დასავლეთში გაიგზავნა მესიჯი, რომ ჩვენ არა ვართ რუსეთთან დაახლოებული რეჟიმი. ვიღაცამ კარგად იფიქრა რამდენიმე შესაძლო მიზანზე. დასავლეთში უკვე იყო ნიუსები, რომ საქართველომ რუსეთის აგენტი დააკავა.

ვინც გოლოევს იცნობს, იცის, რომ მას ჯაშუშობის უნარ-ჩვევები არა აქვს. რუსეთს თავისუფლად შეუძლია აგენტების მოძიება ჩვენს საჯარო უწყებებში იმ პირებს შორის, ვისაც აქვთ წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. ეჭვი მეპარება, რომ თამაზ გოლოევს რაიმე ინფორმაციასთან შეხება ჰქონოდა, მით უმეტეს, საქართველოში 70 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც ბოლო დროს გადმოვიდნენ და გოლოევისგან განსხვავებით 365 დღე შეუძლიათ აქ ყოფნა. მათ შორის არიან პირები, ვისაც შესაბამისი განათლებაც აქვს, ფლობენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ენებს და აქვთ მეტი უნარ-ჩვევები, რომ ჯაშუშებად იმუშაონ. დავიჯერო, ამ 70 000 კაცში ერთიც არ არის, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებასთან თანამშრომლობს? 14 წელი არც ერთი აგენტი არ დაუკავებიათ და ახლა დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან და რომელიც როგორც იქაური დე ფაქტო, ისე ჩვენი ხელისუფლების ორმაგ ზეწოლაშია.

გოლოევს ქართული პასპორტი აქვს და წლებია დადის თბილისში. მცირე ბიზნესიც ჰქონდა და ყოველთვე, როგორც ყველა ახალგორელს, 20-დან 30 რიცხვამდე ჰქონდა შესაძლებლობა გადმოსულიყო. ის აქტიური იყო სოცქსელებში, საუბრობდა ახალგორის პრობლემებზე, მათ შორის პანდემიის დროს, როცა ახალგორი ჩაკეტილი იყო. ჩამოდიოდა თბილისში, ესწრებოდა სხვადასხვა საჯარო ღონისძიებას და ტრენინგს. მცირე პრობლემები ჰქონდა, როგორც ოსების, ისე რუსებისა და ჩვენი მხრიდანაც, იმიტომ, რომ ხშირად გადმოდიოდა. რამდენჯერმე დაჰკითხეს კიდეც, რატომ დადიხარო - ეს ახალი არ არის, ვინც ხშირად დადის, როგორც ჩვენი უსაფრთხოება, ისე დე ფაქტო მხარეც აკვირდება. ჩვენ არ ვიცით, რა დევს საქმეში, თუმცა თქვეს, თითქოს სტრატეგიული ობიექტების გადაღება ჰქონდა დავალებული.

გამახსენდა თამარ მეარაყიშვილის საქმეც, რომელსაც სელფის გამო წაუყენეს ჯაშუშობის ბრალდება ცხინვალში. ეს ძველი საბჭოთა უსაფრთხოების ხელწერას ჰგავს - დღეს, როდესაც სატელიტებისა და დრონების საშუალებით გადაღება იოლია, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე მაგისტრალის ან მეტროს გადაღება სტრატეგიული ამოცანა იყოს. გოლოევს ბევრი ფოტო აქვს თბილისში გადაღებული, მეტროსთან, შენობებთან, სადაც დადიოდა და შემდეგ "ფეისბუქზე" აქვეყნებდა. რომელი აგენტი გინახავთ, რომელიც ასე დადის, ფოტოებს იღებს და მერე დებს სოციალურ ქსელებში? თამაზ გოლოევის დაკავებით პრობლემები ექმნება ყველას, ვინც გადმოდის. ოსურმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსაც მიმართა და ითხოვა, ეს საკითხი ანალოგიურად განიხილონ, როგორც თამარ მეარაყიშვილის საქმე. თბილისმა თამაზ გოლოევის სახით ახალი პრობლემა შექმნა და სალაპარაკო მისცა ოსურ მხარეს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება მიხვდეს და ეს ნაბიჯი გამოასწოროს გოლოევის გათავისუფლებით.

ეკატერინე ბასილაია