„აღმოსავლელი ჰიტლერი“
"შემომხედეთ, ბოროტს ვგავარ?! - სულაც არა, სინდისი სუფთა მაქვს!" - ასე მიმართა მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა უსასტიკესმა ტირანმა და დიქტატორმა ამერიკელ ჟურნალისტს მისი ბოლო ინტერვიუს დროს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. კითხვაზე: ქენჯნის თუ არა სინდისი საკუთარი ქმედებების გამო და აღიარებს თუ არა შეცდომებს, პოლ პოტმა უპასუხა, რომ არაფერს ნანობს და მისი შეცდომები გამოსავლის ძიებით იყო განპირობებული...
მისი თავაზიანობა და იმავდროულად სისასტიკე მსოფლიოს თავგზას უბნევდა. მასზე ამბობდნენ, რომ შეეძლო საღამოს ადამიანთან ერთად ღვინო დაელია, ტკბილად ესაუბრა და დილას სასიკვდილოდ გაეშვა... "თავაზიანი, მომხიბვლელი, უცოდველი გარეგნობით, მაგრამ მეტისმეტად სასტიკი!" - ასე დაახასიათა პოლ პოტი კამბოჯის მეფე ნოროდომ სიანუკმა. დიქტატორის ყოფილი თანამებრძოლი კი, რომლის მამასაც ქვა გამოაბეს და ჭაში ჩააგდეს, ამბობს, რომ პოტი ცივსისხლიანი ადამიანი იყო, რომელსაც არაფერი უყვარდა, რაც გრძნობებთან იყო დაკავშირებული.
რევოლუციური "წითელი ქმერების" მთავრობა კამბოჯას 1975-1979 წლებში მართავდა. მათ სისხლიან მმართველობას შეეწირა 2 მილიონამდე კამბოჯელი, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს ან დაიღუპნენ შიმშილით და დაავადებებით. მთავრობის მეთაური, სასტიკი დიქტატორი პოლ პოტი, რომელსაც ზოგიერთი ისტორიკოსი "აღმოსავლელ ჰიტლერს" უწოდებს, მის რეჟიმს კი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბარბაროსულ და მკვლელ რეჟიმად მიიჩნევს, ქვეყანას თითქმის ოთხი წელი მართავდა. ამ მოკლე პერიოდში მშვიდობიანი და თვალწარმტაცი კამბოჯა ერთ უზარმაზარ სასაფლაოდ გადაიქცა.
"ამხანაგი 87“
პოლ პოტი, იგივე სალოთ სარი, 1925 წლის 19 მაისს შეძლებული კამბოჯელი ფერმერის ოჯახში დაიბადა. მამამისი ბრინჯის პლანტაციებს ფლობდა, დედა ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა და სოფელში პატივცემული ქალი იყო. 9-შვილიან ოჯახში სალოტ სარი მე-8 იყო. ის 5-6 წლისა უფროს ძმასთან გაგზავნეს დედაქალაქ პნომპენში, სადაც დაწყებითი განათლება ბუდისტურ მონასტერში მიიღო. 1949 წელს სახელმწიფო სტიპენდიით პარიზში გაემგზავრა რადიოელექტრონიკის შესასწავლად, თუმცა სწავლაზე მეტად რევოლუციური საქმიანობით დაინტერესდა. სალოტ სარი ახალგაზრდა მემარცხენე კამბოჯელი ნაციონალისტების ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც მოგვიანებით "წითელი ქმერების" რიგებში მისი თანალიდერები გახდნენ. პარიზში სწავლის დროს იყო საშუალო დონის სტუდენტი, თამაშობდა ფეხბურთს, უკრავდა ვიოლინოზე, თუმცა სხვა მხრივ ყურადღებას არ იქცევდა. გამოცდებზე ჩაჭრის შემდეგ მას სტიპენდია შეუწყდა და 1953 წელს პნომპენში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებული რამდენიმე წელი პნომპენის კერძო სკოლაში ისტორიას, გეოგრაფიასა და ფრანგულ ლიტერატურას ასწავლიდა, შემდეგ კი დედაქალაქი დატოვა, რადგან პოლიციამ მის კომუნისტურ კავშირებზე ეჭვი აიღო. 1963 წელს მან რევოლუციური ფსევდონიმი, პოლ პოტი მიიღო. შემდეგი 12 წელი კი კომუნისტური პარტიის მშენებლობას მიუძღვნა და პარტიის გენერალური მდივანიც გახდა.
მას ბევრი სახელი ჰქონდა: "უფროსი ძმა", "პირველი ძმა", "ამხანაგი 87" და ა.შ. მაგრამ მსოფლიო მას ფსევდონიმით - პოლ პოტი იცნობს. თავად დიქტატორი თვლიდა, რომ რაც მეტი სახელი აქვს ადამიანს, მით უკეთესი - ეს მტერს აბნევს.
მარქსისტული იდეები
პარიზში მარქსის წაკითხვის შემდეგ პოლ პოტი თანასწორობასა და ყველა მიწიერი სიკეთის (ფულის, განათლების, კომფორტის) უარყოფას ქადაგებდა. მისი ბრძანებით მოსახლეობა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ დამღლელ სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო სამუშაოებში ჩაება. შემოიღეს 18-საათიანი სამუშაო დღე; დამქანცველი შრომა შერწყმული იყო მარქსიზმ-ლენინიზმის სულისკვეთებით "ხელახალ განათლებასთან". საკვების რაციონი მინიმალური იყო და ხშირად დასჯის მიზნით ადამიანებს ართმევდნენ კიდეც. პოლ პოტი ხალხს ბრინჯის პლანტაციებში ამუშავებდა, სადაც მხოლოდ ბრინჯს აჭმევდნენ, თვითონ კი თავს გურმანად თვლიდა - მიირთმევდა ირმის, გარეული ღორისა და კობრას ხორცს, უყვარდა ხამანწკები, იხვის კვერცხი და შვეიცარიული ყველი.
"ფული ბოროტებაა!"
ქვეყანაში არავინ იცოდა, ვინ მართავდა მათ. ლიდერი და მისი თანამოაზრეები ერთმანეთს რიგითი ნომრებით მიმართავდნენ: "ამხანაგი პირველი", "ამხანაგი მეორე" და ა.შ. თავად პოლ პოტი იღებდა მოკრძალებულ ნომერს "ამხანაგი 87", რომელსაც ბრძანებების ხელმოწერისთვის იყენებდა.
1975 წლის 17 აპრილს მისი ოცნება ახდა: "წითელი ქმერების" ჯარები დედაქალაქში შევიდნენ. პოლ პოტმა დაუყოვნებლივ გამოსცა ბრძანებულება ფულის გაუქმების შესახებ და ეროვნული ბანკის განადგურებაც ბრძანა. ყველას, ვინც ქარისგან მიმოფანტული ბანკნოტების შეგროვებას ცდილობდა, ადგილზე ესროდნენ... რაში სჭირდებოდა ფული - პოლ პოტს ხომ მთელი ქვეყანა ხელში ეჭირა!
ქვეყნის სრული იზოლაცია
პოლიტბიუროს პირველივე სხდომაზე პოლ პოტმა გამოაცხადა, რომ ამიერიდან კამბოჯას კამპუჩია ეწოდებოდა და რამდენიმე დღეში ქვეყანა კომუნისტური გახდებოდა. მან მაშინვე რკინის ფარდა ჩამოაფარა თავის კამპუჩიას: გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, აკრძალა საფოსტო და სატელეფონო კომუნიკაციები და მთლიანად ჩაკეტა საზღვრები.
სსრკ-მ თბილად მიიღო კომუნისტი თანამებრძოლი, მაგრამ როდესაც საბჭოთა მთავრობამ "ძმური კამპუჩიის" ლიდერები მეგობრულ ვიზიტზე მიიწვია, მათ უხეშად უპასუხეს: "ჩვენ ვერ მოვალთ, ძალიან, ძალიან დატვირთულები ვართ, ბევრი სამუშაოა"... და - დუმილი... საბჭოთა უშიშროებამ სცადა სადაზვერვო ქსელის შექმნა კამპუჩიაში, მაგრამ უშედეგოდ. ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია თითქმის არასდროს ჟონავდა.
ქვეყნის სრული იზოლაციის განსამტკიცებლად პოლ პოტმა გამოსცა ენობრივი დეკრეტებიც: აკრძალა ყველა ენა, ქმერულის გარდა - უცხო ენებზე საუბარი სიკვდილით ისჯებოდა, ხოლო ყველაზე მძიმე დანაშაული ევროპულ ენებზე, განსაკუთრებით ფრანგულად ლაპარაკი იყო...
ახალი რეჟიმის დამყარების შემდეგ, მეორე დღესვე, დედაქალაქ პნომპენის მცხოვრებლებს გამოუცხადეს, რომ სამი დღის განმავლობაში დაეტოვებინათ ქალაქი. "წითელი ქმერების" ჯარისკაცები განუწყვეტლივ ისროდნენ ჰაერში. იმავდროულად, მოსახლეობას წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მაგრამ ქალაქიდან 2,5 მილიონი ადამიანის ევაკუაცია სამ ღამეში ვერ მოხდებოდა. "ევაკუაცია" ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. "წითელი ქმერების" ჯარისკაცები სახლებში შედიოდნენ, ბავშვებს მშობლებს აშორებდნენ, ესროდნენ მათ, ვინც ბრძანებას აპროტესტებდა...
"სიკვდილის ველები"
განადგურდა სოფლები - გლეხები კომუნებში შეყარეს. ვინც უარს ამბობდა, სიკვდილით დასაჯეს. მათ არ ესროდნენ იარაღიდან (ტყვიების დაზოგვის მიზნით), კლავდნენ კეფაში თოხის ან წერაქვის ჩარტყმით, თხრილის პირას... თუ ბევრი ადამიანის სიკვდილით დასჯა იყო საჭირო, ჯგუფებად აგროვებდნენ, ფოლადის მავთულით აკავშირებდნენ და ელექტროდენს უტარებდნენ, შემდეგ ორმოში ყრიდნენ.
რეჟიმი მართავდა ციხეების ქსელსაც, რომელიც ფუნქციონირებდა, როგორც წამებისა და სიკვდილით დასჯის ცენტრები. ყველაზე ცნობილი იყო ტუოლ სლენგის ციხე (შ-21) პნომპენში, სადაც პატიმრებს აიძულებდნენ სიკვდილით დასჯამდე ეღიარებინათ შეთითხნილი დანაშაულები. როგორც ცნობილია, დაახლოებით 20 000 ადამიანი გაგზავნეს შ-21-ში და იქიდან მხოლოდ რამდენიმე გადარჩა...
კამბოჯაში დღესაც არის ე.წ. "სიკვდილის ველები", სადაც დახოცილთა საერთო საფლავებია, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ფერად სამაჯურებს ტოვებენ მემორიალად ქცეულ იმ ხეებზე, რომლებზეც "წითელი ქმერების" ჯალათები ბავშვებს სიკვდილამდე სცემდნენ...
სათვალიანებს კლავდნენ...
ინტელიგენცია #1 მტრად გამოცხადდა - ის უნდა გაენადგურებინათ ან "ხელახალი განათლებით" გადაემზადებინათ ბრინჯის ყანებში. ინტელექტუალად ითვლებოდა ყველა ადამიანი, რომელიც სათვალეს ატარებდა და მათ ადგილზევე კლავდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ მასწავლებლებზე, მეცნიერებზე, მწერლებზე, მხატვრებსა და ინჟინრებზე. გაანადგურეს ექიმებიც, რადგან, პოლ პოტის მტკიცებით, ჯანდაცვის სისტემის არარსებობით მომავალში ბედნიერი ერი ავადმყოფებისგან გაიწმინდებოდა.
რაც შეეხება რელიგიას, პოლ პოტმა ის სახელმწიფოსგან უბრალოდ კი არ გამოყო, როგორც ამას სხვა ქვეყნების კომუნისტები აკეთებდნენ, მთლიანად გააუქმა. ბერები სიკვდილით დასაჯეს, ტაძრები კი სასაკლაოებად გადააქციეს. რეჟიმის დაცემის შემდეგ სამოცი ათასი ბერიდან მხოლოდ სამი ათასი დაბრუნდა დანგრეულ ტაძრებში. ეროვნული საკითხი მარტივად მოგვარდა: კამპუჩიაში ყველა ეთნიკური ჯგუფი, ქმერების გარდა, განადგურების საფრთხის ქვეშ იყო, განსაკუთრებით ვიეტნამელები.
მმართველობის პირველ წელს პოლ პოტმა მთლიანად გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკა და მისი ყველა პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტი. აიკრძალა წერა-კითხვა, სიმღერები, ცეკვა და ტრადიციული დღესასწაულები, გაუქმდა ბიბლიოთეკები, თეატრები და კინოთეატრები, ხოლო ეროვნული არქივები და ძველი წიგნები დაწვეს.
ოჯახის ინსტიტუტის გაუქმება
პოლ პოტმა შეძლო ის, რაც მანამდე არც ერთ რევოლუციურ ლიდერს არ გაუკეთებია - მან გააუქმა ოჯახისა და ქორწინების ინსტიტუტი. ცოლები ქმრებისგან განცალკევებით ცხოვრობდნენ. მათ შვილებს უშვილო პარტიულ ჩინოვნიკებს აძლევდნენ, რომლებიც ბავშვებს "რევოლუციონერ მებრძოლებად" ზრდიდნენ. თითოეულ კომუნას სოფლის უხუცესი ხელმძღვანელობდა, რომელიც მამაკაცებს პარტნიორებს ურჩევდა. თუმცა, მამაკაცები და ქალები ცალ-ცალკე ყაზარმებში ცხოვრობდნენ და შეხვედრის უფლება მხოლოდ თვეში ერთხელ, დასვენების დღეს ჰქონდათ.
ბრძოლა ბოლომდე
როგორც ყველა ციხე შიგნიდან ტყდება, პოლ პოტის რევოლუციურ არმიაშიც რღვევა დაიწყო. ამით მეზობელმა ვიეტნამმა ისარგებლა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტში იყო "წითელ ქმერებთან" და 1978 წლის დეკემბერში, ვიეტნამის არმია კამბოჯის ტერიტორიაზე შევიდა. 1979 წლის დასაწყისში დისიდენტ "წითელ ქმერელებთან" ერთად მათ პნომპენი აიღეს. სულ რამდენიმე საათით ადრე პოლ პოტი დედაქალაქიდან გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ ის სწრაფად დაამხეს, კიდევ 20 წელი გააგრძელა ბრძოლა, ჯუნგლებში იმალებოდა და პარტიზანულ ომს აწარმოებდა.
დიქტატორის აღსასრული
1997 წლისთვის "წითელმა ქმერებმა" სრულად დაკარგეს გავლენა და ძალაუფლება. იმავე წლის ივნისში თანამებრძოლებმა პოლ პოტი პარტიის ხელმძღვანელობიდან მოხსნეს და შინაპატიმრობაში მოათავსეს, ივლისში კი ქვეყნის ღალატში დასდეს ბრალი! დიქტატორს სიკვდილით დასჯა მიესაჯა, თუმცა განაჩენის აღსრულება შეჩერდა - რევოლუციისთვის გაწეული სამსახურისთვის სისხლიან ლიდერს მშვიდობიანი ცხოვრების უფლება მიეცა.
72 წლის პოლ პოტი 1998 წლის 15 აპრილს გარდაცვლილი იპოვეს, ოფიციალური ვერსიით, ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა, თუმცა, იყო ლაპარაკი მოწამვლასა და თვითმკვლელობაზეც. გვამის ექსპერტიზა არ ჩატარებულა. გარდაიცვალა სრულ მარტოობაში - ცოლი და ერთადერთი ქალიშვილი მისი გასამართლების შემდეგ ცალკე ცხოვრობდნენ. ცხედარი სასწრაფოდ შეჭედილ ხის ყუთში მოათავსეს, კრემაცია ჩაუტარეს და ფერფლი მიმოფანტეს. სისხლიან დიქტატორს არ დაუტოვებია არც დიდძალი ქონება და საბანკო ანგარიშები, არც მარშალის პალტო. ავადმყოფობისას მხოლოდ მცენარულ ნახარშებს სვამდა. რამდენიმე პატარა ბოთლი ტრადიციული წამალი, მარაო და მწერებისგან დამცავი ბადე - სულ ეს იყო...
პოლ პოტს მთელი ცხოვრება სჯეროდა, რომ გარკვეული მისია ეკისრებოდა - კამბოჯა ვიეტნამის იმპერიალიზმისგან უნდა გადაერჩინა და ახალი ერი შეექმნა...
"წითელი ქმერების" სისხლიანი ლიდერი ცნობილ ნაცისტურ პრინციპს მისდევდა: რაც უფრო საშინელია ტყუილი, მით მეტი ადამიანი დაიჯერებს მას. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პოლ პოტმა ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ არაფერს ნანობდა, რომ ყველაფერში მართალი იყო და მისმა ხელქვეითებმა მისი ბრძანებები არასწორად გაიგეს.
შორენა ბიწაძე