შამგონა - ერთადერთი დასახლებული კუნძული საქართველოში - კვირის პალიტრა

შამგონა - ერთადერთი დასახლებული კუნძული საქართველოში

"ლაშა, გუშინ შამგონაში ვიყავი, აქეთობას სოფლის ცენტრში ტაქსის მოლოდინში იქ შევჩერდი, სადაც ჩვენ აბაყას დადგმა­ გვინდოდა წლების წინ და დავფიქრდი... სახალხო დიპლომატია უნდა გააქტიურდეს, თუ ჩვენ აფხაზებთან ძმურ თანაცხოვრებას ვაპირებთ... შამგონაში, თვითონ სოფელშიც ცხოვრება ნელი ტემპით მიდის, არც კულტურის სახლია, არც რამე გასართობი ცენტრი. რა უნდა გააკეთოს აქ ახალგაზრდა კაცმა? რამდენიმე ასეულ მეტრში აფხაზეთი იწყება. ღმერთმა ქნას, ოდესმე მათთან ურთიერთობა დალაგდეს. ოცნების აბაყაში კი, რომელიც აქ აიგება და რომლის ექსკლუზივიც შენ გეკუთვნის, ღამე გაეთიოს ოცდამეერთე საუკუნის არზაყანებს და თარაშებს... მერე იქით გადავალთ და ქალს სოხუმში პლაჟზე გავიცნობო”- ინატრა ჩემთან საუბარში შამგონელმა ჭაბუკმა გუშინ..."

33a1be35-61c1-4a3b-b181-f3c46aa9a526-1777840339.jpg

ეს პოსტი წერილია მეგობრისადმი, რომლის ადრესატიც იმ პერიოდში გულის შეტევით საავადმყოფოში იწვა. მეგობრები მწერლები არიან. ამ ემოციურ წერილს გია ჯიჭონაია, მწერალი, ზუგდიდის მუზეუმების ცენტრის უფროსი წერს მწერალ ლაშა გვასალიას... გია ჯიჭონაია შამგონაში იმყოფებოდა, პატარა კუნძულზე, რომელიც აფხაზეთის საზღვართანაა და სადაც მან ბავშვობა გაატარა. ის და მისი მეგობარი წლების წინ ქართველთა და აფხაზთა შერიგების სახლის, აბაყას­ დადგმაზე ფიქრობდნენ...

shamgonaa-1777840190.jpg

ჩვენ დავუკავშირდით პოსტის ავტორს, მწერალ გია ჯიჭონაიას და ვთხოვეთ აბაყას მნიშვნელობაზე ესაუბრა...

- აბაყა ოთხ სვეტზე შემდგარი ისლით ან ყავრით დახურული არქიტექტურული ნაგებობაა, შიგნით, ოთხივე მხარეს, სკამლოგინებია მოთავსებული, რათა ღამის გათევაც შეიძლებოდეს. აბაყა სულიერების ტაძარია, ჰუმანურობის უკვდავი ძეგლი. ტყუილად კი არ უწოდა მას აფხაზმა ხალხმა "სულის სახლი", რომელიც წინაპრებისა და გარდაცვლილების მოსაგონარი ადგილი იყო, პატივისცემისა და პატიების სიმბოლოდ ქცეული ადგილი, სადაც მოსისხლე მტრების შერიგებაც კი ხდებოდა. ასეთი სახლები სულ თითზე ჩამოსათვლელი ყოფილა და ისინიც ძირითადად სოფლების გზაგასაყარზე იდგა. იქ შეიძლებოდა ცეცხლის დანთება და ადამიანთა დაპურება. აბაყასთან ერთად, მინდა კოლხური დიდების მუზეუმის გახსნაც. შემპირდნენ დახმარებას, სოფელშიც ძალიან დაინტერესებული არიან. ახალგაზრდებმა გვითხრეს, ფიზიკურად ყველანაირად დაგეხმარებითო... შამგონა ულამაზესი სოფელია, მოვლილი ეზოებით, მაგრამ კულტურულ-საგანმანათლებლო ადგილები არა აქვთ. სოფელი ზღვის დონიდან 67 მეტრზეა. მდინარე ენგურსა და რუხისწყალს შორის მოქცეული საქართველოს ერთადერთი მდინარეული კუნძულია, რომელზეც ცალკე დასახლებული პუნქტია გაშენებული. ზუგდიდიდან 12 კილომეტრშია. XVII საუკუნის შუა ხანებამდე შამგონა ნახევარკუნძული იყო, ერთ-ერთი წყალდიდობის შემდეგ კი კუნძულად იქცა. მდინარე ენგურის მარცხენა შენაკადს წარმოადგენს პატარა მდინარე რუხისწყალი. ამჟამინდელი შამგონა შორეულ წარსულში ტყით ყოფილა დაფარული, სადაც გავრცელებული იყო უნაყოფო ვაზის ჯიში შამგუ. უკვე გადაშენდა, მაგრამ მისი სახელი შემორჩა კუნძულს. შამგონა, სავარაუდოდ, სოფელს ეწოდა XVII საუკუნის ბოლოდან, რადგან იტალიელ მისიონერ არქანჯელო ლამბერტს, რომელიც სამეგრელოს სწვევია საუკუნის პირველ ნახევარში, ლევან დადიანის მთავრობის დროს, თავის ნაშრომში მოხსენიებული აქვს "წიფურიას მონასტერი", რომელიც მისივე ჩანახატის მიხედვით, მდებარეობდა მდინარე ენგურის მარცხენა ტოტის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ნობაკევსა და ზუგდიდს შორის.

images-1777840190.jpg

- თქვენი იდეა ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ გააცანით?

- დიახ, ამ იდეით ძალიან დაინტერესდა აფხაზეთის დევნილთა განსახლების მინისტრი დათო ფაცაცია და დახმა­რებას შეგვპირდა. თუმცა ადგილი განათლების სამი­ნისტროს ბალანსზეა, მათ უნდა ვთხოვოთ ის მონაკვეთი სოფელს, ანუ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დროებით ან მუდმივ სარგებლობაში გადასცეს. ახლა მათგან თანხმობას ველით. იქ ყოფილი სკოლაა, რომელიც მიტოვებულია. თუ საჭირო იქნება, სოფლის მცხოვრებთა ხელმოწერებიც გაკეთდება.

- ამ სოფელში ბავშვობა გაატარეთ?

- შამგონა ჩემი ბავშვობის სოფელია და ნათელ დღეებს მახსენებს, წამოჩიტული მოზარდები გაშმაგებული ენგურის ტალღებს რომ ვეჯიბრებოდით... რამდენი ურა ცხენი გამიხედნია მის სანაპიროზე. ხშირად აფხაზები გადმოდიოდნენ, ბაბუას ჰყავდა­ ბევრი ნაცნობი აფხაზი და ხშირად გვსტუმრობდნენ. ძალიან თბილი ადამიანები ცხოვრობენ შამგონაში.

tanamedrove-abaya-1777840190.jpg

- მუზეუმის გახსნასაც გეგმავთ?

- მინი სამუზეუმო კომპლექსი გვინდა, რომელიც უნდა მოიცავდეს მეგრულ ოდას, ფაცხას და იქ იქნება აბაყა. უკან იქნება მომცრო ღომის ყანა. სიმინდის შემოსვლამდე (XVIII საუკუნე), ადგილობრივები ღომის ღომს მიირთმევდნენ. მოვაშენებთ მეგრული ჯიშის, გადაშენების პირას მისულ ვაზს: კოლოშს, მაჭყვადინას, ეგუძგურს და ა.შ.

- ცნობილ მწერალს, ჯეკ ლონდონს ჰქონდა აბაყას მსგავსი რამ...

- მესიამოვნა, ჩემი ბავშვობის საყვარელი მწერალი რომ ახსენეთ. მას ხომ მამი­ნაცვალი ჯონ ლონდონი ზრდიდა, რომელსაც თავისი ორი მცირეწლოვანი ქალი­შვილი ობოლთა თავშესაფარში ჰყავდა მიბარე­ბული. მამამისმა კი ის დაბადებამდე­ მიატ­ოვა და არასდროს უცვნია შვილად. ოჯახს ძალიან უჭირდა, პატარა ჯეკი გაზეთებს ყიდ­და, ქარხანაში მუშაობდა, ხან ხამანწკებს იჭერდა ზღვაში, სადაც ველურ და უშიშარ ცხოვრებას გაეცნო. ის თვითონ იყო მაწანწალა და ამ ხეტიალში ბევრი რამ ნახა. მოგვიანებით, როცა მსოფლიო აღიარება მოიპოვა, დიდი სახლი ააშენა, რომელიც შემოღამებული ან ავდარმოსწრებული მგზა­ვრებისთვის იყო განკუთვნილი. თან მათგან საინტერესო თავგადასავლებს ისმენდა, რაც მწერლისთვის მასულდგ­მულებელიცაა. ჰემინგუეიც კაფეში შევიდოდა, მაგიდასთან მარტო დაჯდებოდა, სვამდა თავისთვის და გვერდითა მაგიდებიდან წყვილების საუბარს უსმენდა, საღამოს კი, შინ დაბრუნებული, ამ დიალოგებს ქაღალდზე აცოცხლებდა...

- თქვენც შამგონაში აპირებთ ცხოვრებას?

- დიახ, ღომის ყანას მიხედვა ხომ უნდა?! სოფელი თბილი და ვაჟკაცი ადამი­ანებით გამოირჩევა. ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, დარწმუნებული ვარ უმრავლესობამ არ იცის. ქელე ეხვაიას გმირობა თითქმის იგივეა, რაც თევდორე ბერისა. თევდორე ბერის გმირობას სკოლაში ასწავლიან, ქელე ეხვაია კი არავინ იცის... ამბავი 1853 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა, სადაც საქართველოც იყო ჩაბმული. ომერ ფაშა სამეგრელოს ასაოხრებლად წამოვიდა. ზუგდიდის გადასაწვავად რომ მოდიოდა, წინ აბობოქრებული ენგური დახვდა. ფონს რომ ეძებდა, გზად მგზავრი დაიჭირეს, ვინ ხარო?! ქელე ვარ ეხვაიაო. ჩქარა, ფონი გვაჩვენეო, უბრძანეს. ის ჯარს წინ გაუძღვა და ხელებშეკრულმა ბობოქარ ენგურში შესცურა. ქელემ კოლხური ცურვით ღრმა წყალში შესცურა, თან უყვიროდა, აქეთაა ფონი, აქეთ წამოდითო და ასე ღრმა წყალში შეიტყუა თურქის ჯარი. ნაწილი იქ დაიხრჩო, თვითონ კი ენგური გადაცურა და გაიქცა...