"როგორც კი გაიგეს, რომ გოგონა ბორდელში ცხოვრობდა, სკოლიდან გარიცხეს..." - ყველაზე უბედური ბავშვი, რომელიც დიდ მომღერლად იქცა
გოგონა ქუჩაში დაიბადა, ბებია-პაპა სასმელს ასმევდა და სიბინძურეში ზრდიდა, მერე კი მეძავებთან აღმოჩნდა... - და მაინც...
პარიზელი "პატარა ბეღურა"ედიტ ჯოვანა გასიონი ქუჩაში დაიბადა. გადმოცემით, 1915 წლის სუსხიანი დეკემბრის ღამეს, პოლიციელს, რომელიც უბნის პატრულირებას ახდენდა, ყვირილი შემოესმა. ადგილზე მისვლისას მან მშობიარე ქალი აღმოაჩინა. ახალშობილი დედამ პოლიციელის ლაბადაში შეახვია და ედიტი დაარქვა. მალე გოგონას მამა, ლუი გასიონი, ომში წაიყვანეს. თავქარიანმა დედამ კი, რომელიც მოხეტიალე ცირკის აკრობატი იყო, გოგონა ალკოჰოლზე დამოკიდებულ მშობლებს მისცა. მათ შვილიშვილის აღზრდაზე თავიანთი წარმოდგენა ჰქონდათ, ბავშვს სიბინძურეში ამყოფებდნენ და ღვინოს ასმევდნენ. გულწრფელად სჯეროდათ, რომ ამით ის გაძლიერდებოდა და მომავალში ცხოვრების სირთულეებს შეებრძოლებოდა.
როდესაც ედიტის სანახავად მამამისი მივიდა და ჭუჭყიანი, გამხდარი, ძონძებში გახვეული დაინახა, თავზარი დაეცა. მან წამსვე ხელი მოჰკიდა შვილს და თავის დედასთან წაიყვანა. ლუის დედა ბორდელის მეპატრონე იყო.
მეძავებმა ოთხი წლის ედიტი ძალიან თბილად მიიღეს და მზრუნველობას არ აკლებდნენ. მათ გარემოცვაში გოგონა ბედნიერი იყო. მაგრამ ერთი თვის შემდეგ გარშემო მყოფებმა შეამჩნიეს, რომ გოგონა ვერ ხედავდა. დრო გადიოდა. ედიტს შვიდი წელი შეუსრულდა, მაგრამ მას კაშკაშა სინათლის დანახვაც არ შეეძლო. ბორდელის გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ ედიტს მხოლოდ ღვთაებრივი ძალები დაეხმარებოდნენ და ლოცვა დაიწყეს. მოხდა სასწაული: ერთი კვირის შემდეგ 1921 წლის 25 აგვისტოს გოგონას მხედველობა აღუდგა.
გახარებულმა ბებიამ ედიტი სკოლაში მიიყვანა, მაგრამ იქ როგორც კი გაიგეს, რომ გოგონა ბორდელში ცხოვრობდა, სკოლიდან გარიცხეს და ლუის მოსთხოვეს, ბავშვი თავისთან წაეყვანა.
მას შემდეგ პატარა ედიტი მთელ დღეებს მამასთან ატარებდა, ჯერ ცირკში, სადაც მამა აკრობატად მუშაობდა, მერე კი, ქუჩაში, სადაც 9 წლის ასაკიდან მღეროდა პურის ფულის საშოვნელად.

როდესაც გოგონას 15 წელი შეუსრულდა, გადაწყვიტა, მამისგან წასულიყო და დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო. გაბედულმა ედიტმა, ნახევარდა სიმონასთან ერთად, იაფფასიანი სასტუმროს ნომერი დაიქირავა. ის ფულს კვლავ ქუჩაში სიმღერით შოულობდა.
როდესაც 17 წლის ედიტ გასიონს ქალიშვილი გაუჩნდა, დებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვის დამოუკიდებლად გაზრდას შეძლებდნენ. გოგონა ავადმყოფი და სუსტი იყო. ორი წლის შემდეგ ის ავად გახდა და მოკვდა. საწყალი ბავშვი რომ დაესაფლავებინათ, ედიტი ქუჩაში ფულის საშოვნელად გამოვიდა. ამბობენ, რომ სწორედ ამ მძიმე დღეს მასთან მივიდა კარგად ჩაცმული მამაკაცი და ჰკითხა, რატომ აკეთებდა ამას. ედიტი მას თავის ტრაგედიაზე მოუყვა. მამაკაცმა საფულედან მსხვილი ბანკნოტები ამოიღო და ედიტს მისცა.
ცხოვრება გრძელდებოდა. ედიტი კვლავ ქუჩაში მღეროდა. საღამოობით გამომუშავებულ ფულს მეგობრებთან ხარჯავდა, სახლში ახალი საყვარლები მიჰყავდა, რომელთა სახელებიც ხშირად დილით აღარ ახსოვდა. ერთხელ კი გამხდარი გოგონა ცნობილი ღამის კლუბის მეპატრონემ შეამჩნია.