საბედისწერო ანალიზი და „დანგრეული“ ცხოვრება - "საშინელებაა, როცა უყურებ, შენი შვილი როგორ "იშლება" - ცხოვრება დიუშენის დიაგნოზით
ემოციურად მძიმე და გულის ამაჩუყებელია ამ ქალბატონის მონათხრობი, რომელიც ასახავს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ირაკლი წულაიას დედის, ქეთევან ეხვაიას ბრძოლას შვილის გადასარჩენად.
ცნობისთვის, ქეთევანი ის ქალბატონია, რომელმაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქციებზე, ერთ-ერთ დღეს გონება დაკარგა და ცუდად გახდა.
- დიაგნოზი, რომელიც ცხოვრებას ორად ყოფს
- ჩემი შვილი, ირაკლი წულაია, 13 წლისაა. ჩვენ იშვიათ დაავადებას - დიუშენის კუნთოვან დისტროფიას ვებრძვით. მგონი, დიაგნოზებს შორის ამაზე საშინელება არ არსებობს. იგი ადრეული ასაკიდან ვლინდება და ორგანიზმში ყველა კუნთს თანდათან ანგრევს. ჩვენი ბრძოლა 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა პირველი ნიშნები გაცილებით ადრე შევამჩნიე. პატარა იყო, როცა ვატყობდი, რომ სხვა ბავშვებისგან განსხვავებულად მოძრაობდა. მეტ სისხარტეს ველოდებოდი, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებს წავაწყდი. ირაკლის დაბადებიდანვე გამოკვეთილი გამოწეული მუცელი ჰქონდა. მაშინ ამას ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ რადგან საზოგადოებაში ამ დაავადებაზე ცნობადობა დაბალი იყო, ექიმებიც ვერ ხვდებოდნენ, რაში იყო საქმე.
•პირველი ნიშნები და უშედეგო ვიზიტები - ირაკლი ქუთაისში დაიბადა. 8 თვის ასაკში ბუქნებს ვერ აკეთებდა, დიდხანს ჯდომა უჭირდა. იატაკიდან სათამაშოს ასაღებად ერთ ხელს არასდროს იყენებდა - ორივე ხელით და საკუთარ ტანზე დაყრდნობით ცდილობდა წამოდგომას. ამ ყველაფერს ვუყურებდი და ბუნებრივია, განვიცდიდი, მაგრამ მიუხედავად ასეთი ფიზიკური შეზღუდვისა, გონებრივად თავის ასაკზე ბევრად წინ იყო, ძალიან კარგად ვითარდებოდა. მაშინ აფხაზეთში, გალში ვცხოვრობდით. ბავშვი ხან ზუგდიდში დამყავდა ექიმთან, ხან - ქუთაისში, მაგრამ ზუსტ დიაგნოზს ვერავინ სვამდა. ქუთაისში ნევროლოგთან და ორთოპედთან რომ მივიყვანე, მითხრეს, შეძენილი ტერფის პრობლემა ჰქონდა და მხოლოდ მასაჟები სჭირდებოდა. ეჭვიც კი არავის გაუჩნდა, რომ საქმე დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან გვქონდა. სამი წლისა ბაღში რომ დადიოდა, მაგრამ კიბეებზე ასვლა ძალიან უჭირდა. იყო შემთხვევები, როცა მასწავლებლებს ხელით აჰყავდათ. მაშინ ყველა ფიქრობდა, რომ ბავშვი ზარმაცი იყო... ხუთი წლის ასაკში, როცა სკოლაში მივიყვანე (მე თვითონ პედაგოგი ვარ და იმავე სკოლაში ვმუშაობდი), ირაკლი ხშირად ეცემოდა. სულ ძიებაში ვიყავი, სულ მეშინოდა, მაგრამ ამ დიაგნოზის შესახებ არაფერი მსმენოდა.