პარიზის ქართველი ას-ასინი
ჩუმი, ფარული მოქმედების ოსტატი - "ასასინის" ერთ-ერთი განმარტებაა. ოსტატი ნამდვილად არის. ვარსკვლავის სტატუსის მიუხედავად - წყნარი და მორიდებულიც. აი, "ფარულის" კი რა გითხრათ: უკვე ყველა იცნობს. ნებისმიერმა მცველმა ზუსტად იცის, რომ თუ ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთი და სივრცე მიიღო, კარგი არაფერი ელის...
არა, "ასასინობისთვის" არც გვემეტება. სამაგიეროდ - ასიანები უკვე არიან ხვიჩაც და მისი კლუბიც: გასულ კვირას "პარი სენ-ჟერმენმა" უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მეასე მატჩი მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პროფესიულ კარიერაში მეასე გოლი გაიტანა! მერე გოლებსაც ხომ გააჩნია?! ყველაზე საჭირო დროს ერთი-მეორეზე ლამაზი გოლებით გვახარებს. "ბაიერნსაც" მაშინ გაუტანა, როცა მიუნხენური გრანდი უკვე იგებდა და თვალშისაცემი სათამაშო უპირატესობაც ჰქონდა, მასპინძლები კი ვერაფრით ახერხებდნენ თამაშის "დალაგებას". ზუსტად ამ მომენტს გაუსვა ხაზი უეინ რუნიმ: "კვარაცხელია არის ბიჭი, რომელიც ბურთს იღებს მაშინ, როცა თამაში ჩიხშია შესული და... არაფრისგან შედევრს ქმნის!"
ჰოდა, მოდი და ნუ დაეთანხმები რუნის (რომელიც დაუფარავად ამბობს, რომ კვარაცხელია პირდაპირ "დახატავდა" მისი ყოფილი კლუბის - "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა ფლანგს), ანდა კიდევ ერთ სახელგანთქმულ ფორვარდს - ტიერი ანრის (ხვიჩას ისიც ინგლისისკენ ექაჩება - გადაწყვეტილებას მე რომ ვიღებდე, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ეს ბიჭი ლონდონის "არსენალში" წამეყვანაო) - "კვარაცხელია არ არის უბრალოდ კარგი მოთამაშე. ის განსხვავებას ქმნის!"
შექმნა კიდეც. 24-ე წუთზე პარიზული კლუბი თამაშში დააბრუნა, კიდევ ნახევარ საათში კი ნოიერის კარში მეორე ბურთიც შეაგდო და გახდა პსჟ-ს პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 15 საგოლე მოქმედება დააგროვა; ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ფრანგულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ყველა ეტაპზე მოახერხა გოლის გატანა; პირველი, ვინც მიმდინარე სეზონში დააგროვა იმაზე მეტი საგოლე მოქმედება (15), ვიდრე ნათამაშები მატჩი (14).
ხვიჩაზე ძალიან ხშირად ვწერთ, მაგრამ პარიზული კლუბის ქართველი ვარსკვლავი სხვა გზას არც გვიტოვებს. პსჟ-"ბაიერნი" (5:4) თავისთავად საოცარი მატჩი გამოდგა, კვარას ფანტასტიკურმა თამაშმა კი ევროპული პრესა კიდევ ერთხელ ააჭრელა ქართველისთვის მიძღვნილი დითირამბებით...
არ გეგონოთ, სუბიექტურობამ ისე დაგვაბრმავა, მხოლოდ ხვიჩას თამაშს ვხედავთ. მასთან ერთად, უმაღლესი შეფასებები მიიღეს დემბელემ, დიასმა, ოლისემ, კეინმა... თუმცა, ექსპერტებისა და ქომაგების უმეტესობა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ კვარას მიიჩნევს. ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი დამთავრებისთანავე შეფასდა "საუკუნის მატჩად", "ნამდვილი ფეხბურთის დაბრუნებად" და სხვ. "არ მახსენდება ამაზე უფრო დიდებული მატჩი", - დაწერა უესლი სნეიდერმა. "ყველაფერი იდეალური იყო! ანგარიში დავივიწყეთ. ფეხბურთმა გაიმარჯვა!" - ამ ფრაზით ყველაფერია ნათქვამი. ყველაზე ზუსტი და ლაკონური შეფასება ერლინგ ჰოლანდს ჰქონდა: თჰის ის ფოოტბალლ! - დაწერა ნორვეგიელმა გიგანტმა. დიახ, ეს იყო "ნამდვილი", მონატრებული თამაში "ჩარჩოებისა" და ტაქტიკური სქემების გარეშე - ძველებური, ლაღი ფეხბურთი. ისეთი, ევროპელებს სწორედ ხვიჩამ რომ გაახსენა პირველივე ნეაპოლურ სეზონში. თუმცა თამაშზე აღარაფერს ვიტყვი (მით უმეტეს, რომ 6 მაისს მიუნხენში განმეორებითი მატჩია). შეგიძლიათ "სუბიექტურობა" დამწამოთ, მაგრამ წერილის დარჩენილ ნაწილში მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას შეფასებებს წაიკითხავთ:
The Guardian: "ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი "გამაოგნებელი" იყო!"
გარეთ ბეილი: "კვარაცხელიას აქვს ბურთის ფლობის საოცარი სტილი, არის თავდაჯერებული და ვიწრო სივრცეებში არაპროგნოზირებადი - მცველები საერთოდ ვერ ხვდებიან, თუ რას აპირებს ყოველი შემდეგი მოძრაობისას. კვარა არა მხოლოდ თვალისმომჭრელია, არამედ ცივსისხლიანიც. თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მაშინ გულწრფელად უნდა ვთქვათ - ხვიჩას ნამდვილად ექნება "ოქროს ბურთის" მოგების შანსი".
უეინ რუნი: "ვუყურებ მას და ვფიქრობ ჩემს გუნდზე. "იუნაიტედის" მარჯვენა ფლანგზე გვყავს მბიუმო და ამადი, მაგრამ მარცხენა ფლანგზე ზუსტად ასეთი ხარისხი გვაკლია. ბიჭი, რომელიც ბურთს იღებს, როცა თამაში ჩიხშია შესული და უბრალოდ არაფრისგან შედევრს ქმნის. სწორედ ეს გვაკლია. ის იმ ტიპის მოთამაშეა, ვინც დიდ გუნდს გარდაქმნის ისეთ გუნდად, რომელიც ყველაფერს მოიგებს. კვარა არაპროგნოზირებადია, აქვს საფეხბურთო სითავხედე. საოცარი სანახავია, როგორ "აცეკვებს" ხოლმე მცველებს. "მანჩესტერ იუნაიტედის" სპორტული დირექტორი რომ ვიყო, ახლავე ავიღებდი ტელეფონს და პარიზში დავრეკავდი"

ლუის ენრიკე: "ეს იყო ფანტასტიკური მატჩი. ხვიჩა ჩვენთვის შეუფასებელი ფეხბურთელია. საქმე მხოლოდ მის ტექნიკასა და გოლებში არ არის - ის ენერგია, სითამამე და ჟინი, რაც მას მოედანზე შემოაქვს, მთელ გუნდს გადაედება ხოლმე".
ვალიდ აშეშური: "თუ რაიმე არეულობა დაიწყება ან პრობლემები გამომიჩნდება, კვარაცხელიას დავურეკავ. ეს ბიჭი გერმანული ნაგაზივითაა. ერთი-ერთზე ძალიან ეფექტურად თამაშობს და მომენტის შერჩევა შესანიშნავად გამოსდის. ის გუნდის იქს-ფაქტორია. უბრალოდ გასაოცარია. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი პირველი იყო და მისი ავტორი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაა".
le Parisien: "კვარა ჩემპიონთა ლიგის მაესტროა. რატომ უნდა იყოს კარგი უცხოური პროდუქტის იმპორტი აკრძალული? ხვიჩა კვარაცხელიასთვის პარიზში მეტსახელი ჯერ არ შეურქმევიათ. სანამ რაიმე ისეთს მოვიფიქრებთ, რაც მას ყველაზე მეტად მოუხდება, შეგვიძლია მეტსახელი იტალიელებისგან ვისესხოთ. ნეაპოლში ხვიჩას შეარქვეს "კვარადონა", რათა სრულად გამოეხატათ ნიჭი და გავლენა, იტალიაში აღმავლობის დროს რომ მოიპოვა. შესაძლოა დიეგო არმანდო მარადონას პსჟ-ს ფერები არასდროს სცმია, მაგრამ მისი ქართველი "ბიძაშვილი" "კვარადონა" ამ გუნდის ფორმას, როგორც მეორე ტყავს, გასული წლის იანვრის შემდეგ ამაყად ატარებს".
ტროი დინი: "მესის და რონალდუს დაცვაში ბევრი სამუშაო არ უწევდათ, გუნდი მათთვის მუშაობდა. დღეს თამაში შეიცვალა, ყველა ჩართული უნდა იყოს, მეტად გუნდურობაა საჭირო. ამიტომ უჭირს "რეალსაც". ხვიჩა კვარაცხელია კი ჩემთვის არის ნიმუში იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მარცხენა შემტევი შემდეგი 10 წლის განმავლობაში. არა მხოლოდ გოლები და ასისტები, არამედ ის საქმე, რასაც დაცვაში აკეთებს. გასული და მიმდინარე სეზონის კვარაცხელია მარცხენა ვინგერის ახალი მაგალითია!"
Goal.com: "კვარაცხელია პსჟ-ს უმძიმესი საწყისი წუთების შოკის დაძლევაში იმ ბრწყინვალე ფლანგური თამაშით დაეხმარა, რასაც "ქართველი ჯორჯ ბესტისგან" უკვე მივეჩვიეთ. მან მეორე გოლის ეპიზოდშიც ბრწყინვალედ იმოქმედა. მისი თამაშის ყურება, როცა ასეთ ფორმაშია, დიდი სიამოვნებაა!"
ტიერი ანრი: "როცა თამაში ჩაკეტილია, მწვრთნელები სწორედ კვარაცხელიასნაირ მოთამაშეებს უყურებენ და ამბობენ: "წადი და გააკეთე რაღაც განსაკუთრებული". სწორედ ეს აკლია "არსენალს".
მათ აქვთ სტრუქტურა, დისციპლინა, ხარისხი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში სჭირდებათ ვიღაც, ვინც თავისით გაანგრევს მოწინააღმდეგის ბარიერებს. მე რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ეს ბიჭი ლონდონში ჩამომეყვანა. კვარაცხელია არ არის უბრალოდ კარგი მოთამაშე. ის განსხვავებას ქმნის. ის იმ კატეგორიის ფეხბურთელია, რომელიც ტიტულებს პირადად მოგაგებინებს".
The Athletic: "როგორც კი თუნდაც მცირე თავისუფალ სივრცეს იღებს, მოედანზე სასწაულებს ახდენს. "ბაიერნთან" მატჩში მას ეს სივრცე უხვად ჰქონდა".
BBC Sport: "კვარაცხელიამ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, თავისი საფირმო მოძრაობით ცენტრისკენ შეიწია, მცველები ჩამოიტოვა და ბურთი შორეულ ქვედა კუთხეში ზუსტად მოათავსა - ეს უმაღლესი ინდივიდუალური კლასია! ბევრი ბრიტანელი ჟურნალისტი მის პლასტიკას, მოედნის ხედვასა და დრიბლინგს ისეთ ლეგენდებს ადარებს, როგორებიც ჯორჯ ბესტი და ტიერი ანრი არიან".
Goal Italia: "ის სულ უფრო და უფრო მეტად ხდება "კვარადონა"! კვარაცხელიამ პსჟ-ს ლიდერობა საბოლოოდ აიღო თავის თავზე. "ოქროს ბურთზე" ოცნება აღარ არის უტოპია".
"ბაიერნის" კარში გატანილი მეორე ბურთი ხვიჩასთვის მეათეა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. ამ მაჩვენებლით, ქართველი ვარსკვლავი გახდა პსჟ-ს პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 15 საგოლე მოქმედება დააგროვა და ელიტარულ სიას (ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის 2003/04 წლების სეზონიდან დაწყებული, 10+ გოლით და 5+ საგოლე პასით გამოიჩინეს თავი) შეუერთდა. სია კი შთამბეჭდავია:
ლიონელ მესი (2011/12), (2014/15)
კრიშტიანუ რონალდუ (2016/17)
რობერტო ფირმინო (2017/18)
რობერტ ლევანდოვსკი (2019/20)
რაფინია (2024/25)
ხვიჩა კვარაცხელია (2025/26)