„ჩვენი დედაშვილობა ინოლას გარდაცვალებით არ დასრულებულა“
„ინოლამ გაბრაზება არ იცოდა, არც ხმის აწევა, არც დატუქსვა, როცა რაღაცას დავაშავებდი, ნაწყენი თვალებით მიყურებდა, ეს მკლავდა, ყველაზე დიდი სასჯელი იყო, მერჩივნა ეყვირა, ვეცემე...“
"წლების განმავლობაში წილად ბევრ ღირსეულ ადამიანთან ურთიერთობის ბედნიერება მხვდა, ამ მხრივ მდიდარი ადამიანი ვარ", - ამბობს მსახიობი ია შუღლიაშვილი და იმ პიროვნებებს იხსენებს, რომლებმაც მასზე წარუშლელი კვალი დატოვეს.
ოჯახი
- დედა, ინოლა გურგულია, იყო ის ადამიანი, რომელმაც ჩემს პიროვნულ განვითარებაზე უდიდესი კვალი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით მხოლოდ 10 წელი გავატარე. ბავშვისთვის ყველა დედა დედაა, იმ ასაკში თითქოს ვერც ვგრძნობდი, მაგრამ რომ გავიზარდე, მივხვდი, როგორ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა... მისი წასვლა უდიდესი ტკივილი იყო, მაგრამ ჩვენი დედაშვილობა ინოლას გარდაცვალებით არ დასრულებულა. რომ გავიზარდე, მისი შემოქმედებით მეტად გავიცანი, აღმოვაჩინე მისი სიღრმეები, მისი სიყვარული... ძიება ჩემდა უნებლიეთ დავიწყე და უფრო დიდი სინანული გამიჩნდა, რომ ის ფიზიკურად ჩემ გვერდით აღარ იყო, თუმცა მისი შემოქმედება ყველაფერს მეუბნებოდა. ჩუმად დავიწყე სიმღერების მოძიება, გარჩევა, ლექსების კითხვა, სახლში დედას ჩანაწერების აღმოჩენა... მაშინ მუსიკას ე.წ. ბაბინებზე იწერდნენ. დედაჩემის ხმას ვუსმენდი, მისი მუსიკა ძალიან ძვირფასი და ღირებული იყო და დედის შესახებ ბევრ რამეს ვიგებდი. ამ ფორმით დედა სულ ჩემ გვერდით იყო. გარდაცვალება დედაშვილობის კავშირს ვერ წყვეტს. დღესაც კი, როცა რამეს ვაკეთებ, სულ მგონია, რომ დედა მხედავს, თან მახლავს, ძალიან ბევრ რამეში მეხმარება. თურმე ძალიან უნდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, მაგრამ ამაზე ჩემთან არ უსაუბრია, მისი გარდაცვალების შემდეგ ნათესავისგან გავიგე. ამბობდა, ია მორცხვია და მსახიობის პროფესია გახსნის, დაეხმარება, თან მონაცემები აქვსო... ხასიათში სიფრთხილე, წესრიგი, ადამიანების სიყვარული - ეს ყველაფერი ინოლასგან მაქვს. დედას უზომოდ უყვარდა ადამიანები, სამშობლო, ბუნება, მზე, სითბო და სიმღერა. ეს კარგად ჩანს მის ყველა ნაწარმოებში.
ინოლამ გაბრაზება არ იცოდა, არც ხმის აწევა, არც დატუქსვა, როცა რაღაცას დავაშავებდი, ნაწყენი თვალებით მიყურებდა, ეს მკლავდა, ყველაზე დიდი სასჯელი იყო, მერჩივნა ეყვირა, ვეცემე... წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული სახით და ნაწყენი თვალებით მიყურებდა და ამით კი არ მსჯიდა, მასწავლიდა, რომ მეორედ ცუდად აღარ მოვქცეულიყავი. შეიძლება ბავშვმა დედის თვალებში წყენა ვერც ამოიკითხოს, მაგრამ მე მესმოდა... ეს მიდგომა ძალიან ჭრიდა.

დედას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს მისი საწერი მაგიდის უჯრაში ანდერძი ვიპოვე, მაგრამ პატარა ვიყავი და ვერ მივხვდი, რა ტექსტი იყო. მამას ვაჩვენე, მაშინ სიტყვა "ანდერძის" მნიშვნელობაც არ ვიცოდი. დედას ბევრი ჩანაწერი ჰქონდა, ინგლისური ენის სპეციალისტი იყო და თარგმნიდა, ლექსებს, ჩანახატებს წერდა. მამამ დედას საფლავზე წაგვიყვანა და იქ წაგვიკითხა ეს ანდერძი, აგვიხსნა მისი მნიშვნელობაც. დედა გვთხოვდა, იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყოო.
ინოლას სიმღერები იქმნებოდა ერთბაშად, ზოგჯერ სპონტანურად, ქუჩაში, სამზარეულოშიც კი, ტექსტი და მელოდია ერთად იბადებოდა. ხშირად არც იწერდა, ისე იმახსოვრებდა, ან შეიძლებოდა ბაბინაზე ჩაეწერა.
მე ვარ ადამიანი, რომლისთვისაც ოჯახი მთავარი ღირებულებაა. კარგი რამ თუ მაქვს ხასიათში, ჩემი ოჯახის წევრების დამსახურებაა. მამა, მიხეილ შუღლიაშვილი, იყო ადამიანი, რომელმაც მასწავლა და გამომიმუშავა გამძლეობის, ამტანობის უნარი, თუმცა ბავშვობაში ეს ძალიან მთრგუნავდა და მეჩვენებოდა, რომ რაღაცას მაძალებდნენ, მაგრამ მერე ძალიან გამომადგა. მამა თავისი ცხოვრების წესით მაძლევდა მაგალითს. ისე მზრდიდა, როცა რაღაც არ შემეძლო, იმ სირთულეს აუცილებლად გადამალახვინებდა, შეიძლება ეს ცოტათი მტკივნეულიც ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან გამომადგა. ერთხელ მითხრა, სანამ ვინმეზე რამის თქმას ან მის კრიტიკას დააპირებ, წარმოიდგინე, ის ადამიანიც იქვე დგას და ესმის რასაც ლაპარაკობო. ეს იყო ყველაზე კარგი რჩევა, რაც მისგან მომისმენია. რამდენი წელი გავიდა და სულ ვითვალისწინებ. ასე შენს თავთანაც მართალი ხარ და იმ ადამიანთანაც, რადგან შეგიძლია, რასაც მასზე ამბობ, პირისპირ უთხრა. ეს კრიტიკა კი არ არის, შენი ტკივილია მის მიმართ, რომელიც გაწუხებს...
არ შემიძლია, ოჯახზე საუბრისას ჩემი უფროსი ძმა, მამუკა სალუქვაძე არ გავიხსენო. ის ჩემზე 12 წლით უფროსი იყო. ასაკიდან გამომდინარე, ჩვენ ერთად არ გვითამაშია, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის იყო განსხვავებული და გამორჩეული. რომ წამოვიზარდე, ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა, გამგები, დამრიგებელი. სამწუხაროდ, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან თავისი ლექსებით ბევრი რამ მასწავლა. მახსოვს მისი გამორჩეული მზრუნველობა, ძალიან მიფრთხილდებოდა, ვგრძნობდი, გულში ვყავდი და განსაკუთრებულად ვუყვარდი.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჩემი საყრდენი მამუკა იყო, ოჯახის, ფესვების და ადამიანობის გაგრძელება. ასე მაცლის წლები ძვირფას ადამიანებს. მადლობა ღმერთს, რომ ეს პიროვნებები იყვნენ ჩემს ცხოვრებაში.

თემურ ჩხეიძე
- თემურ ჩხეიძე ჩემს პროფესიაში გზამკვლევად იქცა, მარჯანიშვილის თეატრში მან მიმიღო. სულ აკვირდებოდა, ვის რა შესაძლებლობები ჰქონდა, მსახიობის ფსიქოტიპს სწავლობდა, ელემენტარული მისალმების დროსაც კი გაკვირდებოდა... მქონდა განცდა, რომ ჩემზე განსაკუთრებით ზრუნავდა. "ბახტრიონი" რომ დადგა, სპექტაკლში მნიშვნელოვანი ფუნქცია დამაკისრა... ჩემი სიმღერა ძალიან უყვარდა. ინოლაზე მუსიკალური წარმოდგენაც დადგა. თემურთან დაკავებული ხშირად არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენი ყოველი შეხვედრა დაუვიწყარი იყო. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა: თეატრის, ადამიანობის, კულტურის... იცით, როგორი რეპეტიციები ჰქონდა? არ მინდოდა დასრულებულიყო. რეპეტიციის დროს ხშირად ისეთ საინტერესო ამბებს გვიამბობდა, სულ სხვა რამეს გაიხსენებდა, რომ პერსონაჟის ხასიათი დაგვეჭირა. ყოველთვის სწორ ღირებულებებს ემყარებოდა. ერთ-ერთ ინტერვიუში თავად თქვა, რომ მისი ღირებულებები 10 მცნებიდან ერთ-ერთს მაინც ეყრდნობოდა.
მახსოვს, თეატრში საიუბილეო საღამო იდგმებოდა, მაშინ თეატრის ხელმძღვანელი ბატონი თემური იყო. რეპეტიციაზე შემოვიდა, დაინტერესდა, რა და როგორ კეთდებოდა. სცენაზე მოწვეული მომღერალი მღეროდა, მსახიობები უკან ვიდექით და ყველას ჩვენი ფუნქცია გვქონდა. ბატონი თემური სცენაზე ამოვიდა, მოვიდა ჩემთან და მითხრა, ამ ტექსტს რომ ამბობ, სხვა მხარეს გადადიო. სცენაზე 20-მდე მსახიობი ვიდექით და იმ წუთში ვერ მივხვდი, რატომ უნდა გადავსულიყავი სხვა მხარეს. არადა, მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა და კულისებში გავიდა. მოგვიანებით მივხვდი, მან ამ ფორმით მითხრა, ამ სიმღერას შენც არანაკლებად იმღერებდიო. მომღერალი კი არ დააკნინა, დამინახა, რომ მის არაჩვეულებრივ შესრულებას ბედნიერი სახით ვუყურებდი, ამოვიდა და მიმანიშნა, სულ სხვას ნუ ეტრფი, შენი თავიც იპოვეო... შემანჯღრია - ყოველთვის გახსოვდეს, რისი უნარი გაქვსო.
მანანა მენაბდე
- მანანა მენაბდე ჩემთვისაც ის იყო, ვინც იყო ინოლასთვის. ის ინოლას კარგად იცნობდა, ამბობდა, სულ 3 ადამიანია, ჩემი ცხოვრება რომ გაამდიდრეს და ერთ-ერთი ინოლააო. მანანასთან ბავშვობიდან მქონდა ურთიერთობა. დედას გარდაცვალების შემდეგ, სადაც მიდიოდა, სულ თან დამატარებდა, შინაც ხშირად მივყავდი. ის, რაც მან ინოლასგან მიიღო, ცდილობდა ჩემთვის გადმოეცა... ბოლო დღეებში, როცა უკვე ცუდად იყო, ვუთხარი, გგონია, არ მახსოვს ყველგან რომ დამატარებდი-მეთქი? ამის გახსენებამ გააბედნიერა... ვეუბნებოდი, შენ ჩემთვის იგივე ხარ, რაც შენთვის ინოლა იყო-მეთქი...
კიდევ ბევრი ძვირფასი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, ყველა მათგანზე ერთ ინტერვიუში ვერ ვისაუბრებ.
თამუნა კვინიკაძე