ვინ და რატომ პროგნოზირებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს?! - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ პროგნოზირებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს?!

გასული კვირა დატვირთული იყო მნიშვნელოვანი მოვლენებით, თუმცა რამდენიმე გამორჩეულია. მაგალითად, ბოლოს და ბოლოს, პროკურატურამ დააკავა ის ადამიანები, რომლებიც 2024 წლის აქციებისას სასტიკად გაუსწორდნენ ზვიად მაისაშვილს (ახალგაზრდას, რომელსაც სახეში წიხლს ურტყამს სპეცრაზმელი), ჟურნალისტ გურამ როგავას (რომელიც ლეტალურ შედეგს მართლაც სასწაულებრივად გადაურჩა) და პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილს. დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.

7 მაისს გამართულ ბრიფინგზე გენერა­ლურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გვამცნო: "პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდე­ლმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება. ეს კად­რები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქარ­თველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ის, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, კარგია, მიუხედავად იმისა, თუ რა ჩანაფიქრი დგას ამ დაკავე­ბების უკან. ეს უნდა იყოს პრევენცია ყველა იმ სამართალდამცველისთვის, რომლებსაც ხელები უკანონოდ აექავებათ. 2025 წლის 4 ოქტომბერს დადასტურდა, რომ სპეცრაზმს შეუძლია ყოველგვარი ზედმეტი სისასტიკისა და ძალის გადამეტების გარეშე, დასახული ოპერაცია შეასრულოს.

თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არის კითხვა: რატომ დააკავეს მაინცდამაინც ახლა სპეცრაზმელები? ეს ამერიკელებისთვის გაგზავნილი მესიჯია თუ პოლიტიკური ქულები დაიწერა (დაუწერეს) ახალ სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს?!

ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება. საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ის სახე­ლმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი. სავარაუდოდ, ის ამზადებს უფრო ფართო­მას­შტაბიან ვიზიტს: თვის ბოლოს ვაშინგტო­ნიდან დიდ დელეგაციას ელოდე­ბიან. ჰოდა, შესაძლოა, სპეცრაზმელების დაკავება არის მესიჯი ამერიკელებისთვის, რომ ხელისუფლება შიდაპოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისთვის და დასავლეთის გარკეული მოთხოვნების (ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა იყო აქციებისას არაპროპო­რციული ძალის გამოყენების შემთხვევების შესწავლა) შესრულების კუთხით კომპრომისისთვის მზადაა.

რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, სუს-ის ხელმძღვანელობიდან მის სახელმწიფო მინისტრად გადაყვანას (ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის კუთხით), ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მხოლოდ ოპოზიციას და ექსპერტებს არ ვგულისხმობთ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მდინარაძე "ჩამოაჩოჩეს", "საქორწინო გენერლად" აქციეს და ისეთი თანამდებობა მისცეს, რომელიც რეალურ ძალაუფლებასთან და ბერკეტებთან არანაირ კავშირში არ არის. ასეთი ხმები თავად "ქართული ოცნების" მომხრეებშიც გავრცელდა. პარალელურად, მამუკა მდინარაძემ სუს-იდან წამოსვლისთანავე ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა, რომ პასუხს აგებენ ის ადამიანები, რომლებმაც ძალას გადა­ამეტეს. როდესაც სპეცრაზმელები დაიჭირეს, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა სიუჟეტებში ხაზი გაუსვეს, რომ მამუკა მდინარაძემ პირობა შეასრულა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ კი სოციალურ ქსელში დაწერა: "მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების პირველივე დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო. სახელმწიფო მინისტრმა რამდენიმე დღის წინ თქვა და დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე. აი, ეს არის კონკრეტული შედეგი და დაპირების სწრაფი შესრულება. ბოლო პერიოდში ჯაშუშების ისტორიულ დაკავებებსაც ნუ დავივიწყებთ!"

მოკლედ, ყველაფერი ზემოხსენებული ამყარებს ვერსიას, რომ ეს ამბები მდინარაძეს მოარგეს. თქვენი მონა-მორჩილი არ ფიქრობს, რომ სპეციალურად მდინარაძისთვის დაიჭირეს სპეცრაზმელები ან ადამიანები ჯაშუშობის ბრალდებით. არა, ალბათ, ეს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, უბრალოდ, მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად გადასვლას დაამთხვიეს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ყველაფერს ცალმხრივად უყურო - შესაძლოა, თავად მდინარაძემაც დაძრა ეს თემები და მისი ინიციატივით გააქტიურდა.

ერთადერთი ამ ეტაპზე 100%-ით იმის თქმა შეიძლება, რომ მდინარაძე ნამდვილად არავის "ჩაუჩოჩებია".

ასევე, არ არის გამორიცხული, რომ 2024 წლის აქციებისას დემონსტრანტების ცემა-ტყეპის ფაქტებზე დაჭერები გაგრძელდეს. ძალიან საინტერესო იყო ამ კუთხით გდდ-ს ყოფილი შეფის ზვიად ხარაზიშვილის კომენტარი, რომელიც "TV pirvelmა" ჩაწერა: "არ არის თქვენი საქმე [დამიბარეს თუ არა გამოკითხვაზე]. თუ დამიბარებენ, პრობლემა არ მაქვს მისვლის. მე არაფერი დამიშავებია, არც ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებიათ. ეს ყველამ კარგად იცის... ჩაშვებულია, აბა რა არის ახლა. ჩამშვებებს და მაგნა­ირ ხალხს ახლა რა გამოლევს, ხელს რომ იშვერენ. [შიგნიდან ჩაუშვეს] ალბათ, თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ, ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორემ ეს ბიჭები რა შუაში არიან?... მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით მე ვერავინ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ".

თქვენი არ ვიცი, მაგრამ თქვენს მონა-მორჩილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიებას კითხვები ხარაზიშვილთანაც აქვს. ვნახოთ, ეს კითხვები გადაიზრდება თუ არა საბრალდებო დასკვნაში.

ჩატარდება თუ არა საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები?!

ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სპეცრაზმელების დაკავება ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ უკან დახევა დაიწყო. მათი თქმით, მმართველი გუნდის უკან დახევა 2-წლიანი პროტესტის დამსახურებაა. ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის აზრით, შესაძლოა, ამას მოჰყვეს აქციებისას დაკავებულების გათავისუფლება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

პროტესტის გამო უკან დახევა ალბათ, სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობაა. დღეს არც ქუჩიდან და არც/ვერც ოპოზიციური პარტიებიდან არ არის ისეთი ზეწოლა, რომ ზემოხსნებული ამბავი ხელისუფლების შიშის ფაქტორით ყოფილიყო განპირობებული. მმართველ გუნდში მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან გარდა საგარეო ფაქტორებისა, მათი ბევრი მომხრეც სვამდა კითხვას: ბოლოს და ბოლოს, რით ვერ დააკავეს ის სამართალდამცავები, რომლებმაც ადამიანები ლამის სასიკვდილოდ გაიმეტეს.

რაც შეეხება აქციებისას დაკავებულების გათავისუფლებას - არც ეს არის გამორიცხული, რადგან ახალგაზრდების ციხეში ყოფნა იწვევს უკმაყოფილებას ხელისუფლების მოწინააღმდეგეებშიც, მომხრეებშიც და ე.წ. ნეიტრალურად განწყობილ ადამიანებშიც. შესაძლოა ხელისუფლებამ ეს "ნაკვერჩხალიც" ჩააქროს და ისეთი დრო შეარჩიოს, რომ პირველ რიგში, მისმა მომხრეებმა არ იფიქრონ - მმართველ გუნდს რამის შეეში­ნდა და უკან დაიხიაო.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა იყოს ორი წინა პირობა - ძლიერი პროტესტი და მოძლიერებული ოპოზიცია. არც ერთი არ არის. ქუჩაში პროტესტი მინავლდა (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკმაყოფილება გაქრა), ოპოზიცია კი ვერ ყოჩაღობს. შესაბამისად, ქვეყნის შიგნით ამ ეტაპზე არ არის ისეთი ფაქტორები, რომლებიც ისეთ ზეწოლას მოახდენს ხელისუფლებაზე, რომ ის ახალ არჩევნებზე წავიდეს.

"ოპოზიციური ალიანსი" აცხადებს, რომ ისინი შეძლებენ ზემოხსენებული ზეწოლის როლის შესრულებას. თუმცა რა რესურსებით, უცნობია. ჯერჯერობით ამ გაერთიანებაში მყოფ პარტიათა ნაწილმა დრო დაკარგა სააკაშვილთან საქმეების გარჩევებში. კარგი, თავი დავანებოთ სააკაშვილს - "ოპოზიციური ალიანსის" ლიდერებს ერთიანი რიტორიკაც კი არა აქვთ. მაგალითად, ნიკა გვარამია სოცქსელიდან ოპტიმიზმს არქმევს, ზურა გირჩი ჯაფარიძე ისევ პესიმიზმში ჩავარდა, "ნაცმოძრაობის" ლიდერებს გაურკვეველი პოზიცია აქვთ და ორ ცეცხლს შუა არიან - აქეთ არ უნდათ სააკაშვილს აწყენინონ (რომელიც ძალაზეა, რომ "ალიანსის" არანაცურმა ფრთამ ლიდერად აღიაროს - ისინი ჯერჯერობით არ აღიარებენ), იქით კი თანაალიანსელებს. არც სხვა ოპოზიციური პარტიები წყვეტენ ვარსკვლავებს - "ლელო" და გახარიას პარტია ტელე­ეთერებიდან თუ პრესკონფერენციებიდან ისევ წინა პლანზე სწევენ მილიონჯერ გადაღეჭილ თემებს.

აბა, საიდან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იმედი? ამერიკელები აიძულებენ "ოცნებას"? დიახ, მმართველი გუნდისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენა. თუმცა, დღეს არსებული მდგომარეობით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ თბილისს ურთიერთობის აღდგენის წინა პირობად მაინცდამაინც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოსთხოვოს. საუბრის თემები იქნება ალბათ, იგივე ანაკლიის პორტი და რეგიონში რუსული გავლენების შემცირება.

ასე რომ, დღევანდელი მოცემულობით, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ეს "ოცნებას" აწყობს. შესაბამისად, ზოგიერთი ფანტაზიებში მაინცდამაინც მაღალ ბროლის კოშკებს ნუ აიშენებს.

გიორგი კვიტაშვილი