ვის უნდა მიმართოთ, როცა მომხმარებლის უფლება ირღვევა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.

როცა სამკვიდროს მიღების ვადა გასულია, შემიძლია თუ არა ვადის გაგრძელება?
- სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილება საპატიო მიზეზით მოხდა. მაგალითად, თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის შესახებ. აგრეთვე, თუ მან ობიექტური მიზეზის გამო ვერ შეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდროს ან მიემართა ნოტარიუსისთვის. ვადის გაშვების საპატიოობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამშვებ მემკვიდრეს. ამასთან, სასამართლოსთვის მიმართვა საჭირო არაა, თუ ყველა მემკვიდრე გამოთქვამს თანხმობას ვადის გამშვები მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე.
ტვირთების გადაზიდვის კომპანიამ დაზიანებული ტვირთი ჩამოიტანა და არ მინაზღაურებს. აქვს თუ არა ამის ვალდებულება კომპანიას და ვის მივმართო?
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, მომხმარებელს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც მან მიიღო ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვითა თუ დაზიანებით, ასევე ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებით. ზიანის ანაზღაურებაზე, პირველ რიგში, გადამზიდავია პასუხისმგებელი და ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემისას მომხმარებელმა მას უნდა მიმართოს. თუ ნივთის დაზიანებამ გამოიწვია მისი მხოლოდ ნაწილის გაუფასურება, მაშინ ანაზღაურება მოიცავს მხოლოდ გაუფასურებული ნაწილის ფარგლებს, ხოლო თუ ნივთის ნაწილის დაზიანებამ მისი მთლიანად გაუფასურება გამოიწვია, ანაზღაურება იგივე უნდა იყოს, რაც ნივთის განადგურების შემთხვევაში იქნებოდა. თუ ნივთის მიწოდების ვადა წინასწარ არ ყოფილა დათქმული, მაშინ გადასაზიდად "ჩვეული ვადის" გადაცილება ჩაითვლება პირობის დარღვევად, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ საიდან ხდება ნივთის ტრანსპორტირება. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, "ჩვეული ვადა" განსხვავებული იქნება, თუმცა მისი გაანგარიშება ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. აქვე უნდა გაითვალისწონოთ, თუ მომხმარებელი ტვირთის მიღებისას მას გადამზიდავის წარმომადგენლის თანდასწრებით არ შეამოწმებს, ხელს მოაწერს მიღება-ჩაბარების აქტს და გადამზიდავს მაშინვე არ წაუყენებს პრეტენზიას გარეგნულად შესამჩნევი დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, ჩაითვლება, რომ გადამზიდავმა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. გარეგნულად შესამჩნევი დანაკარგებისა და დაზიანების დროს პრეტენზიის მოგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ნაკლის მქონე ნივთი ჩაიბარა. თუმცა, ამასთან, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონის თანახმად (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. რაც შეეხება პრეტენზიებს გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანების თაობაზე, ისინი წარდგენილი უნდა იქნეს გადამზიდავთან ტვირთის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 7 დღისა; რადგან ფარული დანაკარგებისა და დაზიანებების აღმოჩენა გარკვეულ დროს მოითხოვს. გადამზიდავი შეიძლება გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან თუ იგი დაამტკიცებს, რომ: ტვირთის ნაკლი ან მიწოდების დაგვიანება ფორსმაჟორული გარემოებებითაა გამოწვეული, მაგალითად, როგორებიცაა ომი, სტიქიური უბედურება, კარანტინი და სხვა; ანუ ისეთი გარემოებები, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდავს არ შეეძლო. გამყიდველმა გადამზიდავს არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადაზიდვის დროს ნივთი შესაძლოა დაზიანდეს და მას დამატებითი შეფუთვა სჭირდება. მაგალითად, მსხვრევადი ნივთების გადაზიდვის დროს. ნივთი გადაზიდვის დროს არ დაზიანებულა და მას უკვე გააჩნდა ესა თუ ის ნაკლი, როდესაც იგი გამყიდველმა მიაწოდა. უკანასკნელ ორ შემთხვევაში მომხმარებელს ზიანი გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს. თუკი ნივთს გადაზიდვამდე გააჩნდა ნაკლი, მაშინ მომხმარებელს უფლება აქვს გამყიდველს პრეტენზია წაუყენოს.
მსურს გავაუქმო ჩემი ანდერძი, რომელიც დავწერე ორი წლის წინ და ინახება ნოტარიუსთან. მაქვს თუ არა ამის უფლება, რადგან გასულია ორი წელი?
- დიახ, შეგიძლიათ გააუქმოთ ნებისმიერ დროს. მიმართეთ იმ ნოტარიუსს, რომელთანაც დაამოწმეთ ანდერძი, ან სხვა ნებისმიერ მოქმედ ნოტარიუსს. ასევე, შეგიძლიათ შეადგინოთ ახალი ანდერძი, რომელიც პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს, ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება. მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი: ა) ახალი ანდერძის შედგენით, რომელიც პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება; ბ) სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით; გ) ანდერძის ყველა ეგზემპლარის მოსპობით მოანდერძის მიერ ან ნოტარიუსის მიერ მოანდერძის განკარგულებით.
ბინა, რომელიც ერთად შევიძინეთ, არის მეუღლის სახელზე. ქმარს აქვს ვალები და მითხრა, რომ აპირებს ბინის გაყიდვას. მე წინააღმდეგი ვარ, რადგან არა გვაქვს სხვა საცხოვრებელი. მინდა ჩემ გარეშე ვერ შეძლოს ბინის გასხვისება. რა გზა არსებობს?
- კანონით, ქორწინების პერიოდში შეძენილი ბინა საკუთრების უფლებით ორივე მეუღლეს ეკუთვნის, მაგრამ თუ ბინა მხოლოდ ერთ მეუღლეზეა აღრიცხული, მაშინ მესაკუთრედ ითვლება ის, ვის სახელზეც ბინაა. მას უპრობლემოდ შეუძლია ბინის გაყიდვა. ამ დროს მყიდველი კეთილსინდისიერი შემძენი ხდება, რადგან ბინის მესაკუთრე კანონით არის ის, ვისზეც ბინაა აღრიცხული. მყიდველისთვის ბინის გადაფორმების შემდეგ თანამესაკუთრე, რომელსაც წილი საჯარო რეესტრში არა აქვს დაფიქსირებული, კეთილსინდისიერი მყიდველისგან ამ ბინიდან წილს ვეღარ დაიბრუნებს. მეორე მეუღლეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა რჩება - ბინის მესაკუთრეს, ანუ თავისი ოჯახის წევრს, კომპენსაცია მისი წილის სანაცვლოდ მოსთხოვოს. ასეთი დავები ხშირია სასამართლოში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ძალიან ხშირად, როცა ბინა გაიყიდება, ბინის გამყიდველი, იმისთვის, რომ თავი აარიდოს კომპენსაციის გადახდას, აღებული ფულით არ ყიდულობს ისეთ ქონებას, რომელიც შეიძლება მის სახელზე დარეგისტრირდეს, ასეთ შემთხვევაში კი დაზარალებული თანამესაკუთრე კომპენსაციასაც ვეღარ იღებს. ამიტომაც თანამესაკუთრის უფლება დაცული რომ იყოს, საჯარო რეესტრში თავიდანვე უნდა დაარეგისტრიროს მეორე მეუღლემაც თავისი თანასაკუთრების უფლება. ასეთ სიტუაციაში მისი თანხმობის გარეშე მეუღლე ბინას ვერ გაყიდის. დღეს მოქმედი კანონით, კეთილსინდისიერი შემძენის უფლებები უფრო დაცულია - თუკი ბინა გაიყიდა, მისი დაბრუნება გამორიცხულია. თუკი მოახერხებთ და დაიყოლიებთ მეუღლეს, გირჩევთ ამ ქონების თანამესაკუთრედ დარეგისტრირდეთ, რომ მან თქვენ გარეშე ქონების გაყიდვა ვერ შეძლოს. როცა არსებობს თანამესაკუთრედ მეორე პირი გაფორმებული, ასეთ დროს ბინის მესაკუთრეს თანამესაკუთრის თანხმობა სესხის აღების დროსაც სჭირდება და თქვენ გარეშე ვერანაირ ოპერაციას ვერ ჩაატარებს, ამით კი თავს და თქვენს ქონებას დაიცავთ. თუ მეუღლე თანამესაკუთრეობას არ თანხმდება, მიმართეთ სასამართლოს და მოითხოვეთ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ნახევრის თქვენს სახელზე აღრიცხვა, თუმცა ასევე მეუღლესაც შეუძლია ვალების გადახდაში მონაწილეობა დაგავალოთ, რადგან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა შორის იყოფა როგორც აქტივი, ასევე პასივი.
- უნდა მიმართოთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის მიმართვა მომხმარებელს არ ართმევს ასევე სასამართლოს, არბიტრაჟის ან დავის მედიაციის საშუალებით გადაწყვეტის უფლებას. სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტზე სააგენტოსათვის მიმართვა ხდება [საჩივრის (https://competition.ge/public/application-forms) წარდგენის გზით - საჩივრის ფორმა დამტკიცებულია სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტით. როგორც წესი, მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ მომხმარებლის "უფლებების დაცვის შესახებ" კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს. განმცხადებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ან ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს მიმართავს მომხმარებლის უფლების დარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის შესახებ, მიუხედავად იმისა, მიადგა თუ არა ზიანი უშუალოდ მის ინტერესს; სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად: ა) შეისწავლის მომხმარებლის ამ კანონით დადგენილი უფლების შესაძლო დარღვევის ისეთ ფაქტს, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა; ბ) საქმის შესწავლის მიზნით განმცხადებლისგან ან/და მოვაჭრისგან გამოითხოვს სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას) და განსაზღვრავს ამ ინფორმაციის მისთვის მიწოდების გონივრულ ვადას. სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია უნდა გამოითხოვოს და შემდგომ უნდა დაამუშაოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისად; ბ1) ამ პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრეს სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ამ კანონის 34-ე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად ჯარიმას აკისრებს; გ) ამ პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუღებლობის ან არასრულად მიღების შემთხვევაში უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესახებ; დ) იწვევს მხარეებს/დაინტერესებულ პირებს ახსნა-განმარტებების მისაღებად; ე) საჭიროების შემთხვევაში მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან ან/და სხვა პირებთან; ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ზ) საქმის შესწავლის შედეგად მომხმარებლის უფლების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვეული უფლების აღსადგენად ან/და მას მოსთხოვს დარღვევად მიჩნეული ქმედების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების განსაზღვრულ ვადაში შეწყვეტას; თ) საქმის შესწავლის შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას; ი) უფლებამოსილია ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უსამართლოდ მიჩნევის შემთხვევაში იმავე ეკონომიკურ სექტორში მოქმედ მოვაჭრეებს ან მათ გაერთიანებებს აუკრძალოს მსგავსი უსამართლო სტანდარტული პირობის გამოყენება ან რეკომენდაციის გაცემა, რომ ასეთი პირობა გამოიყენონ; კ) უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა; ლ) ახორციელებს სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს; მ) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ; ნ) ახორციელებს ღონისძიებებს მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად; ო) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დარღვევის შესახებ სააგენტოსთვის მიმართვის ვადაა დარღვევის ჩადენიდან არაუგვიანეს 2 წლისა. სააგენტო საქმეს შეისწავლის 1 თვის ვადაში, ან შესაძლოა შესწავლა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა. სააგენტო უფლებამოსილია, მხარეებისგან გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და შეაფასოს წარმოდგენილი მტკიცებულებები. თუ დარღვევა დადასტურდება, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს ჯარიმის გაორმაგებას. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან.
სააგენტოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.