"ზელენსკი-კობახიძის შეხვედრა შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი ჩვეულებრივი დიპლომატიური ჟესტი“ - კვირის პალიტრა

"ზელენსკი-კობახიძის შეხვედრა შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი ჩვეულებრივი დიპლომატიური ჟესტი“

სომხეთის სამიტი, უკრაინა, ენერგეტიკული ომი და საქართველოს არჩევანი - რა შეიძლება იყოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძის შეხვედრის საუბრის საგანი? ამ შეხვედრამ თბილისისა და კიევის ურთიერთობის შესაძლო გადატვირთვაზე საუბარი კვლავ აქტუალური გახადა. რას შეიძლება მიანიშნებდეს ზელენსკის განცხადება, რომ "დიდი ხნის განმავლობაში პირველად საქართველოს პრემიერთან საუბარი მართებული იყო", ამ საკითხზე პოლიტიკური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ვეკუა გვესაუბრება:

- მართალია, ოფიციალურად არავინ ამბობს, რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის ლიდერებმა, თუმცა გეოპოლიტიკური ცვლი­ლებები საშუალებას იძლევა ეს შეხვე­დრა ბევრად ფართო კონტექსტში განვიხილოთ. მსოფლიო პოლიტიკა სწრაფად გადადის ახალ ფაზაზე, სადაც ენერგეტიკა, ფინანსური სისტემები, სატრანზიტო დერეფნები და სამხედრო უსაფრთხოება მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ზელენსკის განცხადებაში აქცენტი გაკეთდა არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებზე, არამედ საქართველოზე, სუვერენიტეტსა და ქართველ ხალხზე. მისი შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტს არც "ქართული ოცნება", არც ოპოზიცია და არც სხვა პოლი­ტიკური ჯგუფები არ უხსენებია, რაც შემთხვევითი არ არის. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი და უკრაინა საქართველოს საკითხს უკვე არა კონკრეტული პარტიების, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჭრილში განიხილავენ. საქართველოს ბედის გასაღები არც მოსკოვშია, არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში, ის ქართველი ხალხის ხელშია. თუმცა რეჟიმის ცდა ეს პროცესი შიდაპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს, სულ უფრო რთულდება. ის ცდილობს მხარდამჭერებს ისე წარმოუჩინოს ვითარება, თითქოს ყველაფერი მათი პოლიტიკის შედეგია, თუმცა სინამდვილეში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, ბიუჯეტში თანხები მცირდება, ინვესტიციები არ შემოდის და საჯარო სექტორში შემცირებები უკვე დაიწყო... ამიტომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობის შესაძლო დათბობა უფრო ფართო გეოპოლიტიკური ცვლილებების ნაწილად აღიქმება.

samiti-1778418597.jpg

დღეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებია. ირანში დაძაბულობის ზრდა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო არსებული საფრთხეები პირდაპირ აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე... ბევრმა ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ნავთობის ფასების ზრდა რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინასთან ომის გამო კრემლისთვის მთავარი გამოწვევა ფინანსური რესურსების მოძიებაა. ომი მხოლოდ სამხედრო ტექნიკა არ არის, ომი ფულია. სწორედ ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდა ზოგიერთ ძალას მოსკოვის იმპერიის ეკონომიკური გადარჩენის ინსტრუმენტად ესახებოდა. თუმცა ვითარება გაცილებით რთული აღმოჩნდა. რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტ­ყმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა მოსკოვის შესაძლებლობა, ნავთობის ფასების ზრდით სარგებელი მიეღო. ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები, სამხედრო ობიექტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უკრაინული დრონებისა და შორი მოქმედების იარაღის სამიზნე ხდება. შედეგად, ფასების ზრდა ავტომატურად აღარ ნიშნავს რუსეთის გაძლიერებას.

უკრაინის ომი უკვე გლობალური პროცესების ცენტრია. ირანის საკითხიც, ენერგეტიკული ომიც, ევროპის პოლიტიკურ გადაჯგუფებებიც, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რუსეთი ცდილობდა ნავთობის ფასების ზრდით ეკონომიკური სარგებლის მიღებას, თუმცა უკრაინამ ამ სქემას მძიმე დარტყმა მიაყენა. რუსეთს შეიძლება ნავთობიდან მიღებული შემოსავლები გაეზარდოს, მაგრამ თუ მას ინფრასტრუქტურა უნადგურდება, ვერ ახერხებს რესურსის სრულად გამოყენებას. სწორედ ამიტომ ვხედავთ ენერგეტიკულ ობიექტებზე სისტემურ დარტყმებს. ამავე დროს მსოფლიო ენერგეტიკულ სისტემაში ახალი ბზარები ჩნდება. განსაკუთრებული ყურად­ღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ოპეკაში უთანხმოება გაღრმა­ვდა და არაბთა გაერთიანებული საამიროები სულ უფრო დამოუკიდებელ პოლიტიკაზე გადადის. ენერგეტიკოსები უკვე ამბობენ, რომ ეს შეიძლება ოპეკის, როგორც კარტელური სისტემის, დასუსტების დასაწყი­სი იყოს... ევროპაც თანდათან დამოუკიდებელ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე გადადის. ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოები ახლო აღმოსავლეთის ნავთობის გიგანტებთან პირდაპირ მოლაპარაკებას იწყებენ და ცდილობენ ენერგეტიკული უსაფრთხოება ნაკლებად დამოკიდებული იყოს გლობალურ პოლიტიკურ თამაშებზე. ამავე დროს, ამერიკული ნავთობკომპანიების მდგომარეობა საფონდო ბირჟებზე გართულდა, მაშინ როცა ევროპული ენერგოკომპანიების პოზიციები შედარებით გაძლიერდა. ეს ენერგეტიკული ბალანსის ცვლილება პირდაპირ აისახება გეოპოლიტიკურ გავლენაზეც. უკრაინის პოზიციაც მნიშვნელოვნად იცვლება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის შორი მოქმედების ზუსტი დამიზნების იარაღის მიწოდებაზე ნებართვა გასცა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა თანდათან არა მხოლოდ თავდაცვით, არამედ სტრატეგიულ მოთამაშედაც ყალიბდება. ახალი აბრეშუმის გზისა და შუა დერეფნის კონტექსტში კიევი უკვე ევროპისა და ევრაზიის დამაკავშირებელ ერთ-ერთ მთავარ სივრცედ განიხილება. ამავე კონტექსტში იზრდება საქართველოს მნიშვნელობაც. თბილისი, შავი ზღვა, სამხრეთი კავკასია და უკრაინა თანდათან ერთიან გეოეკონომიკურ სივრცედ მოიაზრება, სადაც სატრანზიტო მარშრუტები მხოლოდ ეკონომიკური კი არა, პოლიტიკური უსაფრთხოების ინსტრუმენტიც ხდება.

განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უნგრეთში განვითარებულ მოვლენებსაც. მადიარის გამარჯვებამ ქვეყნის ძლიერ პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება განაპირობა, რაც ევროპაში ძალთა ბალანსს ცვლის. უნგრეთის მიერ უკრაინის დახმარების ბლოკი­რების შესუსტება და ევროკავშირის ახალი ფინანსური გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ევროპა უფრო კონსოლიდირებული ხდება.

- რამდენად რთულია იმ საკითხების გადალახვა, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთ­ობა დააზიანა - ელჩის გაწვევა, სანქციები, ურთიერთბრალდებები... როგორ აისახება ეს საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, მათ შორის აშშ-თან?

- გეოპოლიტიკას აქვს მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფოებს ირიბად აიძულებს შეცვალონ პოლიტიკა. რეჟიმები ხშირად იმ გადაწყვეტილებებამდეც მიდიან, რომლებიც ადრე წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ეს შეიძლება კანონების გაუქმებაშიც გამოიხატოს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაშიც და საგარეო კურსის კორექტირებაშიც. უკრაინის პოზიცია არსებითად დასავლეთის პოზიციას იმეორებს, თუმცა უფრო მკაფიო ფორმით. მთავარია, ეს ცვლილებები საქართველოს მიმართ მუქარის ენით კი არა, პოზიტიური დღის წესრიგით მოხდეს, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მეფე ჩარლზ III-ის ვიზიტმა აშშ-ის კონგრესში. ეს შეიძლება სიმბოლური ჟესტად ჩანდეს, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში სიმბოლოებს ხშირად პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ბევრი ანალიტიკოსისთვის ეს დასავლური ერთიანობისა და ახალი გეოპოლიტიკური კოორდინაცი­ის სიგნალი იყო. ამ დროს რუსეთში სრულიად განსხვავებული სურათია. 9 მაისის სამხედრო აღლუმი, რომელიც წლების განმავლობაში კრემლის ძალის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნეოდა, წელს განსაკუთრებული პრობლემების ფონზე ჩატარდა. წითელი მოედანი ანტიდრონული სისტემებითა და დამცავი ბადეებით იყო დაფარული. საყურადღებოა კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვის განცხადება "ინტერნეტაღლუმის" შესახებ. ბევრისთვის ეს უკვე იმ რუსეთის სიმბოლოდ იქცა, რომელიც საკუთარ ძლიერებას უფრო ვირტუალურ სივრცეში ინარჩუნებს, ვიდრე რეალურ შესაძლებლობებში.

დღეს საქართველო იმ ისტორიულ მომენტშია, როდესაც გლობალური წესრიგის ცვლილება პირდაპირ აისახება ქვეყნის შიდა პოლიტიკაზეც. სწორედ ამიტომ ერევანში გამართული ზელენსკი-კობახიძის შეხვედრა შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი ჩვეულებრივი დიპლომატიური ჟესტი. მსოფლიოში ძალთა ცენტრები იცვლება. რუსეთი გავლენას კარგავს, უკრაინა ძლიერდება, ევროპა დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ყალიბდება, ხოლო საქართველო არჩევანის წინაშე დგას, დარჩება თუ არა ძველი იმპერიული გავლენების სივრცეში, თუ ახალ გეოპოლიტიკურ არქიტექტურაში ადგილის პოვნას შეძლებს.

ხათუნა ბახტურიძე