ნავთობის კრიზისის ქართული "ეფექტი" ანუ გაიქცევა თუ არა კიდევ "ფასები"?! - საწვავის რა მარაგები აქვს საქართველოს
ბოლო ორ კვირაში ნავთობის ფასი 25%-ზე მეტით გაიზარდა და 125 დოლარამდეც ავიდა, ხოლო კვირის ბოლოს, თუმცა "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 108 დოლარიც იყო. ეკონომისტები გაძვირების მიზეზად საწვავის მოწოდების გზების შეფერხებას ასახელებენ და შიშობენ, რომ ვითარება უფრო გაუარესდება. ენერგეტიკული გიგანტები უკვე ამბობენ, რომ ბევრ ქვეყანაში შეიქმნება საწვავის მწვავე დეფიციტი. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ფაქტობრივად ამოწურულია ის მარაგი, რომელიც ბაზარს აქამდე ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ ექსპერტები, რომ ივნისსა და ივლისში ის ქვეყნები, რომლებსაც საკუთარი ნავთობი არ გააჩნიათ, შესაძლოა საწვავის მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესები, დგას თუ არა მსოფლიო გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე და რა ბერკეტები არსებობს ამის თავიდან ასაცილებლად, ამ საკითხებზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილესა და "ჯეოქეისის" მრჩეველს ნიკოლოზ ალავიძეს ვესაუბრებით.
- გლობალური პროცესების მთავარი კატალიზატორი ირანის სულიერი ლიდერის წერილი-მუქარა გახდა, რომელმაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თავდაცვის გაძლიერება დააანონსა, რასაც პარალელურ რეჟიმში ჰორმუზის სრუტის გასასვლელის ბლოკირება მოჰყვა. სრუტეზე მოდის გლობალური ნავთობმიწოდების 20-დან 30%-მდე, ამიტომ მისი ჩაკეტვა პირდაპირ აისახა როგორც ნედლი ნავთობის, ისე დასრულებული პროდუქტების, მათ შორის პეტროქიმიკატებისა და გათხევადებული აირის ფასებზე.
თავდაპირველად ბაზარზე მცირე ოპტიმიზმი არსებობდა პაკისტანში დაწყებული მოლაპარაკებების გამო, თუმცა მათი ჩაშლისა და ირანის მუქარის შემდეგ, პოზიტიური მოლოდინები გაქრა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს არაბთა გაერთიანებული საამიროების განცხადება OPEC-იდან შესაძლო გამოსვლის შესახებ, რაც დადგენილ საფასო წესრიგს არღვევს და ნეგატიურად აისახება ე.წ. Platts-ის ინდექსზე, რომელიც საბოლოო პროდუქტის თამასას განსაზღვრავს.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლის შეფერხება და სადაზღვევო კომპანიების უარი ტვირთების ჰეჯირებაზე (რაც გულისხმობს ფასების მოსალოდნელი ცვალებადობისგან დაზღვევასა და ფინანსური რისკების წინასწარ განეიტრალებას), ავტომატურად ზრდის მარჟებსა და საბოლოო ფასს მომხმარებლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირდაპირ არ არის დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეში გამავალ პროდუქტზე, ჩვენ მაინც გლობალური ეკონომიკის ნაწილი ვართ და საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა აისახება ჩვენს ქვეყანაზეც. საქართველოში ნავთობპროდუქტების მარაგები მცირე და სასრულია, საერთაშორისო ბაზარი კი უკვე ნეგატიური მოლოდინების ზონაში გადავიდა, რაც ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას შეუქცევადს ხდის. კრიზისიდან გამოსავალი ამ ეტაპზე არ ჩანს, რადგან პროცესი სრულად პოლიტიკურ მდგენელზეა დამოკიდებული. ამ ვითარებაში ირანი მომგებიან პოზიციაშია, რადგან მისი მმართველი ელიტისთვის მოსახლეობის ინტერესები და ჰუმანიტარული საკითხები სრულიად უმნიშვნელოა. ამის საპირისპიროდ, ამერიკის ადმინისტრაციას შიდაპოლიტიკური წნეხი და დემოკრატიული მმართველობა მოქმედების თავისუფლებას უზღუდავს. შედეგად, ბირთვული საფრთხის შეკავების ცდა მძიმე ეკონომიკურ მუქარაში გადაიზარდა.
დღეს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ნეგატიური მოლოდინებია. ბაზარზე გაურკვევლობის ზრდა აიძულებს ქვეყნებსა და კომპანიებს, არსებული თვლადი რეზერვები მაქსიმალურად დიდ დროზე გადაანაწილონ. ნავთობი იმდენად არის ინტეგრირებული ყველა ტექნოლოგიურ თუ საწარმოო ჯაჭვში, რომ ამ სისტემის რღვევა გაცილებით მეტ უარყოფით ეფექტს აჩენს, ვიდრე კრიზისის დასაწყისში ვარაუდობდნენ, მოლოდინების დამძიმება კი პირდაპირ ზრდის წნეხს ფასებზე და ააქტიურებს სპეკულაციურ მომენტებს, რაც მთელ ეკონომიკურ სისტემაზე ნიუტონის მესამე კანონის პრინციპით, უკუპროპორციული ძალით აისახება.
- მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდის მიუხედავად, საქართველოში ფასების დაბალი ზრდა მაინც თუ არის შესაძლებელი, რაკი ჩვენკენ მომავალი ტვირთი ჰორმუზის სრუტეს არ გამოივლის?
- საქართველო ნედლ ნავთობს არც მოიპოვებს და არც გადაამუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ძირითადი მომწოდებლები გეოგრაფიულად ახლომდებარე ქვეყნებია - რუსეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, გლობალური ტრენდი და საერთაშორისო ბირჟებზე გაზრდილი ფასები ჩვენს დანახარჯებსაც ავტომატურად ზრდის. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ჰორმუზის სრუტის შეფერხებით იზღუდება ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის მიმოქცევა, როგორიცაა გათხევადებული ბუნებრივი აირი, რაც კრიტიკულია ტექნოლოგიური წარმოებისთვის.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის სუსტი წერტილი სახელმწიფო მარაგების არარსებობაა, რაც წლებია უგულებელყოფილია, კერძო კომპანიების ხელთ არსებული მცირე საცავები კი არ იძლევა გრძელვადიანი რისკების დაზღვევის ან ფასდაზღვევის საშუალებას. ამ პირობებში გლობალური ფასების მატება გარდაუვლად აისახება შიდა ბაზარზეც. ამას ემატება ლოჯისტიკური ფაქტორიც - პროდუქტის შეძენიდან მის საქართველოში ჩამოსვლამდე თვე-ნახევარია საჭირო, რა დროსაც ფასი მუდმივად მერყეობს. ადგილობრივი მოთამაშეები, მათი სიმცირის გამო, ვერ ახერხებენ რისკების ეფექტურ გადაზღვევას, რადგან კრიზისის დროს სადაზღვევო მარჟები იზრდება. საბოლოო ჯამში ამ გაზრდილ ხარჯებსა და გლობალურ რისკს მომხმარებელი იხდის.
- ამგვარი მოლოდინების ფონზე საქართველოში პროდუქციის გაიაფებაზე ლაპარაკი რამდენად შესაძლებელია?
- ჰორმუზის სრუტისა და ირანის კონფლიქტით გამოწვეული გლობალური კრიზისი ცალკე განსახილველი საკითხია, თუმცა მისი გავლენა ჩვენს რეალობაზე გარდაუვალია. სამწუხაროდ, სახელმწიფოს არც მანამდე უზრუნია დაზღვევის მექანიზმების შექმნაზე და არც ახლა მუშაობს ამ მიმართულებით. სისტემური რეფორმების გარეშე არსებული პრობლემების მოგვარება გამორიცხულია. სისტემური ცვლილებებისთვის კი აუცილებელია მოწესრიგებული, ადეკვატური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მმართველობა, რაც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ჯანსაღი მმართველობის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა გამართული ლოჯისტიკური კვანძების შექმნა, გამჭვირვალე ბიზნესგარემო და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, რაც მოქალაქეებს მეტ შემოსავალსა და ხარისხიან ცხოვრებას მისცემდა. სასტიკმა კორუფციამ ჩვენი პრობლემები მანამდეც განსაზღვრა, გლობალურმა კრიზისმა კი ისინი სხვა დონეზე აიყვანა. ამ ფონზე ფასების კომისიის ინიციატივა სავაჭრო ქსელების დარეგულირების შესახებ გაუგებარი და არაეფექტურია, რადგან სისტემური ცვლილებების გარეშე ფასების შემცირების ილუზია არ უნდა გვქონდეს. ფასების კომისიის ოთხთვიანმა მუშაობამ, რომელმაც რეალურად ვერაფერი დაადგინა, საზოგადოებაში არაჯანსაღი და გადაჭარბებული მოლოდინები გააჩინა. პროცესის დასაწყისში გაცხადებული მიზნები მუშაობისას შეიცვალა, რამაც ნებისმიერ ადამიანზე, მათ შორის კომისიის მომხრეებზეც კი, ნეგატიური დაღი დატოვა. საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის მიღების შესახებ, რომელიც კერძო სექტორის მიერ ჯერ კიდევ 6-7 წლის წინ იყო ინიცირებული და იმდროინდელ გამოწვევებს ეფუძნებოდა. ამ ნაბიჯით ჩვენ დავბრუნდით წარსულში და ვცდილობთ პრობლემების გამოსწორებას მოძველებული ინსტრუმენტით, რომლის ადაპტირება დღევანდელ რეალობასთან ნაკლებად სავარაუდოა. სერიოზული საკითხის ასეთმა გაუფასურებამ დაძაბულ საზოგადოებას მხოლოდ იმედგაცრუება მოუტანა.
ვითარება უფრო დამძიმდება, რადგან ნებისმიერი შიდა რეგულაცია უნდა პასუხობდეს გლობალურ ცვლილებებს, მათ შორის ჰორმუზის სრუტის კრიზისით გამოწვეულ მიწოდების ჯაჭვების რღვევას. ჩვენი ეკონომიკა, მათ შორის ტურიზმიც, 90%-ით იმპორტზეა დამოკიდებული - აბსოლუტურად ყველაფერი, ავეჯით დაწყებული, საკვები პროდუქტებით დამთავრებული, შემოგვაქვს. შესაბამისად, გლობალური კონტექსტის გაუთვალისწინებლად მხოლოდ ერთი კანონის მიღება პოზიტიურ შედეგს ვერ მოიტანს.