“ზელენსკი ხვდება ყველას, მათ შორის მათ, ვინც პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, კობახიძესთან საუბრის ძირითადი არსი იქნებოდა რუსეთის გავლენების შეკავება“ - დიმიტრი ცქიტიშვილი
წუხანდელი შეხვედრები, დიპლომატიური ეტიკეტი, რევერანსები ჩვეულებრივი ამბავია - მათ შორის ვნახეთ, შიდაევროპულ დისკურსში დაპირისპირებულები ერთად რომ იღებენ სურათებს. წინააღმდეგობების მიუხედავად, მათ ეს ეტიკეტი აქვთ. „ქართულ ოცნებას“ დაკარგული აქვს ყველანაირი ზნე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ შეხვედრებს.
როგორც ცქიტიშვილი განმარტავს, მტრებიც კი არ ესაუბრებიან ერთმანეთს ისე, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ესაუბრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს.
„[ემანუელ მაკრონის ღიმილი] ეს არის მხოლოდ ზრდილობა, მათ შორის წუხანდელი შეხვედრები, დიპლომატიური ეტიკეტი, რევერანსები ჩვეულებრივი ამბავია. ევროპული პოლიტიკა ასე ტარდება. მათ შორის ვნახეთ, შიდაევროპულ დისკურსში დაპირისპირებულები ერთად რომ იღებენ სურათებს. წინააღმდეგობების მიუხედავად, მათ ეს ეტიკეტი აქვთ. „ქართულ ოცნებას“ დაკარგული აქვს ყველანაირი ზნე. მტრებიც კი არ ესაუბრებიან ერთმანეთს ისე, როგორც ისინი ესაუბრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს. სახელმწიფო ლიდერები: „ცუდებით“ და „კარგებით“ ასე არ საუბრობენ. სამიტში საქართველოს ჩართულობა იყო ნომინალური, არადა, იზოლაცია არ სჭირდება საქართველოს. რეალურად, „ქართულ ოცნებას“ სალაპარაკო არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არ აქვს“, - აღნიშნავს ცქიტიშვილი.