ილონ მასკ, „ჩაურთე „სტარლინკი“ რუსეთს... რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“...
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბლოკილია ილონ მასკის "სტარლინკის", გლობალური თანამგზავრული სისტემით სწრაფი ინტერნეტის მიწოდების სერვისი და მისი ბლოკირების მოხსნის შემთხვევაში უკრაინას გაუჩნდება კარგი შანსი, რომ აგრესორ რუსეთს ძალზე მტკივნეული უზუსტესი საჰაერო და საზღვაო დარტყმები მიაყენოს მისივე ტერიტორიაზე.
რას წარმოიდგენდნენ კრემლში 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი სამხედრო აგრესიას იწყებდა, რომ ამ ომის მეოთხე წლისთავზე მოუწევდათ იმის ყურება, თუ როგორ ფეთქდება რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები და ნავთობტერმინალები უკრაინის საზღვრიდან 1 700 კმ-ით დაშორებულ ურალთან. ურალის ქედის დასავლეთით მდებარე ქალაქ პერმის მოსახლეობა რამდენიმე დღე "ტკბებოდა" იმ უზარმაზარი შავი კვამლით, რომელიც ნავთობტერმინალში ოთხი დიდი რეზერვუარის ხანძრის შედეგად ამოდიოდა. არადა, ამ სიშორეზე, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ნავთობტერმინალი უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა მას შემდეგ "ააგიზგიზეს", რაც უკრაინის მიწიდან აფრენიდან არანაკლებ ათი საათი უპრობლემოდ იფრინეს რუსულ ცაში პერმამდე მისაღწევად.
ადრე უკრაინული კამიკაძე-დრონების თითო-ოროლა წარმატებულ შეტევებს რუსეთის სიღრმეში უფრო პროპაგანდისტული ელფერი დაჰკრავდა, რითაც კიევი ცდილობდა მსოფლიოსთვის და, უპირველესად ამერიკული მხარისთვის დაენახვებინა, შეხედეთ, რა სიღრმეში და როგორ ვურტყამთ აგრესორ ქვეყანასო, მაგრამ ბოლო კვირებში ნათლად იკვეთება უკრაინული შორსმფრენი კამიკაძე-დრონების შეტევის გახშირება, უფრო ღრმად შეფრენა და რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტების უფრო მეტი სიზუსტით დაზიანება. ეს გამოწვეულია, ერთი მხრივ, უკრაინული დრონების ტექნიკური გაუმჯობესებით, მეორე მხრივ, მათი სერიული წარმოების გაზრდით _ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ არის ღამეები, როდესაც უკრაინა რუსეთისკენ უფრო მეტ კამიკაძე-დრონს "გზავნის", ვიდრე თავად რუსეთი უტევს უკრაინას. ეს კი "დრონების ომში" მიუთითებს ერთგვარი პარიტეტის დამყარებაზე, რომელსაც თანდათანობით ექნება მნიშვნელოვანი შედეგი კიევისთვის _ კამიკაძე-დრონების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ასეთი დრონების წარმოების კიდევ უფრო გაზრდით უკრაინულ მხარეს გაუჩნდება კარგი შესაძლებლობა, რომ უზარმაზარი რუსეთი მუდმივ "კოშმარში" ამყოფოს.
ამ ყველაფერს ძალზე წაადგებოდა, თუკი ილონ მასკი მოხსნიდა "სტარლინკის" ბლოკს რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან სწორედ "სტარლინკის" კომპაქტური თანამგზავრული ანტენებით აღჭურვილ უკრაინულ კამიკაძე-დრონებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 2 ათას კმ-ზე შეღწევაც შეეძლებათ და ერთი-ორი მეტრის სიზუსტით მიზნის დაზიანებაც, ისე, რომ რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებიც ვერ ჩაახშობენ "სტარლინკის" ორმხრივ კავშირს დედამიწის ახლო ორბიტაზე გაყვანილ ილონ მასკის რამდენიმე ათას თანამგზავრთან.
უკრაინელ სამხედროებს "წამოსცდათ", რომ მასკის "სტარლინკის" ანტენა მათ ექსპერიმენტის მიზნით კამიკაძე-დრონს თურმე ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დაუყენეს ანუ ომის დაწყებიდან სამ თვეში და მას შემდეგ უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებდნენ.
თუმცა "სტარლინკი" რუსმა ოკუპანტებმაც მალევე "დაამუღამეს" და თავადაც აქტიურად დაიწყეს მისი თანამგზავრული ანტენების (რომლებიც ევროპიდან, ამერიკიდან და აზიიდან, იქ რეგისტრაციისა და ჩართვის შემდეგ, კონტრაბანდული გზით ჩაჰქონდათ რუსეთში) საბრძოლო გამოყენება უშუალოდ ფრონტის ხაზზე.
სწორედ "სტარლინკის" "ბრალიცაა", რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონბასში უკრაინულ ქალაქებზე მიიტანეს იერიშები, როდესაც ამ ქალაქებში მცირერიცხოვანი რუსული მოიერიშე ჯგუფები იპარებოდნენ, რომელთა მოქმედების კოორდინირებას სწორედ "სტარლინკის" ინტერნეტის საშუალებით ახდენდნენ. უფრო მეტიც, რუსმა ოკუპანტებმა "სტარლინკის" თანამგზავრული ანტენების დაყენება დაიწყეს იმ "შაჰიდებისა" და "გერან-2" ტიპის კამიკაძე-დრონებზეც, რომლებიც ყოველღამ უტევენ უკრაინულ ქალაქებს.
მხოლოდ სამიოდე თვის წინ მოხერხდა "სტარლინკის" "გათეთრება" უკრაინელებისთვის, ანუ ილონ მასკმა ჯერ გამოართვევინა უკრაინაში მოქმედი "სტარლინკის" ყველა თანამგზავრული ანტენა და შემდეგ მხოლოდ ის "სტარლინკები" ჩაირთო, რომლებსაც უკრაინელები არეგისტრირებდნენ, რითაც რუს ოკუპანტებს გამორთული ანტენები შერჩათ ხელში. უკრაინა მალე დაიწყებს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების წარმოებას, რომლებიც საბრძოლო შესაძლებლობებით შეიძლება ჯერ ჩამოუვარდებიან მოდერნიზებულ რუსულ "ისკანდერებს", მაგრამ როდესაც ათი-ოცი უკრაინული ბალისტიკური რაკეტა მოსკოვისკენ ერთდროულად აიღებს სტარტს, შეძლებს კი მათ მოგერიებას რუსული საჰაერო თავდაცვა, მით უმეტეს, რომ მოსაგერიებელი ექნება იმავდროულად მოსკოვისკენ მფრენი ასამდე კამიკაძე-დრონიც?
თუ რა შეუძლიათ კამიკაძე-დრონებს, ეს უკვე ორი კვირაა კარგად ჩანს ტუაფსეს მაგალითზე _ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანასა და ნავთობტერმინალზე უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ერთმანეთის მიყოლებით სამი საჰაერო შეტევა მიიტანეს და დღეს ტუაფსეს ცაში "ნავთობის წვიმა" მოდის, ხოლო მის ქუჩებში ცეცხლწაკიდებული ნავთობი მიედინება. "სტარლინკების" თანამგზავრული ანტენებით აღჭურვილ უკრაინულ საჰაერო და საზღვაო კამიკაძე-დრონებს კიდევ ბევრი უზუსტესი დარტყმის მიყენება შეუძლიათ მტრისთვის, თუმცა ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, ილონ მასკმა უკრაინელებს იმის ტექნიკური შესაძლებლობა მისცეს, რომ მისი "სტარლინკებით" აღჭურვილი უკრაინული კამიკაძე-დრონები პრეზიდენტ პუტინს სარკმელში "შეუძვრნენ"