"5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ" - რა თქვა საბოლოო სიტყვაში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ
5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ, ოჯახში გავიზარდე ტრადიციებით. არც ანგარებით მომიკლავს ლევან ჯანგველაძე და არც სხვა მიზეზით. ამ ტრადიციებით გავზარდე ჩემი ძმაც, რომელიც ფულის გამო კაცს არ მოკლავს, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ საკუთარ საბოლოო სიტყვაში სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მიქაძე სასამართლოში საბოლოო სიტყვას საათზე მეტი ხნის განმავლობაში ამბობდა.
როგორც ბრალდებულმა განმარტა, ლევან ჯანგველაძის ოჯახს უკვე შექმნილი აქვს აზრი. მიქაძის თქმით, ის მათ ადგილას ბრალდებულის ადვოკატების სიტყვასაც მოისმენდა იმისთვის, რომ სიმართლე გაეგო.
მან სასამართლოს სხდომათა დარბაზში ჯანგველაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, ასევე აღნიშნა, რომ ის პანაშვიდზეც იყო მისული და იქ ერთი ადამიანის ეჭვიანი მზერაც არ უგრძვნია.
ბრალდებულის თქმით, მათ ედავებიან ორგანიზებას და ანგარებას, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ ამ მკვლელობასთან და ლევან ჯანგველაძესთან არანაირი შეხება არ აქვს.
„ნანახი მყავს, ნაცნობობის დონეზე სუფრაზე, სადაც ბევრი ხალხი იმყოფებოდა",- განაცხადა მიქაძემ.
მისივე თქმით, ჯანგველაძესთან სუფრაზე „ჭიქის მიჭახუნების გარდა“, შეხება არ ჰქონია.
რაც შეეხება, მოტივს, მიქაძის თქმით, ეს საქმეში ხელოვნურად გაჩნდა, „მაგრამ უკუღმა“.
„უსოიანების შთამომავლობიდან არცერთთან არასოდეს გადაკვეთა არ მქონია. 5 მილიონი კი არა 5 მილიარდი რომ მომცეს ვინმემ, კაცს არ მოვკლავ, ოჯახში გავიზარდე ტრადიციებით. არც ანგარებით მომიკლავს ლევან ჯანგველაძე და არც სხვა მიზეზით.
ამ ტრადიციებით გავზარდე ჩემი ძმაც, რომელიც ფულის გამო კაცს არ მოკლავს",- განაცხადა მიქაძემ.
"ინტერპრესნიუსი"