"შემაკავებელი" ნომერი - გამოსავალი, რომ სპეცრაზმელმა ძალას არ გადაამეტოს?!
მიტინგების დროს ნიღბიან სპეცრაზმელს ნომერი ეწეროს და პრობლემაც თავისთავად მოიხსნება...
„...ეს იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც პოლიციელებმა თვითნებურად იმოქმედეს ისე, როგორც არ უნდა ემოქმედათ. ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას, რომ ეს გამოძიება ბოლოში გავიდოდა. ძალიან სენსიტიური საკითხია, აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდა - 1000-მდე საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა, 500-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს და ამ ყველაფრის საფუძველზე, ბრალი წარედგინა იმ 5 პირს, რომლებმაც გადააჭარბეს თავის უფლებამოსილებას“,- განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა იმის პასუხად, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს - თავიდანვე იცოდნენ იმ სპეცრაზმელების ვინაობები, ვინც მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ, მაგრამ ამდენ ხანს თავს იკავებდნენ მათ დაკავებაზეო...
ხელისუფლებასა და ოპოზიციას ყოველთვის ექნება ერთმანეთთან დასაპირისპირებელი თემები, მაგრამ არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ტექნიკურად ძალიან მარტივია...
დიახ, სამართალდამცავებს და მათ შორის - სპეციალური დანიშნულების რაზმების წევრებს უკეთიათ ნიღბები, დემონსტრაციების დაშლის დროს და ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, ასე იქცევიან იმ ევროპისა თუ ამერიკის საპოლიციო დანაყოფების სპეცრაზმელებიც, რომელთა ქვეყნებიც „დემოკრატიის აკვნად“ აცხადებენ თავს.
ასე ხდებოდა და ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ურთულეს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და ნიღბიანი სპეცრაზმელები, რომელთა ვინაობის დადგენა შეუძლებელი გახლდათ, არც 2007 წლის 7 ნოემბერსა თუ 2011 წლის 26 მაისის ღამეს „ასვენებდნენ“ რეზინის ხელკეტებს და არც ცრემლსადენი აირის ყუმბარების ახლო მანძილიდან დამიზნებით სროლა ეზარებოდათ, მომიტინგეების მიმართულებით, როგორც ასეთივე შემთხვევები გაგრძელდა 2019-2024 წლების დემონსტრაციების დროს, რაც გასაკვირი არც გახლდათ, რადგან სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში, ბევრ შემთხვევაში ერთი და იგივე სპეცრაზმელები იჩენდნენ ამით თავს, ბევრ სპეცრაზმელს კი ეს, საბედნიეროდ, არც მაშინ და არც შემდგომში არ გაუკეთებია...
აქ არის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი:
პირველი - მიუხედავად იმისა, რომ კანონში ნათლადაა გაწერილი, თუ რისი უფლება აქვს და არ აქვს სამართალდამცველს მასობრივი შეკრებების დაშლის ოპერაციის დროს, ზოგიერთი სპეცრაზმელი ამ კანონს არღვევს იმის გამოც, რომ ფსიქოლოგიაზე დამრთგუნველად მოქმედებს, როდესაც პირისპირ მდგომი რადიკალი მომიტინგეების ჯგუფი მას პირში აგინებს და აფურთხებს (ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით) რამდენიმე საათის განმავლობაში და ის თანდათანობით იმ ნაგაზს ემსგავსება, რომელსაც ერთი სული აქვს, აუშვან ანუ სპეცრაზმს მისცენ ბრძანება მომიტინგეების დაშლის დასაწყებად...
ამ დროს ბევრი სპეცრაზმელი (განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც გზის გადაკეტვისას წინარიგებში იდგნენ და სწორედ მათზე პირადად მიდიოდა აგრესიული მომიტინგეების ყველა გინება და წყელვა-კრულვა), თვალებით ეძებს გაქცეული ხალხის მასაში სწორედ მათ, ვინც საათების განმავლობაში აგინებდა-აფურთხებდა და მიზანმიმართულად იწყებს მათ დევნასა და დაკავებას, რომლის დროსაც აჭარბებს თავის უფლება-მოვალეობებს, რომლებიც უკვე სისხლის სამართლის დანაშაულში გადადის...
მეორე - სწორედ იმ მომენტში, როდესაც სპეცრაზმელი აკავებს მისთვის „სასურველ“ მომიტინგეს, რომლისგანაც საათების განმავლობაში პირადი შეურაცხყოფა მიიღო, მას ეწყება პირადი შურისძიების მოქმედება და „ეხსნება“ დაუსჯელობის გრძნობა, რადგან სახეზე ნიღაბი უკეთია და მომიტინგეთა მხრიდან მისი პირადობის იდენტიფიკაცია თითქმის შეუძლებელია, რადგან მისნაირი ფორმა კიდევ ასობით სხვა სპეცრაზმელსაც აცვია...
დაუსჯელობის გრძნობა კი ძალიან ცუდი „მეგობარია“ იმ შემთხვევისთვის, როდესაც ვიღაცაზე ძალზე გამწარებული ხარ და, ამასთან, მეთაურობაც დიდად არ გიკრძალავს, „ჭკუა ასწავლო თავგასულებს“. შესაბამისად, ზოგიერთ სპეცრაზმელში (რომლებიც ისედაც არ გამოირჩეოდნენ ადამიანების მიმართ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით) იღვიძებს მხეცი და ხდება ის, რისი საშინელი ვიდეოკადრებიც ჯერ კიდევ 1989 წლის 9 აპრილიდან მწარედ გვახსოვს, მაგრამ მაშინ ისინი ხომ გადამთიელები იყვნენ, რომლებისთვისაც ქართველები მტრებს წარმოადგენდნენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაშლილ/დარბეულ მიტინგებზე განსაკუთრებული არაადამიანურობის გამომჩენი სპეცრაზმელები კი, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის შვილები არიან...
რა გამოსავალი შეიძლება გამოინახოს, რომ მომავალში საერთოდ თავიდან ავიცილოთ ასეთი შემთხვევები და მიტინგების დაშლა არ გადაიზარდოს მათ დარბევაში, სპეცრაზმელების მხრიდან თავიანთი უფლებების გადამატების სახით?
ამის ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს, რაც ბევრი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურის პრაქტიკაშია - სამართალდამცავებს, მათ შორის - პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს კი უკეთიათ ნიღბები, მაგრამ მათ მუზარადებზე ან დამცავ ჟილეტებზე ასევე აწერიათ საიდენტიფიკაციო ნომრები და თუკი მათ რაიმე უკანონობა ჩაიდინეს მიტინგების დაშლისას (არადა, რომ უყუროთ, რა „ლამაზად“ იქნევენ ფრანგი თუ გერმანელი ნიღბიანი პოლიციელები რეზინის ხელკეტებს მომიტინგეების თავებზე და რა „ლამაზად“ ასხურებენ წიწაკიან სპრეის ყველაზე აგრესიულებს, პირდაპირ თვალებში...) და ეს დაფიქსირდა ფოტოვიდეოკადრებში და მოწმეთა ჩვენებებში, ძალზე მარტივად შეიძლება კანონის დამრღვევი სპეცრაზმელის ამოცნობა და ამის გამოძიებას აღარ დასჭირდება ორი წელი და ასობით მოწმის გამოკითხვა...
მესამე - როდესაც სამართალდამცავს ეცოდინება, რომ მხოლოდ ნიღაბი ვეღარ უზრუნველყოფს მის ინკოგნიტოდ დარჩენას, თუკი კანონს გადააჭარბა მიტინგის დაშლის დროს და მის მუზარადზე თუ დამცავ ჟილეტეზე დაწერილი საიდენტიფიკაციო ნომრით მაინც ადვილი გახდება მისი ამოცნობა, ის, რაც უნდა გაცოფებული იყოს რომელიმე მომიტინგის გინება-ფურთხებით, ასჯერ დაფიქრდება, ურტყას თუ არა დაუნდობლად ფეხები მიწაზე დავარდნილ და წინააღმდეგობის არგამწევ მოქალაქეს, თუნდაც ეს მოქალაქე წუთების წინ მას ქვებს ესროდა და პირში აფურთხებდა...
როდესაც ახალი კანონის თანახმად იკრძალება მიტინგში მონაწილეების მიერ სახის ნიღბით დაფარვა (რათა არ გართულდეს მათი ვინაობის დადგენა, თუკი მომიტინგემ დანაშაული ჩაიდინა), მაშინ ლოგიკური იქნება, თუ ნიღბიან სპეცრაზმელს საიდენტიფიკაციო ნომერი ეწერება, ასევე, მისი პიროვნების ამოსაცნობად, თუკი მან გადააჭარბა თავის უფლება-მოვალეობებს...