პუტინის "პოლიტიკური სირაქლემები" და "ნოვიჩოკის" სკანდალი - ჩეხი "ორბანის" მანევრები
ჩეხეთ–საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობები, ორივე ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დღეს ყველაზე დაბალ ისტორიულ ნიშნულზეა. ათი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩეხეთი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს ერთგული მეგობარი იყო და გზას გვიკვლევდა ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხებში, ჩვენი ქვეყნის აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების რამდენიმე წარმომადგენელს სანქციებს დაუწესებდა. განვლილ პერიოდში ჩეხეთ–საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ამ ორი ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები ახდენდა და ახდენს გადამწყვეტ გავლენას.
ჩეხეთის კონსტიტუციით პრეზიდენტის ფუნქციებია: სახელმწიფოს წარმომადგენლობა; მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა; კანონებზე ვეტო; არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; ნიშნავს სამხედრო მაღალჩინოსნებს; აცხადებს ომს და დებს ზავს (პარლამენტის მონაწილეობით). გარდა ამისა: ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს (სენატის თანხმობით); ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს; აქვს შეწყალების და ამნისტიის უფლება და სხვ. თუმცა, ჩეხეთის რეალური აღმასრულებელი ძალა – ქვეყნის მთავრობაა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩეხეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ორი დიამეტრიულად განსხვავებული პიროვნებისა და პოლიტიკოსის ფილოსოფიური ხედვებით, მორალური პრინციპებითა და რუსეთისადმი დამოკიდებულებით განისაზღვრებოდა. ვაცლავ ჰაველსა და მილოშ ზემანს შორის იყო არა უბრალოდ პოლიტიკური განსხვავება, არამედ ღრმა იდეოლოგიური დაპირისპირებაც.
ვაცლავ ჰაველი მსოფლიოში ცნობილი და შეუბღალავი ავტორიტეტის მქონე დისიდენტი, ანტიკომუნისტი და ინტელექტუალი გახლდათ. მისთვის ჩეხეთის დასავლეთ ევროპასთან ინტეგრაცია, არა პარაგმატული, არამედ ღირებულებითი არჩევანი იყო. მისთვის ადამიანის უფლებები და მორალური პოლიტიკა ყველაფერზე მაღლა იდგა.
მისგან განსხვავებით მილოშ ზემანი ყოფილი კომუნისტი, შემდეგ სოციალ-დემოკრატად მოვლენილი პოლიტიკოსი გახლდათ, რომლისთვისაც მთავარი შედეგი იყო და არა მისი მიღწევის გზა.
ამიტომაც იყო, რომ ვაცლავ ჰაველი არასდროს ენდობოდა მილოშ ზემანის პოპულისტურ რიტორიკას. ხოლო თავად ზემანი ხშირად აკრიტიკებდა ჰაველის „იდეალიზმს“. მათი პოლოიტიკური დაპირისპირების „მთავარი ფრონტი“ საგარეო პოლიტიკა გახლდათ.
ვაცლავ ჰაველი მკვეთრად პროდასავლური და ანტისაბჭოთა/ანტირუსული ხედვის პოლიტიკოსი იყო, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებას. ამ დროს მილოშ ზემანი რუსეთთან ე.წ. პრაგმატული ურთიერთობების მომხრე იყო, მათ შორის პუტინის მიერ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგაც. ოღონდ რუსეთი არ გავაღიზიანოთ და თუ უნდა სულ „გადაუყლაპია“ საქართველოც და უკრაინაცო – დაახლოებით ამგვარი იყო და არის მილოშ ზემანის „პრაგმატული საგარეო პოლიტიკა“. ამიტომაც ის მუდამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინააღმდეგი გახლდათ. „
ზემანის ექპოქა“ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრობის (1998–2002) წლებიდან იწყება. მაშინ ერთი საინტერესო გარემოება გამოიკვეთა: იმ წლებში ჩეხეთის მთავრობა „რატომღაც“ საოცარი სიმშვიდით უყურებდა რუსი მზვერავების აქტიურ მოღვაწეობას. თუ იმ პერიოდში გერმანიიდან ასზე მეტი, საფრანგეთიდან - 70, დიდი ბრიტანეთიდან - 30, პოლონეთიდან კი - 10 რუსი ჯაშუში გააძევეს, ჩეხეთიდან მხოლოდ ერთი იყო გამოვლენილ/გაძევებული. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მილოშ ზემანს . . . . მოსკოვთან ურთიერთობების გართულება არ სურდა.

ფოტო: ცენტრში მილოშ ზემანი და ვაცლავ ჰაველი
მილოშ ზემანის პრორუსული განწყობები განსაკუთრებით „აგვისტოს ომისა“ და ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოიკვეთა. ის აცხადებდა, რომ კონფლიქტები უნდა შეფასდეს ძალთა ბალანსისა და პოლიტიკური რეალობის მიხედვითო. ამიტომაც იყო, რომ „აგვისტოს ომის“ და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ მკაცრად კი არ დაგმო რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა, არამედ ორივე მხარეს თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებდა, რითაც ფაქტიურად ამართლებდა პუტინის აგრესიას. იგივე განმეორდა ექვსი წლის შემდეგ.
მილოშ ზემანი, უკვე ჩეხეთის პრეზიდენტის რანგში, აცხადებდა, რომ უკრაინამ დაკარგა ყირიმი და ეს უკვე გეოპოლიტიკური რეალობაა, რომელიც შეიცვალა და მისი დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა რეალისტური მიდგომა რუსეთთან ურთიერთობაშიო. ზემანი აკრიტიკებდა მაშინ რუსეთის მიმართ დაწესებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს და ამტკიცებდა, რომ ისინი არაეფექტურია, აზიანებს ევროპულ ეკონომიკას და არ ცვლის რუსეთის ქცევასო. სწორედ ამგვარი ქვიშაში თავჩარგული „პოლიტიკური სირაქლემები“ სჭირდება პუტინს და ის ყოველნაირად უწყობს ხელს მათ გამრავლება/მოშენებას.
მილოშ ზემანი ათი წელი (2013–2023) იყო ჩეხეთის პრეზიდენტი და ამ პერიოდში რამდენ პრორუსულ გადაწყვეტილებას დაუჭირა ღიად, თუ ფარულად მხარი, ჯერ კიდევ უცნობია. ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის მიერ პუტინისთვის მირთმეული ორი „საჩუქარი“ კი საქვეყნოდ თავად მილოშ ზემანმა გაამხილა.
2018 წლის 4 მარტს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, 67 წლის სერგეი სკრიპალი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში 2010 წლიდან ცხოვრობს, და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია, სოლსბერში მდებარე იტალიურ რესტორან “ზიზიდან“ გამოსულნი, იქვე ახლოს სკამზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
2018 წლის 12 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სკრიპალი და მის ქალიშვილი მოწამლეს სამხედრო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, რომელის ე.წ. “ ნოვიჩოკის” ჯგუფს განეკუთვნება და ის რუსეთში მზადდებოდა. ეს დაანაშაული ან პირდაპირ რუსეთის დავალებით ჩაიდინეს, ან რუსეთმა კონტროლი დაკარგა ამ მომწამვლელი ნივთიერების შენახვაზეო – ამგვარი იყო ტერეზა მეის დასკვნა.
2018 წლის 12 აპრილს “ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის” ექსპერტებმა თავის მოხსენებაში დაადასტურეს, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რუსეთის სამხედრო დაზერვის (გე-ერ-უ) ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი – იულია, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. დოკუმენტში მითითებული იყო ამ ნივთიერების ქიმიური ფორმულაც და ის ე.წ. “ ნოვიჩოკის” ჯგუფიდან იყო. ამ განცხადებებს მკვეთრი დიპლომატიური დემარშებიც მოჰყვა მსოფლიოს მრავალი ქვენის მხრიდან. "ნოვიჩოკით" მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა, კიდევ 150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან. რუსეთი, როგორც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ მწარმოებელ/შემნახველ/გამომყენებელი ქვეყანა უკვე კუთხეში იყო „მიმწყვდეული“, როდესაც ვლადიმერ პუტინს დახმარების ხელი ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა გაუწოდა.
2018 წლის 4 მაისს ზემანმა განაცხადა, რომ ჩეხეთშიც მზადდებოდა „ნოვიჩოკის“ ტიპის ნივთიერებაო. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიერ გამოთქმული ეს მოსაზრება კარდინალურად განსხვავდებოდა ჩეხეთის მთავრობის პოზიციისგან, რომელიც უარყოფდა „ნოვიჩოკთან“ რაიმე კავშირს. რუსეთის ხელისუფლებამ ზემანის ეს განცხადება კარგად გამოიყენა დასავლეთის ბრალდებების შესასუსტებლად: ხომ ხედავთ ჩეხებსაც ჰქონიათ „ნოვიჩოკი“ და იქნებ მათ მოწამლეს სკრიპალებიო. კრემლი თავად გადავიდა შეტევაზე: ნოვიჩოკი მხოლოდ რუსული არ არის, დასავლეთმა თავად აღიარა, რომ ის სხვა ქვეყნებშიც მზადდებოდა და რუსეთის საწინააღმდეგო ბრალდებები პოლიტიზებულიაო.
ფოტო: მილოშ ზემანი
ამის შემდეგაც პრეზიდენტ ზემანის პოლიტიკური პოზიცია ხშირად არ ემთხვეოდა ჩეხეთის მთავრობისა და საგარეო უწყების ოფიციალურ ხაზს. ერთ–ერთი სერიოზული დაპირისპირება 2021 წლის 17 აპრილს დაიწყო, რასაც შემდეგი წინაისტორია ჰქონდა.
2014 წლის 16 ოქტომბერს აღმოსავლეთ ჩეხეთში, ზლინის რეგიონში მდებარე სოფელ ვრბეტიცეს სამხედრო მასალების საწყობებში, სადაც ინახებოდა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებები, ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც კომპანია Imex Group ორი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა, რომლებიც იმ მომენტში საწყობში იმყოფებოდნენ. დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალის აფეთქებამ საწყობის შენობების სრული განადგურება გამოიწვია. მეორე აფეთქება 3 დეკემბერს მოხდა რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ზიანი ასევე მნიშვნელოვანი იყო. ჩეხეთის ხელისუფლება წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ვერსიაზე, მათ შორის: არასწორი შენახვა, დაუდევრობა ან საწარმოო შეცდომა, დივერსია და ა.შ..
თავდაპირველად აფეთქებები განიხილებოდა როგორც ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგი. თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, როდესაც 2021 წლის 17 აპრილს ჩეხეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ აფეთქებებში მონაწილეობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვაო (გე–ერ–უ). ჩეხეთის პოლიციისა და კონტრდაზვერვის გამოძიების თანახმად, ეს დივერსიული ოპერაცია დაკავშირებული იყო იმასთან, რომ საწყობებში ინახებოდა საბრძოლო მასალა, რომელიც შესაძლოა გამოყენებულიყო უკრაინისთვის ან სხვა მესამე ქვეყნებისთვის მიწოდების მიზნითო. ამ განცხადებამ გამოიწვია დიპლომატიური კრიზისი ჩეხეთსა და რუსეთს შორის. პრაღამ ქვეყნიდან გააძევა რუსი დიპლომატები და მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის საელჩოს პერსონალი. საპასუხოდ, რუსეთმა ასევე გააძევა ჩეხი დიპლომატები.
ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის ცივი ომის დასრულების შემდეგ. რუსეთის ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებებს. ინციდენტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩეხეთის შიდა პოლიტიკაზეც. 2021 წლის 25 აპრილს პრეზიდენტმა მ. ზემანმა განცხადა, რომ ვრბეტიცეში აფეთქების შესახებ ორი ვერსია არსებობს და რუსეთის სავარაუდო მონაწილეობასთან ერთად სერიოზულად უნდა იქნას შემოწმებული ვერსია ფეთქებად ნივთიერებებთან არასწორი მოპყრობისა და გაუფრთხილებლობის გამო მომხდარი აფეთქების შესახებო. მ. ზემანი სკეპტიკურად უყურებდა ბრალდებებს რუსეთის წინააღმდეგ და ითხოვდა მეტი მტკიცებულების გამოქვეყნებას. ჩეხეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას დიდ კმაყოფილებით შეხვდნენ მოსკოვში. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წამომადგენელი, მარია ზახაროვა თავის სტიქიში იყო: მილოშ ზემანის განცხადება ნიშნავს, რომ ჩეხეთს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება ვრბეტიცეს აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობის შესახებო. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ კი სულ გაუტია და განაცხადა: ახლა ჩეხეთს, სულ მცირე, ბოდიშის მოხდა მართებსო.
ჩეხეთის პრეზიდენტის ამ მოუზომავ და მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებას მაშინ დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ჩეხეთში. იმიტომ, რომ ამგვარი პოზიცია განსხვავდებოდა ჩეხეთის მთავრობისა და სპეცსამსახურების შეფასებისგან. ჩეხეთის მაშინდელმა ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა იან ჰამაჩეკმა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტსაც ითავსებდა, პრეზიდენტ მილოშ ზემანის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა მიმართვამ არაფერი შემატა ჩეხეთს და რუსეთი კი ძალიან კმაყოფილი დარჩაო. უშიშროების სამსახურის საინფორმაციო ანგარიშის გარდა არსებობს გამოძიების დახურული მასალები, რომლების აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ ბევრად მეტ მტკიცებულებებს შეიცავს და თუ არა ეს მტკიცებულობები მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საპასუხოდ უპრეცედენტო ნაბიჯს არ გადავდგამდიო, - განაცხადა მაშინ იან ჰამაჩეკმა. მან ისიც გაიხსენა, რომ პრეზიდენტი ზემანი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ დაეთანხმა პრაღიდან რუსი დიპლომატის გაძევებას და შემდეგ აზრი რატომ შეიცვალა ნამდვილადა არ ვიციო.
ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ქვეყნის პრეზიდენტმა საჯაროდ (!!!) ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი ქვეყნის კონტრდაზვერვის პროფესიონალიზმი და საიმედობა. არ გაიგიკვირდეთ და აქ სუბიექტურ/პიროვნული ფაქტორიც არსებობდა: პრეზიდენტ მილოშ ზემანს, რატომღაც ათვალწუნებული ჰყავდა ჩეხეთის მთავარი სპეცსამსახურის – „ უშიშროების საინფორმაციო სამსახურის“ (BIS) უფროსი მიხალ კოუდელკა.
რა ვიცით ჩეხეთის „პირველი კონტრმზვერავის“ შესახებ?
მიხალ კოუდელკა დაიბადა 1985 წელს. 1989 წელს დაამთავრა ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო საინჟინრო ფაკულტეტი. ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საპროექტო-საინჟინრო ორგანიზაციაში. 1991 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, ერთი წლის შემდეგ კი უშიშროების საინფორმაციო ფედერალურ სამსახურში ჩაირიცხა. ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ, 1992 წელს, იგი ამ სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში მუშაობდა, შემდეგ კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გადაიყვანეს. მ. კოუდელკა 2006 წლის დასაწყისიდან ათი წლის მანძილზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2016 წლის 15 აგვისტოს კი პოლკოვნიკი კოუდელკა ჩეხეთის უშიშროების საინფორმაციო სამსახურის უფროსად დანიშნეს.

ფოტო: მ. კოუდელკა: პატრიოტი და პროფესიონალი
ღია დაპირისპირება ჩეხეთის პრეზიდენტსა და მთავრობას (მათ შორის უშიშროების საინფორმაციო სამსახურს) შორის 2018 წლის 4 მაისს „ნოვიჩოკის“ შესახებ მილოშ ზემანის განცხადების შემდეგ დაიწყო. პრეზიდენტმა გადაწყვიტა ჯავრი მ. კოუდელკაზე ეყარა და შვიდჯერ უარყო პრემიერ-მინისტრების ანდრეი ბაბიშისა და პეტრ ფიალას წარდგინება მიხალ კუდელკასთვის გენერლის წოდების მინიჭების შესახებ: 2018 წლის მაისში; 2018 წლის ოქტომბერში; 2019 წლის მაისში; 2019 წლის ოქტომბერში; 2020 წლის ოქტომბერში; 2021 წლის მაისში და 2022 წლის მაისში. შესაძლოა ეს ფაქტი „გინესის რეკორდების წიგნშია“ შესატანი. მილოშ ზემანის რისხვის მიზეზი ისიც იყო, რომ მ. კოუდელკა ჩეხეთის ეროვნული ინტერესებისთვის უმთავრეს საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, პრეზიდენტს კი სურდა, რომ ჩეხეთის კონტრდაზვერვის უპირველესი სამიზნე რუსეთის სპეცსამსახურები კი არა... ისლამური ტერორიზმი ყოფილიყო. ერთხელ მ. ზემანმა კოუდელკას მოსთხოვა პირადად მისთვის გადაეცათ ჩეხეთში მოქმედი რუსეთის აგენტების სია. თუმცა მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე თავაზიანი უარი მიიღო.
2021 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ზემანმა განაცხადა: ბატონმა კოუდელკამ ჩემი ახლო წრის ფარული სატელეფონო მოსმენის განკარგულება გასცა და ეს ჩემი მოსმენაც გამოდის. რადგან მიხალ კოუდელკამ ბოდიში არ მომიხადა და მოსმენები გაგრძელდა, პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს ვთხოვე კოუდელკას თანამდებობიდან გათავისუფლებაო. თუმცა, სპეცსამსახურის უფროსი პოსტზე დარჩა. თავად მ. ზემანმა კი მაშინ არ გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და საკითხის შესასწავლად არ მიმართა ჩეხეთის პარლამენტის შესაბამის კომიტეტს. რატომ? იმიტომ, რომ თურმე ის მათ არ ენდობოდა. ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტმა მ. ზემანმა უკვე ახალ პრემიერ–მინისტრს, პეტრ ფიალას მოსთხოვა მ. კოუდელკას გათავისუფლება, თუმცა კვლავ უარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი ბაბიში და პეტრ ფიალა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წამოადგენდნენ, პატრიოტ და პროფესიონალ კადრს ყველა უფრთხილდება.
(მეოთხე ნაწილის დასასრული)