მეუფე ზენონის თქმით, სინოდმა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა მიტროპოლიტ იობის დიპლომის გაცემის ფაქტი - საკმარისი იქნება თუ არა აღიარებისთვის?
წმიდა სინოდმა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის, მიტროპოლიტ ზოსიმეს წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა მიტროპოლიტ იობის დიპლომის გაცემის ფაქტი, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი, მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღნიშნული სინოდური გადაწყვეტილება წარმოადგენს საკმარის და სრულ სამართლებრივ საფუძველს, ქმნის სრულ იურიდიულ ეფექტს, განამტკიცებს მის ლეგიტიმურობას და გამორიცხავს მისი არაღიარების შესაძლებლობას.
"მსურს განვმარტო, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ (წმიდა სინოდი), როგორც ეკლესიის უმაღლესმა საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანომ, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის (მიტროპოლიტი ზოსიმე) წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, ყოვლადსამღვდელო იობის შესაბამისი საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი) გაცემის ფაქტი.