(ვიდეო) Jay-Jay Johanson, ნიკოლოზ რაჭველი და “შავნაბადა“ ერთ სცენაზე - სეზონის გამორჩეული მოვლენა თბილისში - კვირის პალიტრა

(ვიდეო) Jay-Jay Johanson, ნიკოლოზ რაჭველი და “შავნაბადა“ ერთ სცენაზე - სეზონის გამორჩეული მოვლენა თბილისში

9 მაისს თბილისში განსაკუთრებულ მუსიკალური საღამო გაიმართება. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში სცენაზე ერთიანდებიან მსოფლიოში ცნობილი შვედი მუსიკოსი Jay-Jay Johanson, ქართველი დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ანსამბლი “შავნაბადა“.

Jay-Jay Johanson თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია, რომლის შემოქმედებაც აერთიანებს ტრიპ-ჰოპს, ჯაზს, ელექტრონიკას და მელანქოლიურ პოპს. განსაკუთრებული ვოკალითა და ატმოსფერული მუსიკით ის 1990-იანი წლებიდან მსოფლიო სცენაზე გამორჩეულ ფიგურად იქცა. მისი ჰიტები და უნიკალური სტილი დღემდე ინარჩუნებს ერთგულ აუდიტორიას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

“შვედი მომღერალი, კომპოზიტორი და უნიკალური ტემბრის მფლობელი Jay Jay Johansson-ი უკვე წლებია ქმნის საკუთარ, თვითმყოფად სამყაროს, სადაც ჯაზი, ტრიპ-ჰოპი, ელექტრონიკა და სკანდინავიური მელანქოლია ერთიანდება დახვეწილ, ინტიმურ და კინემატოგრაფიულ ჟღერადობაში. მისი მსუბუქი ტონებით გაჯერებული ხმა განსაკუთრებულად ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს სწორედ თავისი სიფაქიზითა და სიღრმით, რაც მის თითოეულ საკონცერტო გამოსვლას მსმენელისათვის განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს. ამჯერად კი, ქართული აუდიტორიისთვია ეს გამოცდილება სრულიად ახალ მასშტაბს იძენს.“ - წერს ნიკოლოზ რაჭველი

ამჯერად, თბილისში დაგეგმილი პროექტი განსაკუთრებული იქნება იმითაც, რომ არტისტის მუსიკა სიმფონიური ორკესტრისა და ქართული ფოლკლორის ელემენტებთან ერთად გაჟღერდება. ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება საღამო, სადაც თანამედროვე ჟღერადობა კლასიკურ მუსიკალურ ძალასთან ერთიანდება და ქმნის ემოციურ, მასშტაბურ და დაუვიწყარ გამოცდილებას.

მუსიკის, მოდისა და კულტურის შერწყმა უკვე წლებია Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ერთ-ერთი მთავარი ხელწერაა და 9 მაისის საღამოც სწორედ ამ იდეის გაგრძელებად მოიაზრება. ღონისძიებას სოციალურ ქსელში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო მუსიკის მოყვარულები ამ პროექტს სეზონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კულტურულ მოვლენად ასახელებენ.