„ჩვენ, ქართველები, ქართველებს ფარად დაგიდგებით!“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ, ქართველები, ქართველებს ფარად დაგიდგებით!“

ზოგი განსაკუთრებული მისიით იბადება. შესაძლოა ეს თავადაც არ იცის. ქედელი მერი დიასამიძე 10 წელიწადია თურქეთელი ქართველების სოფლებში დადის და დედასაქართველოსთან აკავშირებს, - ასე აგებს სულიერ ხიდებს ჩვენებურებსა და საქართველოს შორის. არადა, წლების წინ ისიც უამრავი ქართველი ქალივით ოჯახის საარსებო სახსრისთვის თურქეთში წავიდა, სადაც მისი მისიაც გამოჩნდა: წლების განმავლობაში დადიოდა, რომ ჩვენებურებისთვის ქართული წერა-კითხვა ესწავლებინა.

- მთელმა ჩემმა ცხოვრებამ, რომელიც სავსეა მოულოდნელობებით, მყარად დამარწმუნა: რა შორსაც არ უნდა იყოს ადამიანი საკუთარი ფესვებისგან, ერთ დღეს მის გულში სამშობლოს მონატრება ისე გაიდგამს ფესვებს, რომ არ მოასვენებს და სამშობლოს ძებნას დააწყებინებს. თურქეთში სულისშემძვრელია ქართველ მუჰაჯირთა სევდა. დღეს ეს ხალხი თურქეთში გამრავლებულიც არის, დაწინაურებულიც და უმეტესობას სამშობლო არ დავიწყებია. ქართული ენის მასწავლებლობა პირადად ისმეთ აჯარმა (ვაჭარიძე), თურქეთელმა ქართველმა ქველმოქმედმა შემომთავაზა, სიღარიბეში გაზრდილმა ბიჭმა, რომელმაც ქართველებისთვის 15 000 კორპუსი ააშენა და ბევრ ხელმოკლეს ბინაც აჩუქა. თავად ბატონი ისმეთი წყალტუბოელი ვაჭარიძის შთამომავალია. ერთხელ ვკითხე, ნუთუ არ გინდათ, რომ თქვენი წინაპართა ხაზი მეცნიერულად შევისწავლოთ-მეთქი, მითხრა, არა, ისედაც ვიცი, რომ წყალტუბოელი ვარ. ჩემთან იქაური ვაჭარიძე იყო ჩამოსული და ისე ვგავართ ერთმანეთს, ისედაც მეტყობა, რომ მისი ბიძაშვილი ვარო.

დღეს უკვე სამშობლოში დავბრუნდი, მაგრამ ახლაც მთელი ჩემი დრო მათ მასპინძლობას ეძღვნება. ტრადიციად იქცა ჩვენებურებისთვის ქართული წიგნების ჩუქება. ზოგიერთი გვეკითხება, რატომ მიგაქვთ წიგნები საჩუქრად, უმეტესობამ ხომ ანბანიც არ იცისო, მაგრამ უნდა ნახოთ, როგორი კრძალვით ექცევიან ქართულ ანბანს, ისე, თითქოს უძვირფასესი სიწმინდე იყოს.

ამ დღეებში, ბათუმში, სტუმრად მარმარილოს ზღვისპირეთის ქართველობის წარმომადგენლები გვყავდნენ და სასიამოვნო გადაწყვეტილება გვამცნეს - რვა ქართული ასოციაცია ერთ ფედერაციად გაერთიანდა, რომ მათ საქმეს ერთი სული და გული ჰქონდეს.

qartuli-drosa-da-meri-diasamize-1777840778.jpg

- მარმარილოს ზღვისპირეთის ქართველობა! მისტიკურად ჟღერს სახელი.

- მათი წინაპრები ძირითადად აჭარის მაღალმთიანეთიდან არიან: ხულოდან, ქედიდან, შუახევიდან. უკვე რამდენი წელიწადია ვადგენთ და იმდენად ზუსტად შევისწავლეთ მათი განაყოფი ოჯახები ჩვენს სოფლებში, რომ ეს ხალხი ერთმანეთს შევახვედრეთ. დიდი სიხარული და ცრემლიც იყო და ერთი მთავარი კითხვა, რამდენი ცხოვრობთ საქართველოში ქართველებიო. ჩვენებმა უპასუხეს, ძალიან ცოტანი დავრჩით, მხოლოდ 3 მილიონი ვართო, და ჩვენებურები გაგიჟდნენ: რას ჰქვია, 3 მილიონი დარჩით, ჩვენ 5 მილიონზე მეტნი ვართ, ანუ ერთად 8 მილიონი ვყოფილვართ და ჩვენ, ქართველები, ქართველებს ფარად დაგიდგებით!

ცოტა ხნის წინ ორდუს ქართველობაც ჩამოვიდა ბათუმში და ბათუმის უნივერსიტეტს მიმართა, უამრავი ჩვენგანი წინაპრებს ეძებს და გთხოვთ მათ დადგენაში დაგვეხმაროთო! გავოგნდი, როდესაც მითხრეს, რომ ორდუს ქართველობას კალანდის აღნიშვნა სურდა, მერე კი უკვე თავის კალანდობაზეც დამპატიჟეს ორდუში. მანამდე მთხოვეს, კალანდობასთან ერთად ბერიკაობაც უნდა ვიზეიმოთ და ფორმები გვიშოვეო. ბერიკაობაზე წავედით და გავიარეთ ქალაქის ორკილომეტრიანი ფართო ქუჩა ყიჟინით და მხიარულებით. ვხედავდი ორდუს ქუჩებში გამოფენილ თურქებს, რომლებსაც გაოცებული სახები ჰქონდათ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რატომ მოდის ამდენი ხალხი, რა უნდათო და როდესაც იგებდნენ, რომ ტრადიციულ დღესასწაულს აღვნიშნავდით, თვითონაც გვიერთდებოდნენ. ჩვენებურები საქართველოს დროშით მოდიოდნენ და არავის უთქვამს, შეინახეთო. პირიქით, ქალაქის უმაღლესი პირებიც შემოგვიერთდნენ.

მახსოვს, მუჰაჯირების მესხურ სოფელში გამგებელმა დროშა გამომართვა და სახელმწიფო დროშის გვერდით დაკიდა, 140 წლის შემდეგ აქ ქართული დროშა პირველად აფრიალდაო.

- ანუ გადმოცემით იცოდა, ქართველები როდის მივიდნენ იმ სოფელში. როგორ, რით დადიხართ თურქეთის ქართულ სოფლებში, ამას ხომ ფინანსები სჭირდება?

- როდესაც მეუბნებიან, რომ სადღაც არის ქართული სოფელი, ვიწყებ ნაცნობებთან რეკვას, ვუსხამ ავტომანქანაში საწვავს და მივდივარ, თან ჩვენებურებსაც ვთავაზობ ჩემთან ერთად წამოსვლას.

- გაუმარჯოს ქართველ ქალს, რომელიც უცხო მიწაზე ქართველების გულებს ერთმანეთთან და საქართველოსთან აერთიანებს. წარმატება გქონოდეთ ამ მისიის შესრულებაში.

- გაუმარჯოს იმ ქართველობას, რომელმაც შეძლო სამშობლოს სიყვარულის შენახვა და დედასამშობლოს ხანგრძლივი განშორების შემდეგ უბრუნდება. მათი იმედით ნათქვამი სიტყვა მთებსაც კი დაძრავს, მით უფრო ერთიანობა, რომლის ბედი ნამდვილად ჩვენს ხელშია.