შოიგუ პუტინს აუჯანყდება და დაამხობს?! - დაზვერვის ანგარიში: კრემლის ბინადრის შიშები - კვირის პალიტრა

შოიგუ პუტინს აუჯანყდება და დაამხობს?! - დაზვერვის ანგარიში: კრემლის ბინადრის შიშები

რამდენიმე დღის წინ, დასავლურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ანგარიში, რომელიც მათი მტკიცებით, ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის დაზვერვამ მოამზადა. ანგარიშში საუბარია იმაზე, თუ რა ხდება რუსეთში და რისი ეშინია პუტინს. ჟურნალისტების მტკიცებით, დოკუმენტი რეალურია და ის მათ ზემოხსენებული ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა მიაწოდა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამ ანგარიშის გამოქვეყნებას დუმილით შეხვდნენ, რაც ექსპერტთა დიდმა ნაწილმა თანხმობად აღიქვა...

კრემლში განგაშის მაღალი დონეა გამოცხადებული?!

ანგარიში მიხედვით, 2026 წლის მარტიდან მოყოლებული პუტინის გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტს ეშინია შეთქმულების და გადატრიალების. ანგარიშში არის ასეთი დეტალიც - პუტინს ეშინია, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებმა ის დრონით არ მოკლან. აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურმა (რომელიც მაღალჩინოსნების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი), გაამკაცრა პრეზიდენტის დაცვა.

კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვიზიტორები ორდონიან შემოწმებას გადიან, მათ შორის სრულ ჩხრეკას. ფედერალური დაცვის სამსახურმა შეამცირა იმ ადგილების სია, რომელსაც პუტინი რეგულარულად სტუმრობდა. კერძოდ, „შავ სიაში“ მოხვდნენ პოდმოსკოვიესა და ვალდაის რეზიდენციები, სადაც პუტინი და მისი ოჯახის წევრები ხშირად ისვენებდნენ. პუტინი შესაძლოა, კვირები განმავლობაში მუშაობდეს მოდერნიზირებულ ბუნკერებში (ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი ბუნკერი კრასნოდარის მხარეშია), ფედერალური არხები კი წინასწარ მომზადებულ ვიდეომასალებს უშვებენ - თითქოს რუსეთის პრეზიდენტის რეჟიმი არ შეცვლილა.

2025 წელს პუტინი სამხედრო ინფრასტუქტურას ხშირად სტუმრობდა. 2026 წელს ასეთი არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ფედერალური დაცვის სამსახური მასშტაბურ შემოწმებებს ატარებს კილოგიური ქვედანაყოფების გამოყენებით. იღებენ სპეციალურ ზომებს, რათა დრონებიშ შეტევის შემთხვევაში, სწრაფად მოხდეს რეაგირება. ფედერალური დაცვის სამსახურთან თანხმდება ყველა მედია ღონოსძიება, რომელიც პუტინს ეხება.

ყველა იმ ადამიანს, რომელიც პუტინთან მუშაობს, აეკრძალათ მობილური ტელეფონების გამოყენება. მათ კავშირისთვუის უნდა გამოიყენონონ ისეთი მოწყობილობა, რომელსაც არ აქვს კავშირი ინტერნეტთან(მაგ. რაცია). მათ ასევე აეკრძალათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა - მხოლოდ დაცვის სამსახურის მანქანებით უნდა გადაადგილდნენ. პუტინის მზარეულების, ფოტოგრაფებისა და დაცვის თანამშრომლების სახლებში დაამონტაჟეს სათვალთვალო ვიდეოკამერები.

ვინ არის მთავარი გადამტრიალებელი?!

სწორედ ეს არის ანგარიშის ყველაზე სენსაციური ნაწილი. კერძოდ, დასავლური დაზვერვის მონაცემებით, პუტინის წინააღმდეგ პოტენციური შეთქმულების ასევე პოტენციური ორგანიზატორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სერგეი შოიგუა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის მინისტრი აღარ არის, შოიგუ გენერალიტეტზე სერიოზულ გავლენებს მაინც ინარჩუნებს. როდესაც შოიგუ სამხედრო უწყებიდან წავიდა, მაშინ საქმეში ჩახედული ადამიანები, ამბობდნენ, რომ მან და მისმა გუნდმა პუტინისგან გარკვეული ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო.

ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვის მონაცემებით, ეს გარანტიები დაირღვა, როდესაც 2026 წლის 6 მარტს შოიგუს ყოფილი პირველი მოადგილე რუსლან ცალიკოვი დააკავეს. მას მრავალმილიარდიანი კორუფციული სქემების აწყობას და ქრთამის აღებას ედავებიან. დაზვერვის მტკიცებით, ხელშეუხებლობის გარანტიების დარღვევა საგანგაშოა სიგნალია არა მხოლოდ შოიგუსთვის (რომელსაც შესაძლოა ასევე მიადგეს გამოძიება) , არამედ რუსეთის პოლიტიკური ელიტის ბევრი წარმომადგენლისთვის.

დაპირისპირება რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში?!

ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მონაცემების მიხედვით, რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს შორის დაპირისპირებაა და ის თანდათან უფრო მწვავდება.

უკრაინელმა სპეცსამსახურება რუს სამხედრო მაღალჩინოსნებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს. ერთმანეთის მიყოლებით გააგორეს რამდენიმე გენერალი. განსაკუთრებით რეზონასული იყო 2025 წლის 22 დეკემბერს მოსკოვის ცენტრში გენერალ-ლეიტენანტ ფანილ სარვაროვის მკვლელობა. დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, ამას ძალიან შეუშფოთებია რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, რომელსაც პუტინისთვის ამ საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა უთხოვია. პუტინმა საბჭოს სხდომა არ მოიწვია (სავარაუდოდ, არ სურდა მედიარეზონანსი), სამაგიეროდ, 2025 წლის 25 დეკემბერს (ამ დღეს მოსკოვში კიდევ ერთ რუს სამხედრო მაღალჩინოსანზე თავდასხმა მოხდა) თათბირი ვიწრო წრეში ჩაატარა, რომელსაც ესწრებოდნენ ვალერი გერასიმოვი, „ეფ-ეს-ბეს“ დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი და „როსგვარდიის“ სარდალი ვიქტორ ზოლოტოვი.

დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, თათბირზე გერასიმოვმა თქვა, რომ გენერლებზე ნადირობას რუსეთის ჯარში დეზორგანიზაცია შეაქვს და უსაყვედურა სპეცსამსახურის წარმომადგენლებს - პრევენციას ვერ ახდენთო. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს არ აქვს იმის რესურსები, რომ ყველა მაღალი რანგის ოფიცერი ფიზიკურად დაიცვას. საპასუხოდ, „ეფ-ეს-ბეს“ დირექტორმა ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ შეუძლებელია ყველა თავდასხმის პრევენცია და აქეთ დაადანაშაულა თავდაცვის სამინისტროს უუნარობაში. მისი თქმით, სამხედრო უწყებას აქამდე უნდა შეექმნა სპეცდანაყოფი, რომელიც მაღალჩინოსნების უსაფრთხოებაზე იზრუნებდა. „როსგვარდიის“ სარდალმა ზოლოტოვმა თქვა, რომ მას არ აქვს იმდენი რესურსი, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დაეცვას და ეთანხმება ბორტნიკოვს - ამაზე თავად არმიას უნდა ეზრუნა. ამ პასუხებზე გერასიმოვი სულ გაგიჟებულა...საბოლოოდ, პუტინმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო - ფედერალური დაცვის სამსახურმა დამატებით 10 გენერალი აიყვანა დაცვის ქვეშ.

თუმცა დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა სტრუქტურებს შორის დაძაბულობა სულაც არ ჩამქვრალა და შესაძლოა, მალე ახალი ძალით იფეთქოს.

არის თუ არა ირიბი მტკიცებულებები?!

როდესაც მედია აქვეყნებს ამა თუ იმ მასალას (მით უმეტეს, დაუსახელებელი ქვეყნის დაზვერვის ანგარიშს), თუ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილში სკეპტიციზმს გამოიწვევს. რუსული ოპოზიციური გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ ირიბი მტკიცებულებების მოძიებას შეეცადა.

გამოცემა წერს, რომ დაზვერვის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე, მათ „ეფ-ეს-ბეს“ ყოფილმა თანამშრომელმა უთხრა, რომ მოსკოვში ინტერენეტის შეზღუდვის უკან დგას არა „ეფ-ეს-ბე“ (რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი), არამედ ფედერალური დაცვის სამსახური (რომელიც პუტინს იცავს). კიდევ ერთ ირიბ მტკიცებულებად გამოცემას მოჰყვას „ეფ-ეს-ბეს“ მოქმედი (რა თქმა უნდა, ანონიმური) თანამშრომლის მონათხრობი, რომლის მიხედვითაც, არაპოლიტიკურ, მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმეეზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ნებართვის მიღება გაძნელებულია, „რადგან მთელი ტექნიკა მთავრობისა და ხელისუფლების სხვა ორგანოების მოსმენებზე გადაამისამართეს“. იმის კიდევ ერთ ირიბ მტკიცებულებად, რომ პუტინს საკუთარი გარემოცვის მხრიდან შეთქმულების ეშინია, გამოცემას მოჰყავს შემდეგი ფაქტი - მათი ინფორმაციით, 9 მაისის აღლუმზე, ტრიბუნაზე, რუსეთის დუმის არც ერთი დეპუტატი დაპატიჟებული არ არის.

საბოლოოდ, გამოცემა ასკვნის: ჩიხში შესული უკრაინის ომი, დრონების დარტყმები რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, მზარდი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემები, ადრე თუ გვიან, გამოიწვევს იმას, რომ ძალოვანი კლანები დაიწყებენ ბრძოლას დასუსტებული დიქტატორის ტახტისთვის.

გამოცდემის პროგნოზით, რუსეთში მოვლენების განვითარების ორი სცენარია მოსალოდნელი. 1. ირანული გზა. პუტინი დაეყრდნობა ფედერალური დაცვის სამსახურსა და „როსგვარდიას“, შექმნის მათგან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რუსულ ანალოგს, დაიწყებს უპრეცედენტო რეპრესიებს, მათ შორის ე.წ. ხელშეუხებლების წინააღმდეგ და ამ გზით შეინარჩუნებს ძალაუფლებას. 2. პუტინს არ გამოუვა ძალაუფლების შენარჩუნება და ქვეყანაში დაიწყება ქაოსი.

ინფორმაციული სპეცოპერაცია თუ რეალური სურათი?!

ფაქტია - რუსეთი ოკუპანტია და ამ ქვეყნის დასუსტება (პუტინის დამხობა იქნება ეს თუ არეულობა) ბევრ პრობლემას მოაგვარებს არა მხოლოდ რუსეთის მეზობლებისთვის, არამედ მთელი პლანეტის მასშტაბით. თუმცა სასურველი რეალობად არ უნდა გავასაღოთ.

ევროპული ქვეყნის დაზვერვის ანგარიშში იმის თაობაზე, რომ შოიგუმ შესაძლოა, პუტინი დაამხოს, მხოლოდ თეორიული მსჯელობაა მოყვანილი. არ ჩანს თავად შოიგუ რამდენად „ჩალიჩობს“ პატრონისთვის ძირის გამოთხრას. რაც შეეხება თათბირის ეპიზოდს, ეს ნამდვილად ყურადსაღებია, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ ვთქვათ - არიქა, რუსეთში ძალოვნების კლანური ომი იწყებაო. ახალი არაფერია არც პუტინის შიშებზე. ასევე, რუსული გამოცემის მიერ მოყვანილი ირიბი ფაქტებიც გულბრყვილოდ გამოიყურება.

სავარაუდოდ, ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფოს დაზვერვის ანგარიში საინფორმაციო ომის ნაწილია. სპეციალურად „გააჟონინეს“ მედიაში, რათა კრემლში დიდი ეჭვიანობა გამოეწვიათ - კარგად აქვთ შესწავლილი პუტინის ფსიქოპორტრეტი.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ზემოხსენებული არ ახდება. თუ რუსეთში გაღრმავდა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, უკვე მოფაფახებული ომის მანქანა მოიშალა და რუსეთის მდიდარმა პოლიტელიტამ იგრძნო, რომ პუტინს საფლავში მიჰყვება, შესაძლოა, მოვლენები უფრო მძიმე სცენარებითაც განვითარდეს, ვიდრე ზემოხსენებულ პროგნოზებშია აღწერილი.