"ბატონო მოსამართლევ, ჩემი ასაკის გამო, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროკურორებმა ხელმოსაწერად მოგართვეს ჩემი ნეკროლოგი" - პაატა ბურჭულაძე - კვირის პალიტრა

"ბატონო მოსამართლევ, ჩემი ასაკის გამო, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროკურორებმა ხელმოსაწერად მოგართვეს ჩემი ნეკროლოგი" - პაატა ბურჭულაძე

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია ამ მოღალატეების წინააღმდეგ. ბატონო მოსამართლე, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორმა „დიდად პატივცემულმა“ პროკურორმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის სახით ხელის მოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი,- ამის შესახებ ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მან საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.

„აქ საუბარი მიდის, რომ დანაშაული მოხდა. ორგანიზატორი ვართ მე და „ქართული ოცნება“, რომელმაც იქამდე მიგვიყვანა, რომ ეროვნული კრება ჩავატარეთ.

ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის, რომ იმართლოს თავი. მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. როგორ გგონიათ ბატონო მოსამართლე, მე რომ მდომოდა, ვერ გავხდებოდი „ოცნების“ პარლამენტის წევრი და ვერ დავიკავებდი დიდ თანამდებობას?!

ეს „ოცნების“ წევრები ჩანასახშიც არ იყვნენ, როდესაც ბატონი ივანიშვილი სხვადასხვა ხერხებით მთხოვდა, ცდილობდა, მასთან ერთად ჩავრთულიყავი პოლიტიკაში, მაგრამ მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოსთვის არის დამღუპველი და ის რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ.

ამ ორმა დიდმა, „სამართლიანმა“, პროკურორმა ერთი სიტყვაც არ ახსენეს იმის თაობაზე, თუ რისთვის შეიკრიბა ხალხი 4 ოქტომბერს. მათ ვერ შეამჩნიეს საქართველოს ეროვნული კრება და მისი დეკლარაცია, რასაც ერთხმად ხმა მისცა ასობით ათასმა ადამიანმა, მაგრამ მათ შეამჩნიეს არავისთვის საჭირო, მორყეული ღობის დაშლა და შვიდი თვის განმავლობაში ამის დაბრალებაც ვერ შეძლეს მოქალაქეებზე...

რაც შემეხება მე - ე.წ. 7-თვიანი გამოძიების შემდეგ: პირველი - 7 თვეა ამ ორმა „პატიოსანმა“ პროკურორმა ქნა ის, რომ სრულიად მომწყვიტა ჩემს ოჯახს, ერთხელაც არ მისაუბრია ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან, მეგობრებზე უკვე არაფერს ვამბობ.

მეორე, ამ პერიოდში ჩემი თვალით ვნახე ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც წინათ მარტო ტელევიზიით მენახა და დავრწმუნდი მათ საცოდავობაში. მესამე, გავიცანი და დავმეგობრდი საქართველოს პატრიოტ მოქალაქეებთან, რომლებიც ვერ გატეხა მოღალატე რეჟიმმა.

მეოთხე, დავრწმუნდი იმაში, რომ ეს პროტესტი არ ჩაქრება. თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოყვარე ქართველი ხალხი არ დანებდება და აუცილებლად გაიმარჯვებს.

მეხუთე, ჩემდა უნებურად აღმოვაჩინე, თუ რა ტიპის პროკურორი იძიებს ჩემს საქმეს და ყველაფერი ნათელი გახდა.

ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებდი იმას, რაც იმ მომენტში სჭირდებოდა ჩემს სამშობლოს: სახელოვნებო კარიერას, ქველმოქმედებას, ტაძრის მშენებლობას და პოლიტიკასაც კი. უკვე 2016 წლის არჩევნებზე შევქმენი პარტია და ვეცადე ქართველი ხალხისთვის მემცნო და ამეხსნა, თუ რა დიდი საშიშროება მოდიოდა „ქართული ოცნების“ სახით. სამწუხაროდ, ეს ბოლო კარგად ვერ შევძელი. რეზულტატიც სახეზეა, თუ რა ტემპით დეგრადირებს ჩვენი ქვეყანა.

რაც შეეხება დღევანდელობას - ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია ამ მოღალატეების წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ცნობადი სახეები, როგორც არ უნდა შეძლებულად ვცხოვრობდეთ, უნდა ვიყოთ წინა პლანზე და მაგალითი სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში; ნათელი უნდა გავხადოთ ხალხის სურვილი, ხოლო პოლიტიკოსებმა უნდა აღასრულონ ხალხის ნება.

ბატონო მოსამართლე, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორმა „დიდად პატივცემულმა“ პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის სახით ხელის მოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მე საფრთხე ვარ მათი კარგად აწყობილი ცხოვრებისთვის და იციან, რომ თქვენც ასე ფიქრობთ. იცოდეთ და დაიმახსოვრეთ, მე რა მომივა იმას მნიშვნელობა არ აქვს, საქართველო არასდროს დანებდება და თქვენ, ყველანი აუცილებლად აგებთ პასუხს ხალხის წინაშე. ხალხი ბრძენია და პატრიოტი. ის სახელმწიფო მოღალატეების ბრბო, რომელიც დღეს მოაჯდა ხელისუფლებას, როგორც საშინელი სიზმარი, მალე გაქრება და გამოიდარებს მთელს საქართველოში!“ - განახადა ბურჭულაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა