“ციხეში არ არსებობს ადამიანი, ვინც ჩემს უფლებებს დაიცავს - ციხის პერსონალმა თვითმკვლელობის მცდელობამდე მიმიყვანა, შეურაცხყოფას მაყენებდა, მეუბნებოდა, რომ საქართველო ჩემი ქვეყანა არ არის და რომ აქ არავის ვჭირდები“ - რას აცხადებს ნანა სანდერი
ციხის პერსონალის წარმომადგენელმა ნინო ქუთათელაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიმიყვანა, მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა - მეუბნებოდა, რომ საქართველო ჩემი ქვეყანა არ არის, რომ აქ არავის არ ვჭირდები,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ის ციხეში თავის უფლებებს ვერ იცავს.
„ციხის პერსონალის წარმომადგენელმა ნინო ქუთათელაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიმიყვანა. რამდენიმე საათის განმავლობაში მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. მეუბნებოდა, რომ საქართველო ჩემი ქვეყანა არ არის, რომ აქ არავის არ ვჭირდები და გერმანიაში უნდა წავიდე, ჩემი გვარიდან გამომდინარე. მინდოდა, რომ მონიტორინგის სამსახურში დამერეკა და ამის საშუალებას არ მაძლევდა. არც სახალხო დამცველის ცხელი ხაზი არ ფუნქციონირებს. ერთადერთი, სადაც დარეკვა მოვახერხე, ეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იყო.
ციხეში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემს უფლებებს დაიცავს. შევედი აბაზანაში და ვენის გადაჭრა ვცადე. დავუძახე ექიმს და თან შემომიტანეს ოქმი, სადაც ეწერა, რომ ადმინისტრაციასთან პრობლემა არ მაქვს.
მეოთხე დღეს შემოვიდა გამომძიებელი ავთანდილ სიჭინავა, რომელიც დანაშაულის დაფარვას ცდილობდა; უკანონობაზე მეუბნებოდა, რომ ეს კანონიერი იყო. ისეთი ჩვენება შეადგინა, საიდანაც აზრს ვერ გამოიტანთ. ის ჩემს დაკითხვას ცდილობდა 4 ოქტომბრის საქმეზე.
სახელმწიფოს წარმომადგენლობითი ორგანოა ციხე, სადაც ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია. მე თუ ტექნიკურად არ შემიძლია, რომ გარეთ ვინმეს ხმა მივაწვდინო, რითი დავიცვა ჩემი უფლებები.
ასევე, ციხეში მოხდა ხანძარი, იმ კუნძულზე, სადაც მე ვიმყოფები. ციხის დირექტორს, რომელიც კვამლისგან იხრჩობოდა და იგუდებოდა, ვეუბნებოდი, რომ რაიმე გაეღო, რომ ჰაერს მოძრაობა შესძლებოდა, რადგან ეს კვამლი ჩვენთან შემოდიოდა. ერთ პატიმარს თვალები ეწვოდა, მე ყველაფერი. ციხის დირექტორს და ადმინისტრაციის თანამშრომელ, ნინო ქუთათელაძეს ვეუბნებოდი, რომ ჟანგბადი მჭირდებოდა, მაგრამ მიყვიროდნენ და მეუბნებოდნენ - "სად არის კვამლიო". ამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში კვამლის დეტექტორს ვითხოვდი, რაზეც უსაფრთხოების თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, რის შემდეგაც ციხის კარების სარკმელზე ხელი ამირტყა და ოთხი თითი დამიზიანა.