"ოცნებაში“ გაიმარჯვა ფრთამ, რომელიც ამბობს: „ზედმეტი მოგვივიდა, გადავყლაპეთ მეტი, ვიდრე მონელება შეგვიძლია“ - ბაკურ კვაშილავა - კვირის პალიტრა

"ოცნებაში“ გაიმარჯვა ფრთამ, რომელიც ამბობს: „ზედმეტი მოგვივიდა, გადავყლაპეთ მეტი, ვიდრე მონელება შეგვიძლია“ - ბაკურ კვაშილავა

„ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე დებატებში გაიმარჯვა იმ ფრთამ, რომელიც ამბობს, რომ „ჩვენ ზედმეტი მოგვივიდა, გადავყლაპეთ უფრო მეტი, ვიდრე მონელება შეგვიძლია“. ადრე ამ ფრთას არ უსმენდნენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირის, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კვაშილავა დარწმუნებულია, რომ ამ საკითხში „ქართული ოცნების“ უკან დახევა უწყვეტმა პროტესტმა განაპირობა და არა რომელიმე კონკრეტულმა მოვლენამ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტმა.

„არავის ეგონოს, თითქოს ეს რომელიმე კონკრეტულ მოვლენასთან იყოს დაკავშირებული, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე დებატებში გაიმარჯვა იმ ფრთამ, რომელიც ამბობს, რომ „ჩვენ ზედმეტი მოგვივიდა, გადავყლაპეთ უფრო მეტი, ვიდრე მონელება შეგვიძლია“. ხომ აკეთებდა თვითონ პრემიერ-მინისტრი ასეთ განცხადებას, რომ პოლიციელებს ხელს არ დააკარებს და ნახეთ, როგორ დაიხიეს უკან. ნახეს, რომ ეს ხისტი პოზიცია შედეგს, საბოლოო ჯამში, მაინც არ იძლევა, იმიტომ, რომ პროტესტი მაინც არ გაჩერებულა, არ შეწყვეტილა, გრძელდება და არ შეწყვეტილა თვითონ „ქართული ოცნების“ იზოლაცია“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია პოლიტიკური კეთროვნის სტატუს-ქვო და აქვს მცდელობა, რომ გადაირჩინოს საკუთარი თავი.

„ქართული ოცნებისთვის“ ეს სტატუს -ქვო მიუღებელია, ეს არის არასტაბილური პოზიცია მათთვის, რაც არ უნდა გვეგონოს, რომ ის დომინირებს შიდა არეალზე, „ქართული ოცნება“ დღეს საერთაშორისო პოლიტიკაში არის კეთროვანი, ეს არის პარტია, ორგანიზაცია და ხელისუფლებაში დროებით მყოფი მთავრობა, რომლისთვისაც ხელის ჩამორთმევასაც კი ერიდებოდნენ აქამდე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ეს არის მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, გადაირჩინოს თავი კომპრომისით და დაიწყოს პროცესი, რომელიც იქნება ვითომ შერბილება იმ დრაკონული და მეცხრამეტე საუკუნის კანონების, რომლის მიმღები ხელისუფლება დღეს ევროკავშირს ასწავლის, რობერ შუმანს რა უნდოდა, როდესაც ევროკავშირი შექმნა. ეს არის სამარცხვინო! ბაბუას რომ შვილიშვილი ასწავლიდა, აი, ეს სამარცხვინო რამ გააკეთა დღეს პაპუაშვილმა“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა