“მოითხოვდა ჩვენს გაგდებას თეატრიდან, ეს იყო ყველაზე დიდი შოკი მეგობრისგან..." - პოლიტიკური რეპრესიები რუსთაველის თეატრში?! - რას ჰყვება მსახიობი ანა ამილახვარი სკანდალური კრების შესახებ
რუსთაველის ეროვნულ თეატრში მიმდინარე საკადრო ცვლილებები და მსახიობთა გათავისუფლება მწვავე სკანდალის მიზეზი ხდება. მსახიობი ანა ამილახვარი, რომელიც ერთ-ერთია იმ სამ ქალს შორის, ვისაც კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს, თეატრში არსებულ „რეპრესიულ გარემოზე“ საუბრობს. თუმცა, მისთვის ამ ისტორიაში ყველაზე მძიმე და მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ სამსახურის დაკარგვა, არამედ კოლეგის ღალატი.
ამილახვარი დეტალურად აღწერს იმ სკანდალური კრების დეტალებს, სადაც მსახიობმა ქეთი სვანიძემ, ავტორის თქმით, „ჩაქოლვის ლიდერობა“ ითავა და დასის წინაშე კოლეგების თეატრიდან გაძევება მოითხოვა.- იქიდან გამომდინარე რომ აპოლიტიკური ხარ და ვერ გაგირკვევია, შენს ცხვირწინ რა ხდება, მაშინ გეტყვი, რომ რუსთაველის თეატრში რეპრესიებია. 1 მარტიდან გამიუქმდა კონტრაქტი რუსთაველის თეატრში, ისე რომ ერთი კაციც ვერ მოძებნეს, ეს ინფორმაცია ადეკვატურად, რომ მოეწოდებინა.

დღემდე არ მაქვს არავითარი დოკუმენტი სადაც გათავისუფლების მიზეზი იქნება მითითებული. ამბობენ, რომ ამის აუცილებლობა ახალი კანონის თანახმად აღარ აქვთ. ბატონი რობერტ სტურუას თქმით: ის პოლიტიკური ნიშნით არ ათავისუფლებს ხალხს, ამ დროს კი გაგვათავისუფლეს მხოლოდ ის სამი მსახიობი ქალი, რომლებმაც მხარი დავუჭორეთ სინდისის პატიმრებს სცენიდან.