თუ ონლაინმოვაჭრე თაღლითია - კვირის პალიტრა

თუ ონლაინმოვაჭრე თაღლითია

თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.

ბინა, რომელიც ერთად შევიძინეთ, მეუღლის სახელზეა. ქმარს აქვს ვალები და აპირებს ბინის გაყიდვას. მე წინააღმდეგი ვარ, რადგან არა გვაქვს სხვა საცხოვრებელი. მინდა ჩემ გარეშე ვერ შეძლოს გასხვისება.

- კანონით ქორწინების პერიოდში შეძენილი ბინა საკუთრების უფლებით ორივე მეუღლეს ეკუთვნის, მაგრამ თუ ბინა მხოლოდ ერთ მეუღლეზეა აღრიცხული, მაშინ მესაკუთრედ ითვლება ის, ვის სახელზეც ბინაა. მას უპრობლემოდ შეუძლია ბინის გაყიდვა. ამ დროს მყიდველი კეთილსინდისიერი შემძენი ხდება, რადგან ბინის მესაკუთრე კანონით არის ის, ვისზეც ბინაა აღრიცხული. მყიდველისთვის ბინის გადაფორმების შემდეგ თანამესაკუთრე, რომელსაც წილი საჯარო რეესტრში არა აქვს დაფიქსირებული, კეთილსინდისიერი მყიდველისგან ამ ბინიდან წილს ვეღარ დაიბრუნებს. მეორე მეუღლეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა რჩება - ბინის მესაკუთრეს, ანუ თავისი ოჯახის წევრს, კომპენსაცია მისი წილის სანაცვლოდ მოსთხოვოს. ასეთი დავები ხშირია სასამართლოში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ძალიან ხშირად, როცა ბინა გაიყიდება, ბინის გამყიდველი, იმისთვის, რომ თავი აარიდოს კომპენსაციის გადახდას, აღებული ფულით არ ყიდულობს ისეთ ქონებას, რომელიც შეიძლება მის სახელზე დარეგისტრირდეს, ასეთ შემთხვევაში კი დაზარალებული თანამესაკუთრე კომპენსაციასაც ვეღარ იღებს. ამიტომაც თანამესაკუთრის უფლება დაცული რომ იყოს, საჯარო რეესტრში თავიდანვე უნდა დაარეგისტრიროს მეორე მეუღლემაც თავისი თანასაკუთრების უფლება. ასეთ სიტუაციაში მისი თანხმობის გარეშე მეუღლე ვერ გაყიდის ბინას. დღეს მოქმედი კანონით კეთილსინდისიერი შემძენის უფლებები უფრო დაცულია - თუკი ბინა გაიყიდა, მისი დაბრუნება გამორიცხულია. თუკი მოახერხებთ და დაიყოლიებთ მეუღლეს, გირჩევთ ამ ქონების თანამესაკუთრედ დარეგისტრირდეთ, რომ მან თქვენ გარეშე ქონების გაყიდვა ვერ შეძლოს. როცა თანამესაკუთრედ მეორე პირია გაფორმებული, ასეთ დროს ბინის მესაკუთრეს თანამესაკუთრის თანხმობა სესხის აღების დროსაც სჭირდება და თქვენ გარეშე ვერანაირ ოპერაციას ვერ ჩაატარებს, ამით კი თავს და თქვენს ქონებას დაიცავთ. თუ მეუღლე თანამესაკუთრეობას არ თანხმდება მიმართეთ სასამართლოს და მოითხოვეთ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ნახევრის თქვენს სახელზე აღრიცხვა, თუმცა ასევე მეუღლესაც შეუძლია ვალების გადახდაში მონაწილეობა დაგავალოთ, რადგან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა შორის იყოფა როგორც აქტივი, ასევე პასივი.

ბინა მაჩუქა ბებიამ ანდერძით და ეს იცოდა ყველამ. ახლა გარდაცვლილის ერთ-ერთი­ შვილი, ბიძა, ითხოვს წილს. ამბობს, რომ მას ეკუთვნის სავალდებულო წილი, არადა, არ უვლიდა დედამისს და არც აკითხავდა. რამდენად კანონიერია მისი მოთხოვნა?

- ბებიას სიცოცხლეში რომ ეჩუქებინა თქვენთვის, მაშინ ვერავინ მოგედავებოდათ, მაგრამ ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები მაინც მიიღებენ სავალდებულო წილს მამკვიდრებლის ქონებიდან. სავალდებულო წილი შეადგენს იმ ქონების ნახევარს, რომელსაც მიიღებდა პირველი რიგის მემკვიდრე, ანდერძი რომ არ ყოფილიყო.

nugbara-1776009476.jpg

მაღაზიაში გამიტყდა ვაზა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. ვაზა იდო ძალიან ცუდად და ვფიქრობ, ეს არ იყო ჩემი ბრალეულობით გამოწვეული. მართალია, მე გადამახდევინეს ამ ნივთის ღირებულება, მაგრამ რამდენად სამართლიანია ეს, ან თუ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ჩემს უფლებებს დაიცავს? როგორ უნდა დავამტკიცო სიმართლე? ალბათ, კამერების ჩანაწერი იქნება.

- თქვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს თქვენი ბრალეულობით გატყდა თუ არა ვაზა, რადგან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ პირს, რომლის ბრალეულობითაც დადგა ზიანი. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნივთი თქვენ მიერ უნებლიეთ დაზიანდა, ავტომატურად არ წარმოშობს თქვენს ვალდებულებას მისი ღირებულების ანაზღაურებაზე. მიმართეთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, რომელიც განიხილავს მომხმარებელთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს და უფლებამოსილია მოახდინოს შესაბამისი რეაგირება მოვაჭრის მიმართ. განცხადებაში აღწერეთ ყველა გარემოება და ფაქტები კონკრეტულად, როდის მოხდა შემთხვევა, რა თანხა გადაგახდევინეს, ასევე მიუთითეთ, რომ მაღაზიას აქვს კამერები, სააგენტო თავად უზრუნველყოფს საქმის დამატებით მოკვლევას. თუ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ჩათვლის, რომ დაირღვა თქვენი უფლება, მაშინ მაღაზიას დაავალდებულებს თქვენი უფლებების აღდგენას.

ჩემს კუთვნილ მიწას, სადაც დგას ძველი პატარა სახლი, ადევს ყადაღა უკვე მესამე წელია. ისეთ ადგილასაა, ვფიქრობ, არავინ იყიდის, აუქციონზე რომ გაიტანონ. რამდენწლიანი ვადა აქვს ყადაღას, რომ მერე შევიტანო სასამართლოში სარჩელი?

- თქვენ მიუთითებთ, რომ თქვენს კუთვნილ ქონებას ადევს ყადაღა და იმავდროულად ვარაუდობთ აუქციონზე მისი გატანის შესაძლებლობას. საკითხის სრულფასოვანი სამართლებრივი შეფასებისთვის არსებითია ინფორმაციის დაზუსტება, კერძოდ, რა საფუძვლით არის დადებული ყადაღა - სასამართლოს განჩინების, გადაწყვეტილების თუ საგადასახადო გირავნობის საფუძველზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ივარაუდება, რომ საქმე შესაძლოა წარმოებაში იყოს აღსრულების ეროვნული ბიუროში. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, როგორც წესი, მოვალეს ეძლევა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების ვადა, რისი ამოწურვის შემდეგ იწყება იძულებითი აღსრულების პროცესი, როცა ხდება ქონების შეფასება და შემდგომ მისი რეალიზაცია აუქციონის წესით. აუცილებელია აღინიშნოს, რომ აუქციონის დანიშვნის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანო ვალდებულია წინასწარ აცნობოს როგორც მოვალეს, ისე კრედიტორს აღნიშნული ღონისძიების შესახებ. შესაბამისად, აუქციონის დაწყებამდე თქვენ უნდა მიიღოთ ოფიციალური შეტყობინება, რაც უზრუნველყოფს თქვენს ინფორმირებულობას და საშუალებას გაძლევთ დროულად დაიცვათ თქვენი უფლებები. ამასთან, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი ადგენს, რომ სააღსრულებო ფურცელს აქვს ათწლიანი ვადა. კერძოდ, თუ აღნიშნული ვადის განმავლობაში არ მოხდება სააღსრულებო ფურცლის აღსრულება, მოთხოვნა ითვლება ხანდაზმულად და სააღსრულებო წარმოება ექვემდებარება შეწყვეტას.

თქვენი საქმის ზუსტი მდგომარეობისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიზანშეწონილია მიმართოთ უშუალოდ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სადაც შეძლებთ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე წარმოების, ვადებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

შემიძლია თუ არა ბებიის გვარზე გადასვლა? გვარი ერთხელ შეცვლილი მაქვს, რადგან საზღვარგარეთ წასასვლელად მჭირდებოდა.

- ზოგადად, პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს მშობელთა შეერთებული გვარი; პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის­ (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით; საკუთარი და ზემოთ მითითებული პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღე­ბული გვარი; ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; მშვილებლის გვარი; ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას არ დაუბრუნებია ეს გვარი; მამის გვარი მამობის დადგენისას; ისტორიული გვარი; სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთ­ვის მინიჭებული გვარი (თუ პირის დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა). გასათვალისწინებელია, რომ არსებობს სახელის ან/და გვარის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლები, რომელიც სამწუხაროდ თქვენს შემთხვევაშიც გამოყენებული იქნება, ვინაიდან ერთხელ უკვე შეცვლილი გაქვთ გვარი, ხოლო კანონის თანახმად სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ.

5 წელია თვითნებურად მაქვს შემოღობილი მიწის ნაკვეთი, მინდა გაფორმება და მითხრეს, რომ აუქციონი სჭირდება. იქნებ ამიხსნათ დეტალები, ან თუ არსებობს სხვა გზა? დავრგე ხეხილი და ვუვლი წლებია.

- თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად დაკავებული გქონდათ 2007 წლის 20 სექტემბრამდე. ნაკვეთზე უნდა იყოს შენობა-ნაგებობა, ან მშენებარე შენობა-ნაგებობა, ან ნანგრევი (აშენებული 2007 წლამდე), ან ნაკვეთი მომიჯნავე იმ მიწისა, რომელიც უკვე გაქვთ საკუთრებაში. ვინაიდან თქვენ აღნიშნავთ, რომ ნაკვეთს ფლობთ 5 წელია, ვერ აკმაყოფილებთ 2007 წლამდე ფლობის მოთხოვნას. შესაბამისად, "საკუთრების უფლების აღიარების" მექანიზმით ამ მიწის რეგისტრაცია არსებული ნორმებით, შეუძლებელია. ის ფაქტი, რომ თქვენ ხეხილი დარგეთ, სამართლებრივად არ წარმოშობს საკუთრების უფლებას სახელმწიფო მიწაზე.

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები