"მოხდება ის, რომ მცირე მარნების 80-90% უბრალოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას“ - კვირის პალიტრა

"მოხდება ის, რომ მცირე მარნების 80-90% უბრალოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას“

დარგი, რომელიც დინამიკურად ვითარდება და საქართველოს იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა, ერთი ხელის მოსმით უნდათ რომ მოკლან" - ასე აფასებს "ღვინის ოსტატების" დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი "ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში" შეტანილ ცვლილებებს. მისი თქმით, მცირე მარნების გაქრობა შემოსავლების კუთხით პირდაპირ დააკლდება ეკონომიკას და ათასობით ქართულ ოჯახს. ამასთანავე, ანდრო ბარნოვი აღნიშნავს, რომ მიღებული ცვლილებებით დაზარალდებიან არამარტო მევენახეები, არამედ ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიებიც.

- გამოიცა ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება #2-145. 24.04.2026. და რას გვეუბნება ეს ბრძანება:

ადამიანი ვენახს ვეღარ გააშენებს, თუ:

არ წარადგინა განაცხადი და კიდევ რაღაც დოკუმენტები;

მიწაზე საკუთრების/სარგებლობის უფლება;

საკადასტრო რუკა;

ნიადაგის სრული ანალიზი;

ლიცენზირებული სანერგედან ნერგის შეძენის ინვოისი (ეს სანერგეები დღეს ბრუნვაში არსებული ჯიშების 10%-ს არ აწარმოებენ).

დაჯდება მერე ვიღაც ჩინოვნიკი და გადაწყვეტს, მოიღოს თუ არა მოწყალება. ნიადაგის ანალიზი ამ "უწყინარ" ჩამონათვალში ყველაზე დიდი ბომბია. კრიტერიუმები არ ვიცით.

პასუხს აძლევენ 20 დღეში. თანხმობა თუ მისცეს, მხოლოდ 3 წელი მოქმედებს.

ახლა ეს რას ნიშნავს: ბრძანება საერთოდ არ ახსენებს უკვე არსებულ ვენახებს. ანუ, ვიღაცამ თუ ვენახი გუშინ გააშენა, დღეს რომც არ მოედავონ, რეგისტრაციას მაინც დაავალდებულებენ.

არარეგისტრირებული ვენახიდან მფლობელი ყურძენს ვერ გაყიდის.

ჯერ ხომ ახლავე გაატყავებენ რეგისტრაციის ვალდებულებით, 3 წელიწადში კი თავიდან ეტყვიან, წარმოადგინე ეს ყველაფერი, თორემ რეგისტრაციას გაგიუქმებთო. ბევრს გაუუქმებენ კიდეც. ძალიან ბევრს.

დაიწყება ამ ადამიანების წამება და ფულის ტყუილად ყრა. წარმოიდგინეთ, კარდენახში ან ატენში, ან მუხრანში, ან ბაკურციხეში, ან ახაშენში, მუკუზანში, ნიაბში, ვაზიანში, ბაღდათში, საზანოში, ტვიშში, სალხინოში, თარგამეულში, ჯვარისაში, ხვანჭკარაში და ა.შ. და ა.შ. რომ აქვს ადამიანს ვენახი, რა ნიადაგის ანალიზი უნდა იმას? პატრონს თავად თუ აინტერესებს, თორემ საქართველოს იმდენი ასეული ისტორიული ტერუარი აქვს, მარტო ტერუარის სახელი უდრის ათას ანალიზს.

და ახალი ტერუარები? დაკარგული ტერუარები, ჯერ კიდევ რომ არ ვიცნობთ?.. როგორ აღმოვაჩენთ და დავიბრუნებთ მათ? - სწორია, ვეღარ აღმოვაჩენთ. როგორ განვითარდება მრავალფეროვნება? - ვერ განვითარდება!

კლონები? ერთი ჯიშის ათეულობით და ხან ასეულობით კლონი გვაქვს და ყველა თავისებურად საინტერესოა. ესენი, იმის ნაცვლად, რომ კლონებს სწავლობდნენ და კატალოგიზაცია ხდებოდეს, ამ ბოროტი რეგულაციით 1-2-3 ვარიანტზე დაიყვანენ. ეს არის ქართული ვაზის წინააღმდეგ განხორციელებული ისეთი ვანდალიზმი, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე შაჰ-აბასს რომ შეიძლება შევადაროთ.

ახლა მარნებს შეხედეთ. აქამდე ზოგს მამის, ზოგს პაპის დატოვებულ ვენახში მოჰყავდა ყურძენი. ზოგი წავიდოდა და ვისაც მამაპაპეული ვენახი ჰქონდა, იქ იყიდდა. გააფორმებდი ხელშეკრულებას, რომ წარმომავლობა გამოჩენილიყო=. ახლა? რამდენი გლეხი მოახერხებს ვენახების რეგისტრაციას? ან უღირს კი? მარტო ანალიზებში რომ 1000-2000 ლარი ექნება გადასახდელი, ვინ გააკეთებს ამას?

რა მოუვათ მცირე მარნებს, რომლებიც შესანიშნავ მრავალფეროვნებას ქმნიდნენ ამ ქვეყანაში? - გაქრებიან. ამ მემარნეების შემოსავლების გაქრობა ვის დააკლდება? - ჩვენ, ყველას, ანუ მთლიანად ეკონომიკას. ამას ბიუჯეტი დიდად ვერ იგრძნობს, მაგრამ იგრძნობს ათასობით ქართული ოჯახი, არა მხოლოდ ისინი, ვინც მარანსა და ვენახს დაკარგავს, არამედ -სოფლის მაღაზიები, სადაც შემცირდება ვაჭრობა, მცირე ჯიხურები, სადაც იგივე მოხდება, შემცირდება ღვინის ინვენტარით მოვაჭრე მაღაზიების შემოსავალი, მცირეები აქაც დაიხურებიან. გაღარიბდებიან ღვინის ბარები, ერთი მნიშვნელოვანი განზომილებით გაღარიბდება ტურისტული სექტორი.

დარგი, რომელიც დინამიკურად ვითარდება და საქართველოს იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა, ერთი ხელის მოსმით უნდათ რომ მოკლან.”

კერძო მენამყენეები? აქამდე რომ შრომობდა კაცი თავის მიწაზე, წელიწადში 2-3000 ნამყენს ყიდდა და 10 000 ლარს შოულობდა ოჯახისთვის, ვეღარ იშოვის.

კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო? უამრავი ადამიანი და უამრავი მიმართულებაა, საითაც ეს მავნებლობა მისწვდება!

არ არის ხომ, კარგი სურათი? და ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე ახალ დიდ ვენახს, რომლებიც სავარაუდოდ, მოპარული ან სახელმწიფოსგან "საჩუქრად" მიღებული ფულით გაშენდა, გარანტირებული სარეალიზაციო ბაზარი უნდა. ეს კანონი მევენახეებს ხომ არტყამს და ღვინის დიდ კომპანიებს ქოც-მევენახეთა მონებად აქცევს. სწორედ "ქარხნებმა" უნდა გაუსაღონ მათ ყურძენი.

საბოლოოდ მოხდება ის, რომ მცირე მარნების 80-90% უბრალოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას. დასრულდება ექსპერიმენტები, დასრულდება ველური მევენახეობა და მეღვინეობა, ეს კი ზუსტად ის არის, რაც საქართველოს ნამდვილ ღვინის ქვეყნად აქცევს. ერთი სიტყვით, ეს რეგულაცია არის ისეთი მასშტაბის მავნებლობა და პირდაპირი მტრობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ეს რამდენიმე აბზაციც კი ძლივს დავწერე სასოწარკვეთილმა - აღნიშნავს ანდრო ბარნოვი.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას. რეგულაცია ვრცელდება პირებზე, რომლებიც ვენახის გაშენებას სამეწარმეო საქმიანობისთვის გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.

მერი ტაბატაძე