"ოცნება“ წავა დათმობებზე, დასავლეთთან ურთიერთობა რომ მოაგვაროს...“
4-5 მაისს ერევანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 და ევროკავშირისა და სომხეთის პირველ სამიტებს უმასპინძლა. ეს იყო ძალიან წარმომადგენლობითი სამიტი ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ექსპერტთა შეფასებით, ეს ფორუმები დასავლეთისთვის, განსაკუთრებით კი ევროპისთვის, სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ თვალნათლად მიანიშნებენ. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძესთან:
- თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს მნიშვნელოვანი შეკრება ჩატარდა ერევანში, სამხრეთ კავკასიაში, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და ევროპისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ სამიტი სწორედ სომხეთში ჩატარდა. თუ გახსოვთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ძალიან საინტერესო რამ ბრძანა, რვა წლის წინ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, მაგრამ სომხეთმა ნელ-ნელა დაიწყო გამოსვლა რუსული ორბიტიდან და სწორედ ამან გახადა შესაძლებელი ერევანში ასეთი სამიტის ჩატარებაო.
დიახ, სომხეთი კავკასიაში ამ მხრივ ყველაზე სუსტი წერტილი იყო, რადგან იქ რუსული გავლენა ყველაზე ძლიერი იყო და ახლა ფაშინიანის დამსახურებით ეს ნელ-ნელა იცვლება, რაც ძალიან კარგია რეგიონისთვისაც და ევროპისთვისაც, მაგრამ ჩვენი გადასახედიდან ამას აქვს მეორე მხარეც - ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში, ნელ-ნელა, ფაქტობრივად, თამაშგარე მდგომარეობაში ვრჩებით... სამწუხაროდ, ის შეხვედრები, რომლებიც პროპაგანდისტულმა ქართულმა არხებმა აჩვენეს - პრემიერის შეხვედრა მაკრონთან თუ ზელენსკისთან - უფრო პროტოკოლური ხასიათის იყო, ვიდრე სერიოზული ნაბიჯების გადადგმის წინა პირობა. რა თქმა უნდა, უკრაინასთან ურთიერთობის მოგვარება თუ მოხერხდა, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ, ჯერჯერობით, ელჩებიც რომ დაინიშნოს, დიდი წინსვლა მაინც საეჭვოდ მიმაჩნია, თუმცა სულ არაფერს, ეს მაინც ჯობია. ქართულმა დელეგაციამ, რაკი ფორმალურად მაინც ევროპულ ოჯახს მივეკუთვნებით, მიიღო მიწვევა და დაესწრო სამიტს, მაგრამ აქედან რაიმე მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ნაადრევია. ჩვენი საქართველოს დელეგაციისგან ერთი ინიციატივაც კი ვერ ვიხილეთ.
- თქვენ ახსენეთ, რომ ევროპისთვის სამხრეთი კავკასია მნიშვნელოვანია, რაც ამ რეგიონზე გამავალ ამ კორიდორს უკავშირდება. წლების განმავლობაში ეს დერეფანი უპირველესად საქართველოს მოიაზრებდა, რაც ნელ-ნელა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდა ამ პროცესს დაახლოებით ასე წარმოაჩენს: თითქოს ეს კორიდორი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია და ევროპას, ადრე თუ გვიან, მოუწევს საქართველოს ხელისუფლებასთან დალაპარაკება და გარკვეულ დათმობებზე წასვლა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი აღქმაა ეს?
- მე ვიტყოდი, ეს უფრო პროპაგანდაა, ვიდრე რეალობის სერიოზული ანალიზი. ჩვენ ერთი რამ გვავიწყდება: სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ძალზე რეალურად გამოჩნდა პოტენციური ალტერნატიული დერეფანი. ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რადგან, თუ ეს დერეფანი განვითარდა - და, ალბათ, განვითარდება კიდეც, რადგან დიდი ამერიკული ინტერესია, ჩვენი როლი შეიძლება შეიცვალოს. არ ვიცი, დარჩება თუ არა ტრამპი პრეზიდენტად, მაგრამ მისი პრეზიდენტობის პირობებში ამ დერეფნის რეკონსტრუქციას დიდი ყურადღება დაეთმობა, რადგან მას დიდი ამბიციები აქვს და შეეცდება ეს მარშრუტი სამაგალითო გახდეს. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი იმაზე, რომ დასავლეთი დათმობებზე წავა და იძულებული იქნება შეეგუოს საქართველოში არსებულ სიტუაციას, ძალიან გადაჭარბებულია.
მე უფრო სხვაგვარად მგონია: "ქართული ოცნება" კი იტყვის, რომ დასავლეთს დაათმობინებს ბევრ რამეს, მაგრამ რეალურად თავად წავლენ დათმობებზე, რათა დასავლეთთან ურთიერთობა მოაგვარონ. ამის ნიშნები უკვე არის და ჰაერზე არ ვლაპარაკობ - თუნდაც ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ხუთი სპეცრაზმელი დააპატიმრეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის მასშტაბი, რაც უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია. ნუ ვფიქრობთ, რომ მათი ვინაობა მართლა ერთი თვის წინ დაადგინეს. ეს პირები ჯერ კიდევ 2024 წლის დარბევების დროს იყვნენ იდენტიფიცირებული და ხელისუფლებაში ყველამ ყველაფერი იცოდა. უბრალოდ, ახლა ვითარება შეიცვალა და ხელისუფლება იძულებული შეიქნა შექმნილი გარემოებებისთვის ანგარიში გაეწია. დათმობები დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ როგორი იქნება ვითარება უკრაინაში, რუსეთში და როგორ დასრულდება ომი ირანში. ჯერჯერობით არ ჩანს, რა იქნება ირანში, უკრაინაში კი კარგა ხანია ვითარება ისეთი აღარ არის, როგორიც ოთხი წლის წინ, როცა ყველას ეგონა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა. ეს საგარეო ფაქტორები იმუშავებს "ქართული ოცნების" პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და იძულებული შეიქნებიან სხვა დათმობებზეც წავიდნენ, ოღონდ პროპაგანდისტები იტყვიან, თითქოს დასავლეთი წავიდა დათმობებზე და არა "ქართული ოცნება".
- ბატონო ვახტანგ, სპეცრაზმელების დაკავება პირდაპირ დაემთხვა სომხეთიდან საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტს. მან უკვე გამართა შეხვედრები პრემიერთან, ვიცე-პრემიერ ბოჭორიშვილსა და ოპოზიციასთან. სწორედ იმ დღეს, როცა კობახიძეს შეხვდა, ცნობილი გახდა სპეცრაზმელების დაკავების ამბავი. ბუნებრივია, ძალიან მიამიტები უნდა ვიყოთ, რომ ეს დამთხვევად მივიჩნიოთ. რას ფიქრობთ ამ ნაბიჯზე და კიდევ რისი გაკეთება შეიძლება მოუხდეს ხელისუფლებას? მაგალითად, აქციებისას დაკავებულების გათავისუფლება შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი? ასევე საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობს ამით ხელისუფლება - იზოლაციიდან თავის დაღწევას თუ სანქციების თავიდან აცილებას?
- საქართველოში ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუბიომ დარეკა პრემიერ-მინისტრთან. შეიძლება ითქვას, ეს ურთიერთობების ათვლის ახალი წერტილია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რაზე იყო საუბარი, მაგრამ ერთი რამ მნიშვნელოვანია: ევროპისა და ამერიკისთვის კავკასია, როგორც "შუა დერეფანი", უალტერნატივო ხდება. უკრაინაში ან ირანში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი ეს მარშრუტები დიდხანს ვერ იქნება უსაფრთხოების გარანტია, რადგან რუსეთსა თუ ირანში სტაბილურობის აღდგენას უამრავი დრო დასჭირდება. ირანში, სავარაუდოდ, რეჟიმი რჩება, რაც ნიშნავს, რომ ვითარება იქ ბოლომდე უსაფრთხო ვერ იქნება. ამიტომ კავკასიური დერეფანი თავისი სტაბილურობით უმნიშვნელოვანესი ხდება. ამერიკის ინტერესია, რომ საქართველოში ჰქონდეს საყრდენი, თუნდაც ანაკლიის პორტის სახით, რომელიც მხოლოდ ლოჯისტიკური ცენტრი არ იქნება.
რადგან გეოპოლიტიკურად სამხრეთ კავკასიაში ფეხის მოკიდება მათთვის პრიორიტეტია, "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან გარკვეული ურთიერთობა დაიწყო, მაგრამ, როგორც ჩანს, არის პირობები როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან და უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიულ ღირებულებებს. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე დაიწყო ეს ვიზიტებიც. რაც შეეხება იმას, თუ რაზე წავა "ქართული ოცნება", ეს დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ საგარეო ფაქტორებზე, არამედ ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც - ფაქტია, რეალური რეფორმებია გასატარებელი! ამ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილით არ გადადგამენ, მაგრამ თუ იქნება რეალური ზეწოლა ჩვენი პარტნიორებისგან, იძულებულნი შეიქნებიან ანგარიში გაუწიონ, რათა თავი დააღწიონ იზოლაციას. ჯერჯერობით ამის მხოლოდ სიმპტომებს ვხედავთ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ დასავლეთი, სამწუხაროდ, ოპოზიციაში ვერ ხედავს ხელისუფლების ჩანაცვლების რეალურ გარანტიას. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნება ზეწოლა ხელისუფლებაზე - არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გათვალისწინებითაც.
- მოგეხსენებათ, პროკურატურამ მომიტინგე ზვიად მაისაშვილზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის ფაქტებზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა. ამ თემაზე საუბრისას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა ("ხარებამ") განაცხადა, შესაძლოა აღნიშნული პირები შიგნიდან ჩაუშვესო. "ჩაშვებულია, აბა, რა არის. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს რა გამოლევს, ხელს რომ იშვერენ. თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ, ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორემ ეს ბიჭები რა შუაში არიან?" - აღნიშნა "ხარებამ"...
- ჩემი შეფასებით, ეს განცხადება არის იმ სისტემური დანაშაულის ირიბი მხილება, რისი მონაწილეც იყო "ხარებაც". თუ ვინმეს ჰგონია, მხოლოდ ეს ხუთი კაცი მოქმედებდა ასე, ძალიან ცდება. იქ ასობით ადამიანია დაშავებული.
ეს გადაწყვეტილება არც "ხარებას" მიუღია, მასაც ჰქონდა პირდაპირი ბრძანება, ყოფილიყვნენ მაქსიმალურად სასტიკები, რათა დემონსტრანტებისთვის მეორედ და მესამედ ქუჩაში გასვლის სურვილი დაეკარგვინებინათ. ეს ბრძანება ხელისუფლებიდან მოდიოდა და "ხარება" ასრულებდა. როცა ამბობს, რომ მზად არის ყველას მაგივრად აგოს პასუხი, ამით ცდილობს ისევ ხელისუფლებას აჩვენოს, რომ "საჭირო კაცია".
მთავარია ისიც, რა ბედი ეწევათ სპეცრაზმელებს ამ პროცესის შემდეგ. მე მახსოვს გირგვლიანის საქმეზე დაკავებულები, როდესაც ხელისუფლებამ მათ ციხეში კომფორტული პირობები შეუქმნა და შემდეგ დროზე ადრეც გაათავისუფლა. თუ ახლაც ასე მოხდა, თუ ეს ხუთი პირი მხოლოდ ფორმალურად გაათავისუფლეს სამსახურიდან და შემდეგ სასათბურე პირობები შეუქმნეს, მაშინ ეს "სასჯელი" სხვა სპეცრაზმელებზე ვერ იმუშავებს.
პირიქით, დარწმუნდებიან, რომ სისტემა მათ არ წირავს. ამიტომაა მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პროცესი, არამედ მონიტორინგი - მართლა დაისჯება თუ არა ეს ხალხი. ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი იძულებით გადადგა, რადგან იცის, რომ კითხვის ნიშნები თავად სპეცრაზმელებშიც გაჩნდა, თუ რამდენად არიან ისინი დაცული ხელისუფლების უკანონო ბრძანებების შესრულებისას. ამგვარი კითხვები "ქართული ოცნების" მსგავს რეჟიმებს მხოლოდ ასუსტებს.
- მოკლედ მინდა შევაფასოთ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების განაჩენიც - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძესა და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას - 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
- ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ასევე იქნება, ვიდრე არ დაიწყებენ იმის გაანალიზებას, რა მოხდა 4 ოქტომბერს. იმის თქმა, რომ "ხელისუფლებამ პროვოკაცია მოგვიწყო", არაფერს ნიშნავს. თუ ასეთ პროვოკაციას წამოეგები, მაშინ საერთოდ უნდა წახვიდე პოლიტიკიდან. ავტორიტარული რეჟიმის დროს უნდა იცოდე, რომ ხელისუფლება ყველანაირ პროვოკაციაზე წავა, მაგრამ მნიშვნელოვანია შენ რას აკეთებ, როგორ იქცევი? თუ არ შეგიძლია საფრთხეების გათვლა, საკუთარ თავსაც ღუპავ და იმ მიზანსაც, რის მიღწევასაც ცდილობ. ოთხმა ოქტომბერმა ხელისუფლება კი არა, ოპოზიცია დააზარალა ყველაზე მეტად, შესაბამისად, ოპოზიციამ განმარტებები უნდა მოითხოვოს არა ხელისუფლებისგან, არამედ იმ ხალხისგან, ვინც ეს 4 ოქტომბერი დააორგანიზა. უამრავი კითხვაა პრეზიდენტის სასახლესთან მისვლაზეც. ამ კითხვებზე პასუხის გარეშე ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ქუჩის აქტივობის აღდგენა. თუ გვინდა ხელისუფლება ვაიძულოთ დათმობებზე წავიდეს, ოპოზიციამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ კითხვის ნიშნები აღარ დატოვოს.
- კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე გიორგი უძილაურის დაკავებაა ჯაშუშობის ბრალდებით. ის წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერი და ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელიც კი იყო. ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, ბევრის შეფასებით, ვერაფერს ამტკიცებს. მეტიც, ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: "მგონი, ქართული კონტრდაზვერვა რაღაც ახალ სიმაღლეებს იპყრობს! მსოფლიო შპიონაჟის ისტორიას არ ახსოვს, რაც საქართველოში მოხდა! - ნებისმიერი ქვეყნის დაზვერვისთვის ელემენტარული კონსპირაციის დარღვევის თვალსაზრისით "მტრული ქვეყნის" ტერიტორიაზე "საიდუმლო აგენტთან" თანამშრომლობის წერილობითი დოკუმენტური დადასტურების შექმნა დაუჯერებლად იდიოტური საქციელია!"
- სრულად ვეთანხმები ირაკლის, ხელშეკრულების გაფორმება აგენტთან? ეს ხომ სრული აბსურდია. მთავარი ისაა, თუ რატომ დასჭირდა "ქართულ ოცნებას" ასეთი ნაბიჯის გადადგმა და თან ამის აფიშირება. ჩემი შეფასებით, ისინი ცდილობენ ახალი რეალობის შექმნას - ევროპის დისკრედიტაციას, რაც პროპაგანდის ახალი მექანიზმია. ევროპას, ფაქტობრივად, მტრად აცხადებენ. ახალი თემა შემოიტანეს - შპიონაჟი, ამისთვის კი პერსონაჟი სჭირდებოდათ და უძილაური ამ კატეგორიაში მოხვდა. იქ, ალბათ, სხვა ქვედინებებიც იყო, უძილაურმა ვიღაცას გადაუჭრა გზა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს პროპაგანდისტული მანევრია, მხოლოდ იმის საჩვენებელი, რომ თურმე "დასავლეთი გვებრძვის". ისე, რადგან ინფორმაცია უკვე გაცემულია და ამაში საიდუმლო არაფერია, იქნება გვითხრან, რა ინფორმაცია მიაწოდა უძილაურმა იქს-პირს, როგორ დაზიანდა ამით ქვეყანა?..