ლეგენდარული „ტიტანიკის“ დიდებული მენიუ - კვირის პალიტრა

ლეგენდარული „ტიტანიკის“ დიდებული მენიუ

მითად ქცეული საოკეანო ლაინერი "ტიტანიკი" თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა. იგი არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესისა და ფუფუნების, არამედ ადამიანური ამბიციებისა და ტრაგიკული ბედისწერის გამოხატულებად იქცა. საუკუნეზე მეტი გავიდა მისი ჩაძირვიდან, თუმცა იგი დღემდე იწვევს ინტერესს თითქმის ყველა ასპექტით - არქიტექტურით, სოციალური მოწყობით, მგზავრთა ისტორიებითა და, რა თქმა უნდა, კულინარიული თვალსაზრისითაც. გემი, რომელიც "ჩაუძირავად" მიიჩნეოდა, პატარა მცურავ ქალაქს ჰგავდა, სადაც თითოეულ კლასს თავისი ყოველდღიურობა და კომფორტის დონე გააჩნდა. პირველი კლასის ფუფუნებიდან მესამე კლასის უბრალო, მაგრამ სუფთა და ორგანიზებულ კვებამდე, "ტიტანიკის" მენიუ მხოლოდ საკვების საკითხი არ ყოფილა, ის მკაფიოდ ასახავდა იმდროინდელ სოციალურ იერარქიას, კულტურულ გემოვნებასა და ცხოვრების წესს. ამიტომ ლაინერის კულინარიულ სამყაროში ჩახედვა მხოლოდ მენიუს გაცნობა კი არა, მთელი ეპოქის გაცნობაც არის.

რეალობის უკეთ აღსაქმელად, ჯობს, ცოტა შორიდან მოვუაროთ ამ თემას: ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში სასტუმროების კვებას ეჭვის თვალით უყურებ­დნენ მაღალი ფენის წარმომადგენლები. ბევრი ძველი ოჯახი არც კი სადილო­ბდა საჯაროდ. ედვარდიანულმა ეპოქამ სიახლეები მოიტანა და ეს დამოკიდებულება შეცვალა. ამ პროცესს თავის მხრივ ხელი შეუწყო ამერიკის თანამედროვე ინდუსტრიულმა წინსვლამ, რომელმაც მდიდართა ახალი ფენა წარმოშვა. ცვლილებების დრო დადგა საოკეანო ლაინერებზეც. აქ კლასობრივი სისტემა სოციალურზე მეტად ფინანსურ სტატუსზე გახდა დამოკიდებული. მანამდე არსებულ ორკლას­იან სისტემაში უზარმაზარი განსხვავება იყო. მაღალი ფენის მგზავრებს თუ საუკეთესო კერძებს ფორმიანი სტიუარდები სპეციალურ მაგიდაზე მიართმევდნენ გერბით მორთული ფაიფურის ჭურჭლით, დაბალი კლასის მგზავრებს, რომელთა უმრავლესობას ბედის საძიებლად წასული ემიგრანტები შეადგენდნენ, მძიმე პირობებში უწევდათ­ მგზავრობა და საკვებიც ძალიან დაბა­ლი ხარისხის იყო, მომსახურებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე მათ საკუთარი ჭურჭელიც კი თან უნდა ჰქონოდათ. დაბალი კლასის ყველა მგზავრი გემბანის ქვეშ საკუთარი საწოლის გვერდით მიირთმევდა საჭმელს. საშუალო კლასის გაჩენამ აუცილებელი გახადა სამკლასიანი სისტემის დანერგვა, სადაც საშუალო შესაძლებლობის მგზავრებს მათთვის შესაფერის პირობებს შესთავაზებდნენ.

სწორედ "ტიტანიკის" მსგავსი გრანდი­ოზული ლაინერები იქცნენ ცვლილებების სიმბოლოდ. აქ სამკლასიანი სისტემა უკვე მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული: პირველი კლასის მგზავრებს ელიტარული რესტორნის დონეზე ემსახურებოდნენ, მეორე კლასში პირობები უფრო მოკრძალებული, მაგრამ მაინც დახვეწილი იყო, ხოლო მესამე კლასში - მინიმალური, თუმცა ორგანიზებული კვება და საცხოვრებელი უზრუნველყოფილი იყო. სწორედ ამგვარი სტრუქტურა წარმოაჩენდა, რომ საოკეანო ლაინერი იყო უკვე არა მხოლოდ საწყალოსნო ტრანსპორტი, არამედ სოციალური სტატუსის დემონსტრირების სივრცეც.

"ტიტანიკის" პირველ კლასში განსაკუთ­რებუ­ლი მომსახურება იყო. კაიუტები­ აღჭურვილი თანამედროვე კომფ­­ო­რტით - ცხელი წყლით, ელექ­ტროგა­ნათებით, მგზავრებს ჰყავდათ პირადი მსახურები, ჰქონდათ წვდომა ისეთ ფუფუნებაზეც, როგორიცაა აუზი, სპა და ბიბლიოთეკა. იმავეს ვერ ვიტყვით მეორე და მესამე კლასზე, სადაც მომსახურების სტანდარტები უფრო დაბალი იყო, მაგრამ მაინც გაუმჯობესდა წინა პერიოდთან შედარებით. "ტიტანიკის" მომსახურება ხაზს უსვამდა არა მხოლოდ კომფორტს, არამედ უსაფრთხოებასაც, რაც იმ დროისთვის ახალი ტენდენცია იყო. ამ სტანდარტებმა საბოლოოდ განსაზღვრა თანამედ­როვე კრუიზული ხომალდების მომსახურების ხარისხი.

"ტიტანიკის" რესტორანს ჰქონდა საკუთარი სამზარეულო და მოსამზადებელი ზონები, იყენებდა ფაიფურის და ვერცხლის ინვენტარს, ხოლო ყოველდღიური მენიუ დაბეჭდილი იყო სპეციალურ ბარათებზე. რესტორანს მართავდა ლუიჯი გატი, რომელიც ლონდონში რამდენიმე დაწესებულების მფლობელი გახლდათ. ის ასევე მართავდა რესტორანს "ოლიმპიკში". ორივე რესტორნის საერთო კონტროლს კომპანია "ვაით სტარი" ახორციელებდა. "ტიტანიკის" პირველი (და სამწუხაროდ, უკანასკნელი!) მოგზაურობისთვის გატიმ "ოლიმპიკის" მთავარი შეფმზარეული, პიერ რუსო დაიქირავა. 49 წლის რუსო საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მუშაობდა.

me-3-class-1777838447.jpg

"ტიტანიკის" მომსახურების ერთ-ერთი ინოვაცია იყო კერძო სადილებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სასადილო ზონა, რომელიც ლუქსების მგზავრებს ემსახურებოდა. ეს სივრცე საშუალებას აძლევდა მგზავრებს, შეექმნათ უფრო პირადი და ექსკლუზიური გარემო. მენიუები მზადდებოდა ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის კი სპეციალური ბარათები იბეჭდებოდა, რაც ხიბლს მატებდა გამოცდილებას.

მგზავრების მსახურებს ტიტანიკის "C" გემბანზე მოახლეებისა და კამერდინერებისთვის განკუთვნილი სასადილო ჰქონდათ, რომლის შესასვლელიც დიდი კიბის ქვეშ იყო. მათ მაგიდას ფორმიანი "ვაით სტარის" მომსახურე პერსონალი ემსახურებოდა. ამ უცნაურ, შუალედურ სამყაროში მათ არც პირველი ან მეორე კლასის მგზავრების უფლებები და არც პრივილეგიები გააჩნდათ, მაგრამ მაინც გემის ეკიპაჟზე უფრო მნიშვნელოვნად ითვლებოდნენ და ამიტომ ცალკე სადილობდნენ.

"ტიტანიკის" მეორე კლასში გამოყენებული იყო იმავე დიზაინის ვერცხლის ინვენტარი და ფაიფურის ჭურჭელი, ოღონდ, უფრო ნაკლები. მაგალითად, პირველ კლასში ყურძნის მაკრატელი იყო, მეორე კლასში კი მგზავრებს ყურძნის მარცვლების მტევნიდან ხელით მოწყვეტა უწევდათ.

"ტიტანიკის" სამზარეულო იმ დროის მაღალი კულინარიული სტანდარტების ნიმუში იყო. ლეგენდარული ფრანგი შეფმზარეული ოგიუსტ ესკოფიე, რომელიც "რიცის" სასტუმროებთან თანამშრომლობდა, დიდ გავლენას ახდენდა პირველი კლასის მენიუზე. ფრანგული ჰაუტე ცუისინე-ის გავლენით, პირველი კლასის მენიუში მრავლად იყო სოუსებით დატვირთული კერძები და დახვეწილი დესერტები. იმავდროულად, ბრიტანულ-ამერიკული ტრადიციაც იგრძნობოდა, მაგალითად, როსტბიფი და ქლიავის პუდინგი, რომლებიც კლასიკურ ინგლისურ კერძებად ითვლებოდა, მაგრამ ამერიკული სტილის ნაყინიც ემატებოდა. სწორედ ეს შერწყმა წარმოაჩენდა როგორც ძველი ევროპული ელიტის, ისე ახალი ამერიკელი მდიდარი ფენის გემოვნებას. ელიტარული დარბაზები, მუსიკის ფონზე გამართული ვახშამი და მრავალეტაპიანი სუფრა ესკოფიეს სტილის გაგრძელებას წარმოადგენდა. პირველი კლასის მგზავრებს დელიკატესებს სთავაზობდნენ. მენიუში შედიოდა რვა სახეობის ყველი; რამდენიმე სახეობის ლორი; როსტბიფი; ქათმის გალანტინი; მოხარშული კრევეტები კვერცხით; ომლეტი სატაცურითა და ნაღების საწებლით; საუზმეული - ნორვეგიული ანჩოუსები; დამარინადებული ქაშაყი; ლორისა და საქონლის ხორცის ღვეზელი; "წიწილა მერილენდულად". დესერტად - ვაშლის მერენგი და პუდინგი მოხარშული კრემით. ამ ყველაფერთან ერთად მსურველთათვის ხელმისაწვდომი იყო კარგად გაცივებული მიუნხენური ლუდიც.

titanic-menu-1777838447.jpg

მეორე კლასის მგზავრებსაც მრავალფეროვანი, თუმცა უფრო მოკრძალებული მენიუ ჰქონდათ - ბრიტანულ-ამერიკული აქცენტებით, ხორცის, წვნიანისა და დესერტის არჩევნით. მაგალითად, ღუმელში გამომცხვარი ზღვის ქორჭილა ცხარე სოუსით; ბატკნის ხორცი პიტნის სოუსით; ქათამი კარის სოუსში ბრინჯთან ერთად და ღვინის ჟელე. გარნირად შეიძლებოდა აერჩიათ მწვანე ლობიო, მოხარშული ბრინჯი ან შვედური ნიახურის პიურე. დესერტად კი სთავაზობდნენ თხილეულის ასორტს, ქლიავის პუდინგს, ამერიკულ ნაყინსა და ხილს. სასმელად - ყავას.

მესამე კლასში ემიგრანტებს, რომლებიც უმრავლესობას შეადგენდნენ, შედარე­ბით უბრალო, მაგრამ იმ დროისთვის უკვე გაუმჯობესებული კვება ხვდებოდათ წილად. საუზმის, სადილის, ლანჩის და ვახშმის კერძების სია მხოლოდ ერთ ფურცელს მოიცავდა. სადილად მგზავრებს სთავაზობდნენ ბრინჯის სუპს, მოხარშულ კარტოფილსა და ტკბილ სიმინდს. ერთადერთი კერძი, რომელიც პირველ და მესამე კლასს აერთიანებდა, როსტბიფი იყო. დესერტად კი ემიგრანტებს ხვდებოდათ ქლიავის პუდინგი ტკბილი სოუსითა და ხილი. არჩევანი მცირე იყო, თუმცა ბევრი მესამე კლასის მგზავრი ირლანდიიდან და ნორვეგიიდან გახლდათ, მათთვის კი ახალი ხილი ნამდვილად ფუფუნებას წარმოადგენდა.

გადარჩენილთა ჩანაწერებში ჩანს, რომ "ტიტანიკის" სასადილოები მათთვის დაუვიწყარი იყო. მაგალითად, მეორე კლასის მგზავრი ლილი ბენეტი იხსენებდა: "ყოველ საღამოს სადილი პატარა დღესასწაულს ჰგავდა - თეთრი სუფრები, ცხელი კერძები და მუსიკა, რომელიც გვაგრძნობინებდა, თითქოს პირველ კლასში ვიყავით"­.

საინტერესოა, რომ 2015 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში, აუქციონის სახლში Lion Heart Autographs, "ტიტანიკის" მენიუ გაიყიდა. ეს იყო პირველი კლასის მგზავრების სადილის მენიუ, რომელიც ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მიირთვეს. ფასი 88.000 დოლარს შეადგენდა. სამი შემორჩენილი მენიუდან ერთ-ერთი, რომელიც 1912 წლის 14 აპრილით თარიღდება, სპეციალისტებმა 50-70 ათას დოლარად შეაფასეს. მისი პირველი მფლობელი ნიუიორკელი ბიზნესმენი აბრაამ ლინკოლნ სოლომონი იყო, რომელმაც კატასტროფის დროს ერთ-ერთ სამაშველო ნავში ადგილი მოიპოვა. კიდევ ორი მენიუ ინახება ლონდონის ეროვნულ საზღვაო მუზეუმსა და კერძო კოლექციაში.

ქეთი ადეიშვილი