ტრამპმა ირანთან ომი „დაამთავრა“, გეშინოდეთ მშვიდობის... - კვირის პალიტრა

ტრამპმა ირანთან ომი „დაამთავრა“, გეშინოდეთ მშვიდობის...

გასული კვირის ბოლოს თეთრმა სახლმა ოფიციალურად აუწყა აშშ-ის კონგრესს, რომ... ამერიკამ ირანთან ომი დაასრულა.ნუთუ აიათოლების რეჟიმი დათანხმდა პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნას ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე, გახსნა ჰორმუზის სრუტეში გემების ნაოსნობა და ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს აუსრულდა დიდი ხნის მოლოდინი და დაიწყო ბენზინზე ფასის დაცემაც? არა, უბრალოდ, 10 მაისისთვის გადიოდა ის 60 დღე-ღამე, რომლის ბოლოსაც ტრამპი ვალდებულია კონგრესს აცნობოს, შეწყვეტს თუ არა საბრძოლო მოქმედებებს, თუ არადა, "აუცილებელი სამხედრო სიტუაციიდან" გამომდინარე, კონგრესს უნდა სთხოვოს მისი კიდევ 30 დღე-ღამით გაგრძელება.

მაგრამ ტრამპი "თავს არ დაიმცირებდა" კონგრესის დემოკრატიული პარტიის წევრებთან და არ სთხოვდა ირანთან ომის გაგრძელებაზე ნებართვას, ამიტომაც თეთრმა სახლმა მიაგნო გამოსავალს - 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო მოქმედებები შეჩერდა 7 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, მას შემდეგ ცეცხლი აღარ გახსნილა და შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებები ირანთან დასრულებულიაო. თუმცა რეალობა გაცილებით საგანგაშოა - გრძელდება ჰორმუზის სრუტის ორმაგი ბლოკადა, ირანი სრუტეში არ ატარებს არამეგობრული ქვეყნების ტანკერებს, ხოლო ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით, ომანის ყურეში, ამერიკული სამხედრო ხომალდები ბლოკავენ ირანისა და იმ ქვეყნების გემებს, რომლებიც ირანის პორტებიდან გამოდიან ან მისკენ მიემართებიან. ამასთან, კვლავ გაურკვევლობაა ირანის 60%-მდე გამდიდრებული 409 კგ ურან-235-ის საკითხში, რადგან გასული წლის ამერიკულ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ამ ურანის ნაწილი დაბომბილ მიწისქვეშა საცავებში ჩარჩა და ვინ შეძლებს მათ ამოთხრას და რამდენად სახიფათო იქნება ეს, არც ირანელებმა და არც ამერიკელებმა უწყიან.

თუკი ირანი ითხოვს ბირთვული საკითხის შემდგომი პერიოდისთვის გადადებას და ახლა მხოლოდ ჰორმუზის სრუტის დებლოკირებაზე მოლაპარაკების გაგრძელებაზეა თანახმა, ტრამპი კატეგორიულად აცხადებს, ირანმა უნდა დაივიწყოს ყველაფერი ბირთვული. ისე, თუკი ირანს ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჰქონდა 60%-მდე გამდიდრებული 409 კგ ურან-235, რატომ ვერ შეძლო მისი 90%-ზე მეტად გამდიდრება, რაც უკვე საიარაღო ურანის დონეა? 2024 წელს ხომ ირანს არავინ ბომბავდა და მის განკარგულებაში არსებული რამდენიმე ათასი ცენტრიფუგის შეუჩერებელი მუშაობის შედეგად ამის მისაღწევად ერთი-ორი თვეც საკმარისი იქნებოდა, ხოლო 409 კგ 90%-ზე მეტად გამდიდრებული ურან-235-დან ათიოდე ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის შექმნა შეიძლება, მაგრამ რამდენად კომპაქტური იქნება ეს მოწყობილობები იმისთვის, რომ ერთ მეტრამდე დიამეტრის რაკეტის ქობინში ჩამონტაჟდეს, სხვა საქმეა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ აიათოლების რეჟიმი არც წლების წინ იკლავდა თავს ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობების შესაქმნელად და ბირთვული საკითხის წინა პლანზე წამოწევა უფრო დიდი ვაჭრობისთვის სურდა, რათა ამერიკასა და ევროპას კუთვნილი "გაყინული" მილიარდები დაებრუნებინა თეირანისთვის და ამასთან, მისთვის მოეხსნათ საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები. თუმცა აიათოლებს ეს პოლიტიკური ვაჭრობა ძალიან ძვირად დაუჯდათ და დღეს მათი "ბირთვული კოზირი", გამდიდრებული ურანი სადღაც მიწისქვეშა გვირაბშია ჩახერგილი, ხოლო ფაქიზი ცენტრიფუგების უდიდესი ნაწილი - განადგურებული, რის გარეშეც ირანელი სპეციალისტები ვეღარ შეძლებენ ურან-235-ის შემდგომ გამდიდრებას.

ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადით მათ შეძლეს 53 მლნ ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთული 31 ირანული ტანკერის ჩაკეტვა პორტებშივე, რამაც ირანის სახელმწიფო ბიუჯეტს უკვე მიაყენა არანაკლებ 4,8 მლრდ დოლარის ზარალი და თეთრი სახლი აპირებს ამავე ტაქტიკით ბლოკადის გაგრძელებას.თავის მხრივ, თეირანიდან ნიშნის მოგებით აცხადებენ, რომ 28 თებერვლიდან 7 აპრილამდე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს აშშ-მა თითქოს 100 მლრდ დოლარზე მეტი იზარალა.

აშშ-ის ომის მინისტრი ჰეგსეტი კი კონგრესს არწმუნებს, რომ მთავარ ამერიკულ სამხედრო უწყებას 39-დღიანი საბრძოლო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ მხოლოდ 25 მლრდ დოლარი თუ დაუჯდა, რასაც ეჭვით უყურებენ დასავლელი დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსები. ისე კი, ამ თითქმის შვიდკვირიანი ომის დროს ირანმა შეძლო სპარსეთის ყურეში 16 ამერიკული სამხედრო ბაზისთვის საჰაერო დარტყმების მიყენება, რის შედეგადაც განადგურდა ძალზე ძვირადღირებული ამერიკული ანტისარაკეტო რადარი, კოსმოსური კავშირის ანტენა, საჰაერო ტანკერები, "ავაქსი" და ა.შ.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანის გარშემო ამ კვირას? აშშ შეუწყვეტლივ აგრძელებს საბრძოლო მასალების გადასროლას ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ომანის ყურეში შეცურდა მეორე ამერიკული ატომური ავიამზიდი "ჯორჯ ბუში" (თუმცა რამდენიმე ავარიაგადატანილმა ატომურმა ავიამზიდმა "ჯერალდ ფორდმა" დაასრულა საბრძოლო მორიგეობა წითელ ზღვაში და ჩრდილოეთ ამერიკისკენ აიღო გეზი), გრძელდება საბრძოლო და სამაშველო თვითმფრინავების კონცენტრაცია სპარსეთის ყურის ქვეყნების ამერიკულ საჰაერო ბაზებში. ყოველივე ეს კი მიუთითებს, რომ თუკი თეირანი დათმობაზე არ წავა, ტრამპი, დიდი ალბათობით, გასცემს ბრძანებას ირანში საბრძოლო მოქმედებების გასაახლებლად, რასაც მოუთმენლად ელის ისრაელიც.

ირაკლი ალადაშვილი