“სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია - ჩვენ სომხურ ბიზნესს ახალ ბაზრებზე გასვლაში ვეხმარებით “ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც სომეხი ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ფარგლებში არსებული ოთხი პრიორიტეტული სფერო დაასახელა.
„პირველი მიმართულება დაკავშირებადობაა. ჩვენ ახლახან მოვაწერეთ ხელი დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს, რაც ჩვენს თანამშრომლობას ახალ დონეზე აიყვანს. ამ მიმართულების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ტრანსპორტია. ძალიან ცოტა ქვეყანას თუ აქვს ისეთი უნიკალური მდებარეობა, როგორიც სომხეთს. თქვენს ინიციატივას, „მშვიდობის გზაჯვარედინს“, პოტენციალი აქვს იმისა, რომ დააკავშიროს ევროპა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან და სომხეთი საკვანძო სატრანსპორტო ცენტრად აქციოს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვან პრიორიტეტებს შორის უსაფრთხოების სფერო დაასახელა.