თბილისიდან მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა - რომელი რეგიონების მიმართულებით მოიმატა ფასმა
თბილისიდან ზოგიერთი რეგიონის მიმართულებით, მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. რიგ მიმართულებებზე მგზავრობის ტარიფებმა 5 ლარით მოიმატა.
არსებული ინფორმაციით, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის ტარიფების კორექტირება ქვეყანაში საწვავის გაძვირებასთან არის დაკავშირებული.
რომელი რეგიონების მიმართულებით გაძვირდა მგზავრობა თბილისიდან
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ავტოსადგურ „ოკრიბას“ ცხელ ხაზზე განუცხადეს, ამ დროისთვის, ფასების ცვლილება შეეხო ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებებს, სადაც მგზავრობის ღირებულება 15-დან 20 ლარამდე გაიზარდა.
ამასთან, მოქალაქეების ინფორმაციით, გაიზარდა საფასური კახეთის მიმართულებებზეც. მაგალითისთვის, სამგორის სადგურიდან კახეთის სოფლების მიმართულებით მგზავრობის ტარიფი 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა.