რას ჰყვებიან გიორგი უძილაურის ახლობლები - "ჩათვალეს, რომ მათ პრორუსულ კურსს გიორგიმ უღალატა" - კვირის პალიტრა

რას ჰყვებიან გიორგი უძილაურის ახლობლები - "ჩათვალეს, რომ მათ პრორუსულ კურსს გიორგიმ უღალატა"

მგონია, რომ ეს [გიორგი უძილაურის ჯაშუშობა] ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ დააჯერეს, დააჯერეს ადამიანებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მათ პრორუსულ კურსს გიორგიმ უღალატა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ახლობელმა, ლიკა ნაღებაშვილმა განუცხადა.

როგორც ლიკა ნაღებაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ აღნიშნა, გიორგი უძილაურის მიმართ წაყენებული ბრალდება - ჯაშუშობა, არის აბსურდი.

„ეს არის აბსოლუტური ტყუილი, მსგავსი ტყუილი არასდროს მომისმენია. 14 წლის ვიყავი, როცა გიორგი გავიცანი, საკუთარ ქვეყანაზე და პროფესიაზე შეყვარებული, ასეთი ერთგული და პატრიოტი ადამიანი ალბათ, 2-3 არის ჩემს სამეგობროსა და ნაცნობებში. ყოველთვის იბრძოდა თავისი ქვეყნისა და პროფესიისთვის. ჟურნალისტების ნაწილზე გული ძალიან მწყდება იმიტომ, რომ იცნობდნენ მას. შეიძლება ვიღაცას, რაღაც წყენა ჰქონდეს მაგრამ ის, რომ გიორგისნაირ ჟურნალისტს არც იცნობენ და რაღაც ქილიკი დაიწყეს, ეს მართლა საწყენია პირადად ჩემთვის.

[ბრალდება] არის აბსურდი. არანაირი მტკიცებულება გამოძიებას არ ექნება, მაგაში დარწმუნებული ვარ. ღმერთს ვთხოვთ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ჩვენი საქმე იქნება მოგებული. მიზანი არის პირადი შურისძიება. იცით, რომ „ქართული ოცნება" მარტივ-მამრავლებად იშლება. ამ პროცესში მოხდა ის, რომ დასავლური კურსი უცებ შეიცვალა რუსული კურსით, შესაბამისად, გიორგი, რომელიც პროგრესული ადამიანია და ყოველთვის თავის იდეალებისთვის იბრძოდა, დარჩა იმ მხარეს, რომელიც ჩვენ კონსტიტუციაში შევიტანეთ და ყველამ ვთქვით, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და დასავლეთი”,- განაცხადა ლიკა ნაღებაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა