„უწმინდესს სახეზე ნათელი მოეფინა, რა საოცრებაა, წუხელ იები დამესიზმრაო“ - კვირის პალიტრა

„უწმინდესს სახეზე ნათელი მოეფინა, რა საოცრებაა, წუხელ იები დამესიზმრაო“

"უცებ მოვიფიქრე, ჩვენი იები მიგვერთმია. ვიცოდით, რომ ძალიან უყვარდა მცენარეები, თან ასე მოულოდნელად სხვას ვერაფერს მოვიფიქრებდით მისთვის საკადრისს", - იხსენებს კომპოზიტორი­ ოთარ ტატიშვილი.

- პირველად უწმინდესთან შეხვედრის საშუალება 1997 წელს მომეცა, მიზეზი იყო ჩემი ვოკალური ნაწარმოები ,,უფლის სადიდებელი", რომლის ტექსტის ავტორი შესანიშნავი პოეტი, მსახიობი და ტელეწამყვანი ირმა გურიელია. ეს ნაწარმოები ჯერ სტუდიაში ჩავწერეთ, დუეტში ლეგენდარულ საოპერო დივასთან, ცისანა ტატიშვილთან ერთად. გვსურდა უწმინდესს მოესმინა და შეეფასებინა. ამიტომ, როცა მასთან მივედით, ძალიან ვღელავდი, იქ კი ძალიან თბილი და უშუალო შეხვედრა გაიმართა. პატრიარქი ყავით და ნამცხვრით გაგვიმასპინძლდა. თბილი, კეთილგანწყობილი ატმოსფერო სუფევდა. ნაწარმოები ყურადღებით მოისმინა, ძალიან მოეწონა და დასძინა, ვფიქრობ, ეს მაინც საეროდ შესასრულებელი ნაწარმოებიაო და დაგვლოცა. იმავე წელს ცენტრალურ საახალწლო კონცერტზე დიდ საკონცერტო დარბაზში მე და ცისანა ტატიშვილმა წარმატებით შევასრულეთ ეს ნაწარმოები. ბექვოკალზე გვეხმარებოდა შესანიშნავი მომღერალი ნაირა ნაჩხატაშვილი. მომავალ წლებში უწმინდესთან შეხვედრის საშუალება არაერთხელ მომეცა. მეუღლესთან ერთად ხშირად გვიწვევდნენ საპატრიარქოში ლოცვებსა და ღონისძიებებზე, რომელთაც ხშირად ახლდა ცნობილი ქართველი და უცხოელი ხელოვნების მოღვაწეთა გამოსვლები. მეც არაერთხელ მომიწია უწმინდესის თანდასწრებით დაკვრამაც და სიმღერამაც, რამდენჯერმე ჩემი უნიჭიერესი მოწაფე მარიკო ებრალიძეც წარვადგინე.

ყოველთვის ყურადღებით ვუსმენდი უწმინდესის საუბარს რელიგიურ, ისტორიულ თუ ცხოვრებისეულ საკითხებზე. ეს იყო ბრძენი, გონიერი და უაღრესად კეთილგანწყობილი ადამიანის მიერ სწორად, ლაკონიურად, საინტერესოდ მოწოდებული შეგონებები. ერთხელ თამარ მეფესა და მის ღვაწლზე საუბრობდა და თქვა, ადამიანს სამი რამ აკნინებს სულიერად: გარეგნობა, მატერიალური მდგომარეობა და თანამდებობა. თამარ მეფეს ეს ყველაფერი ჰქონდა და წმინდანი გახდაო. ამ ყველაფერმა არ დააკნინა მისი პიროვნული ღირსებები და ადამიანად დარჩაო.

ერთხელ საპატრიარქოს ბაღში ვისხედით და უწმინდესის სადღეგრძელო შევსვით, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ვუსურვეთ, მან თავისი განუმეორებელი ღიმილით მოგვმართა, სიტყვას გაძლევთ, სანამ საქართველო არ გაერთიანდება, ამ ქვეყნიდან არ წავალო. სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ამ დღეს, არადა, მჯეროდა, ველოდი ამ დაპირების ახდენას. მწამს, რომ იმიერიდან ილოცებს მის უსაყვარლეს საქართველოზე და ეს საოცნებო დღეც დაგვიდგება.

770385d2-58b2-4889-9aca-630f10773a09-1777838857.jpg

- რას იტყვით ფესტივალზე "აღდგომიდან ამაღლებამდე"?

- 2006 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ინიციატივით დაფუძნდა კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ,,აღდგომიდან ამაღლებამდე", რომელიც მნიშვნელოვან მოვლენად იქცა კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის. 2016 წელს ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა უწმინდესის მუსიკალური ქმნილებების კრებულის გამოცემა და კომპოზიტორთა კავშირის წევრებს გვთხოვეს დახმარება. მე ერთობ რთული, მაგრამ შემოქმედებითად საინტერესო დავალება მომცეს, უწმინდესის ნაწარმოების ,,ფიქრები წარსულსა და მომავალზე" გადამუშავება საფორტეპიანო პიესად. უწმინდესი იმხანად გერმანიაში გახლდათ სამკურნალოდ და მას სხვებთან ერთად­ ახლდა საპატრიარქოს გუნდის შესანი­შნავი ლოტბარი სვიმონ ჯანგულაშვილი. ნოტებიც არ მქონდა, მუშაობა რომ დამეწყო, და სვიმონს დავუკავშირდი, მასალა მოეწოდებინა. სვიმონმა აუდიოფაილი გამომიგზავნა, რომელშიც თავად ასრულებდა უწმინდესის თემას რამდენიმე ვარიაციით. სმენით ამოვტვირთე და ვრცელი საფორტეპიანო პიესა გავაკეთე, რომელიც ფესტივალზე შეასრულა შესანიშნავმა პიანისტმა თამარ ლიჩელმა...

c6cc70d1-1589-4d42-b93e-eb04da293b4a-1777838857.jpg

მოგვიანებით უწმინდესი მანგლისს ეწვია, იქ აგარაკი გვაქვს. 10 წლის გახლდით, როცა მანგლისში აგარაკი შევიძინეთ. ბრონქების ქრონიკული პრობლემა მქონდა და მანგლისის ჰავა დღემდე საუკეთესოდ ითვლება თბილისის ახლო შემოგარენში. მას მერე ყოველ ზაფხულს იქ ვატარებთ ოჯახთან ერთად. ჩვენი აგარაკიდან ას მეტრში უძველესი მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და ეპარქიაა. უწმინდესი არაერთხელ სწვევია მანგლისს და ქადაგებისას აღუნიშნავს ამ წმინდა ადგილის სულიერი და რელიგიური მნიშვნელობა. 7-8 წლის წინ შედგა მისი ვიზიტი, სამწუხაროდ, უკანასკნელი. მრევლი და დამსვენებლები სიხარულით შეეგებნენ მას. აგვისტო იყო და ვიზიტი დიდგორობას დაემთხვა.­ პირველივე დღის საღამოს მოგვაკითხა მამა გიორგიმ, მანგლისის მღვდელმა და გვთხოვა წავსულიყავით მასთან ერთად ეპარქიაში უწმინდესთან შესახვედრად. სიამოვნებით დავთანხმდით და სანამ გავიდოდით, ჩემს მეუღლეს ვუთხარი, ეგებ რამე მივართვათ უწმინდესს-მეთქი, და უცებ მოვიფიქრე, ჩვენი იები მიგვერთმია. ვიცოდით, რომ ძალიან უყვარდა მცენარეები და თან ასე მოულოდნელად სხვას ვერაფერს მოვიფიქრებდით მისთვის საკადრისს.

ეპარქიის ულამაზეს ეზოში იყვნენ სტუმრები შეკრებილი. უწმინდესს ახლდნენ დაცვის ბიჭები, რამდენიმე სტიქაროსანი და სხვა სასულიერო პირები მრევლთან ერთად. უკვე ჩამობნელდა და ძალიან სუსტი სინათლის შუქზე იები თითქმის არც ჩანდა, რის გამოც ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი. ჩემი მეუღლე მიუახლოვდა უწმინდესს, ხელზე ემთხვია, მოიკითხა და მოახსენა, ოთარს პატარა საჩუქარი აქვს თქვენ­თვისო და დამიძახა. მე ფეხაკრეფით მივედი, მივესალმე, თქვენო უწმინდესობავ, ეს ჩემი გამოზრდილი იებია და მინდა მოგართვათ, ვიცი, რომ მცენარეები გიყვართ-მეთქი. დაცვის თანამშრომელმა, რომელიც უწმინდესის უკან იდგა, შუქი მიანათა ქოთანს და უცებ ღამის ფონზე იები სასწაულად გაბრწყინდნენ. უწმინდესს სახეზე ნათელი მოეფინა და თქვა, რა საოცრებაა, წუხელ იები დამესიზმრაო. სიხარულით ავივსე, უწმინდესი ასე რომ გავახარე. გვერდით მიუდგეს იები. უწმინდესი მისთვის ჩვეული სიდინჯით და სიბრძნით გვიყვებოდა საინტერესო ისტორიებს... შუალედებში რამდენიმე ახალგაზრდამ ლექსებიც წაიკითხა. მერე უწმინდესმა იკითხა, ვის შეუძლია თქვენ შორის კარგი წაკითხვაო? სიჩუმე ჩამოვარდა და მცირე პაუზის შემდეგ ჩემმა მეუღლემ რუსუდანმა მოკრძალებულად იკითხა, სასულიერო თუ საერო ლიტერატურისო? საეროსიო, ბრძანა უწმინდესმა. კი ბატონო, თუ გნებავთ მე წავიკითხავო, მიუგო რუსუდანმა. მოიხმო უწმინდესმა, გადასცა პოეზიის კრებული და მიუთითა რამდენიმე ლექსზე. რუსუდანმა ბუნებრივად, არაგადამეტებული არტისტიზმით ისე წაიკითხა, რომ საზოგადოებამ ტაშით დააჯილდოვა, უწმინდესმაც შეაქო, რა კარგად კითხულობო და კიდევ სთხოვა ჩვენი კლასიკოსების რამდენიმე ლექსის წაკითხვა. გალაკტიონის ლექსების მერე გვიამბო, თუ როგორ აუგო წესი ბუმბერაზ პოეტს... მერე შეისვა დიდგორის და გმირების ხსოვნის სადღეგრძელო. პატრიარქმა მომიხმო, მოდი ჩემთანო. ხელში წითელი ღვინით სავსე ვერცხლის სასმისი ეკავა და სადღეგრძელო რომ წარმოთქვა, მითხრა, შენ ხომ იები მომართვი, რითაც ძალიან გამახარე, მე კი ეს სასმისი მინდა მოგართვაო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, დიდი მადლობა გადავუხადე და ძალიან ბედნიერი ვარ ამ სახსოვრით. უწმინდესის შესმული წითელი ღვინის ლაქა დღესაც ამჩნევია სასმისს და ოჯახში, სადაც ხატები გვაქვს, ეს აზარფეშაც ამშვენებს სიწმინდეებს. რომ ვიშლებოდით, პატრიარქი წამოდგა და უკვე შენობის კიბეზე იყო შემდგარი, რომ შემობრუნდა და დაცვას მიუთითა, იები არ დაგრჩეთ, წამომიღეთო. ამან კიდევ უფრო გამახარა... მეორე დღეს თურმე ასეთივე საღამო ეწყობოდა ეპარქიაში, ჩვენ არ ვიცოდით. რომ მოსაღამოვდა, მამა გიორგი ისევ გვესტუმრა, უწმინდესმა გთხოვათ, რომ გადმობრძანდეთო. იმდენად მოსწონებია რუსუდანის წაკითხული, კვლავ გასჩენია ლექსების წაკითხვის სურვილი. რა თქმა უნდა, გადავედით და გავიყოლე ჩემი სავიოლინო კონცერტის ჩანაწერიც, რომანტიული ნაწარმოებია და შესანიშნავ ფონს უქმნიდა პოეზიას, თან მინდოდა უწმინდესსაც მოესმინა. ამჯერად რუსუდანს უწმინდესმა სთხოვა "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტების წაკითხვა. ამ თხოვნასაც შესანიშნავად გაართვა თავი რუსუდანმა, რაზეც უწმინდესმა უფრო შეაქო... უწმინდესი რომ ძალიან ნიჭიერი და უნიკალური პიროვნება გახლდათ, ეს საქვეყნოდ ცნობილია. მუსიკა ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო გახლდათ მისთვის და არაერთი ბრწყინვალე ნაწარმოები დაგვიტოვა. იმხანად ეპარქიაში ფორტეპიანო არ ჰქონდათ და გადავწყვიტე უწმინდესი ჩვენს აგარაკზე მიმეწვია, სადაც ძალიან კარგი როიალი და ფორტეპიანოც გვაქვს. მისი სტუმრობა ჩემთვის დიდი ბედნიერება და პატივი იქნებოდა. მამა გიორგიმ მითხრა, თავად მოახსენე და ეგებ დათანხმდესო. მივედი და მთელი გულით შევთავაზე, თქვენო უწმინდესობავ, ეგებ პატივი დაგვდოთ, ჩვენი აგარაკი აქვეა, გვესტუმროთ და გაგვაბედნიეროთ, კარგი გარემოა და კარგი ინსტრუმენტი მიდგას-მეთქი. დაფიქრდა ცოტა ხნით და თბილი ღიმილითა და მადლიერებით მომიგო, სხვა დროს იყოსო, შესაძლოა დაიღალა, მაგრამ მის მზერაში წამოსვლის სურვილი რომ შევნიშნე, ეს ჩემთვის ძვირფას მოგონებად დარჩება. რა თქმა უნდა, რომ მსტუმრებოდა, უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი. მადლობას ვუხდი ღმერთს და ჩვენს უწმინდესს, რომ მომეცა მასთან ურთიერთობის საშუალება. ნათელში ამყოფოს მისი უკვდავი სული უფალმა. ის ყოველთვის ჩვენთან იქნება.