„ჩვენი ბაჩო - ბიჭო, მენგრელ“ - კვირის პალიტრა

„ჩვენი ბაჩო - ბიჭო, მენგრელ“

"ჯარისკაცები თვალდახუჭული ენდობოდნენ და ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დაუფიქრებლად მიჰყვებოდნენ. ის იყო მებრძოლი, რომელსაც სირთულეები ვერ აჩერებდა. არ ეშინოდა არც ომის, არც სიკვდილის. მისთვის მთავარი იყო სამართლიანობა და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც იბრძოდა"

სუაღამე გადასული იყო, თენდებოდა, როდესაც ახალგაზრდა ჯარისკაცმა მონიტორში ბაზისკენ წამოსული დრონი დაინახა. წამითაც არ უფიქრია გაქცევა, მძინარე თანამებრძოლები გააღვიძა, თითოეულს საკუთარი ხელით ჩამოურიგა დამცავი აღჭურვილობა და ბაზის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანა. თავად იმ ოთახში შევარდა, სადაც მის უფროსს ეძინა. ღრმა ძილში მყოფი ვერ გააღვიძა, ჩაფხუტი დააფარა, ხმაურის დამხშობი ყურსასმენები გაუკეთა, ლოგინიდან გადმოიყვანა და ზუსტად მაშინ, როდესაც დახრილი იყო, კეფაში ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა - არც ერთი დაღუპული და არც ერთი დაჭრილი მისი თავგანწირვის ფასად. ეს ახალგაზრდა სპეციალური დანიშნულების ბატალიონ "ცუნამის" ქართველი ასმეთაური ბაჩო ბებია გახლდათ.

11 წლის იყო, როდესაც მისი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი უკრაინაში, კერძოდ, ოდესაში დასახლდა. ბიჭს, რომელიც უკრაინაში გაიზარდა, მხარზე ქართული ასოებით ჰქონდა ამოტვიფრული "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი". "ბაჩო იყო ღირსებით სავსე ადამიანი, სუფთა გულით, მტკიცე ნებისყოფით და ძლიერი სულით. მას არც ომი აშინებდა და არც სიკვდილი, მუდმივად მზად იყო სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ებრძოლა", - ასე ახასიათებენ 33 წლის ქართველ მეომარს უკრაინელები. უფრო მეტს მის შესახებ გვიამბობენ მისი ბიძაშვილი თამარ ნოდია, ქართველი მეგობარი მიხაილ ბატურინი და უკრაინელი თანამებრძოლი, მეტსახელად "პალიჩი".

თამარ ნოდია: - ბაჩო უკეთილშობილესი ადამიანი იყო, განათლებული, იდეალისტი, ჯანსაღი სულის. უანგაროდ უყვარდა სამშობლო და ახსოვდა უახლოესი წარსული, მშობლების დაკარგული სახლ-კარი. მამამისი აფხაზეთის ომში იბრძოდა. მისი ბრძოლა გააგრძელა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ეკონომისტი იყო, პოლიტოლოგიასაც სწავლობდა. წარმატებული მოკრივე იყო. ოდესაში ქართულ ანსამბლში ცეკვავდა, ორივე სფეროში არაერთი ჯილდო ჰქონდა მიღებული. ომში ორწლიანი მონაწილეობის შემდეგ შეეძლო სამოქალაქო ცხოვრებას დაბრუნებოდა. ვთხოვდით კიდეც, მაგრამ უარზე იყო - რუსებმა იმდენი სიმწარე მანახეს, ჯერ ერთი სახლ-კარი ამიწიოკეს, მერე მეორეგანაც მომადგნენ, მეგობრები დამიხოცეს, თანამებრძოლების დანაწევრებული სხეულები ნიჩბებით მაკრეფინეს, ამას ვერასდროს დავივიწყებო. ერთხელ მითხრა, ბიჭი რომ იყო, შენც ჩემ გვერდით იბრძოლებდიო. ომშიც უამრავი ჯილდო აქვს მიღებული: "გაბედულთა ჯვარი", მედალი "უკრაინის დამცველს" («Медаль «Захиснику Вітчизни»), სპეციალური სამკერდე ნიშანი (Sheriff Howard G. Buffett). ერთად საოცარი რეფორმები ჩავატარეთ უკრაინის საბაჟოზე, რამაც კორუფცია ნულზე დაიყვანა. ჩემი სიამაყე იყო ბაჩო ბებია, გული მიკვდება, ამქვეყნად რომ აღარ არის. მეტსახელი თავად დაირქვა, "ბიჭო, მენგრელ". ამდენი სირთულის გადამლახავსა და სისასტიკის მნახველს მაინც კეთილი გული ჰქონდა. მისი ყველა დაღუპული ჯარისკაცის დედას, შვილს, ცოლს საკუთარი ჯიბიდან უწევდა დახმარებას. მათ ოჯახებში მიდიოდა და ანუგეშებდა.

"პალიჩი": - ბაჩო იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა თავისი შინაგანაწესი, პატივს სცემდა უფროსებს, უსმენდა და ითვალისწინებდა მათ გამოცდილებას. ჩვენს დროში ძნელია იპოვო ადამიანი, ვინც ძველ ტრადიციებს ასე ბუნებრივად და ღირსეულად ატარებს. მუდმივად რაღაცას სწავლობდა, ცდილობდა სამყარო უკეთ შეეცნო.

ომის დაწყებამ მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა, მაგრამ არა მისი პრინციპები. შეეძლო განზე გადგომა, თუნდაც საქართველოში წასვლა, მაგრამ ასე არ მოიქცა. ამბობდა, რომ არჩევანი არ ჰქონდა, რადგან რუსეთი მისი ორივე სამშობლოს მტერი იყო და აუცილებლად უნდა ებრძოლა თავისუფლებისათვის. ეს ვალდებულება მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, მზად იყო, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც დაეცვა ის, რაც სწამდა.

ჰქონდა ამბიცია, გამხდარიყო ძლიერი ლიდერი მეთაური და მართლაც იყო მეთაური, რომელსაც ჯარისკაცები თვალდახუჭული ენდობოდნენ და ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დაუფიქრებლად მიჰყვებოდნენ. არ ეშინოდა არც ომის, არც სიკვდილის. მისთვის მთავარი იყო სამართლიანობა და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც იბრძოდა. საკუთარ დანაყოფს განსაკუთრებით უვლიდა, ცდილობდა, თითოეული მებრძოლი მზად ყოფილიყო, რადგან კარგად ესმოდა, რომ დაუგეგმავი და მოუმზადებელი ბრძოლა მარცხისთვისაა განწირული.

ომის პირველივე დღეებიდან ჩაერთო ბრძოლაში. იცავდა ოდესას, მონაწილეობდა ქალაქის გამაგრებაში, მუშაობდა სამოქალაქო და ტერიტორიულ თავდაცვაში, ებრძოდა დივერსანტებს, მათ შორის დნესტრისპირეთის მიმართულებით. შემდეგ იყო ნიკოლაევის დაცვა, ხერსონის გათავისუფლება, რთული შტურმები და ბრძოლები. ბოლოს დონეცკის მიმართულებაზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როგორი მებრძოლი და ლიდერი იყო. მისი ხელმძღვანელობით დანაყოფი ძლიერ ძალად ჩამოყალიბდა. მოგვიანებით სადაზვერვო ჯგუფში განაგრძო სამსახური. ამბობდა, ომი რომ დამთავრდება, უნდა დავქორწინდე და მეუღლე ჩემს სამშობლოში წავიყვანოო. ზუგდიდში უნდოდა ცხოვრება. სწავლის დასრულება და თავისი ცოდნის სამშობლოში გამოყენება სურდა. გული მწყდება, ასეთი მაგარი ბიჭი რომ წავიდა იმქვეყნად.

მიხაილ ბატურინი: - ბაჩომ საქართველოს მონატრებაში დალია სული, მისი ყოველი საუბარი ერთ თემით იწყებოდა და მთავრდებოდა - ეს იყო საქართველო. ჩვენ სხვადასხვა დანაყოფში ვმსახურობდით, მაგრამ კავშირი ყოველთვის გვქონდა. 2022 წელი იყო, ხერსონის მიმართულებაზე ვიყავით, ჩვენი დანაყოფი ბაშტანკაში იდგა. როცა გაიგო, რომ ქართველები ვიყავით, პირდაპირ მოვარდა. ისე ჩაგვეხუტა და მოგვეფერა, თითქოს დიდი ხნის უნახავი ნათესავები ვყოფილიყავით. იმ დღიდან მუდმივად კონტაქტზე ვიყავით. ერთხელ ოდესაში ჩავედი. არ ვიცოდი, რომ ბაჩო შვებულებაში იყო. საქმე უნდა მომეგვარებინა და მალევე უნდა დავბრუნებულიყავი კიევში. მოულოდნელად თავზე დამადგა. მეჩხუბა, რატომ არ მითხარი, აქ რომ იყავიო. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. შემდეგ ტელეფონით ხშირად ვსაუბრობდით, მაგრამ პირისპირ აღარ შევხვედრივარ.

ყოველთვის, როცა ერთმანეთს ვემშვიდობებოდით, ერთსა და იმავეს ამბობდა, საქართველოში შევხვდებითო. საქართველოზე ფიქრი არასდროს შორდებოდა.

ომის დაწყების პირველივე დღიდან უყოყმანოდ ჩადგა მოხალისეთა რიგებში. რიგითი ჯარისკაცი იყო და ასმეთაური ბრძოლის ველზე გახდა. არასოდეს იხევდა უკან, ყოველთვის პირველ რიგებში იდგა და ჯარისკაცებს წინ მიუძღოდა. ბაჩო უდიდესი დანაკლისია როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ საყვარელ სამშობლოში ვერ ჩავიდა, თუმცა ერთი სურვილი მაინც აუსრულდა, მისი გული საქართველოს მიწას მიებარა.

ხათუნა ბახტურიძე