ლიკა კაჭარავას “გენერლების სახლი“, რომელიც ძმას, კარლო კაჭარავას უსახსოვრა
ბევრი ვიფიქრე, როგორ უნდა დამეწყო წერა, მას რომ მოსწონებოდა, მაგრამ მგონი, ყველაფერს დაიწუნებდა. კრიტიკული იყო და ხშირად საკუთარი თავით უკმაყოფილოც. ესეც გამოდგა ჩემთვის შემაფერხებელი. თან, ვფიქრობ, ნებისმიერი ჩემი „დავარცხნილი“ წინადადება შეუსაბამოა ამ მრავალმხრივი, ნოვატორი, პროგრესული, უჩარჩოო და თავისუფალი აზროვნების ადამიანის ნიჭისა და სამყაროს აღსაწერად...

ზოგისთვის ის უპირველესად ხელოვნებათმცოდნე იყო, კრიტიკოსი, ზოგისთვის კი მხატვარი და პოეტია. კაცი, რომელიც ნახატებისა და ტექსტების კომბინაციით ახდენდა ყოველდიურობასთან, აწმყოსა და არტსამყაროსთან კომუნიკაციას. თან როდის?! გასული საუკუნის 80-იან წლებში. იმ დროს ეს არ იყო ადვილი, მაგრამ მაინც ახერხებდა, აუდიტორიაც ჰყავდა და მსმენელ-მკითხველიც. საბჭოთა სივრციდან დაღწეულებისა და ახალი თაობისთვის, ის წლების შემდეგაც დარჩა და არის აქტუალური.

სულ რაღაც 30...
კარლო კაჭარავა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დასრულებისთანავე, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, ციმბირის ქალაქ მირნიში, რომლის დასრულების შემდეგაც მთელი ცხოვრება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მუშაობდა. საკმაოდ დაფასებულ თანამშრომლად ითვლებოდა და სოლიდურ დავალებებს აძლევდნენ, მის ცოდნას აფასებდნენ და საზღვარგარეთ უშვებდნენ მოხსენებებზე, კონფერენციებსა თუ სესიებზე. „მთელი ცხოვრებაო“ კი ვთქვი, მაგრამ ძალიან ცოტა იყო ეს დრო, რადგან, სამწუხაროდ, კარლო კაჭარავა მხოლოდ 30 წლის გახლდათ, როცა ანევრიზმით გარდაიცვალა...
უამრავი დღიური ჰქონდა, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებდა და ასევე სისტემატურად ხატავდა, ბევრს და სწრაფად - დღის განმავლობაში რამდენიმე საქმეს ერთდროულად იყო მოდებული. დიდ ტილოებს იშვიათად ქმნიდა, მაგრამ ასეთი რაც შექმნა, ახლა ნაწილი წინამძღვრიანთკარში კარლო კაჭარავას არტჰაუსშია თავმოყრილი.
მუზები მრავლად ჰყავდა, თითქმის სულ შეყვარებული იყო და ამ დროს იყო ყველაზე პროდუქტიული. ერთ-ერთი გახლათ ჰელენა ლუნდბერგი და მის სახეს კარლოს ბევრ ტილოზე შეხვდებით. ამ ქალბატონს არაერთი ნახატი მიუძღვნა, ისევე, როგორც სხვა სატრფოებს, რომლებიც მრავლად იყვნენ მის ცხოვრებაში.